"ძალადობის მსხვერპლად ვგრძნობ თავს სახელმწიფოსგან და არა მხოლოდ რაღაც შავბნელი ჯგუფებისგან... ვხედავდით, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილსაც, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ეს იყო რაღაც ახირება, ეს ჩვენ არ უნდა გაგვეკეთებინა"

დავით სუბელიანი, "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი

„არ შეიძლება არ ვთქვა ამ ფრუსტრაციის ფონზე, რომ თბილისი პრაიდი დამატებითი ტესტი იყო ყველასთვის. არამარტო მონაწილეებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის, არასამთავობო ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველამ სხვადასხვანაირად გაიარა ეს ტესტი“, - ამბობს დავით სუბელიანი, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი, რომელიც თბილისი პრაიდის მხარდამჭერია და დღეს თავს „ძალადობის მსხვერპლად“ გრძნობს:

„დღეს მე ვგრძნობ თავს, როგორც ძალადობის მსხვერპლი. იძალადეს ჩემზე და ადამიანებზე, რომლებმაც ჩააქსოვეს, ფაქტობრივად, სისხლი დაღვარეს, რომ ამ დღემდე მოსულიყვნენ. არნახული ძალადობაა, როდესაც ისეთი მარტივი რამის გაკეთების საშუალება არ გაქვს ადამიანს, რომ უბრალოდ ქუჩაში გახვიდე, შეიკრიბო, გაიარო და თქვა, რომ რაღაც გაწუხებს.

ამ ძალადობის მსხვერპლად ვგრძნობ თავს სახელმწიფოსგან და არა მხოლოდ რაღაც შავბნელი ჯგუფებისგან. ამ ძალადობას ვგრძნობდი იმ ადამიანებისგან, რომლებიც ერთი მხრივ არიან მომხრეები შეკრების თავისუფლების, არ აქვთ საწინააღმდეგო ლგბტ ადამიანების მიმართ, იზიარებენ მათ წუხილსაც, მაგრამ გუშინ ერთხმად შეკრული, ვხედავდით, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილსაც, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ეს იყო რაღაც ახირება, ეს ჩვენ არ უნდა გაგვეკეთებინა”.

დავით სუბელიანის თქმით, ყოველთვის გამოიძებნება „უფრო დიდი, უფრო ეროვნული საქმე“, რომლის ფონზეც ლგბტ თემის ხმა მეორადად ჩაითვლება:

„მე არ მაქვს პატარა მეხსიერება. ყველაფერი კარგად მახსოვს და მახსოვს, რომ არც ერთხელ დამდგარა ამ ქვეყანაში დრო ამ ადამიანებისთვის, რომ შეკრებილიყვნენ“.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი იხსენებს წუხანდელ იმედგაცრუებას:

„ეს არ არის მარტივად გადასატანი. ეს ნანახი მაქვს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ფარგლებში: მოძრაობის დაშლა და განადგურება, ადამიანების სიცოცხლის, ურთიერთობების და იმედების მსხვრევა. აქაც დაახლოებით ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მთელი ჩემი ეს ემოცია და ძალისხმევა მიმართული იყოს, დავეხმარო ამ ადამიანებს, რომ სწორად გამოვიდნენ აქედან და სწორი მსვლელობა მისცენ“.

დავით სუბელიანი „დილის საუბრებში“ ყვება შსს-სთან კომუნიკაციის შესახებაც: რომ ვერც ერთხელ მიიღეს დასტური სამართალდამცავი უწყებიდან პრაიდის მონაწილეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე:

„გუშინ რამდენჯერმე შევცვალეთ, გეგმა. დრო შევცვალეთ. არც ერთხელ არ დაგვიდასტურა გუშინ შსს-მ, რომ დაიცავდნენ ჩვენს უფლებებს. პირდაპირ არც გამოდიოდნენ. იყო მესიჯინგი, უცხოელი დიპლომატების გავლით და ა.შ. და სამარცხვინო შემოთავაზებები გვესმოდა, რომ 20 ადამიანზე მეტი არ შეკრებილიყო და სად უნდა გაევლოთ, რომ უფლებები ყოფილიყო დაცული. ასეთი შემოთავაზებებიც კეთდებოდა“.

