ამბავი, რომელზეც რადიო თავისუფლების ეთერის სტუმრები, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ყოფილი და ახლანდელი იურისტები: დავით მანაგაძე და ნესტან ლონდარიძე ლაპარაკობენ, 16 წელიწადზე მეტი ხნის წინ მოხდა - 2003 წლის 22 ნოემბრის საღამოს:
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე უშიშროების სამინისტროს სწრაფი რეაგირების სამმართველოს კუთვნილი ე.წ. ბეტეერი საპირისპირო ზოლში გადავიდა და შეეჯახა BMW-ს მარკის ავტომობილს, რომლითაც მარიამ საყვარელიძე შვილთან, თავის დასა და სამ მცირეწლოვან დისშვილთან ერთად მგზავრობდა. საჭესთან მისი ვაჟი - დავით საყვარელიძე იჯდა. ის შემთხვევიდან 30 საათში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მარიამ საყვარელიძის და, ეთერ წულიაშვილი, ადგილზე დაიღუპა. უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა. მათგან ერთის მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოხერხდა.
მარიამ საყვარელიძე რადიო თავისუფლებისთვის 7 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში იხსენებს როგორც 2003 წელს მომხდარს, აგრეთვე შემდგომ პროცესებს.
მიმდინარე წლის 6 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მარიამ საყვარელიძის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო - დაადგინა „სიცოცხლის უფლების“ დარღვევა და სახელმწიფოს არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
მარიამ საყვარელიძისთვის საქმე არ დასრულებულა - ის დღემდე ითხოვს და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას დამნაშავის დასჯის მოთხოვნით. პირი, რომელიც მართავდა ე.წ. ბეტეერს, იდენტიფიცირებულია. ის მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხა. გამოძიება შემთხვევისა, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, შეწყდა ხანდაზმულობის მოტივით. მთავარი კითხვა: რა გაკეთდა ხანდაზმულობის დადგომამდე?
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სამართლებრივი დახმარებით, დაზარალებულმა მარიამ საყვარელიძემ სტრასბურგის სასამართლოს 2010 წელს მიმართა. დაზარალებულის მთავარი მოთხოვნა ეხებოდა სახელმწიფოს მიერ 2003 წლის 22 ნოემბერს უშიშროების სამინისტროს ჯავშანტრანსპორტიორისა და „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი დავით საყვარელიძისა და ეთერ წულიაშვილის საქმის გამოძიებას. იმ დროს მარიამ საყვარელიძის ადვოკატი იყო დავით მანაგაძე, რომელიც დღეს რადიო თავისუფლების ეთერში იხსენებს, რომ ექსპერტიზა გამოძიების საწყის ეტაპზევე ჩატარდა და ის იყო სრულიად საკმარისი სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად, თუმცა:
„გამოძიება უმოქმედობით, რეალურად არაფერს აკეთებდა. შესაბამისად, საქმე იყო მიშვებული თვითდინებით. დრო გადიოდა. არაფერი კეთდებოდა და, შესაბამისად, ერთ-ერთი არგუმენტი, რითიც დაიხურა საქმე, იყო ხანდაზმულობა, რაც სრულიად აბსურდული რაღაც არის, რადგან საქმეში, სადაც ორი ადამიანია გარდაცვლილი, არ შეიძლება ხანდაზმულობით დაიხუროს“.
დავით მანაგაძის თქმით, სასამართლომ ორჯერ დააბრუნა საქმე წინასწარ გამოძიებაში. ორივე გადაწყვეტილება მიღებული იყო სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე:
„საინტერესო აქ არის ის, რომ სასამართლომ ორჯერ დააბრუნა საქმე წინასწარ გამოძიებაში. შესაბამისად, მოსამართლეებმა - პირველ შემთხვევაშიც და განსაკუთრებით მეორე შემთხვევაში - რეალურად დაინახეს საქმის სიმძიმე და ის დარღვევები, რაც იყო ამ საქმეში. პირველი ეტაპი იყო 2004-2005 წლები და მეორე - 2008-2009 წელი, თუ არ ვცდები. 2010-ში სარჩელი გაიგზავნა ევროსასამართლოში.
