დათმობდი შენს ორგანოებს სიკვდილის შემდეგ?

მუქი სათვალით ემალება ზამთრის მზეს. თან ცდილობს ვაკის პარკის წითელი ქვიშა შავი სპორტული ფეხსაცმლიდან ჩამოიბერტყოს. ქურთუკის საყელოს ისწორებს. გვერდიგვერდ მივდივართ. ვერ ვხვდები, როგორი ტემპით ვიარო. ცოტა ავუჩქარო ნაბიჯს თუ პირიქით, შევანელო? ვლაპარაკობთ. მის სუნთქვას ვაკვირდები. ხომ არ დაიღალა? თითქოს ჩემს ფიქრებს მიხვდა, უცებ ჩერდება და მეუბნება:

- სასაცილო იცი რა არის? ხალხი მერიდება ხოლმე, თითქოს ეშინიათ, რამე არ დამემართოს. არადა, ჩვეულებრივი ტიპი ვარ. თავს არაფრით ვზღუდავ. სანამ ახალ საქმეს წამოვიწყებდი, დილაობით, ვაკის პარკში დავრბოდი კიდეც. ახლა ვეღარ ვასწრებ, თუმცა, რაღაც უნდა მოვიფიქრო და ისევ დავიწყო ვარჯიში.

გიორგი სარქისოვი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელსაც 5 წლის წინ გული გადაუნერგეს. ის ახლა 35 წლისაა და გული აღარ აწუხებს. აქვს საკუთარი საქმე - სამშენებლო ბიზნესში. ამბობს, რომ ეს საქმე მისგან აქტიურ დატვირთვას ითხოვს და ამ საქმეს პრობლემების გარეშე ართმევს თავს.

5 წლის წინ, ექიმებმა კარდიომიოპათიის, დეკომპენსირებული გულის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. გულის გადანერგვა იყო ერთადერთი გამოსავალი მისი სიცოცხლის გადასარჩენად. გარდა იმისა, რომ მას ოპერაციისთვის საჭირო 100 ათასი დოლარი როგორმე უნდა შეეგროვებინა, გიორგის გულიც უნდა ეპოვა.

Your browser doesn’t support HTML5

გულგადანერგილი ბიჭების ამბავი

ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა თანხა წელიწადნახევრის თავზე შეუგროვეს და გიორგის მინსკში გამგზავრებაც გადაწყდა.

მინსკში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, 2014 წლის მაისის ბოლოს, გიორგის დონორი გამოჩნდა. ავტობანზე ავარიაში 38 წლის ბაიკერი დაიღუპა:

„გუშინდელი დღესავით მახსოვს. სიუჟეტს იმ ავარიის შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში ვუყურე. რამდენიმე საათში კი შემატყობინეს, რომ ჩემთვის გული გამოჩნდა. როგორც მითხრეს, მოჭიდავე და ბაიკერი იყო, მაღალი, ჯან-ღონით სავსე, ჯანმრთელი ორგანოებით. იქ ასე ყოფილა, ბაიკერები, მართვის მოწმობის აღებისთანავე, ავსებენ განაცხადს დონორობის შესახებ. ამ ბიჭსაც შევსებული ჰქონია ეს განაცხადი. თუმცა, საბოლოოდ, გულის გადანერგვაზე ნებართვა დედამისმა მოგვცა. ასე უთქვამს, ვერც ჩემი შვილი და ვერც მე, ამაზე უკეთესს ვეღარაფერს ვიზამთო“.

გიორგიმ სხვა მეტი არაფერი იცის იმ ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც მას სიცოცხლე აჩუქა. არც ის იცის, სად ცხოვრობდა, რომ დედამისი იპოვოს.

„საავადმყოფოში ამიხსნეს, რომ მე არ მაქვს უფლება ვიცოდე, ვისი ორგანო გადამინერგეს. ბედნიერი ვიქნები, თუკი ოდესმე იმ ბიჭის დედა მოისურვებს ჩემთან შეხვედრას. მინდა, რომ მადლობა გადავუხადო სიცოცხლისათვის“.

