დავით დადუნაშვილმა რუსეთში გადაიღო მხატვრული ფილმი უკრაინასთან ომზე

მხ/ფ "მოწმე", პოსტერი

17 აგვისტოს რუსეთის კინოთეატრებში გამოდის ქართული წარმომავლობის რეჟისორის, დავით დადუნაშვილის ფილმი "Свидетель" ("მოწმე") - როგორც რუსული მედია წერს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში გადაღებული ომის მხარდამჭერი პირველი მნიშვნელოვანი მხატვრული ფილმი, რომელიც ერთდროულად დააფინანსეს რუსეთის კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებმა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარ გმირს, ბელგიელ მუსიკოსს, ომი მოუსწრებს უკრაინაში, სადაც ის გახდება „კიევის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის“ მოწმე. სოციალურ ქსელებში უკვე ტრიალებს პროპაგანდისტული ფილმის ტრეილერი, რომელიც კინომცოდნეების ნაწილს რომან პოლანსკის „პიანისტის“ ცუდ მიბაძვად მიაჩნიათ, თუმცა ცხადია, ეს არ არის ერთადერთი მიზეზის, რის გამოც ისინი ვარაუდობენ, რომ ფილმი გაქირავებაში ჩავარდება.

რუსი პროდიუსერისა და მწერლის, ივან ფილიპოვის თქმით, უკრაინაში "რუსული იარაღის გმირობის" შესახებ პროპაგანდისტული ფილმების გამოჩენა მხოლოდ დროის საკითხი იყო. ასეთი ფილმების საჭიროებაზე ბევრს და ხმამაღლა საუბრობდნენ როგორც ოფიციალური პირები (კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა), ასევე ე.წ. საზოგადოებრივი აზრის "პატრიოტი" ლიდერები, რომლებიც შესაშური რეგულარობით ჩივიან რუსეთში ომის მხარდამჭერი მხატვრული ნაწარმოებების ნაკლებობაზე. როგორც ჩანს, „Свидетель“-მა სწორედ ეს ხარვეზი უნდა გამოასწოროს, თუმცა თვითონ ფილმის შემქმნელები ყველა საჯარო გამოსვლასა თუ განცხადებაში ყოველმხრივ ხაზს უსვამენ, რომ ეს არ არის პროპაგანდისტული ფილმი, რომ ეს არის „მხატვრული სახეებით სიმართლის თქმის“ მცდელობა.

„მილიონობით ადამიანმა არ იცის სიმართლე და თუ ჩვენ ყველანი გავჩუმდებით, ისინი ამას ვერასდროს გაიგებენ“, - ამბობს „მოწმის“ სცენარისტი სერგეი ვოლკოვი.

„დანიელ კოენი - ვირტუოზი ბელგიელი მევიოლინე, თავს მსოფლიოს მოქალაქედ მიიჩნევს, სჯერა სიკეთისა და სამართლიანობის. 2022 წლის თებერვლის ბოლოს ის ჩადის კიევში გასტროლებზე და ეს მოგზაურობა მის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოვლენებს მუსიკოსი უკრაინულ ქალაქ სემიდვერში მიჰყავს, სადაც ის არაადამიანური დანაშაულებისა და სისხლიანი პროვოკაციების მოწმე ხდება“, - ნათქვამია ფილმის ოფიციალურ აღწერაში, რომელსაც ვებსაიტი kinopoisk.ru აქვეყნებს.

ფილმის რეჟისორი დავით დადუნაშვილი საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტისთან“ საუბარში კიდევ უფრო კატეგორიული იყო:

„როგორც კი სცენარის მოკლე შინაარსს გავეცანი, მაშინვე ვთქვი: „დიახ! დიახ, ამაში მონაწილეობა უნდა მივიღო და ჩემი გვარი უნდა დარჩეს ფილმის ტიტრებში. გამახსენდა ფილმ „ძმა-2“-ში („Брат-2“) გამოთქმული აზრი: „მითხარი ამერიკელო, რაშია ძალა? ფულში? ბევრი ფული გაქვს, და რა მერე? ვფიქრობ, რომ ძალა სიმართლეშია: ვისაც სიმართლე აქვს, ის უფრო ძლიერია!”.

