დადიანების ეზოს სიახლოვეს სასტუმროს აშენება იგეგმება

ყინულის სასახლის მიმდებარე ტერიტორია

ზუგდიდში, დადიანების ეზოს სიახლოვეს, კერძო ინვესტორს სასტუმროს აშენება სურს. ე.წ. სკეიტ პარკში ახალი სასტუმროს აშენების იდეა და პროექტიც ზუგდიდელებს უკვე გააცნო დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა.

პროექტის მიხედვით, ოთხვარსკვლავიანი 130-ნომრიანი სასტუმროს აშენება დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება, ყინულის სასახლის გადატანას კი ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე აპირებენ.

ვიცით, რომ კომპანია „m²“„ქართული ოცნების“ არაფორმალური შემომწირველია. ეს აჩენს ეჭვს, ხომ არ არის კორუფციული გარიგება და, საერთოდ, რატომ ეზღუდებათ სხვა კომპანიებს მონაწილეობის მიღება?..
ანა წითლიძე

პროექტს თავიდანვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. მოქალაქეები რეკრეაციულ ზონაში, თანაც დადიანების ეზოს სიახლოვეს, სასტუმროს აშენების წინააღმდეგ გამოდიან. აღნიშნავენ, რომ ისინი ქალაქში ინვესტიციების შემოსვლას მიესალმებიან, თუმცა არა პარკებისა და რეკრეაციული ზონების ხარჯზე.

„ეს არის ხალხის საკუთრება და ასე ერთპიროვნულად ვერ მიიღებენ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას“, - ამბობს ზუგდიდში მცხოვრები მარიკა თოდუა.

ინვესტორმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ საჯარო შეხვედრაზე სასტუმროს აშენების მოწინააღმდეგეებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მოქალაქეების პარალელურად, ინვესტორისთვის სასტუმროს აშენების შესახებ ნებართვის გაცემის წინააღმდეგი არიან ოპოზიციური პარტიები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული კომპანიის მიმართ ინტერესი ბადებს ეჭვებს კორუფციულ გარიგებაზე:

„ვიცით, რომ კომპანია „m²“„ქართული ოცნების“ არაფორმალური შემომწირველია. ეს აჩენს ეჭვს, ხომ არ არის კორუფციული გარიგება და, საერთოდ, რატომ ეზღუდებათ სხვა კომპანიებს მონაწილეობის მიღება?“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

მის აზრს იზიარებს მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია. გასულ კვირაში ის მოქალაქეთა საპროტესტო აქციასაც შეუერთდა, რომელიც სასტუმროს აშენების წინააღმდეგ გაიმართა.

„მოხდა ხელისუფლებისგან ლობირებული „m²“-ისთვის დადიანების ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ფეხქვეშ დაგება“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

შენობა მთლიანად ერთ ჰექტარზე არ განთავსდება. ის დაიჭერს 3500 კვმ-ის მიწის ნაკვეთს. დანარჩენზე გაკეთდება მისასვლელი გზები და გამწვანება...
ირაკლი ბურდილაძე

თავის მხრივ, კომპანია „m²“-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობაში ჩადებს 25 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას და დაასაქმებს 150 ადგილობრივ მცხოვრებს. გარდა ამისა, დღეს შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ზუგდიდში პროფესიული კოლეჯის გახსნა სურთ, რომლის კურსდამთავრებულებიც ტურიზმის სფეროს მოემსახურებიან.

„შენობა მთლიანად ერთ ჰექტარზე არ განთავსდება. ის დაიჭერს 3500 კვმ-ის მიწის ნაკვეთს. დანარჩენზე გაკეთდება მისასვლელი გზები და გამწვანება“, - თქვა „m²“-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ. ჟურნალისტებს შეკითხვაზე, მოქალაქეთა წინააღმდეგობის შემთხვევაში განიხილავს თუ არა ის სხვა ტერიტორიას, დადებითად უპასუხა.

ზუგდიდის თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ პროექტს მხარს უჭერენ, რადგან ასეთი ინვესტორის შემოსვლა ქალაქის განვითარებას უწყობს ხელს. რაც შეეხება ბრალდებას კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, ვიცე-მერმა გეგა შენგელიამ განმარტა, რომ ყველა მსურველს თანაბარ პირობებში შეუძლია საკუთარი პროექტებისა და იდეების წარდგენა. ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ ამ თემაზე საჯარო შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.