დათვია ლიქოკელი და „ხევსურთა საქმე“

Your browser doesn’t support HTML5

თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითებზე თუ ჩამოვარდება ხოლმე სიტყვა, ხევსურეთში ამ ამბავზე ცნობილ „ხევსურთა საქმეს“ იხსენებენ და ჰყვებიან, როგორ დაწერეს თითქმის ასი წლის წინ იქაურებმა დახმარების „თხოვის“ წერილი ამერიკის პრეზიდენტის სახელზე. მართალია, წერილი არავის გაუგზავნია შორეულ ამერიკაში და „ჩეკას“ შენობაში დარჩა, ხოლო ხევსურები მოატყუეს და დააპატიმრეს, მაგრამ ეს ამბავი მათთვის საბჭოთა ხელისუფლებასთან შეურიგებელი ბრძოლის მაგალითად დარჩა.

„ხევსურთა საქმე“ დღეს შსს-ს არქივში ინახება. იქვეა შენახული მოწინააღმდეგე ხევსურების ფოტოები, წერილები, მათი ოჯახების წვერების განცხადებები, „ჩეკას“ დადგენილებები და განაჩენები.

დაკავებულ ხევსურთა შორის იყო წინააღმდეგობის ერთ-ერთი მოთავე, დათვია ლიქოკელიც, სოფელ ქობულოდან - ერთდერთი ხევსური, რომელიც მაშინ დახვრიტეს და რომელიც ბოლომდე ბოლშევიკური მთავრობის შეურიგებელ მტრად დარჩა. ხევსურეთში, მის სოფელში დღემდე დგას ნახევრად დანგრეული მისი სახლი.