დღეს საქართველოში სულ შვიდი გულგადანერგილი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის 14 წლის გოგონა.

მას შემდეგ, რაც გიორგიმ ახალი გულით ახალი ცხოვრება დაიწყო, ის უკვე იმ ადამიანებს ეხმარება, რომელთათვისაც გულის გადანერგვის ოპერაცია გადარჩენის ერთადერთი შანსია.

33 წლის აჩი მეფარიშვილი ერთ-ერთია იმ შვიდიდან, რომელმაც 2 წლის წინ, ასევე მინსკში გადაინერგა გული. 6 თვე ელოდა დონორის გამოჩენას. გული 33 წლის დონორისგან ერგო. ის ანევრიზმით გარდაიცვალა.

„თავიდან ხშირად ვფიქრობდი ხოლმე იმ ადამიანზე, რომლის გულიც მიცემს. მეცოდებოდა. მერე მითხრეს, რომ ამაზე არ უნდა მეფიქრა, რომ მან და მისმა ოჯახმა ამ ჟესტით სიკეთე გააკეთეს და ეს მათი სურვილი იყო“.

გიორგი და აჩი დღეს მეგობრები არიან. ორივე ამბობს, რომ შანსი რომ ჰქონდეთ, არც კი დაფიქრდებოდნენ, ისე გახდებოდნენ დონორები:

„თუკი ჩემი სიკვდილის შემდეგ, ჩემი ორგანოები სხვა ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს, ამაზე დიდი მადლი რაღა უნდა იყოს? აუცილებლად უნდა არსებობდეს კანონმდებლობა და შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, რა ბედი ელის მათ ორგანოებს“, - ამბობს გიორგი.

კანონი გვამური დონაციის შესახებ არსებობს, მაგრამ ის არასდროს გამოგვიყენებია

კანონი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოში 2000 წელს მიიღეს. ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ორგანოების ნებაყოფლობით გაცემას, განაწილებას და სხვა ადამიანისათვის გადანერგვას ეხება. კანონის თანახმად:

  • საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება ნებაყოფლობით დათანხმდეს ან უარი თქვას სიცოცხლეშივე ან სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოს აღებაზე;
  • გული, ფილტვი, ღვიძლი, თირკმელი, პანკრეასი, წვრილი ნაწლავი, გულის სარქველები, კანი, ძვალი, ვენა, თვალი, რქოვანა - ეს ის ორგანოები და ქსოვილებია, რომელთა გადანერგვა შესაძლებელია, როგორც ცოცხალი დონორებიდან ისე, გარდაცვალების შემდეგ;
  • მიუხედავად სიცოცხლეში გაცხადებული სურვილისა, გარდაცვალების შემდეგ დონორისგან ორგანოს აღებაზე სავალდებულოა ოჯახის რომელიმე წევრის დასტური.

როდესაც საქმე გვამურ დონაციას ეხება, ოჯახის წევრების დროულ თანხმობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც კი ექიმთა ორი დამოუკიდებელი ჯგუფი, 12 საათიანი ინტერვალის შემდეგ, ცალ-ცალკე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, დაადასტურებს პაციენტის თავის ტვინის სიკვდილს, დონორის ოჯახის წევრებმა დროულად უნდა მიიღონ გადაწყევტილება.

ეს უკანასკნელი პირობა, თავის ტვინის სიკვდილის დადასტურების შემდეგ ოჯახის წევრების დროული გადაწყვეტილების მიღება, ერთ-ერთი მთავარი სირთულეა გვამურ დონაციის განვითარების მიმართულებით.

არაერთი საერთაშორისო გამოკვლევის თანახმად, დონორის ოჯახის წევრებს უჭირთ თანხმობის გაცემა მაშინ, როდესაც იციან, რომ მიუხედავად თავის ტვინის სიკვდილისა, მათი საყვარელი ადამიანის გული, სამედიცინო ჩარევის შედეგად, შესაძლოა, ჯერ კიდევ ცემდეს. თუმცა...

