დავით გარეჯი: ახალი მოლოდინი აზერბაიჯანელი მინისტრის თბილისში სტუმრობის ფონზე

24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჩინა მოლოდინი, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს. თუმცა ჯერჯერობით გაუგებარია - რა მიმართულებით.

აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა თქვა, რომ მოძიებულია "დამატებითი მასალები, კარტოგრაფიული და ასევე ახალი დოკუმენტები", რომელთა საფუძველზეც შესაძლოა გადაიხედოს 2006-2007 წლებში გაფორმებული შეთანხმება. ისტორიკოსები ვერც მსგავს შეთანხმებას იხსენებენ და არც საქართველოსთვის უფრო სასარგებლო ახალი რუკები ეგულებათ.

რას ამბობენ აზერბაიჯანელი და ქართველი მინისტრები დავით გარეჯთან დაკავშირებით? რა მდგომარეობაა ამჟამად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე?

წარმოდგენა არ მაქვს, რაზე შეიძლება ლაპარაკობდეს მინისტრი, არასოდეს მსმენია 2006-2007 წლის შეთანხმებაზე - ეუბნება რადიო თავისუფლებას ისტორიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი ლადო მირიანაშვილი. ის აქტიურად მუშაობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ საკითხებზე და პროცესებსაც ძირეულად აანალიზებს.

24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 2006-2007 წლებში გაფორმებული შეთანხმების "გადახედვის აუცილებლობა" აზერბაიჯანული მხარისთვის ახალი რუკის (ან რუკების) და სხვა დოკუმენტების გადაცემის კონტექსტში ახსენა.

კერძოდ, მან თქვა:

  • „ჩვენი მხრიდან ასევე მოძიებულია ახალი დამატებითი მასალები, კარტოგრაფიული და ასევე ახალი დოკუმენტები, სხვადასხვა ექსპერტული დასკვნა“;
  • "აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდე ჩვენს მიერ მოპოვებული ეს ახალი გარემოებები და ახალი მასალები";
  • "ახალმა გარემოებებმა შესაძლოა გარკვეულწილად წარმოშვას პროცესის ახლებურად წარმართვის საჭიროება. მათ შორის - არ გამოვრიცხავ, რომ იგივე 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“;
  • "ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მასალებზე, ახალ გარემოებებზე დაყრდნობით და მთელ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება პროგრესი კომისიის ფარგლებში".

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით გარეჯზე

დავით ზალკალიანს დეტალები არ დაუკონკრეტებია და არც ის უთქვამს, რომელი წლებით არის დათარიღებული მოპოვებული მასალები.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს ერთადერთი, 1996 წლით დათარიღებული შეთანხმება, რომელიც სადელიმიტაციო ორმხრივი კომისიის შეხვედრაზე იქნა მიღწეული. ამ შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა 1938 წლის რუკა ცნეს მოლაპარაკებების ძირითად საფუძვლად“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლადო მირიანაშვილი.

მისი თქმით, 1938 წლით დათარიღებულ რუკაზე უფრო სასარგებლო სხვა რუკა ან რუკები მას ამ დრომდე უბრალოდ არსად ეგულება:

  • „ცხადია, ორმხრივ კომისიას სხვა რუკებიც აქვს, მაგრამ მათგან არცერთი არ არის ჩვენთვის, საქართველოსთვის უფრო სასარგებლო“;
  • „სწორედ აზერბაიჯანული მხარე ითხოვს ხოლმე, როგორც წესი, რომ საზღვრის შეთანხმების პროცესი არა 1938 წლის, არამედ უფრო გვიანი პერიოდის, 40-იან და 50-იან წლებში შედგენილი რუკების მიხედვით წარიმართოს“.

ასევე ნახეთ დავით გარეჯი: ცეცხლზე ნავთი და ხელისუფლების ბუნდოვანი გეზი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული სიტუაცია 2019 წლის აპრილიდან დაიძაბა - მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და საზღვრისპირა ტერიტორიაზე მშენებლობაც მალევე დაიწყეს.

დაძაბულობას ამწვავებდა სხვადასხვა სახის აქციები, რომლებიც ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმართებოდა. პროტესტს აქტიურად გამოხატავდნენ სასულიერო პირებიც. გამწვავდა დაპირისპირება სოციალურ ქსელებშიც - მხარეები ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და ეს ტალღა, გარკვეული პერიოდულობით, დღემდე იჩენს თავს.

ასევე ნახეთ დავით გარეჯი: ჯერ მხოლოდ სამღვდელოებისთვის

ამჟამად ისევ ჩაკეტილია გზა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ. არ გამართლდა 2019 წლის ოქტომბერში პრემიერ გიორგი გახარიას მიერ ბაქოდან ჩამოტანილი დაპირება, რომ გზა სასულიერო პირებისთვის გაიხსნებოდა.

როგორც გარეჯის ლავრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა კირიონმა 24 სექტემბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებამდე ისინი ჯერ ისევ ვერ მიდიან - „როგორი მდგომარეობაც იყო ერთი წლის წინ, არაფერი შეცვლილა“.

Your browser doesn’t support HTML5

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით გარეჯის შესახებ

სტატუს კვოს აღდგენისა და გზის გახსნის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს ჯეიჰუნ ბაირამოვს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 24 სექტემბერს ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბაირამოვმა თქვა, რომ საკითხის გამწვავება დაუშვებელია, რადგან ეს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებს აზიანებს და მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. აზერბაიჯანელი მინისტრი გამოხატავს იმედს, რომ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთთან დაკავშირებული საკითხი ახლო მომავალში გადაიჭრება.

„ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოებას ვურჩევ, რომ ყურადღებით მიუდგნენ ამ მნიშვნელოვან, მგრძნობიარე საკითხს და თავიანთ განცხადებებში იყვნენ მოზომილი, რათა ამან არ დააზიანოს ჩვენი ურთიერთობები...

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობს ისეთი საკითხი, რომელიც არ შეიძლება იყო განხილული და მოგვარებული. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება“ - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

ასევე ნახეთ დავით გარეჯი: ვინ ცდილობს აზერბაიჯანელებისა და ქართველების გადამტერებას?

2006-2007 წლების შეთანხმების შესახებ ინფორმაციას არც ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე ფლობს და არც კონკრეტული რუკა ეგულება. თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ერთ შემთხვევას იხსენებს.

„შარშან ერთმა ჩემმა კოლეგამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ნახა რაღაც ახალი რუკა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიყავი ინფორმაციის გამტარი და ეს ინფორმაცია მივაწოდე კომპეტენტურ პირებს, რომლებიც შემდეგ უკვე დაუკავშირდნენ ამ ჩემს კოლეგას... არ ვიცი როდინდელი და რა სახის რუკა იყო ეს“ - გვეუბნება ბახტაძე.

მან არ იცის, რა ბედი ეწია ამის შემდეგ კოლეგის ხელთ არსებულ რუკას და შესაძლოა თუ არა, რომ მინისტრი ზალკალიანი ახლა სწორედ ამ რუკაზე ლაპარაკობდეს.