"პანოპტიკონი" საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. მთავარ როლებს ასრულებენ დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე.
ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. მთავარი პერსონაჟია16 წლის სანდრო (დათა ჩაჩუა), რომელიც საკუთარი იდენტობის და ფასეულობების ძიების პროცესში განსხვავებული და ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიური თუ კულტურული ნორმის გავლენას გამოცდის.
კარლოვი ვარიში მდებარე სასტუმრო „ტრეტე ლაზნეს“ დარბაზში „პანოპტიკონის“ ნახვის და შემდეგ, მსახიობ დათა ჩაჩუასთან გასაუბრების შესაძლებლობა კინოფესტივალის დროს რადიო თავისუფლებასაც მიეცა. როგორც 21 წლის მსახიობმა გვითხრა, თავის მიერ განსახიერებულ გმირთან თურმე მასაც გარკვეული მსგავსება ახასიათებს.
დათა ჩაჩუა: თავდაპირველად, როცა მე და გიორგი [სიხარულიძე], რეჟისორი შევხვდით ერთმანეთს და გავიარეთ ის საკითხი, თუ ზოგადად ვინ არის სანდრო და რას წარმოადგენს, ჩემთან ეს [პერსონაჟი] ახლოს აღმოჩნდა მამამისთან მისი ურთიერთობიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ მეც არ მქონია და არც მაქვს კარგი ურთიერთობა მამაჩემთან. და ეს ხაზი, მამის ხაზი მისთვის [ჩემი გმირისთვის] ძალიან სენსიტიურია...თავდაპირველად სანდრო ძირითადად აკეთებს ყველაფერს, რაც მამამისს უნდა. თუნდაც ფეხბურთზე დადის იმიტომ, რომ მამამისს უნდა; ლოცულობს იმიტომ, რომ მამამისს უნდა. ეს იმიტომ, რომ მამასთან უნდა ყოფნა, აკლია ყველა - დედა გვერდით არ ჰყავს, მამა გვერდით არ ჰყავს. ფაქტობრივად, ამითაც ახლოსაა ჩემთან. მეც დედაჩემთან და ბებიაჩემთან ერთად გავიზარდე. ასე რომ, პარალელები არის ჩვენ შორის.
რადიო თავისუფლება: ეს თქვენი დებიუტია?
დათა ჩაჩუა: სრულმეტრაჟიან ფილმში დებიუტია, მაგრამ საქართველოში სხვადასხვა სერიალებში აქტიურად 14 წლიდან ვთამაშობ. ახლა ვარ 21 წლის. ორი წელი გავიდა ამ ფილმიდან, რაც გადავიღეთ. სიმართლე გითხრათ, მე თვითონ ფილმი მეოთხედ ვნახე. და ყოველ ჯერზე სხვადასხვა რეაქცია მქონდა, რადგან ორი წელია გასული და ჩემი ფიქრებიც, ასე თუ ისე, შეიცვალა.
რადიო თავისუფლება: მე სულ ისე მგონია, რომ მსახიობებს არ უყვართ თავიანთი ფილმების ყურება.
დათა ჩაჩუა: არ მიყვარს და ვერც ვაფასებ. მაგალითად, როდესაც ჩემი მეგობრები მეკითხებიან, როგორია, ვუყუროთ? მე არ მაქვს არასოდეს პასუხი, თუ როგორია, სადაც მე ვარ, ის ფილმი. მირჩევნია, რომ უყურონ და ადამიანებისგან, ხალხისგან, მაგალითად, თქვენი ემოციებიდან და რეაქციებიდან გამომდინარე მივხვდე, თუ როგორ ვიმუშავე. ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი. ჯამში სულ 28 დღე იყო გადაღება, მაგრამ ამ 28 დღეს მოსდევდა კიდევ 6 თვე, როდესაც მე და გიორგი, რეჟისორი ყოველდღე თუ არა, კვირაში 3-ჯერ, 4-ჯერ მაინც ერთმანეთს ვხვდებოდით და დეტალურად განვიხილავდით სცენარს. სცენარი თავიდან ბოლომდე ერთი სამჯერ მაქვს წაკითხული... ვუყურებდით ფილმებს, ვლაპარაკობდით ჩვენს ცხოვრებაზე, ვიხსნებოდით ერთმანეთთან მაქსიმალურად და მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენი ბავშვობა და ჩვენი მამებთან ურთიერთობები ჰგავს ერთმანეთს და ეგ ხაზიც უფრო სენსიტიურია ჩვენთვის - ჩემთვის და რეჟისორისთვის.
