„დავრჩეთ სახლში“ - სპორტსმენების იძულებითი არდადეგები და სოციალური აქტივობები

კვირაზე მეტია, მსოფლიო სპორტი თითქმის სრულად პარალიზებულია. კორონავირუსის გამო შეწყდა და გადაიდო შიდა თუ საერთაშორისო შეჯიბრებები სპორტის ყველა სახეობაში. საწვრთნელი პროცესიც შეჩერებულია და სპორტსმენები ცდილობენ, სახლის პირობებში ივარჯიშონ. თავისუფალ დროს და გაურკვევლობას ზოგი სოციალურ ქსელში აქტიურობით ებრძვის. ზოგი მთლიანად ოჯახზეა კონცენტრირებული და სხვა კონტაქტებს თავს არიდებს. არავინ იცის, რამდენ ხანს გაუგრძელდება ეს იძულებითი არდადეგები და როდის შეძლებს თავისი საქმის ძველებურად კეთებას.

მოჭადრაკე სალომე მელიაც თვითიზოლაციის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას და მომავალი შეჯიბრებებისთვის მზადებას. საქართველოს ნაკრების წევრმა ფეისბუკის პირად გვერდზე საინტერესო ინიციატივის შესახებ დაწერა, რომელსაც უმალ მოჰყვა დიდი ინტერესი და გამოხმაურება. სალომე მსურველებს ჭადრაკის უფასო ონლაინგაკვეთილებს სთავაზობს.

„ვფიქრობდი, ჩემი პროფესიისა და კომპეტენციის ფარგლებში რისი გაკეთება შემეძლო სახლის პირობებში. მშობლებისთვის ყველაზე რთული ალბათ სახლში „გამოკეტილი“ ბავშვების გართობა და განვითარებაა. მოწოდების ფარგლებში (#დარჩისახლში, #დავეხმაროთერთმანეთს), ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, დღის 12:00 საათიდან, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის (რა თქმა უნდა უსასყიდლოდ) ვიწყებ ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე - Online Chess lessons/ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილები სალომე მელიასთან. გაკვეთილებში ჩართულ ბავშვებს თვითიზოლაციის პერიოდის დამთავრების შემდეგ, პირადად დავასაჩუქრებ ჭადრაკის კომპლექტით (საჭიროების შემთხვევაში, თვითიზოლაციის დროსაც, ბავშვებს დავურიგებ ინვენტარს საცხოვრებელ მისამართზე). მსურველთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში, შევქმნი ჯგუფებს, გამოვყოფ მეტ დროს და დავამატებ გაკვეთილებს. დარჩი სახლში და ითამაშე ჭადრაკი“, - დაწერა სალომე მელიამ.

ჭიდაობა სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნინო ოძელაშვილმა ასევე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ატვირთა ვიდეო, რომელიც დარბაზშია გადაღებული, ჯერ კიდევ თვითიზოლაციის დაწყებამდე. ორწუთნახევრიან ჩანაწერს, რომელშიც სპორტსმენი სავარჯიშო „მანეკენს“ უმოწყალოდ უსწორდება, ოძელაშვილმა სათაურიც შეურჩია - „კორონა და ნინო“.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმ-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული მზადაა, დისტანციურად გაუწიოს სამედიცინო კონსულტაცია ყველას, ვისაც ტრავმებთან დაკავშირებით სამედიცინო რჩევები სჭირდებათ.

მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონებმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ლაშა ტალახაძემ, ლაშა შავდათუაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა და კიდევ ბევრმა სპორტსმენმა, რომლებიც „პირველების“ მიერ წამოწყებული ჩელენჯის ფარგლებში ერთმანეთს იწვევენ მსგავსი შინაარსის ვიდეოების ჩაწერასა და გავრცელებაში.

სპორტული ფედერაციებიდან კორონავირუსს პირველი გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ასი ათასი ლარი გაიღოს. ამასთან, უსასყიდლოდ დათმოს ფედერაციის ბალანსზე არსებული სასტუმრო, საკარანტინო ზონის მოსაწყობად.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომაც“ შესთავაზა ხელისუფლებას კლუბის ბაზა, საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ზონად გამოსაყენებლად.

დაბოლოს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრ გურამ კაშიას სახალისო ვიდეო, რომელიც სპორტსმენმა ინსტაგრამზე ატვირთა. კაშია ამერიკის შეერთებულ შტატებში, MLS-ის კლუბ „სან ხოსეში“ თამაშობს. ამჟამად თვითიზოლაციაშია ოჯახთან ერთად.