თავის ტვინის სიკვდილი ნიშნავს სიკვდილს

თავის ტვინის სიკვდილის შემთხვევაში, შესაძლოა, რომ ორგანოები მექანიკური ვენტილაციისა და სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის შედეგად, დროებით ინარჩუნებდეს სასიცოცხლო ფუნქციას, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ცოცხალია. ადამიანი, რომლის თავის ტვინიც მკვდარია, მკვდარია.

თავის ტვინის სიკვდილი გულისხმობს თავის ტვინის ყველა სტრუქტურის ფუნქციის სრულ და შეუქცევად შეწყვეტას.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 მარტის ბრძანებულების თანახმად, თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზის დადგენის შემდეგ, რეანიმაციული ღონისძიებები, მათ შორის ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, შეიძლება შეწყდეს, თუ გარდაცვლილი არ არის ორგანოს პოტენციური დონორი.

“ნუ წაიყოლებ შენს ორგანოებს ზეცაში. ზეცაში იციან, რომ ისინი აქ გვჭირდება”

დღეს, „საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის“ ბაზაზე არსებობს იმ დონორთა სია, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს, რომ სიკვდილის შემდეგ მათი ორგანოების სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენონ. ეს სია 150-მდე ადამიანს აერთიანებს. დონორთა სიაში გაწევრიანების შემდეგ, ისინი იღებენ პლასტიკურ ბარათს, სადაც დატანილია მათი ფოტო, პირადი ნომერი და დონაციის პოპულარიზაციისათვის შექმნილი საერთაშორისო ფრაზა: “ნუ წაიყოლებ შენს ორგანოებს ზეცაში. ზეცაში იციან, რომ ისინი აქ გვჭირდება” (Don't take your organs to heaven, heaven knows we need them here!). ეს ბარათი ერთგვარი გზაა იმისათვის, რომ დონორის ახლობელს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გაუადვილოს.

​150-კაციანი სიის წევრია 27 წლის არჩილ სიხარულიძეც. დონორთა სიაში სულ ცოტა ხნის წინ გაწევრიანდა. ინფორმაცია გვამური დონაციის შესახებ ინტერნეტში იპოვა.

“მარტო ვცხოვრობ და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ჩემს პარტნიორსა და ყველაზე ახლო მეგობარს ვუთხარი. თუმცა, ვაპირებ, რომ ოჯახის წევრებსაც შევატყობინო და ავუხსნა რა დანიშნულება აქვს დონორის ბარათს და როცა დრო მოვა, ეს ბარათი აუცილებლად მიზნობრივად უნდა გამოიყენონ. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის ამ თემის შესახებ, არადა, არ მგონია, ადამიანმა ცხოვრებაში იმაზე დიდი სიკეთე გააკეთოს, ვიდრე სიკვდილის შემდეგ, სხვა ადამიანების გადარჩენაა”.

​დღესდღეობით, საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაცია ხდება მხოლოდ ცოცხალი დონორის მეშვეობით. გამონაკლისია რქოვანას გადანერგვა. ამ ოპერაციის ჩასატარებლად გამოიყენება უცხოეთიდან იმპორტირებული გვამური მასალა.

​მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა აწესრიგებს გვამურ დონაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მსგავსი ოპერაცია საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა:

“საქართველოში არ არსებობს იმუნოლოგიური პარამეტრებით დალაგებული პაციენტების სია, რადგან არ არსებობს შესაბამისი სკრინინგის ფინანსური და ტექნიკური საშუალებები. არ შეიძლება, რომ პაციენტს გადაუნერგო ნებისმიერი პარამეტრის ორგანო. ორგანო მაქსიმალურად უნდა იყოს თავსებადი პაციენტის ორგანიზმთან. ამიტომ, უცებ რომ გამოჩნდეს ტრანსპლანტაციისათვის საჭირო ორგანო, დღეს ამ ოპერაციას საქართველოში, სამწუხაროდ, ვერ გავაკეთებთ“, - ამბობს გია თომაძე, „საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. ის პირველი დონორია საქართველოში, რომელმაც დონორთა სია 10 წლის წინ გახსნა.