7 ივლისს, ღამით ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის წამყვანის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ისეთი ვითარება შეიქმნა, თბილისი პრაიდის ჩატარების საკითხმა კიდევ უფრო უკან გადაიწია. თუმცა, როცა ორგანიზატორებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს მსვლელობის ჩატარების ადგილი და დრო, შიდა ჯგუფში გზავნილის გამოქვეყნებიდან წუთებში, ეს ინფორმაცია პრაიდის მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ:

„არ ვიცი, ჯგუფის შიგნიდან გავრცელდა, თუ შსს გვისმენდა. ფაქტია, ზუსტად 12 წუთში, მას შემდე, რაც ამაზე კომუნიკაცია გავაკეთეთ, დახურულ ჯგუფში გავრცელებული ეს პოსტი უკვე ფალავანდიშვილის ხელში იყო და ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დილის 5 საათიდან შსს-სთან დაიწყებდნენ პატრულირებას“.

რატომ თვლის თავს დავით სუბელიანი ძალადობის მსხვერპლად?

„ძაან მარტივად რომ ვთქვა, მე, ჩემს მეგობრებს, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს შვილებს არ მოაკლდა გინება, ლანძღვა და მუქარა ამ დღეების განმავლობაში იმის გამო, რომ დაკავშირებული ვიყავით თბილისი პრაიდთან. უკვე ეს არის ძალადობა.

ასევე, ჩვენი თავისუფალი ნება, რომ შევკრებილიყავით თანამოაზრეები გარკვეულ ლოკაციაში, სადაც დაშვებულია ადამიანების გადაადგილება ამ ქვეყანაში, ჩვენი ტკივილის შესახებ რაღაც გვეთქვა, ეს იქნა აღკვეთილი. ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა.

ერთადერთი გარანტი ასეთ ვითარებაში, როცა გიშლიან ხელს, რომ ეს შენი უფლება იყოს რეალიზებული, სახელმწიფო აღმოჩნდა სრულიად არა მოწოდების სიმაღლეზე. არათუ ვერ დაგვიცვა, არ დაგვიცვა მან და გვითხრა, რომ ახლა ამის დრო არ არის“.

22 ივნისს დაინიშნა პირველი პრაიდი და 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო თავად თბილისი პრაიდმა გადადო ეს მსვლელობა გასაგები მიზეზების გამო:

„არ შეუშალა ხელი სხვა ახალაღმოცენებულ კერას და ფაქტობრივად უარი თქვა მომზადებული ღონისძიების ჩატარებაზე. როცა შედარებით სტაბილური გახდა სიტუაცია, არ იყო ისეთი მწვავე მდგომარეობა, როგორც იმ დღეებში, გადაწყვიტა ხელმეორედ დაბრუნებოდა ამ თემას, მაგრამ ნახეთ რაც მოხდა“.

დავით სუბელიანი მსვლელობის ჩაშლის გამო პრაიდის ორგანიზატორთა შესახებ ამბობს:

„გუშინ სიცარიელეს, უბედურებას ვხედავდი მათ თვალებში. მათ მოუკლეს იმედი, მოუკლეს შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც გაკეთდება. ზოგიერთმა უარი თქვა თავის დროზე აქედან წასვლაზე. დარჩა იმიტომ, რომ გაეკეთებინა ეს საქმე. სჯეროდათ, რომ ამ ქვეყნისთვის, საკუთარი თავისთვის და მათი შვილებისთვის საუკეთესო რამეს აკეთებდნენ და მათ ასეთი პასუხი გასცა ჩვენმა ქვეყანამ.