დავით დადუნაშვილი

„სიმართლისგან“ კიდევ უფრო მეტი სიმართლის გასაკეთებლად, სურათის შემქმნელებმა მთავარ გმირად შეარჩიეს უცხოელი - მოგონილი პერსონაჟი, ბელგიელი მუსიკოსი დანიელ კოენი.

ფილმის პროდიუსერის, სოფია მიტროფანოვას თქმით, მოვლენების თვითმხილველების მიერ მოყოლილი რეალური და საშინელი ისტორიების მოსმენით შეიქმნა მუსიკოს დანიელის ისტორია. „მთავარი გმირი არ ეკუთვნის კონფლიქტის არცერთ მხარეს, მაგრამ ის აღმოჩნდება კონფლიქტის ეპიცენტრში და იქცევა მოწმედ“.

”ეს არის დრამატული ისტორია, რომელიც ნაჩვენებია იმ ადამიანის თვალით, რომელსაც არ ესმის ენა, არ ესმის მის გარშემო მყოფი ადამიანების მოტივების. თავდაპირველად ის არ იკავებს რომელიმე მხარეს, მაგრამ განიცდის ყველაფერს, რაც ხდება“, - ამბობს მიტროფანოვა.

„პროექტს მხარი დაუჭირეს რუსეთის კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებმა“, - წერს სააგენტო „რია ნოვოსტი“ 2023 წლის 24 ივლისის „ახალ ამბავში“, რომლის კომენტირებისას პროდიუსერი და მწერალი ივან ფილიპოვი ამბობს, აშკარაა, სიმართლის რომელ ვერსიას უჭერს მხარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და რომელი სიმართლე იქნება ნაჩვენები „მოწმეშიო“.

ტრეილერზე დაყრდნობით მწერალი დმიტრი ბიკოვი ამბობს, რომ ფილმი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი პერსონაჟი უცხოელია, არა გლობალურ, არამედ ლოკალურ, რუსულ აუდიტორიაზეა გათვლილი.

დმიტრი ბიკოვი

„დასავლეთში სიმართლე კარგად იციან. ბუჩაში იმუშავა ასობით დასავლელმა ჟურნალისტმა, რომელებმაც რუსი ოკუპანტების ქცევის ქრონიკა ზედმიწევნით ზუსტად გააცნეს დასავლურ აუდიტორიას. ჭეშმარიტების აღდგენის ასეთი პათოსი ზუსტადაც რომ მიემართება რუსულ აუდიტორიას, რომელმაც ბევრი არაფერი იცის, რადგან რუსეთში ბუჩის ნებისმიერ ხსენებაზე საპატიმრო ვადაა. დასავლურმა გამოცემებმა კი ვრცელი გამოძიებები და ლამის პირდაპირ დამნაშავეთა გვარ-სახელები გამოაქვეყნეს. ასე რომ, ამ ფილმს დასავლეთის აუდიტორიას ვერანაირად ვერ შეასაღებ. ტრეილერის მიხედვით, ეს არის შტამპებით გაძეძგილი ფილმი. არ მგონია რომ ყავლგასული შტამპებით რამე საინტერესოს გაკეთება შეიძლება. ნიჭიერი ხალხი არ სჭირდება რუსულ იდეოლოგიურ მატრიცას, დამკვეთებს პანიკურად ეშინიათ ნიჭიერების“, - ამბობს დმიტრი ბიკოვი.

როგორია „მოწმის“ სიუჟეტი?

ივან ფილიპოვი ამბობს, რომ ხელში ჩაუვარდა ფილმის სცენარის 9-გვერდიანი სინოფსისი, რომლის დახმარებითაც სავსებით შესაძლებელია ფილმის შინაარსზე საუბარი.

ფილმის მთავარი გმირი მოსკოვის მუსიკალური ფესტივალიდან ჩადის კიევში, რათა დაუკრას წვეულებაზე, რომელსაც ესწრება უკრაინის მთელი ბიზნეს- და პოლიტიკური ელიტა.