მეორე შემთხვევაში მოსამართლემ თქვა და დამამახსოვრდა ეს ფრაზა, „კიდევ ერთხელ მოგცემთ შანსს იმისთვის, რომ იბრძოლოთ და მიაღწიოთ შედეგს“-ო. მოსამართლემ რეალურად დაინახა იქ საქმის ვითარება. იყო ზეპირი განხილვა. სხდომა ჩატარდა ჩვეულებრივად. იყო პროკურატურის მხარე, ვიყავით ჩვენ, ქალბატონი მარიამი იყო და იმ პროცესზე იყვნენ იმ სპეცრაზმის წარმომადგენლები, სადაც მუშაობდა... ბრალდებულიც არ იყო ის ადამიანი, არ წაუყენეს ბრალი... არასდროს.
როგორც იურისტი, მე კმაყოფილი ვიყავი იმ სასამართლო სხდომით, როგორც ის წარმართა მოსამართლემ, რადგან გამოიკითხა ყველა მხარე, საქმის მასალები იქნა წარდგენილი, შუამდგომლობები იყო წარდგენილი, ანუ [მოსამართლემ] სრულყოფილად ნახა, შეისწავლა საქმის მასალები და დააბრუნა საქმე წინასწარ გამოძიებაში. ანუ მან თქვა, რომ გამოძიების ორგანოებმა სათანადოდ ვერ მოახდინეს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და დაზარალებულის უფლებების აღდგენა. ეს ეტაპი გავიარეთ, მაგრამ საქმის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნების შემდეგ კვლავ არაფერი კეთდებოდა. შუამდგომლობები იწერებოდა პროკურატურის სახელზე, მაგრამ საქმე იყო თაროზე შემოდებული და რეალურად არაფერი კეთდებოდა“.
რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავეს, „ბეტეერის“ მძღოლს, მასთან კომუნიკაცია გამოძიებას ჰქონდა მხოლოდ როგორც მოწმესთან. დავით მანაგაძე ჰყვება:
„ის ადამიანი, ვინც მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა - „ბეტეერის“ მძღოლი ვინც იყო, რეალურად ბრალდებული არასდროს ყოფილა. ის არ დაუკავებიათ, მის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, არც ერთი დღე არ გაუტარებია საპატიმრო დაწესებულებაში. შესაბამისად, არც გამამტყუნებელი ან თუნდაც გამამართლებელი სასამართლო განაჩენი ყოფილა მის მიმართ. მას ჰქონდა მოწმის სტატუსი და იყო დაკითხული ისიც და სხვა წევრებიც იმ ჯგუფის, რომლებიც იმყოფებოდნენ ჯავშანმანქანაში. თუმცა, მოწმის სტატუსის იქით არ წასულა პროცესი.
პირველი ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა ამ საქმეზე, რეალურად ექსპერტიზის შედეგების მიხედვით შესაძლებელი იყო მისი დაკავება, ბრალის წარდგენა, რადგან ცხელ კვალზე ჩატარებული ექსპერტიზა არის მეტად სანდო, ვიდრე რამდენიმე თვის შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზა, როცა აღარ არის ის გარემო, აღარ არის ნამსხვრევების კვალი, მუხრუჭის კვალი და ა.შ.
...ორი ადამიანია გარდაცვლილი და არავინ არის ამის გამო პასუხისგებაში მიცემული. სახელმწიფო იძახის... საგამოძიებო ორგანოები იძახიან - რა ვქნათ, გავიდა დრო, ხანდაზმულია საქმე და ახლა ვეღარაფერს გავაკეთებთო“.
მარიამ საყვარელიძის კიდევ ერთი ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ნესტან ლონდარიძე, რადიო თავისუფლების ეთერში ჰყვება, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მას და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდათ გარკვეული მოლოდინი, რომ 2003 წელს მომხდარის რეალური გამოძიება შესაძლებელი გახდებოდა:
„და თუ ის იყო ხელისშემშლელი, რომ "ვარდების რევოლუცია" უსისხლოდ უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი, ამასთან [ხელისუფლების ცვლილებასთან] ერთად შეიცვლებოდა ეს მიდგომა... მე და ქალბატონი მარიამი შევხვდით იმ დროს გენერალურ პროკურორს, ჩავაყენეთ საქმის კურსში. კბილაშვილი იყო. საქმის კურსში ჩავაყენეთ ყველა და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაიწყო მოქმედებები. დაიკითხა ყველა მოწმე განმეორებით, მაგრამ, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, უშედეგოდ, ამასაც წლები მოანდომეს და ეს უმოქმედობა ბოლომდე გასდევდა ამ საქმეს.
