ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერი ჯგუფები ხელისუფლებას ძირეულ რეფორმამდე ამნისტიისკენ მოუწოდებენ

დავით ოთიაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, "ალტერნატივა ჯორჯიას" ხელმძღვანელი

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერმა ჯგუფებმა მიმართეს ხელისუფლებას და მოუწოდებენ მას ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლების/პასუხისმგებლობის შემსუბუქების თაობაზე. ამის ბერკეტად არასამთავრობო ორგანიზაციები ხედავენ ერთჯერად ამნისტიას ან შეწყალების მექანიზმის გამოყენებას.

მიმართვის ხელმომწერი ერთ-ერთი ორგანიზაციის - „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ექიმი-ნარკოლოგი, დავით ოთიაშვილი „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არაფერი ხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობის კუთხით, მიუხედავად თუნდაც ერთი წლის წინანდელი დაპირებისა. ამ ცვლილებებს ბევრი ადამიანი საპატიმრო დაწესებულებებში ელოდება:

„ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში ელოდებოდა ამ ცვლილებებს და იმედიანად იყო განწყობილი, ბევრი დაპირებაც მიიღო, ამ ადამიანების ნაწილს რაღაცით მაინც რომ დავეხმაროთ, შევთანხმდით მექანიზმზე. ეს არის ან ამნისტიიის კანონი, ან შეწყალების აქტი და ვთავაზობთ ხელისუფლებას, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით: პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, სპეციალისტები და ა.შ. და შევთანხმდეთ იმ კრიტერიუმებზე, რომლების მიხედვითაც შევარჩევთ ადამიანებს, ვისაც ან უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი, ან გათავისუფლდნენ“.

ხელისუფლებისადმი მიმართვის გასაჯაროების გარდა, დავით ოთიაშვილმა ორიოდე დღის წინ ის გააცნო ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის მონაწილეებსაც. სხდომას, რომელშიც სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ, უძღვებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე და მან მიმართვაზე მსჯელობის დაპირება გასცა.

Your browser doesn’t support HTML5

დავით ოთიაშვილი ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფების ინიციატივაზე