დავით გარეჯის დილემა

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ რამდენიმე დღით ჩაკეტვის შემდეგ, დღეს უკვე გახსნილია და იქ მსურველებს მისვლა თავისუფლად შეუძლიათ.

თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზერბაიჯანის მხარემ, შესაძლოა, 5 მაისის შემდეგ საქართველო მოქალაქეებს ისევ აუკრძალოს გადაადგილება უდაბნოს მონასტრის მიმართულებით.

ეს გზა უდაბნოსკენ 2012 წლის მაისშიც ჩაიკეტა - მაშინ მთელი ორი კვირით.

დავით გარეჯის კომპლექსთან და ზოგადად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამ მონაკვეთთან დაკავშირებული პრობლემა უკვე წლებია დროდადრო მწვავდება ხოლმე, ხელისუფლებების მოლაპარაკებების შემდეგ კი მხოლოდ დროებით გვარდება.

სახელმწიფო საზღვრის კონკრეტული მონაკვეთის ბედი დღემდე გაურკვეველია. უცვლელია მთავარი კითხვაც: რა უშლის ხელს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დასრულებას?

რა შეიძლება იყოს გამოსავალი ჩიხიდან?

ხელისუფლების ბოლო განცხადება დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე 25 აპრილს გაკეთდა: საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება ამ ეტაპზე მოგვარებულია.

მან თქვა, რომ მომავალში მხარეები აქტიურად იმუშავებენ, რათა მოგვარდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული პრობლემა. ზალკალიანმა ისიც თქვა, რომ პროცესი შეფერხებული იყო „კომისიებში არსებული ცვლილებების გამო“ და რომ „აზერბაიჯანის მხრიდან კომისიაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა“.

ორ სახელმწიფოს შორის რომ საზღვრის საკითხი მოსაგვარებელია, ამაზე საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევიც შეთანხმდნენ თებერვალში, ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს.

ითქვა, რომ „განახლდება საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობა, რათა საქმე ბოლომდე მივიდეს“.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი ბაქოში: რა ითქვა და არ ითქვა ილჰამ ალიევთან

თუმცა ამ შეხვედრიდან დაახლოებით ორ თვეში, პრობლემა ისევ გამოიკვეთა.

რა შეიძლება სურდეს აზერბაიჯანს?

ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი ვერ თმობს უდაბნოს მთას, რომელზეც ამავე დასახელების მონასტერი მდებარეობს, ისტორიკოსის აზრით, ეს მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლეა, რომლის დათმობაც არ სურთ.

ლადო მირიანაშვილი სწორედ ამ ფაქტორს მიიჩნევს მთელი პროცესის მთავარ ფაქტორად და აცხადებს, რომ სანამ საზღვრის დემარკაციის პროცესი არ დასრულდება და ორი ქვეყანა სახელმწიფო საზღვარზე საბოლოოდ არ შეთანხმდება, მსგავსი ინციდენტები, რაც წინასააღდგომოდ მოხდა, ისევ განმეორდება.

Your browser doesn’t support HTML5

ლადო მირიანაშვილი, ისტორიკოსი საუბრობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ პრობლემებზე

ისტორიკოსის თქმით, ამ პრობლემის გადაჭრა საქართველომ ადრეც რამდენჯერმე სცადა და აზერბაიჯანს გამოსავლად ე.წ. „ტერიტორიის გაცვლა“ შესთავაზა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია.

„საქართველომ, აზერბაიჯანს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას შესთავაზა ტერიტორიის გაცვლა ბერთუბნის მონასტერთან მიმართებით. თუმცა, მაშინ შეთანხმება ვერ შედგა. შემდეგი მცდელობა იყო უკვე უდაბნოს მონასტერთან დაკავშირებით, ოღონდ, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის დროს. ისევ ამაოდ. აზერბაიჯანი კატეგორიულ უარზეა“, - გვითხრა ლადო მირიანაშვილმა.

მირიანაშვილის აზრით, კომისიების შემადგენლობის შეცვლა ამ პროცესზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, იმიტომ, რომ მისი სიტყვებით, ეს არის მკაფიოდ პოლიტიკური საკითხი , რომელიც პოლიტიკურ დონეზე უნდა გადაწყდეს. ტერიტორიების გაცვლა, მისი აზრით, ჩიხიდან გამოსვლის მხოლოდ ერთ-ერთი გზაა:

„თუ არ მოსწონს აზერბაიჯანს ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, მაშინ, ეგებ მან გვითხრას თავისი ვარიანტი, შემოგვთავაზოს არა ტერიტორიის გაცვლა, არამედ რაღაც სხვა. ჩემი აზრით, მთელი სირთულეც ეს არის, რომ აზერბაიჯანის მხარე ჯერჯერობით ამ გაუგებრობის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯს არ დგამს. მაშინ, რაღაც უნდა შევთავაზოთ ისეთი, რაც აზერბაიჯანს ძალიან სჭირდება და ეს იმის სანაცვლოდ, რომ სადაო ტერიტორიაზე პრეტენზია აღარ ჰქონდეს“, - ამბობს ლადო მირიანაშვილი.