მეტიც, 2016 წელს ჩატარდა კიდევ ერთი ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ და პირდაპირ აღინიშნა, რომ საქმის შესწავლის შედეგად პირდაპირ იკვეთებოდა, რომ ავტოსაგზაო წესები დარღვეული ჰქონდა ჯავშანტრანსპორტიორის მძღოლს, გადასული იყო „ბეემვეს“ მარკის მანქანის სავალ გზაზე და შემთხვევა სწორედ იქ იყო მომხდარი. ეს ერთმნიშვნელოვნად იყო დადგენილი. ამის დადგენასაც თავისი შინაარსი ჰქონდა - უკვე გამოტანილი ჰქონდათ დადგენილება საქმის შეწყვეტაზე, ხანდაზმულობის მოტივით. ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა გაავრცელეს მძიმე კატეგორიის დანაშაულზე და, შესაბამისად, საქმე დახურეს.
...მთავარი აქ ხანდაზმულობის ვადა კი არ არის, მთავარი არის ის, რომ პირველივე დღიდან ცნობილი იყო სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი და ამის დადგენას არ სჭირდებოდა არათუ 17 წლის გასვლა, არამედ ერთი წელიც კი. ჯავშანტრანსპორტიორის მძღოლმა შემთხვევის ადგილი მაშინვე მიატოვა. ის შეეცადა დანაშაული დაემალა და ჯავშანტრანსპორტიორის დაზიანებული ნაწილებიც კი მაშინვე გამოცვალეს და შეუცვალეს იერი. მისი ეს ქმედებებიც კი არ არის შეფასებული, არათუ ბრალი წარდგენილი“.
ნესტან ლონდარიძე დღეს ჰყვება კიდევ ერთ შეხვედრაზე პროკურატურაში:
„უფრო საინტერესო დეტალი იყო და ის აჩენს მიზანმიმართულ ქმედებას, რომ საქმეში არაფერი გაკეთებულიყო: მაშინ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა ე.წ. დიდი ამნისტია გამოცხადდა, მე და ქალბატონი მარიამი დაგვიბარეს თბილისის პროკურატურაში. დაგვიბარეს იმ მიზნით, რომ ეთქვათ, რომ შესაძლებელია ამ საქმეზეც გავრცელებულიყო ამნისტია. თუმცა, ძალიან საინტერესო იყო და მე მაშინვე დავსვი კითხვები - როგორ აპირებდნენ ამნისტია შეეხოთ პირისთვის, რომლისთვისაც ბრალიც კი არ ჰქონდათ წარდგენილი...
მიხვდნენ, რომ ძალიან რთული იყო ამის სამართლებრივად დასაბუთება. ამასთან, ამნისტიიდან წელიწადზე მეტი იყო გასული. ამის შემდეგ ჩატარდა განმეორებითი ექსპერტიზა, თუმცა, ჩვენი ვარაუდია, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს, რა თქმა უნდა, მათ განზრახული ჰქონდათ ხანდაზმულობის მოტივით შეეწყვიტათ საქმის წარმოება, რადგან ათწლიანი ვადა გასული იყო 2013 წელს და ეს ექსპერტიზა ჩატარდა 2016 წელს“.
დავით მანაგაძე „დილის საუბრებში“ აჯამებს ვითარებას:
„ჩვენ ვიცით ვინ ჩაიდინა ქმედება, ჩვენ ვიცით როდის მოხდა ეს ყველაფერი, ვიცით რა ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ პირი არ იქნა დაკავებული. ბუნებრივია, იმ დროის ჩინოვნიკებმა, ვინც უნდა ყოფილიყვნენ ისინი, კი, ჩემი აზრით, ჩაიდინეს სამოხელეო დანაშაული, რადგან რეალურად არ განახორციელეს ის ვალდებულებები, რაც მათ ეკისრებოდათ.
...სახელმწიფო ქალბატონ მარიამს, ამ შემთხვევაში, და სხვა ადამიანებსაც ეუბნება, რომ მე - ჩემმა ჩინოვნიკმა შეიძლება მოკლას ორი ადამიანი და მე არ დავსჯი მას, ვინც ეს ჩაიდინა“.
Your browser doesn’t support HTML5