დავალიანება გადახდილია. ჯერი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლაზეა

პრესკონფერენცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 26 აგვისტოს გადაიხადა ის დავალიანება, რომლის გამოც ავტორიზაციის საბჭომ, 20 აგვისტოს, სასწავლებელს ერთი წლის ვადით შეუზღუდა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება. შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს 27 აგვისტომდე აძლევს ვადას, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოუხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ, ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული დავალიანება გადაიხადა, არ ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღიარებს:

“ის, რომ ჩვენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ათასი ლარი გადავიხადეთ, იმას არ ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანია. ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო. ჩვენ საბჭოს ყველა ის დოკუმენტაცია წარვუდგინეთ, რომელიც გვქონდა. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენი უნივერსიტეტის აქტივები ამ თანხაზე მეტია და მომავალში თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ იქნება. სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დღეს რომ გადავხედეთ იმ სტუდენტების რაოდენობას, რომელთაც ჩვენი უნივერსიტეტი ჩამონათვალში პირველი ადგილიდან ჯერ კიდევ არ შეუცვლიათ, ვიფიქრეთ, რომ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს სტუდენტები არ დაზარალდნენ. ეს თანხა ჩვენ უკვე გადავიხადეთ და ცენტრს მივმართავთ, რომ გადაწყვეტილებას გადახედონ”, - განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

ვიცით, რომ თქვენი მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტი ახალგაზრდებისათვის განათლების ხელშეწყობაა და სწორედ, ცენტრის ამ გადაწყვეტილებით განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება ირღვევა იმ 800-ზე მეტი აბიტურიენტისთვის, რომელთა არჩევანის თავისუფლებაც შეიზღუდა!..
შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტთა განცხადება

ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის, დავით აფრასიძის განმარტებით, საბჭოს 27 აგვისტოს სამუშაო დღის წესრიგი უკვე შედგენილია და მასში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხზე მსჯელობა არ შედის. მისი თქმით, საკითხების განხილვის დღის წესრიგს ავტორიზაციის საბჭო არ ადგენს, არამედ მათ აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა მიმართოს.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შავი ზღვის უნივერსიტეტების სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა. წერილის შინაარსი მათ 26 აგვისტოს, კანცელარიის წინ წაიკითხეს. სტუდენტთა განცხადებით, მათ სურთ ცენტრის უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დეტალები პირადად გააცნონ პრემიერს: „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგმართავთ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელს: გთხოვთ, გაითვალისწინოთ ახალგაზრდების თხოვნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების გაბათილებასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე გავმართეთ ორი მშვიდობიანი აქცია განათების სამინისტროს წინ, შევხვდით განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრს - თუმცა, ჩვენმა სამართლიანმა მოთხოვნამ შედეგი არ გამოიღო. ვიცით, რომ თქვენი მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტი ახალგაზრდებისათვის განათლების ხელშეწყობაა და სწორედ, ცენტრის ამ გადაწყვეტილებით განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება ირღვევა იმ 800-ზე მეტი აბიტურიენტისთვის, რომელთა არჩევანის თავისუფლებაც შეიზღუდა! ამიტომ, ვფიქრობთ, აუცილებელია, პირადად ჩაუდგეთ სათავეში აღნიშნულ პროცესს“, - ნათქვამია შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტთა განცხადებაში.

22 აგვისტოს შავი ზღვის უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე სასწავლებლის ინტერესების დამცველმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ავტორიზაციის საბჭოს უსამართლო გადაწყვეტილება უკავშირდება ბიზნესინტერესებსა და უნივერსიტეტის ჩალის ფასად ხელში ჩაგდებას.

გარდა ამისა, სტუდენტთა და საზოგადოების ნაწილი, შავი ზღვის უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკურ სარჩულსაც ხედავს. საქმე ისაა, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი ამერიკაში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირ ფეტულა გიულენთან დაკავშირებული ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის სასწავლებლებს შორის ერთ-ერთია. ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, დემირელის სახელობის სკოლასა და რამდენიმე საშუალო სკოლა-ლიცეუმს მოიცავს. დემირელის სკოლას ავტორიზაცია ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის აგვისტოში, შეუჩერეს. მაშინ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაციის შეჩერების მიზეზად ორგანიზაციის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევები დაასახელა, თუმცა სკოლის დახურვის ფაქტმა მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობდა, რომ უბრალო დამთხვევა არ იყო საქართველოში ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცის ნაწილად მიჩნეული იმ რამდენიმე დაწესებულების დახურვა, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტად და მტრად შერაცხილი, ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის სახელთან ასოცირდებოდა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, რომელთა წინაშეც დგას შავი ზღვის უნივერსიტეტი და რამაც, შესაძლოა, სასწავლო პროცესს სერიოზული რისკები შეუქმნას. ცენტრის განცხადებითვე, „უნივერსიტეტს სახელმწიფოს მიმართ აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, 700 ათასი ლარის ოდენობით, ასევე, დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა. იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა“. მიუხედავად შეზღუდული უფლებისა, ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია ექვსი წლით მიანიჭა.