რა ბარიერები შეიძლება შეიქმნას გვამური დონაციის განსავითარებლად?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა ბოხუას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, ტრანსპლანტაციისა და დონაციის მიმართულებით, საქართველოს 2020 წლამდე ბევრი ვალდებულება აქვს შესასრულებელი.

უკვე მიმდინარეობს მუშაობა ორ ახალ კანონპროექტზე „ორგანოთა გადანერგვისა“ და „ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვის შესახებ“, რომელთა განხილვაც 2019 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

„კანონპროექტის შემუშავებაში გვეხმარებიან როგორც ადგილობრივი ექსპერტები, ისე ექსპერტები ევროკავშირიდან. ცხადია, ამ კანონმა უნდა მოიცვას გვამური დონაციის მიმართულებაც, რომლის შესრულებაც, არ იქნება ადვილი. ეს კანონი იქნება გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალში საქართველოში ვაწარმოოთ გვამური დონაცია“, - ამბობს ზაზა ბოხუა.

როდესაც ლაპარაკია გვამურ დონაციაზე, პირველი რიგის პრობლემას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საზოგადოების ცნობიერებაში ხედავს: „ტექნიკური საკითხების მოგვარებაზე მეტად, მენტალობის შეცვლა გაგვიჭირდება. ასეთ თემებს საზოგადოება მარტივად ვერ იღებს. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს იმაზე ფიქრიც კი არ წარმოუდგენია, რომ სიკვდილის შემდეგ შესაძლოა მათი ან მათი ახლობლის ორგანო დონაციისათვის გამოიყენონ. პირდაპირ გეტყვით, დიდი ალბათობით, ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი“.

რა გზებით შეიძლება შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება?

გრძელი გზა გაიარა სამხრეთ კორეამ, სანამ ლიდერი გახდებოდა აზიის ქვეყნებს შორის გვამური დონაციის საშუალებით ჩატარებული ოპერაციებით.

სამხრეთ კორეელი პროფესორი კვანგ ვუნგ ლი, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგი, თავად იყო მოწმე იმ ტრანსფორმაციისა, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეის მოსახლეობამ განიცადა. არც ისე დიდი ხნის წინ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლობლის ორგანოების დონაციას გარდაცვლილის სხეულის შეურაცხყოფად მიიჩნევდა.

როგორც კვანგ ვუნგ ლი ეუბნება რადიო თავისუფლებას, საზოგადოების ცნობიერების ტრანსფორმაციის პროცესში ჩაერთო როგორც ხელისუფლება, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და ცნობილი ადამიანები:

“როდესაც ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი სცენაზე თამაშისას გარდაიცვალა, მისი ორგანოები, მისივე სურვილით, დონაციისათვის გამოვიყენეთ. როდესაც გარდაიცვალა კორეის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი, სიცოცხლეში გაცხადებული სურვილის საფუძველზე, მისი ორგანოები დონაციისათვის გამოიყენეს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო სამხრეთ კორეაში საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლა. იქ მოქმედი ყველა რელიგიური ორგანიზაცია აქტიურად ალაპარაკდა დონაციის მნიშვნელობაზე".

რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგს, უკვე 25 წელია გვამური დონაციის რაოდენობით, პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს. მას ხორვატია მოსდევს.

ესპანეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დონორად ითვლება ყველა ის ადამიანი, რომელსაც ოფიციალურად არ აქვს გაცხადებული უარი დონორთა სქემაში ჩართვაზე.

ევროპაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ თანხმობას სიკვდილის შემდეგ ორგანოების დონაციაზე, 40 წლის შემდეგ სისტემატურად უტარდებათ სრული გამოკვლევა.

