სად არის პიკი?
დადასტურებული შემთხვევა - 511
გარდაცვლილი - 6
გამოჯანმრთელებული - 168
კარანტინში - 5129
სტაციონარში - 538
საქართველოში კორონავირუსის რეგისტრირებულმა შემთხვევებმა უკვე 500-ს გადააჭარბა. დადგა თუ არა პიკი, რომელსაც პროგნოზირებდნენ ხან შუა თვეში და ხან თვის ბოლოს? - რადიო თავისუფლება შეეცადა პასუხი ეპოვა ყველა კითხვაზე პიკის შესახებ.
ერთ-ერთი პირველი, მეტ-ნაკლებად მკაფიო განცხადება საქართველოში COVID-19-ის პიკის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, 26 აპრილს გააკეთა. მან თქვა, რომ „ამჟამად, ჩვენ, წესით, COVID19-ით ავადობის პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს პიკი რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ, ასე ვთქვათ - პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ კარგად თქვა - ჯომოლუნგმა რომ არ იყოს და იყოს პატარა გორაკი“.
მომდევნო დღეს, 27 აპრილს კი ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ „დაანონსებული პიკი“ არ გვექნება: „აღარ არსებობს მოლოდინი, რომ აპრილსა და მაისში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა პიკს მიაღწევს. ჩვენ უკვე გვაქვს პლატო“.
თუკი სხვადასხვა ქვეყნის მაჩვენებლებს გადავხედავთ, სურათი ასე გამოიყურება:
- პირველი შემთხვევის დარეგისტრირებიდან, შვიდი კვირის თავზე, 21 მარტს მიაღწია იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა და მან 6557 შეადგინა.
- შვიდი კვირის თავზე მიაღწია ახალ დადასტურებულ შემთხვევათა პიკურ მაჩვენებელს ესპანეთმაც.
- პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მერვე კვირაში დაფიქსირდა ახალ შემთხვევათა პიკი გერმანიაში.
- მეექვსე-მერვე კვირაში დაფიქსირდა პიკი ჩინეთშიც, იქ, სადაც მსოფლიოში პირველი კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.
წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოტანილი PCR-ტესტებით მარაგი 40 000-ით გაიზრდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ ამჟამად საქართველოში PCR-ტესტების [მოლეკულურ კვლევაზე დაფუძნებული] მარაგი 21 000-ს შეადგენს.
„ამაღამ ჩამოდის ჩარტერული რეისი ჩინეთიდან და შევავსებთ მარაგს“, - აღნიშნავს გამყრელიძე და ამატებს, - „ჩინეთში დაახლოებით 50 ბიოტექნოლოგიური კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ტესტებს. შერჩეულია მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოები. ხვალ დაახლოებით 40 000 ტესტი დაემატება [საქართველოში არსებულ მარაგს]“. მისი თქმით, მომავალი კვირის ბოლოს დაახლოებით 20 000 ტესტს გერმანიიდან ჩამოიტანენ.
„ჩვენ ამჟამად გვაქვს გერმანული, ბრიტანული, აშშ-ის CDC-ის, სამხრეთ კორეის და ჩინეთის ტესტები“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.
ზურაბიშვილმა უკრაინის შესახებ განცხადება გაავრცელა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინის ვიცე-პრემიერად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის განხილვას. როგორც ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო და უკრაინა მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან. მიუხედავად ამისა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს:
„ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე განიხილავს კანდიდატურას, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამან გამოიწვია ჩვენი - საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების საფუძვლიანი შეშფოთება და მკვეთრი რეაგირება. როგორც სახელმწიფოს მეთაური, კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელია სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა, ასევე მიუღებელია და ყოვლად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის მძიმე კორუფციულ დანაშაულებშია ბრალდებული“.
პარალელურად, სააკაშვილი განაგრძობს უკრაინის რადაში ფრაქციებთან შეხვედრებს, თუმცა უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ის პარლამენტის მხარდაჭერას რეფორმების დარგში უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე ვერ მოიპოვებს.
ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდას“ აცნობა წყარომ, რომელიც გუშინ საპარლამენტო ფრაქცია „გოლოსისა“ და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ესწრებოდა.
სწრაფი ტესტების პირველი დიდი პარტია დაწუნებულის შემდეგ - პოლიტიკური დავა თუ საჭიროება?
ე.წ. სწრაფი ტესტების შესყიდვას ჯანდაცვის სამინისტრო „გადაუდებელ აუცილებლობად“ აფასებს და 30 000 ტესტის შესყიდვას გამარტივებული გზით გეგმავს. 930 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.
რატომ გაჩნდა ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა სწრაფ ტესტებზე, რომელთა ფართოდ დანერგვის მოთხოვნასაც ხელისუფლება ოპონენტების ჩასაფრებულ ახირებად მიიჩნევდა? რა მიდგომები აქვს სახელმწიფოს ტესტირებასთან მიმართებით? როგორ უყურებენ საკითხს ოპონენტები?
„მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ანალოგიურ პროდუქტზე გლობალური დეფიციტის გათვალისწინებით, ასევე ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვების ფონზე, მნიშვნელოვანია ტესტების ქვეყანაში შემოტანა მოხდეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში“, - ვკითხულობთ წერილში, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას უსაბუთებს.
ვისთან ითანამშრომლებს სახელმწიფო ტესტების ქვეყანაში შემოსატანად და რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას, წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ონლაინ სწავლა, მედიტაცია და იმპროვიზებული დიჯეობა ექთნებისთვის - 20 წლის ჰიშამ უებე, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, გვიყვება და გვაჩვენებს, როგორ გაატარა 31 დღე ერთ პალატაში:
„ვიღვიძებდი და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: კიდევ ერთი დღე იზოლაციაში... კარგია! მშვენიერია! მოდი, დავიწყოთ, დღეს ბედნიერი უნდა იყო!“