თავდასხმამ, რომელიც, სავარაუდოდ, 20 წლის მამაკაცმა განახორციელა ნახევრად ავტომატური შაშხანით, შესაძლოა შეცვალოს არჩევნების მიმდინარეობა, სადაც აქამდე ორი მოხუცებული მორიგჯერ ერკინებოდა ერთმანეთს.
ტრამპი 13 ივლისს საღამოს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მიმართავდა შეკრებილებს, როდესაც შეიარაღებულმა პირმა მას რამდენიმე ტყვია ესროლა. ტრამპი თავდასხმის დროს მსუბუქად დაშავდა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. თავდამსხმელის მოტივი ჯერაც უცნობია.
გასროლა მოხდა რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენტამდე (პარტიული შეკრება) ორი დღით ადრე. აქ ტრამპი პარტიის ოფიციალურ კანდიდატად უნდა დაასახელონ. სწორედ ამ დროიდან იწყება რეალური საპრეზიდენტო კამპანიები.
რადიო თავისუფლება გაესაუბრა ექსპერტებს იმის განსახილველად, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მომხდარმა საპრეზიდენტო არჩევნებზე.
გაზრდის თუ არა მკვლელობის მცდელობა სიმპათიას ტრამპის მიმართ?
სოციალური მედია სავსეა კომენტარებით იმის შესახებ, რომ კანდიდატი ტრამპი პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს მკვლელობის მცდელობისგან. მართლაც, მილიარდერმა ილონ მასკმა, სოციალური მედია X-ის მფლობელმა და დიდი გავლენის მქონე პირმა, მაშინვე დაუჭირა მხარი ტრამპს 13 ივლისის სროლის შემდეგ.
ამ არჩევნებში ნებისმიერმა ზრდამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოთხი თვის შემდეგ ამ თავდასხმას ისეთი მნიშვნელობა აღარ ექნება.
რობერტ სპიცერი, პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამბობს, რომ ტრამპს ეს დროებით უპირატესობას მისცემს, თუმცა არ ელის, რომ ნოემბრამდე გასტანს.
„სავარაუდო იყო, რომ კონვენტის შემდეგ ტრამპი გამოკითხვებში დაწინაურდებოდა. მკვლელობის მცდელობის შემდეგ ეს ეფექტი, ალბათ, კიდევ უფრო გაძლიერდება. მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში ტრამპისა და პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგები გათანაბრდება და ორი თვის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
მეთიუ დალეკმა, პოლიტიკური ისტორიის პროფესორმა, თქვა, ისტორია არ მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ძალადობრივი თავდასხმის შემდეგ მიღებული სიმპათია არჩევნებში გამარჯვებად აქციონ.
„თეოდორ რუზველტს ესროლეს საპრეზიდენტო კამპანიის დროს 1912 წელს, მაგრამ მაინც დამარცხდა. პრეზიდენტ ჰარი ტრუმენზე მკვლელობის მცდელობამ 1950 წელს ხელი არ შეუშალა მის დემოკრატიულ პარტიას დამარცხებაში იმავე წლის ბოლოს. პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის მკვლელობის ორი მცდელობა განხორციელდა 1975 წელს. ერთი წლის შემდეგ კი მან წააგო საპრეზიდენტო არჩევნები“, - თქვა მან.
გამოიწვევს თუ არა სროლა უფრო მეტ ძალადობას?
დალეკი შიშობს, რომ ძალადობა ამ საარჩევნო ციკლში არ დასრულდება ტრამპის მკვლელობის მცდელობით.
„ძალადობა, როგორც წესი, ძალადობას შობს, არა? არ ხდება ხოლმე, რომ ძალადობრივი თავდასხმის შემდეგ უცებ ყველაფერი წყნარდება. ასე რომ, ვფიქრობ, თავდასხმა ერთგვარად უბიძგებს ქვეყანას უფრო სახიფათო ადგილას მომდევნო რამდენიმე თვისა და წლების განმავლობაში“, - თქვა მან.
დალეკმა აღნიშნა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენეების უმცირესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალადობა გამართლებულია „და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია“.
სპიცერის აზრით, ეს მომენტი უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის გასაერთიანებლად და პოლარიზაციის შესამცირებლად, თუმცა ის ასევე გვაფრთხილებს, რომ რადიკალურმა ელემენტებმა მომხრეებს შეიძლება შეიარაღებისკენ მოუწოდონ.
„და, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება აღმოჩნდეს ამ მოვლენის ბნელი მხარე“, - თქვა სპიცერმა.
როგორ მოქმედებს სროლა რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენტზე?
დალეკის თქმით, ტრამპის მკვლელობის მცდელობა, სავარაუდოდ, კონვენტის და საპრეზიდენტო კამპანიის წინა პლანზე იქნება.
„ვფიქრობ, ისინი ტრამპს დახატავდნენ როგორც წამებულს და ისეთს, ვინც სწირავს [თავს] ქვეყნის სიკეთისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის“, - თქვა მან.
ტრამპი, სავარაუდოდ, გამოიყენებს მას „ძლიერი კაცის“ იმიჯის გასაძლიერებლად, თქვა დალეკმა და დასძინა, რომ მისი ბევრი მხარდამჭერი ამას მიმზიდველად მიიჩნევს.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა, პოლიტიკაში ტემპერატურა დაწიონროგორ მოქმედებს ეს კამპანიის რიტორიკაზე?