კანონმდებლობის დახვეწის შემდეგ, საქართველო შეძლებს გახდეს ევროტრანსპლანტაციის ქსელის ასოცირებული წევრი. ქსელი, რომელიც რვა ევროპულ ქვეყანას (ავსტრია, ბელგია, ხორვატია, გერმანია, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვაკეთი) აერთიანებს, უზრუნველყოფს ორგანოთა დროულ ტრანსპორტირებას ქვეყნებს შორის. ამ ქსელის საშუალებით, 2018 წელს 7394 გვამური ტრანსპლანტაცია განხორციელდა.

გვამური დონაცია და რელიგია - კონფესიები და მათი შეხედულებები

როდესაც საქმე ეხება ტრანსპლანტაციასა და გვამურ დონაციას, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ეს არის ჰუმანური აქტი, ქველმოქმედება და კიდევ ერთი შანსი, რომ ადამიანმა თუნდაც სიცოცხლის შემდეგ, გააკეთოს სიკეთე და გადაარჩინოს სხვა ადამიანების სიცოცხლე.

ასე ფიქრობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, დეკანოზი ლევან მათეშვილიც და ამბობს, რომ ტრანსპლანტაცია-დონაცია თანხმობაში მოდის არაერთ ბიბლიურ პრინციპთან:

“პირველ რიგში, ის სიყვარულის პრინციპს ეთანხმება. არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, როდესაც ადამიანი თავს სწირავს სხვისთვის. თვითონ იესო გვაძლევს მაგალითს, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მაგალითად, სხეულის რაიმე ნაკლოვანება აქვთ. მან უამრავი ადამიანი განკურნა, მათ შორის ბრმადშობილი, რომელსაც დაუბრუნა მხედველობა და მოციქულებსაც მისცა უნარი, განეკურნათ ადამიანები. დონაცია ეს არის ჰუმანური აქტი, ეს არის თავგანწირვა, როდესაც ადამიანს აძლევ საკუთარ ორგანოს. რაც შეეხება გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების გაცემაზე თანხმობის გაცხადებას, ეს არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში ბიბლიურ პრინციპებთან და ქრისტიანობასთან. პირიქით, ეს დიდი ქველმოქმედებაა. თუკი ჩვენ გარდაცვლილი ადამიანების სახელზე ვშლით სუფრას და ვამბობთ, რომ მისი სახელით ვაპურებთ ადამიანებს, მით უფრო უკეთესი არ იქნება, რომ მიცვალებულის სხეულმა გასწიოს ქველმოქმედება და გადაარჩინოს სხვა ადამიანების სიცოცხლე?”

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას გვამურ დონაციასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში გვითხრეს, რომ ინტერვიუს ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებას უახლოეს მომავალში მისცემენ.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ტრანსპლანტაცია-დონაციის მნიშვნელობაზე ამბობს:

“... არ არსებობს იმაზე დიდი სიკეთე, ვიდრე ის, როცა ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს მისცემს მოყვასს!” და თუკი შენს სიცოცხლეს კი არ გასცემ, არამედ საკუთარ ჯანმრთელ გულს, ღვიძლს, თვალს აძლევ იმას, ვისაც ეს სჭირდება, ეს უბრალოდ სიკეთე კი არ არის, ეს არის ადამიანობა, მინიმალური ვალდებულებაა მოყვასის მიმართ”...

კათოლიკური ეკლესია

ორგანოს, თვალის, ქსოვილის დონაცია სიყვარულისა და ქველმოქმედების აქტია. დონორთა გადაწყვეტილება ვატიკანისათვის მისაღებია როგორც მორალურად, ისე ეთიკურად

პაპი იოანე პავლე II

ისლამი

ტრანსპლანტაციას მოაქვს “ერთმნიშვნელოვნად დადებითი შედეგი”, “დასაშვებია გარდაცვლილი ადამიანის ორგანოს ტრანსპლანტაცია იმ ცოცხალი ადამიანისათვის, რომლის სიცოცხლეც დამოკიდებულია ამ ორგანოზე”.