მათ უბრალოდ ეუბნებიან, რომ ისინი არასწორები არიან. ყველა მოსახვევში, სადარბაზოში გადახედავენ და მათზე ჩურჩულებენ, რომ არიან განსხვავებულები. მათ უწევთ უამრავ დამცირებასთან და ფიზიკური განადგურების რისკებთან გამკლავებაც კი. ასე ცხოვრება ჩემთვის შეუძლებელია. ჩემთვის შეუძლებელია ვუყურო სხვა ადამიანებს, იმის გამო, თუ ბუნებაში როგორები არიან, როგორ არ ეძლევათ საშუალება, რომ ისუნთქონ და იყვნენ ვინც არიან და თუ რამე პრობლემა აქვთ, თქვან ამის შესახებ. ეს არის გაუგონარი რამ!“.

„დილის საუბრების“ რესპონდენტი ლგბტ თემის აქტივიზმსა და როლს აღწერს:

„ვთვლი, რომ ლგბტ თემი არის ერთ-ერთი ყველაზე შეკრული და გამბედავი. ნარკოპოლიტიკის ამბავს თუ გავიხსენებ, მოწინავე ადგილებზე იდგნენ, როგორც წესი. მაგრამ როცა მათ ჭირდებათ დახმარება, ვნახეთ როგორ დაიხლიჩა საზოგადოება და ერთი მხრივ, ვისგანაც ველოდებოდით მხარდაჭერას, მათგანაც კი დამუნათება მივიღეთ იმის გამო, რომ თბილისი პრაიდს ვაპირებდით.

ასეთი გაუცხოება, ასეთი გაუაზრებლობა ადამიანების მხრიდან იმისა, თუ რას ვაკეთებდით გუშინ და რა გვჭირდებოდა, იშვიათად მინახავს“.

დასასრულ, ისევ საზოგადოების მიერ ტესტის გავლაზე:

„ყველამ სხვადასხვანაირად გაიარა ეს ტესტი. ჩემდა საბედნიეროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, ამ ქვეყნისთვის საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები სამოქალაქო საზოგადოებაში, გულანთებული აქტივისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები და და სხვები (გვარებს არ დავასახელებ, არ მინდა სხვების გვარები გამოვავლინო, ვინც ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე) - არის საკმაოდ მსხვილი ჯგუფი ამ საზოგადოებაში, რომელიც ბოლო წამამდე იცავდა პრაიდის ინტერესებს, მათ შორის საჯაროდაც იყვნენ ამ დებატებში ჩართულები და ესეც რომ არ ყოფილიყო, ამ ქვეყანაში გაჩერებაზეც ბევრი უკვე აღარ იფიქრებდა.

და, ისევ იმის გამო, რომ არსებობს რაღაც მცირე ჯგუფი მაინც ადამიანებისა, რომლებიც ხედავენ საჭიროებას ასეთი ორგანიზების. ეს ჯგუფი ამბობს, რომ თქვენ არ ხართ სასარგებლო იდიოტები, არამედ საჭირო საქმეს აკეთებთ და ჩვენ არ გიყენებთ პირობებს რაზე და როდის ილაპარაკოთ, არამედ გიდგავართ გვერდში.

ეს იმედს იძლევა, რომ მაინც შეიძლება ამ ქვეყანაში რაღაცისთვის ბრძოლა და მუშაობა, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, რომ 2019 წელს, როცა ასეთი ფანტასტიური შანსები გვქონდა წარმატების მიღწევის და მგონია, რომ ორი ნაბიჯი გვაკლია კარგ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, გვაქვს ასეთი დრამატული დღეები, როგორიც გუშინ იყო - უბრალოდ ვერ შევიკრიბეთ, 100-500 მეტრი ვერ გავიარეთ და ვერ ვთქვით რამდენიმე სიტყვა“.

Your browser doesn’t support HTML5

დავით სუბელიანი "თბილისი პრაიდის" ჩაშლასა და საზოგადოებაზე