დემოკრატიულმა პარტიამ გამოაცხადა, რომ დროებით შეაჩერებს პოლიტიკურ რეკლამებს, რაც, დალეკის თქმით, ტიპური პასუხია ამგვარ მოვლენაზე. გაურკვეველია, შეცვლიან თუ არა ისინი რიტორიკას, რომელიც ტრამპს დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხედ ხატავდა.
რესპუბლიკელი სენატორი ჯეი დი ვანსი, რომელიც, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევა, ამტკიცებდა, რომ თავდასხმა ბაიდენის კამპანიის მესიჯებმა გამოიწვია. სპიცერი ამას „ხაზის გადაკვეთას“ უწოდებს და ამბობს, რომ ბაიდენს ან მის კამპანიას არაფერი უთქვამს ან გაუკეთებია მსგავსი ძალადობის წასაქეზებლად.
დალეკი აღნიშნავს, რომ ტრამპი გარკვეული ჯგუფების, მაგალითად, იმიგრანტების დასახასიათებლად წამქეზებლურ სიტყვებს იყენებდა და ხუმრობდა, როდესაც პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის ქმარს თავს დაესხნენ.
ტრამპს ასევე ადანაშაულებენ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მისი მხარდამჭერების წაქეზებაში, რომლის დროსაც ერთი ადამიანი მოკლეს.
დალეკი არ ელის, რომ რიტორიკა დიდად შეიცვლება საშუალოვადიან პერიოდში.
„არ ჩანს, რომ მსგავსი მოვლენები ძირეულად ცვლის დაგმობის და ძალადობრივი რიტორიკის სტრუქტურას“, - თქვა მან.
იმიგრაცია ერთ-ერთი ისეთი თემაა, რომელიც აგრესიული ენის გამოყენებას იწვევს ხოლმე. შესაძლოა, ეს არის მთავარი პოლიტიკის საკითხი, რომელსაც ტრამპი გამოიყენებს ბაიდენზე თავდასხმისთვის. ბაიდენის მმართველობის პერიოდში უპრეცედენტო რაოდენობის არალეგალი იმიგრანტი გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამაც ბევრ ქალაქს შეუქმნა პრობლემა.
ასევე ნახეთ Reuters: ტრამპზე თავდასხმამ ბაიდენის საარჩევნო სტრატეგია შეცვალააქვს თუ არა მნიშვნელობა მსროლელის მოტივებს?
შესაძლოა ზოგმა ტრამპზე თავდასხმა მსროლელის მენტალური პრობლემებით ახსნას, თუმცა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას ისტორიულად იდეები განაპირობებდა, ამბობს დალეკი.
ისინი „შთაგონებულნი და გათამამებულნი არიან რიტორიკითა და იდეებით, რომლებთანაც შეხება აქვთ“, - თქვა მან. ერთ-ერთი პირი, ვინც პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის მოკვლა სცადა, ომის მოწინააღმდეგე რადიკალი იყო, რომელიც იმედოვნებდა, რომ დაასრულებდა აშშ-ის მონაწილეობას ვიეტნამის ომში.
ასეთი ადამიანები შეერთებულ შტატებში „პოლიტიკური ძალადობის უფრო ფართო კულტურის ნაწილია და ისინი არ არიან "გადახრები". [ისინი] ამერიკული პოლიტიკის მახინჯი ტრადიციის ნაწილია, რომელიც ჩვენს უმეტესობას ურჩევნია, რომ არ არსებობდეს. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რაღაცნაირად გავიგოთ, თუ რას ფიქრობდა ეს ინდივიდი“.
შეუძლიათ დემოკრატებს გამოიყენონ ეს სროლა, რათა იარაღის კონტროლი არჩევნების მთავარ საკითხად აქციონ?
ტრამპზე თავდასხმა განხორციელდა 20 წლის მოზარდის მიერ ნახევრად ავტომატური შაშხანის გამოყენებით, რამაც შესაძლოა იარაღის კონტროლი კამპანიის მთავარ საკითხად აქციოს. დემოკრატები წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ძალიან ადვილია ნახევრად ავტომატური იარაღის შოვნა, რომელიც შემდეგ ბევრჯერ გამოიყენეს სკოლაში სროლების დროს.
წლის დასაწყისში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა საკუთარ თავს უწოდა „იარაღის მფლობელების საუკეთესო მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლიათ თეთრ სახლში“ და თქვა, რომ თუ ისევ პრეზიდენტი გახდება, გააუქმებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ კანონებს იარაღის კონტროლის შესახებ.
დალეკი მიიჩნევს, რომ იარაღის კონტროლის საკითხი მკვლელობის მცდელობის შემდეგ უფრო აქტუალური გახდება, თუმცა ის არ ფიქრობს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი საკითხი. დალეკის თქმით, ამერიკელების უმეტესობას უკვე აქვს ძლიერი შეხედულებები იარაღის საკითხთან დაკავშირებით და სროლა მათ არ შეცვლის.
„თუ დაწყებითი სკოლის ბავშვების მკვლელობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ფუნდამენტურად შეცვალოს დამოკიდებულება იარაღთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ ამ თავდასხმამ ან რომელიმე სხვა თავდასხმამ იქონიოს გავლენა ადამიანების პოზიციაზე“, - თქვა მან.