”მუსიკაში ჩაფლული დანიელი დიდ ყურადღებას არ აქცევს არც მის გარშემო მყოფ ადამიანებს და არც მათ საუბრებს, თუმცა ისინი საუბრობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მომავალ შეტევაზე.”

დანიელ კოენი - "მოწმის" მთავარი პერსონაჟი

ივან ფილიპოვის თქმით, ამ ადგილზე უკვე შეიძლება შევწყვიტოთ კითხვა, რადგან იმის მტკიცება, რომ რუსეთი იძულებული გახდა დაეწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რადგან თავად კიევი ემზადებოდა რუსეთზე თავდასხმისთვის, რუსული პროპაგანდის ქვაკუთხედია და ამას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე 1,5 წელია იმეორებენ პუტინი, ლავროვი და სხვები.

”მეორე დღეს დანიელს აღვიძებს განგაშის ხმა: დაიწყო რუსული სპეცოპერაცია - უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია.”

სცენარის ავტორი აღწერს კიევში არსებულ ვითარებას: „ქაოსი, ყველგან ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ნაწილები, მყისიერად ჩნდება სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მრავალი მამაკაცი და ქალი, მათ უკონტროლოდ ურიგდებათ იარაღი“.

„ბრიჯიტი, მთავარი გმირის მეუღლე, აღფრთოვანებით იღებს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება. მას მიაჩნია, რომ ეს არის ნამდვილი სახალხო წინააღმდეგობა რუსული აგრესიის მიმართ, უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების და ევროპული სულის ნამდვილი ტრიუმფი“.

„კიევში დროდადრო ისვრიან: ადამიანები, რომლებსაც იარაღი დაურიგეს, ანგარიშს უსწორებენ თავიანთ ძველ მოქიშპეებს; „პატრიოტთა“ რაზმები ძარცვავენ მაღაზიებსა და საიუველირო მაღაზიებს; ქალაქი ჯაშუშური მანიით არის მოცული. ყველა დასდევს „რუს დივერსანტებს“, რომლებიც ხან მეეზოვეები, ხან ქუჩის მხატვარი მოზარდები და ხანაც უბრალო გამვლელები აღმოჩნდებიან. ხშირ შემთხვევაში „დივერსანტებს“ პირდაპირ ქუჩაში უსწორებენ ანგარიშს“.

„დანიელი, ხელოვანი ადამიანი, შეძრწუნებულია ნანახით - არსად ჩანან „რუსული ორკების ურდოები”, რომელთა შესახებაც გამუდმებით მაუწყებლობს ადგილობრივი პროპაგანდა, კიევში კი უკვე სუფევს სისხლიანი ქაოსი და დაბნეულობა. ერთ-ერთ საგუშაგოზე დანიელსა და ბრიჯიტს აკავებენ და ფაქტობრივად ძარცვავენ, ართმევენ ფულს, ლეპტოპს, ქურთუკს. აღშფოთებული ბრიჯიტი იწყებს მომხდარის ტელეფონზე გადაღებას. უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები ბრიჯიტს და დანიელს ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, ართმევენ ტელეფონებს, საბუთებს და სარდაფში ყრიან“.

კადრი ფილმიდან

მთელი ფილმის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები, უკრაინის ხელისუფლება და, ცალკე, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვა, გულმოდგინედ არიან წარმოჩენილი სასტიკ ბოროტმოქმედებად. სამაგიეროდ ფილმში ფაქტობრივად არ ჩანს რუსეთის ჯარი. კიევიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროსაც კი ნაჩვენებია უკრაინელთა სისასტიკე და კორუფცია.

„დანიელი ხედავს სასიკვდილოდ გადათელილ ადამიანებს, დაკარგულ ბავშვებს, განადგურებულ ვაგონებს“. ამასთან, არსად არ ჩანან „რუსი ოკუპანტები“, ხალხის მთავარ მტრად გამოყვანილია უკრაინული პროპაგანდა და პანიკა.

