ადგილზე ექიმები ერთი საათის დაგვიანებით მივიდნენ, შეწუხებულები და გადაღლილები, მათ მამაკაცის დახმარება ვეღარ შეძლეს, ჟურნალისტების კითხვებზე კი სასწრაფოს ექიმმა ღიად თქვა, რომ უკვე შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ. ინფიცირებული არიან ექიმები, ექთნები და მძღოლები, მუნიციპალიტეტს კი 6-ის ნაცვლად 3 ბრიგადა ემსახურება.
გორის მუნიციპალიტეტში 100 ათასზე მეტი მოსახლეა, 80-ზე მეტი სოფელია. ბოლო დრომდე მუნიციპალიტეტში 6 სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მუშაობდა, მაგრამ ვითარების დამძიმების შემდეგ ექიმებიც დაინფიცირდნენ. სასწრაფოს ექიმი ნინო კოკინაშვილი ახლა გამოძახებებზე ექთნის გარეშე დადის. მისი თქმით, იგვიანებენ იმის გამო, რომ კლინიკებთან ჯერ რიგში დგანან, იქიდან ოფისში დაბრუნებულებმა კი მანქანა სადეზინფექციო ხსნარით უნდა დაამუშაონ. ამ პროცედურას ერთი საათი მაინც სჭირდება.
ექსტრემალურ სიტუაციაში მომუშავე მედპერსონალი შეურაცხყოფასაც იტანს. დაგვიანების გამო პაციენტების ახლობლები მათ ეჩხუბებიან, ექიმებს კი მათთვის იმის ახსნა უწევთ, რომ რაც შეუძლიათ, აკეთებენ. ცირა ადუაშვილი სასწრაფო დახმარების ექთანია, მაგრამ მისი ბრიგადაც გაჩერდა, რადგან ექიმს ტემპერატურამ აუწია. ის ამბობს, რომ ადგილზე უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ შიდა ქართლის რეგიონის ხუთივე კოვიდკლინიკაში ადგილები აღარ არის, მოქალაქეებს კი, ვინც სასწრაფოს იძახებს, ზოგჯერ ორი დღე უწევთ ლოდინი. ზოგი ცდილობს ოჯახის წევრი თვითონვე მიიყვანოს კლინიკაში, მაგრამ იქ არაერთი ბარიერი ხვდებათ.
ასევე ნახეთ შიდა ქართლში დამატებით საწოლები გამოჰყვესადგილობრივ ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სიტუაცია კოტროლირებადია. მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა, დაზუსტებით არ იცის, რეგიონის მასშტაბით კოვიდკლინიკებში არის თუ არა ადგილები. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრობლემასთან დაკავშირებით გაერკვევა.
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობაა 127. მათ შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.
24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 123 ადამიანი, თვითიზოლაცია კი მოეხსნა 109 პირს. გასულ დღე-ღამეში ორი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივმა ექიმებმა არ იციან, ამ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი რაშია და ისინი ახლა კოლეგების გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომ როგორმე მძიმე მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ.