დავით აღმაშენებელთან დაკავშირებული და სხვა ხელნაწერები

საქართველოს ყველაზე ძლევამოსილი მეფის, დავით აღმაშენებლის გამეფებიდან 930 წლის აღსანიშნავად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა იხსნება, რომლისთვისაც საცავებიდან გამოაქვთ ფონდში არსებული ის ხელნაწერები, რომელიც მეფესთან არის დაკავშირებული.

"ეს გამოფენა არის გამოფენა, რომელიც უნდა ნახო. ეს არის მათთვის, ვისაც სამშობლო უყვარს მითების დონეზე - არადა, კარგია, რომ უყვარდეს რეალური სამშობლო; ეს არის მათთვისაც, ვისაც არ უყვარს სამშობლო, თუმცა მეეჭვება რომ არ უყვარდეს, უბრალოდ, არ იცნობს და შეუძლია მოვიდეს და გაიცნოს; და ეს მათთვისაცაა, ვისაც უყვარს სიძველე, ხელოვნება, ფერები და ტექსტები", - გვითხრა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მისულებს ნესტან ბაგაურმა, ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელმა.

დავითნი

გამოფენის ფარგლებში, საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, იხილოს უნიკალური ხელნაწერები: გელათის ოქრომელნით მოხატული ოთხთავი, რომელიც თითქმის არასოდეს ტოვებს ხელნაწერთა საცავს, უშუალოდ დავითთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ხელნაწერები - „გალობანი სინანულისანი“, „რუის-ურბნისის ძეგლიწერა“, ასევე "ქართლის ცხოვრების" ორი, მარიამისეული და ანა დედოფლისეული ხელნაწერი და მეთხუთმეტე საუკუნის ის სიგელი, სადაც დავით IV პირველად იხსენიება, როგორც აღმაშენებელი.

დავით აღმაშენებლის ავტოგრაფი


ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ხელნაწერების და მათში დაცული ამბების მიმართ ინტერესის გასაღვიძებლად მნიშვნელოვანია ის საინტერესო ფორმით მიეწოდოს ფართო საზოგადოებას, მათ შორის ბავშვებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს და არ დარჩეს მხოლოდ ვიწრო, პროფესიულ წრეებს შორის მსჯელობის საგნად, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში მიზანმიმართულად ხდებოდა.

Your browser doesn’t support HTML5

დავით აღმაშენებელთან დაკავშირებული და სხვა ხელნაწერები


"ჩვენს ცენტრში არის ათი ათასამდე ხელნაწერი წიგნი, 40 000-მდე ისტორიული საბუთი. ყველა კითხვაზე, რომელიც შეიძლება დღეს გვქონდეს, ხშირად პასუხი ამ ხელნაწერებშია. ეს არის მეცნიერების სათავეები, მინერალოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიული აზროვნების, მაგალითად, დღეს მოდური და მნიშვნელოვანი პრობლემა, გარემოს დაცვა საკმაოდ ხშირად ფიგურირებს მასთან დაკავშირებული თემები ხელნაწერებში. როგორ უვლიდნენ, როგორ რეგულირდებოდა წარსულში ეს საკითხები. ხშირად ვამბობთ, რომ ტოლერანტულნი ვართ და მხოლოდ ის ვიცით, რომ დავითი მეჩეთში ლოცულობდა. არადა, ხელნაწერ მემკვიდრეობაში ბევრად მეტი არგუმენტია. ზოგადად რომ ვთქვათ, ეს ჩვენი აზროვნების კარდიოგრამაა, აზროვნების წესის ისტორია, რაც ქმნის მერე ყველაფერ დანარჩენს: მატერიალურ კულტურას, არქიტექტურას, ნაქარგობას, ჭედურობას, ამ ყველაფრის საფუძველი არის ხელნაწერ მემკვიდრეობაში, რომელიც ჩვენ გვაქვს უწყვეტი. მსოფლიოში ალბათ თითზე ჩამოსათვლელი კულტურა და ერი დაიკვეხნის მსგავსი მემკვიდრეობით.

დღეს, როდესაც პრაგმატულია ახალგაზრდების არჩევანი, ჩნდება საშიშროება, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში გვქონდეს წყვეტა. შესაძლოა აღარ გვყავდეს პროფესიონალი ისტორიკოსები, პროფესიონალი ფილოლოგი, ტექსტოლოგი და ამიტომ საჭიროა სტუდენტთან კომუნიკაცია ახლებური ენით, ახალი აღმოჩენებით საუბარი, რომ მათ სურვილი გაუჩნდეთ შემდგომი პროფესიული ცხოვრება დაუკავშირონ ხელნაწერის კვლევას
", - ამბობს ნესტან ბაგაური.

რუის-ურბნისის ძეგლისწერა

ვანის ოთხთავი

გელათის ოთხთავი

დიდგორის ბრძოლა, "ქართლის ცხოვრება"