ისლამური ფიყჰის (ისლამური სამართლის) საბჭოს მეოთხე კონფერენცია, რეზოლუცია მიღებულია 1988 წლის თებერვალში.

იუდაიზმი

აშშ-ის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი, ებრაული სამართლისა და სტანდარტების კონსერვატიული მოძრაობის კომიტეტის ხელმძღვანელი, რაბინი ელიოტ დორფი ამბობს, რომ სიცოცხლის გადასარჩენად გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების გამოყენება, არ ნიშნავს ცხედრის შეურაცხყოფასა და გარდაცვლილი ადამიანის უპატივცემულობას. ორგანოების დონაცია ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნის და პატივს მიაგებს გარდაცვლილის ხსოვნას

ებრაული სამართლისა და სტანდარტების კონსერვატიული მოძრაობის კომიტეტი, 1996 წელი.

ლუთერანული ეკლესია

ლუთერანულმა ეკლესიამ 1984 წელს მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, დონაცია ხელს უწყობს კაცობრიობის კეთილდღეობას და არის “თავდადებული სიყვარულის გამოხატულება იმ გვერდითმდგომისა, რომელსაც დახმარება სჭირდება”

ამერიკის ლუთერანული ეკლესიის რეზოლუცია, 1984 წელი.

რამდენიმე ფაქტი გვამური დონაციის შესახებ

“მაქსის და კეირას კანონი”

2020 წლიდან დიდი ბრიტანეთი ცვლის კანონს გვამური დონაციის შესახებ და უწოდებს მას “მაქსის და კეირას კანონს”.

დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დონაციის სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია. მომავალი წლიდან კი ადამიანი ავტომატურად ითვლება დონაციის სქემის მონაწილედ, თუკი ის სიცოცხლეში უარს არ იტყვის სქემიდან გამოსვლაზე. ამას კანონმდებლობის ენაზე ეწოდება ნაგულისხმევი თანხმობა.

ეს გადაწყვეტილება ინგლისის პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ, თებერვლის ბოლოს მიიღო. მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ ახალი კანონმდებლობა ინგლისს მისცემს საშუალებას, რომ წელიწადში 700 სიცოცხლე გადაარჩინოს.

9 წლის გოგონას, კეირას გული, მაქსის, 9 წლის ბიჭს გადაუნერგეს. კეირას მამამ BBC-ის უთხრა: “მართალია, ჩვენ არასდროს გვისაუბრია დონაციაზე, მაგრამ ვიცი, რომ კეირას ამის სურვილი ექნებოდა. ის ასეთი იყო ბუნებით”. კეირას ორგანოებმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, მათ შორის 9 წლის მაქსის.

მაქსი ყვება: “სიმართლე გითხრათ, სიკვდილისთვის მზად ვიყავი. არ მეგონა, თუ გადავრჩებოდი. ჩემს მშობლებს ჩავეხუტე და დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ბოლო ჩახუტება იყო.”

მაქსი უკვე 11 წლისაა. გულის გადანერგვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დღეს ის ახალ ორგანოსთან შეგუების პროცესს გადის.

მაქსის და კეირას ოჯახები დღეს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიას ხელმძღვანელობენ. კეირას დედა ფიქრობს, რომ მოზარდებმა ადრეულ ასაკში, სკოლებში უნდა მიიღონ ინფორმაცია დონაციის მნიშვნელობის შესახებ.

მაქსი ამბობს: “მინდა, რომ ადამიანებმა ჰკითხონ ერთმანეთს, თუკი მათი ოჯახის წევრი გარდაიცვლება, მისცემენ ექიმებს უფლებას, რომ ახლობლის ორგანოები სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენონ, თუ უარს ეტყვიან მათ”?..

თუკი გსურს…

სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აჩუქო სხვას, უბრალოდ ერთ კითხვას უნდა გასცე პასუხი:

გსურთ თქვენი გარდაცვალების შემდეგ გახდეთ ორგანოს ან ქსოვილის დონორი?