უკრაინელების მიერ მატარებლიდან ჩამოგდებული გმირი ვიოლინოთი დახეტიალობს სადღაც მინდორში, სანამ არ აღმოჩნდება კიევის რეგიონის პატარა ქალაქ (გამოგონილ) სემიდვერში. აქ, ტერიტორიული თავდაცვის შტაბში, „დანიელი ხედავს უცხოელ ინსტრუქტორებს, ხედავს ნაცისტურ სიმბოლოებს და ნაცისტების „დაჟინებული" თხოვნის შემდეგ, უკრავს უკრაინის ეროვნულ ჰიმნს."

შემდეგ, ფილმის გმირი სემიდვერის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად იტანჯება უკრაინელი "ნაცისტების" სიმხეცითა და აღვირახსნილობით; ხვდება იანას (გერმანული ენის მასწავლებელს) და მის პატარა ვაჟს, მიშას და ბოლოს - კვლავ სხვა მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ხვდება რკინიგზის სადგურზე, მორიგ ევაკუაციაში (ამ დროისთვის ბრიჯიტი უკვე გაუპატიურებული და მოკლულია ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლების მიერ). ქალაქისკენ რუსული ტანკები მიიწევენ, ამიტომ ყველა მაცხოვრებელს ნაბრძანები აქვს დატოვოს ქალაქი. აქაც, ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაურის ბრძანებით, დანიელი ექსპრომტად ატარებს კონცერტს შეშინებული მოქალაქეებისთვის.

„კომპოზიციებს შორის დანიელი ყურადღებას ამახვილებს წარმოუდგენელ სიჩუმეზე, რომელიც სუფევს სემიდვერში. და ამ სიჩუმეში მისი აბსოლუტური სმენა არჩევს შორეულ შრიალს, რომელიც ზუზუნში გადადის - ესაა რაკეტა „ტოჩკა-უ“, რომელიც, ხმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სწორედაც რომ სემიდვერისკენ მიფრინავს“.

კრამატორსკის სადგური დაბომბვის შემდეგ. 2022 წლის 8 აპრილი

ივან ფილიპოვის თქმით, ფილმის ეს ეპიზოდი სრულად იმეორებს ტრაგედიას, რომელიც მოხდა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, სადაც 2022 წლის აპრილს რაკეტა დაეცა საევაკუაციო მატარებლის მოლოდინში მყოფ ხალხს. მაშინ სულ მცირე 58 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW) SITU-ს კვლევით ჯგუფთან ერთად ჩაატარა ომის ამ ეპიზოდის საფუძვლიანი გამოძიება, რომელიც გაგრძელდა 10 თვე და რომელმაც მოიცვა „ადგილზე არსებული მატერიალური მტკიცებულებების საფუძვლიანი ანალიზი და ინტერვიუები როგორც გადარჩენილებთან, ასევე დაღუპულთა ოჯახებისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფების წევრებთან; ასევე გაკეთდა ვიდეო და სატელიტური სურათების ანალიზი“. HRW-მ და SITU-მ დაასკვნეს, რომ კრამატორსკში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა „რუსულმა ჯარმა განახორციელა კასეტური ქობინით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით“.

„მოწმის“ სცენარში, რა თქმა უნდა, ამ ტრაგედიის ამბავი სხვაგვარადაა წარმოდგენილი.

ბელგიელი მუსიკოსი ერთადერთია, ვინც გადაურჩა საშინელ აფეთქებას. „დანიელს რუსული დაზვერვა ღამით იპოვის. „სპეცნაზის“ ერთ-ერთი ოფიცერი დაჭრილ, ჭუჭყიან, ნახევრად შეშლილ მამაკაცში ამოიცნობს ცნობილ მუსიკოს დანიელ კოენს: „სპეცნაზელის“ ცოლი კლასიკური მუსიკის დიდი თაყვანისმცემელია და ის მოსკოვში მის კონცერტზე იმყოფებოდა. დანიელს ეხმარებიან, ახდენენ მის ევაკუირებას ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი ბრიუსელში.

