დათა ვანიშვილი ლოგინიდან ვერ დგება, მისი შვილიშვილი კი ცხინვალის საავადმყოფოშია

დათა ვანიშვილი და მალხაზ კურტაევი. 2017 წელი

ვალია ვანიშვილი მთელი დღეა ცდილობს შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაარკვიოს. რუსებსაც ჰკითხა, მაგრამ არავინ არაფერი იცის.

მალხაზ კურტაევი უგონო მდგომარეობაში ცხინვალის საავადმყოფოში 19 იანვარს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. დათა ვანიშვილის შვილიშვილი სახლში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა და სოფელ ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში მყოფ ცოლთან გადასვლას ვერ ახერხებდა. მან წუხელ მომწამვლელი ნივთიერება დალია, ღამის ორ საათზე კი დათა ვანიშვილის სახლში ოსი მილიციელები და გამომძიებლები ისევ მივიდნენ. ადგილზე ფოტოები გადაიღეს და იმ ნივთიერების ბოთლები წაიღეს, რომელიც მალხაზ კურტაევმა მიიღო. ვალია ვანიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახლა მისთვის მთავარი საფიქრალი შვილიშვილის გადარჩენაა. მისივე თქმით, შვილიშვილის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ოკუპანტებმა მალხაზი და მისი მეუღლე ერთმანეთს იძულებით დააშორეს.

„ცხინვალში რომ წაიყვანეს, მერე ორის ნახევარზე ხუთი კაცი მოვიდა, აქა წამლები რომ დალია, იმ წამლის ბოთლები წაიღეს. მილიციელებიც იყვნენ. სადაც ცუდად გახდა, იქაც სურათები გადაიღეს. ერთ ბოთლს, რაზეც მე წავიკითხე, დუსტი იყო“.

დათა ვანიშვილი საოკუპაციო ხაზს მიღმა. 2017 წელი

მეზობელ ქართულ სოფელში გათხოვილი დათა ვანიშვილის შვილიც უშედეგოდ ცდილობს დისშვილის მდგომარეობის გარკვევას, ცხინვალში ვერავის ურეკავს. ნანა ვანიშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო გადასვლის შემდეგ საოკუპაციო ძალებმა მალხაზს ცოლი გამოუძევეს და მას თებერვლამდე შინაპატიმრობა მიუსაჯეს, რაც ახალგაზრდა კაცისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა.

9 თვის ფეხმძიმე თათია ადიკაშვილი სოფელ ხურვალეთის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მეუღლე კი საოკუპაციო ხაზს მიღმა. მათ მავთულხლართები ყოფთ და ერთმანეთს ვეღარ ნახულობენ. გასული წლის 17 დეკემბერს მალხაზ კურტაევს ცოლი ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოუძევეს და მას შემდეგ ერთმანეთი აღარ უნახავთ.

მალხაზ კურტაევი (ვანიშვილი) დათა ვანიშვილის შვილიშვილია. მას როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეობა აქვს. გორში დაიბადა და ძირითადად პაპასთან გაიზარდა. მალხაზ კურტაევი ხშირად გადადიოდა ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში, სადაც თათია ადიკაშვილი გაიცნო. დაახლოებით, 10 თვის წინ ის ცოლად მოიყვანა და მავთულხლართებს მიღმა, სოფლის ოკუპირებულ ნაწილში, პაპის სახლში მიიყვანა. მათი პრობლემებიც მაშინ დაიწყო. ახალშეუღლებული ცოლ-ქმარი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მალხაზს კი დე ფაქტო უშიშროების სამსახური მუდმივად ემუქრებოდა. გასული წლის ივნისში ჩაწერილ ინტერვიუში მალხაზ კურტაევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას საოკუპაციო ძალები მუდმივად უთვალთვალებდნენ.

