საოკუპაციო ძალების მიერ ორი კვირის წინ დაკავებული, ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი გათავისუფლებულები არიან.
მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი ცხინვალის კარანტინში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
დაკავებულების ოჯახს გათავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმა არ გადაუხდია.
„ჯარიმა არ გადაგვიხდია. ორკვირიანი ვადა გავიდა კარანტინის და გამოუშვეს. ახლა სახლში არიან დათა პაპასთან ოკუპირებულ მხარეს, აქეთ ვერ გადმოვლენ. თუ გადმოვლენ, უკან ვეღარ დაბრუნდებიან, შემდეგ უკვე პატიმრობა ემუქრებათ. ვიცით, რომ ორივე კარგადაა“, - განაცხადა დაკავებულის დამ თამთა ადიკაშვილმა.
რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი მეუღლესთან ერთად ორი კვირის წინ დააკავეს. მათ საკარანტინო რეჟიმი ჯერ ოკუპირებულ ახალგორში, შემდეგ კი ცხინვალში გაიარეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დათა ვანიშვილის შვილიშვილის და რძლის გათავისუფლება დაადასტურა.
„ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული პირების მიმართ დაწესებული უკანონო შეზღუდვები მოხსნილია“, - განაცხადეს უწყებაში.
მალხაზ კურტაევი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 16 აპრილს დააკავეს, მეორე დილით კი მისი ცოლი, თათია ადიკაშვილი, დათა ვანიშვილის სახლიდან გაიყვანეს. დათა ვანიშვილი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხურვალეთში მავთულხლართების გავლების შედეგად მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
საქართველოში ვიზიტით ჩამოსული უცხოელი ლიდერების უმრავლესობა, როგორც წესი, ხურვალეთში ჩადის და მავთულხლართების მეორე მხრიდან ისმენს დათა ვანიშვილის გასაჭირს.