ფილმი მთავრდება სცენით, რომელშიც მუსიკოსმა ჟურნალისტებს უნდა მოუთხროს ნანახის შესახებ:

„დარბაზი სავსეა სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებით, ბევრი კამერით. წამყვანი იუწყება, რომ ცნობილი მუსიკოსი დანიელ კოენი სასწაულებრივად გადაურჩა რუსების მიერ მოწყობილ ჯოჯოხეთს ქალაქ სემიდვერში, ახლა კი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ხოცავენ რუსები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას. დანიელი სათამაშო დათუნიას დებს მიკროფონთან და ყრუსათვის დამახასიათებელი მაღალი ხმით წარმოთქვამს: „დიახ, ახლა მე მოვყვები. მოვყვები სიმართლეს. მე დავკარგე სმენა, მაგრამ - არა სინდისი“.

კადრი ფილმიდან

„დანიელს საზეიმოდ მიესალმებიან ევროკავშირის კულტურის სამინისტროში, მედიამ ის უკვე აქცია გმირად. დანიელი თვალს მოჰკრავს Euronews-ის საინფორმაციო გამოშვებას. დიქტორები საუბრობენ უკრაინის პატარა ქალაქ სემიდვერში მომხდარ ტრაგედიაზე. ქალაქის სახელწოდება „უცნაური დამთხვევით“ ჩამოჰგავს ინგლისურ სიტყვას cemetery-ს, ანუ „სასაფლაოს“, ისევე როგორც ქალაქი ბუჩა - butcher-ს (ყასაბს, ჯალათს), კრამატორსკი კი crematory-ს ანუ „კრემატორიუმს“, - ასე ასოციაციებზე მუშაობს დასავლური პროპაგანდა“.

„შესაბამისად კითხვა, მაინც რომელი „სიმართლის“ თქმას აპირებს დადუნაშვილის ფილმი, უადგილოა, - ამბობს ივან ფილიპოვი, - სწორედ მოვლენების ამ ვერსიას ავრცელებს ყველა რუსული პროპაგანდისტული არხი თითქმის 1,5 წელი ცენტრალური ტელევიზიიდან დაწყებული Russia Today-თა და Z-ტელეგრამ-არხებით დასრულებული“.

რა ბედი ელის ფილმს გაქირავებაში?

რუსი კინოკრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი რუსული კინოგაქირავება რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრისა და პუტინის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის, ვლადიმირ მედინსკის ოცნების ერთგვარი ასრულებაა: არანაირი ჰოლივუდის ფილმები, შესაბამისად არავითარი კონკურენცია. და, რაც მთავარია, მაყურებელი, რომელსაც ძალიან უნდა ნახოს რაღაც ახალი, მათ შორის ისეთი ფილმები, რომლებსაც ადრე ყურადღებასაც კი არ მიაქცევდა. ამ გარემოებებმა თითქოსდა უნდა უზრუნველყონ „მოწმის“ წარმატება, მაგრამ, მეორეს მხრივ, როგორც ივან ფილიპოვი ამბობს, მაყურებელს არ სურს ომის შესახებ ფილმების ყურება:

„ჩებურაშკას შესახებ - დიახ, მშვიდობიანი ცხოვრების შესახებ, რომელიც ძალიან ჰგავს ადრინდელ ყოფას, - კი, ზღაპრული სამყაროების ან შორეული პლანეტების შესახებ - ეჭვგარეშე, მაგრამ არა „კიევის რეჟიმის დანაშაულებზე", რომელთა შესახებაც მას ყოველდღე ესმის ყველა უთოდან და მაცივრიდან...“

ასევე ნახეთ როგორ ებღაუჭება რუსული კინო „ჩებურაშკას“ ყურებს

შემთხვევითი არ არის, რომ „მოწმის“ პოპულარიზაციას შეუერთდნენ ომის მომხრე Z-არხები და ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ გზით დაკავშირებული არიან რუსეთის მთავრობის კულტურის პოლიტიკასთან: „მორდორის ხმა“, ალექსანდრა ფრანკი, პეტრ ლუნდსტრემი, Real Cultras Z, მარინა იუდენიჩი, „Karaulny Z ", „მედიაკინეზი“ "ზაკულისკა“, Fuck You Thats Why, რომან ნოსიკოვი, "კულტურის ფრონტი Z" და სხვ. ომის მხარდამჭერებისთვის „Свидетель“-ის წარმატება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ეს ფაქტი გამოიყენონ ომის მხარდაჭერის მტკიცებულებად, თუმცა საკითხავია, სამხედრო პროპაგანდით გადაღლილ მაყურებელს მოუნდება თუ არა პროპაგანდის ყურება კინოში და ამისათვის თან ფულის გადახდა?