მისი თქმით, ქართული მხარე უნდა ეცადოს, რომ უდაბნოს და ჩიჩხიტურის (ეს უკანასკნელი, შეუთანხმებელი საზღვრების მიხედვით, აზერბაიჯანებელებს თავიანთი ტერიტორიის კუთვნილებად მიაჩნიათ) მონასტრები არ მოწყდნენ იმ ერთიან, 24 მონასტრიან კომპლექსს, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მდებარეობს მდინარე მტკვარსა და მდინარე იორს შორის.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული. და სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში.

საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობდა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.

წარსულის გა(და)მეორება

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა ამ 7 წლის წინაც გადაიკეტა. 2012 წლის მაისში.

ასევე ნახეთ დავით გარეჯის სადავო ტერიტორიაზე მიმოსვლა აღდგა

მაშინაც მღვდელ-მონაზონი კირიონი აცხადებდა, რომ 6 მაისის შემდეგ ტურისტებს უდაბნოს მონასტერში აღარ უშვებდნენ და რომ არსებობდა საფრთხე, ამ მონასტრის აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში გადასვლისა.

ასევე ნახეთ სიწმინდე ორი ქვეყნის სადავო საზღვარზე

რადიო თავისუფლებამ მაშინაც გაიხსენა 1921 წლის, ამიერკავკასიის ფედერაციის კავბიუროს ხელმძღვანელის სერგო ორჯონიკის გადაწყვეტილება, რომლის შედეგად, როგორც ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე აცხადებდა რადიოსთან ინტერვიუში:

„არაიაზის ველი და, მათ შორის, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა მონასტრის თხემზე ისე, რომ სამონასტრო კომლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა: ბერები, ტურისტები და მომლოცველები ვერ გრძნობდნენ მესაზღვრეების არსებობას“...

ასევე ნახეთ „დავით გარეჯი“ - გვეკუთვნის, მაგრამ არ გვეკუთვნის

„პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს“

ეს სიტყვები კი საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელს გიორგი ანდრიაძეს ეკუთვნის, რომელმაც ამ თემას 30 აპრილს საგანგებო პრესკონფერენციაც მიუძღვნა და თქვა, რომ აზერბაიჯანს ამ ტერიტორიაზე მდებარე ძეგლები "ალბანური კულტურის კუთვნილებად მიაჩნია და თავს მათ სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს".

ანდრიაძის აზრით, გამოსავალი შეიძლება იყოს ერთობლივი კომისიის შექმნა, რომელშიც შევლენ როგორც აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ეკლესიისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები.

„ჩვენმა საზოგადოებამ უბრალოდ არ იცის, რატომ კეტავს აზერბაიჯანის მხარე დროდადრო საზღვარს. აზერბაიჯანის მხარეს პრეტენზია აქვს ამ ტერიტორიაზე. მათ წიგნებშიც უწერიათ, რომ ჰერეთი ალბანეთის ნაწილია“, - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ 30 აპრილს, მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე სიტყვებით, დავით გარეჯის მონასტერი ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, თუმცა ვითარების სირთულიდან გამომდინარე, კონფლიქტის ტვირთს მხოლოდ ეკლესია ვერ ატარებს - ხელისუფლება ვალდებულია აზერბაიჯანის მხარესთან აქტიური მოლაპარაკება დაიწყოს.

მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსიმა, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს უთხრა, რომ აღდგომის მომდევნო კვირაში ის გეგმავს ამ საკითხზე შეხვდეს ილია მეორეს:

"უწმინდესს დაველაპარაკები. იმიტომ, რომ ჩვენ არვის მივცემთ გარეჯას დათმობის უფლებას. ეს არ არის შიდა პოლიტიკური საკითხი, რაშიც არ ვერევით", - განაცხადა ქორესპისკოპოსმა იაკობმა.

„იცით, ეს პრობლემა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს რამხელა ზიანს გვაყენებს?“

დავით გარეჯის საკითხს 30 აპრილს გამოეხმაურა „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ალი ბაბაევიც. ის არ გამორიცხავს, რომ დავით გარეჯის საკითხის გამწვავება, შესაძლოა, გარკვეულ გარე ძალებსაც აწყობდეს, მესამე ქვეყანას - როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობები გაფუჭდეს.

„დღეს ქარელის რაიონიდან დამირეკეს, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და ადგილობრივებთან ჰქონიათ დაპირისპირება, ეუბნებიან თურმე გარეჯს გვართმევთო? არასწორი ინფორმაციის გამო ხდება ეს. ამას, შესაძლოა, დაპირისპირება მოჰყვეს და ეთნიკური შუღლი მეტად გაღვივდეს“.

ბაბაევის კითხვებს შორის ის მთავარი კითხვაცაა, რაც საქართველოში ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა ადამიანს აწუხებს - რატომ ვერ მიდიან მხარეები კონსენსუსამდე?

„მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს, გვითხრან, რატომ ჩაიკეტა საზღვარი და ვინ დგას ამ კონფლიქტის თუ გაუგებრობის უკან. ამ კითხვაზე პასუხი უნდა მივიღოთ, მაგრამ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას. არავის დავით გარეჯი არ დაუპყრია, როგორც ეს მედიით გავრცელდა. ჩემი აზრით, პოლიტიკოსების მხრიდანაც სირცხვილია მოწოდებები, პროტესტი გამოუცხადონ მაგალითად, „სოკარს“. მაშინ, ბარემ არც ცხვარი იყიდონ და არც მწვანილი აზერბაიჯანელებისგან. არ შეიძლება ასეთი განცხადების კეთება!“, - განაცხადა ალი ბაბაევმა.

დავით გარეჯი - საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ევროპულ ძეგლს შორის

სანამ საზღვრის თაობაზე შეთანხმება ისევ არ არსებობს, სამონასტრო კომპლექსსა და მასში შემავალი მონასტრების მდგომარეობაზე ღელავენ ისტორიკოსები თუ ხელოვნებათმცოდნეები.

2018 წელს დავით გარეჯის კომპლექსი კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პან-ევროპული გაერთიანების „ევროპა-ნოსტრას“ მიერ შეყვანილია ევროპული კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ნუსხაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძეგლზე განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა დვალიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება ის ამბავი, რომ ძეგლის ერთი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. და რომ ქართველი სპეციალისტებისიათვის უცნობია, მაგალითად, როგორია დღეს ბერთუბნის კომპლექსის მდგომარეობა.

„ეს არის ერთმნიშვნელოვნად ქრისტიანული, შუასაუკუნეობრივი მემკვიდრეობა, რისი გახლეჩაც არალოგიკურია. მაგალითად, უდაბნოს გამოქვაბულებში არის უნიკალური ფრესკები, ვიცით, რომ იქ კლდეების ნაწილია ჩამონგრეულია და მიხედვა სჭირდება. ბერთუბანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანებული ძეგლია, სადაც თამარის და ლაშა-გირგის პორტრეტებია შემორჩენილი. ამიტომ გვინდა მოგვეცეს ქართველ სპეციალისტებს მისი შესწავლის და იქ გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების საშუალება“, - უთრა მაკა დვალიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ლადო მირიანაშვილიც შენიშნავს, რომ ცალკე ბუნებრივი მიზეზებით და და ცალკე ანთროპოლიგიური გავლენის გამო, დავით გარეჯის კომპლექსში არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა:

„მონასტრები, როგორც ცნობილია, კლდეშია ნაკვეთი. კლდე კი აგებულია საკმაოდ რბილი ქვიშაქვებით, რომელიც ბუნებრივად იშლება, გამოქვაბულებიც დროდადრო ჩამოიქცევა ხოლმე, ამას ემატება ტურისტების თავისუფალი მიმოსვლაც, ხან კედლებზე წარწერებს ტოვებენ, ხან ფრესკები ზიანდება... მოკლედ, ვითარება არის ძალიან მძიმე. განსაკუთრებით, ბერთუბნის მონასტრის მაგალითზე შემიძლია ამის თქმა, სადაც ქართველი სპეციალისტები წლებია არ მისულან“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც გვითხრეს, რომ დღეს ყველაზე კრიტიკული საკითხია საბერეების კომპლექსის რეაბილიტაცია.

სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბექა ბარამიძემაც დაგვიდასტურა, კლდის მასივის დაშლის პროცესი ახლაც გრძელდება. საბერეები კი, როგორც ცნობილია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია.

ბექა ბარამიძის თქმით, მას შემდეგ რაც კომპლექსი მოხვდა ევროპული კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ნუსხაში, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ჩატარდეს მასშტაბური კვლევა, რის შემდეგაც უკვე დაიწყება სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თუმცა, ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება დიდი ფინანსები და რაც მთავარია დრო. კვლევა, როგორც სააგენტოში ამბობენ, დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. შემდეგ მზადდება საპროექტო დოკუმეტაცია, ცხადდება კონკურსი, და ბოლო ეტაპი არის რამდენიმეწლიანი სარეაბილიტაციო პროცესი.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ამჟამად 20-ზე მეტი ისტორიული ძეგლისგან შედგება. მათ შორისაა საბერეები, თეთრი უდაბნო, ნათლისმცემელი, წინწყარო, ჩიჩხიტური, ქოლაგირი, თეთრისენაკები, დოდოს რქა, დიდი ქვაბები, უდაბნო, დავითის ლავრა, მრავალწყარო, პირუკუღმარი, შავი სენაკები, ბერთა მთა, განსაშორი, ბერების სერი, სატორგე, კოწახურა, ბერთუბანი, მღვიმე, პატარა ქვაბები, ვერან-გარეჯა.