რადიო თავისუფლება: დათა, ეს ძალადობა, ეს ბულინგი [რომელსაც ფილმში სანდროც მიმართავს], ის, რომ [თინეიჯერმა] თვითდამკვიდრება სცადო მუშტით, ჩართო აქ გარკვეული „ტრადიციული მიდგომები“, - ნუთუ [ცხოვრებაში] ეს ეტაპი არ შეიძლება, რომ გამოვტოვოთ?
დათა ჩაჩუა: აუცილებლად! იმიტომ, რომ მე გამოვტოვე ეგ ეტაპი. ცხოვრებაში ჩემთვის ბევრად უფრო სხვა რამეები იყო პრიორიტეტული. არანაირად არ ვამართლებ არცერთ ახალგაზრდას, რომელიც თვითდამკვიდრებას მაგ მუშტი-კრივით თუ ნებისმიერი სხვა [მიუღებელი] ხერხით ცდილობს. მე სულ ვცდილობდი, რომ თავი დამამკვიდრებინა იმით, რომ მაგალითად, ამ ჩემს სფეროში ვყოფილიყავი [სხვებზე] ცოტა წინ, იმიტომ, რომ 7 წლიდან სცენაზე ვდგავარ და სულ მსახიობობაზე ვოცნებობდი.
რადიო თავისუფლება: და თუ შეიტანეთ თქვენ რაიმე ცვლილება თქვენსავე როლში, თქვენსავე გმირში?
დათა ჩაჩუა: ეს არის ჩემი პერსონაჟის ყველა ის „წიკი“, თუ თუნდაც მანერა, პირის მოძრაობები და ის სისხლის წამოსვლები, - ძირითადად რეჟისორთან შეთანხმებით, [მაგრამ ჩემი თხოვნით მოხდა]. იმიტომ იყო გიორგისთან მუშაობა ძალიან კომფორტული, რომ ეგ თავისუფლება გვქონდა, რომ მეც ყოველთვის შემეძლო ჩემი აზრის გამოთქმა და ფილმში ჩემი აზრების განხორციელება. და მე ვთხოვე რეჟისორს და თავიდანვე შეთანხმებულები ვიყავით იმაზე, რომ ზოგჯერ მქონოდა ნაჩუქარი დუბლი, სადაც მე გავაკეთებდი იმას, რაც მე მინდოდა.
რადიო თავისუფლება: კარლოვი ვარის ფესტივალი შუაგულშია [ინტერვიუ 3 ივლისს არის ჩაწერილი], წინ არის გამარჯვებული საკონკურსო ფილმებისა და მსახიობების გამოცხადება. საუკეთესო როლის შემსრულებლის პრიზის ამბიცია გაქვს?
დათა ჩაჩუა: რომ არ დაგიმალოთ - კი. ამბიციური ვარ ბავშვობიდან. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ მუშაობის დროს მაქსიმუმი ჩავდო ჩვენს საქმეში. შესაბამისად, იმ ადამიანების რეაქციიდან გამომდინარე, რომლებმაც ეს ფილმი დღეს აქ, გუშინ „პუპში (სასტუმრო „პუპი“] იხილეს, ვხედავ იმას, რომ ჩემი შრომა ტყუილად არ ჩამიდია ამ პროექტში. ზოგადად არასოდეს არ ვფიქრობ იმას, რომ ტყუილად ჩავდე, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ მიფასდება და ძალიან მიხარია ეგ. ყველაზე ბედნიერი ვარ ამით.