ვინ იღებს პროპაგანდისტულ ფილმებს რუსეთში?

2023 წელს მთლიანმა თანხამ, რომელიც რუსეთის მთავრობამ გამოყო ომის მხარდამჭერი ფილმებისა და სატელევიზიო შოუების მხარდასაჭერად, 30 მილიარდ რუბლზე მეტი (დაახლოებით 320 მლნ დოლარი) შეადგინა. რუსეთის უახლეს ისტორიაში ამდენი თანხა არასოდეს გამოყოფილა. რუსეთის მთავრობას ძალიან სჭირდება ომისა და „პატრიოტიზმის“ განმადიდებელი ფილმები, თუმცა მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ომზე სააგიტაციო ფილმების გადამღები რეჟისორების რაოდენობა ძალიან მცირეა. ამას მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკა: 2022 წელს რუსეთის კინოგაქირავებაში 208 რუსული ფილმი გამოვიდა: 18 ანიმაციური, 17 დოკუმენტური და 173 მხატვრული ფილმი. აქედან დონბასის და ომის შესახებ მხოლოდ 13.

რუსეთის კინოინდუსტრიამ ძირითადად არ დაუჭირა მხარი ომს. ნაწილი წავიდა, ნაწილმა შეაჩერა ფილმების გადაღება ან სულაც ხელისუფლების შავ სიაში აღმოჩნდა. ყველაზე მეტნი ე.წ. ცენტრისტები აღმოჩნდნენ, რომლებიც იღებენ „უკომპრომისო გასართობ ფილმებს“, რომლებიც მაყურებელს მძიმე რეალობიდან ყურადღებას გადაატანინებს. შედეგად, როგორც რუსი კინომცოდნეები ამბობენ, უახლოეს მომავალში რუს მაყურებელს ელოდება ათობით ოჯახური ან რომანტიკული კომედია, საბჭოთა კლასიკისა და ცნობილი ზღაპრების ეკრანიზაციები, ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრის ფილმები ანუ ყველა იმ ჟანრისა, რომელიც საშუალებას მისცემს რეჟისორს აიღოს სახელმწიფო დაფინანსება, მაგრამ სისხლში არ გაისვაროს ხელი. ამის მაგალითია „ჩებურაშკა“, რომელმაც გაქირავებიდან კოსმოსური შემოსავალი - 6,7 მილიარდი რუბლი მიიღო.

დაკვირვება აჩვენებს, რომ ომთან დაკავშირებული ფილმების გადაღებას მეორეხარისხოვანი რეჟისორები და კინოკომპანიები უფრო ეტანებიან. შეიძლება თუ არა იგივე ითქვას „მოწმესა“ და მისი რეჟისორის შესახებ?

დავით დადუნაშვილის შესახებ საქართველოში თითქმის არაფერია ცნობილი. ქართულ ინტერნეტში მასზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. რეჟისორზე არაფერი სმენიათ კინომცოდნეებსაც. დავით დადუნაშვილი, როგორც რეჟისორი, ფართოდ არც რუსეთშია ცნობილი.

„სხვათა შორის, საინტერესოა, ვინ არის დავით დადუნაშვილი? რატომ არა, მაგალითად, ნიკიტა მიხალკოვი, ტიგრან კეოსაიანი ან სარიკ ანდრეასიანი? - იკითხეს ერთ-ერთი რუსული კინოსაიტის მომხმარებლებმა, - რა აქვს გადაღებული, რომ ანდვეს პირდაპირ ეროვნული პროექტი?“

აღმოჩნდა, რომ დავით დადუნაშვილს გადაღებული აქვს სერიალი „რესტორანი გაგებით" და რომ ის ასევე არის სარიკ ანდრეასიანის 15 ფილმის დამდგმელი მხატვარი.