„რუსები სულ მითვალთვალებდნენ, გაივლიდნენ-გამოივლიდნენ და ცოტა დაძაძღულ ღობეს ნახავდნენ თუ არა, ეგრევე ჩემსკენ იყურებოდნენ. ღამე მოდიოდნენ და ბატარიებით მინათებდნენ“.

ასევე ნახეთ დათა ვანიშვილის შვილიშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს

რამდენიმე თვის წინ მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადმოიპარნენ და ერთხანს თათიას მშობლების სახლში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით მალხაზი თათიასთან ერთად შეუძლოდ მყოფი პაპის სანახავად მავთულხლართებს მიღმა ისევ გადავიდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მალხაზი დათა ვანიშვილის სახლში დაიჭირეს, ცოლი კი გამოუძევეს. ამის შემდეგ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა. ხურვალეთში მალხაზის და თათიას ისტორია ყველამ იცის. ადგილობრივი მცხოვრები ლუდა სალია ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი ამ მდგომარეობამდე ოკუპანტებმა მიიყვანეს და ეს სუიციდის უკვე მესამე მცდელობა იყო. მისი თქმით, ამ ოჯახს დახმარება სჭირდება.

„ჯერ საწყალი თვითონ დათა პაპა, მერე წამოესწრო შვილიშვილი, რომელმაც ცოლი ითხოვა. დღე-დღეზე შვილს ელოდება. მავთულხლართებს მიღმა მოხვდა, აქეთ გადმოსვლის საშუალება არა აქვს. მეუღლე იქით ვერ გადადის, დევნიან. ბიჭს ცოლის ნახვა უნდა, ბავშვს ელოდება და მისი ნახვა უნდა... ძალიან ცუდ დღეშია ოჯახი და ეს არის საშინელება და სოციალური ბოროტება. რა გახდა ერთი ოჯახის ხელის მოკიდება, აქეთ გადმოყვანა და ამათი ერთად ყოფნა...ბიჭმა თავი მოიწამლა, მესამედ აქვს ეს მცდელობა. ვმალავდით ამას ჩვენ და უკვე ჭირმა თავი ვერ დამალა“.

მძიმე რჩება დათა ვანიშვილის მდგომარეობაც. მისი ცოლის თქმით, ექიმი ხშირად აკითხავს, მაგრამ მოხუცი ფეხზე ვეღარ დგება და მუდმივად ლოგინში წევს. ვალია ვანიშვილი ამბობს, რომ ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაშია.

„პაპასა ექიმი სახლში აკითხავს და უვლის, თვითონ ვეღარსად მიდის. მუხლები აწუხებს და საერთოდ ვეღარ დგება, ლოგინში წევს სულ“.

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი 2011 წელს დაიწყეს. დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართი გაუვლეს. სახლი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში დარჩა, მიწა კი - საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილსა და მის ოჯახს უთხრეს, რომ ამიერიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ტერიტორიაზე, გადასვლა ეკრძალებათ.

ასევე ნახეთ მავთულხლართებს მიღმა დამალული ქართველი ცოლი: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ცოლ-ქმრის ისტორია

დათას საქართველოს მოქალაქეობა აქვს და მასზე უარის თქმას არ აპირებს. მას არაერთხელ შესთავაზეს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიეღო და იქაურ პენსიას დაუნიშნავდნენ, მაგრამ დათა ვანიშვილი ვერ ეგუება ოკუპაციას. ის უარს არ ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე. ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო რამდენჯერმე დაკავებულიც იყო ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით. პირველად ცხინვალის იზოლატორში ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, მაგრამ მოხუცი თავისას არ იშლის.

საქართველოში ჩამოსული უცხოელი ლიდერების უმრავლესობა, როგორც წესი, ხურვალეთში ჩადის და მავთულხლართების მეორე მხრიდან ისმენს დათა ვანიშვილის გასაჭირს.

დათას შვილიშვილს, მალხაზ კურტაევს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება ასევე არაერთხელ წაუყენეს.