დაბრუნება ომში - „არაფერი დასრულებულა, ფეხი დავკარგე და არა მოტივაცია“

კოკა მურაჩაშვილი (ფოტოილუსტრაცია)

მარჯვენა ფეხის ამპუტაციიდან ოთხი თვის შემდეგ უკრაინაში მებრძოლი კოკა მურაჩაშვილი კვლავ ფრონტის ხაზზეა. რეაბილიტაცია ბოლომდე არც დაუსრულებია, მაგრამ პროთეზს როგორც კი შეეჩვია, ისევ ომში დაბრუნდა.

კიდურის დაკარგვამდე 32 წლის პროფესიონალი სამხედრო „შავი არწივის“ რიგებში ირიცხებოდა და ალფა ჯგუფის, ანუ მოიერიშე ჯგუფის მეთაური იყო.

რადიო თავისუფლებამ პირველად მასთან ინტერვიუ აპრილში, ფეხის ამპუტაციიდან ორი კვირის თავზე ჩაწერა. მიუხედავად ჯანმრთელობის რთული მდგომარეობისა და გაუსაძლისი ტკივილებისა, მაშინვე ამბობდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა ფრონტის ხაზზე.

ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ რაღაც დასრულდა. არაფერი დასრულებულა, ფეხი დავკარგე, მაგრამ მოტივაცია არ დამიკარგავს“, - ეუბნება ის დღეს რადიო თავისუფლებას.

30 მარტის ღამეს, ერთ-ერთი მისიის შესრულებისას ქართველ მებრძოლს, რუსეთის შეიარაღებული ძალების „კამიკაძე დრონი“ დაეჯახა. ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო:

„ძლიერი ფსიქიკა მაქვს. არ მაქვს განცდა, რომ კატასტროფა მოხდა, თავი უნდა დავხარო და ჩემს ტრავმაზე ფიქრმა გადამიყოლოს. არ მჩვევია მსგავსი განცდები. ფრონტზეც ძალიან სწრაფად დავბრუნდი“.

პოლონეთში გავლილი რეაბილიტაციის შემდეგ, 5 აგვისტოდან ის ბრძოლას უკრაინის ერთიანობისთვის ბახმუტიდან რამდენიმე კილომეტრში აგრძელებს.

„ჭრილობა როგორც კი შეხორცდა და ორი პროტეზი გამოვცადე, მივხვდი, რომ უკვე ვუბრუნდებოდი სრულყოფილ ცხოვრებას, კვლავ დავიწყე მანქანის, მოტოციკლის მართვა და გადავწყვიტე, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. არის რაღაცები, რასაც ცხოვრებაში ვეღარ გავაკეთებ და ამასაც შევეგუე. მაგალითად, ვიცი, რომ ვეღარასდროს ვითამაშებ რაგბის, რომელსაც პოლონეთში, უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი. ვიცი, რომ იმავე დატვირთვით ვეღარ ვივარჯიშებ. არის ასეთი რაღაცები, რაზეც უკვე მიწევს თვალის დახუჭვა. ამიტომ ჯობია, დავივიწყო ის, რასაც ვეღარ შევცვლი და დავიწყო ახალი ცხოვრება“.

კოკა მურაჩაშვილი კვლავ „შავ არწივს“ შეუერთდა, თუმცა, მიღებული ტრავმის გამო, ამ ეტაპზე, ალფა ჯგუფის მეთაურობა აღარ ჩაიბარა. დღეს ფრონტის ხაზზე ის შტაბის ოფიცერი და ინსტრუქტორია, გასხვავებული ფუნქციითა და პასუხისმგებლობებით:

კოკა მურაჩაშვილი

ფეხის დაკარგვამდე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მქონდა, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე მებარა, იყო ჯგუფის მეთაური, და ჯგუფს გაუძღვე წინ, ეს არ არის მარტივი საქმე. დღესდღეობით, ჩემი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის აღარ შემიძლია, რაც აქამდე შემეძლო, დრო მჭირდება, მინიმუმ 6 თვე, რომ ტკივილმა გამიაროს და სრული დატვირთვით დავიწყო მთელი აღჭურვილობით სიარული. დღეს ჩართული ვარ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი სპეცოპერაციის დაგეგმვაში, ხოლო თავისუფალ დროს ახალწვეულებს ვუზიარებ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას“ - ამბობს კოკა მურაჩაშვილი და კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს: „შავი არწივი“ ერთი დიდი ოჯახია, დაფუძნებულია თანადგომაზე, სიყვარულსა და ერთობლივ სულზე. ერთი ადამიანის ტკივილი აქ არ არსებობს, ეს ყველას საერთო ტკივილია. აქედან გამომდინარე, ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ შესაძლოა, ვინმესთვის ტვირთი ვყოფილიყავი. გარდა ამისა, იმხელა გამოცდილება მაქვს, რომ ნებისმიერ ახალწვეულს შემიძლია გადავცე ცოდნა, რომელიც მათ ბრძოლის ხაზზე აუცილებლად გამოადგებათ“.

17 წლის იყო, სამხედრო კადეტთა კორპუსში რომ დაიწყო სწავლა. მალე წამოეწია 2008 წელი და აგვისტოს ომიც. რჯერ იყო ISAF-ის („საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“) მისიაში. ამბობს, რომ მისთვის საქართველო, ქართული დროშის ტარება, ქართული დროშის ქვეშ ბრძოლა ერთგვარი მოტივაცია და სულისკვეთება იყო და არის. უკრაინაშიც ამ სულისკვეთებით ვიბრძვიო:

„ომში ჩემი დაბრუნების გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისთვის უცნაური არ ყოფილა, რადგან იციან, რა მოტივაციაც მამოძრავებს. იციან, ბავშვობიდან რა სულისკვეთებითაც ვიზრდები. ცხადია, ჰქონდა შიში, რომ ახლა უფრო მეტი საფრთხის ქვეშ შეიძლება ვიყო, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელი, მე ვრისკავ. მესმის, რომ ნერვიულობენ, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და მე ვიღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე... დღეს წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრორუსული კურსი აქვს აღებული. ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს, სად უნდა ქართველ ხალხს ყოფნა, ევროპასა თუ რუსეთში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, რუსეთი მშვიდობიანი ხალხის მტერია. არ გვჭირდება რუსეთი, რუსეთი ჩვენი მეგობარი არასდროს ყოფილა“.

კოკა მურაჩაშვილს „ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის“ უკრაინის ეროვნული ჯილდო გადაეცა. ორდენი მან გაზაფხულზე, ჯერ კიდევ კლინიკაში მკურნალობისას მიიღო.

ის ახლა თანამებრძოლებთან ერთად რუსეთის ჯარების მიერ კონტროლირებადი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან ახლოს არის დისლოცირებული. იქ 20 თვეზე მეტია, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში საბრძოლო ამოცანას ასრულებს სპეცდანიშნულების რაზმი „შავი არწივი“, მრავალეროვნული დანაყოფი.

ასევე ნახეთ „კამიკაძე დრონმა ამაფეთქა“ - როგორ იბრძოდა და დაიჭრა ბახმუტთან ქართველი მეთაური კოკა

უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 1500-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რამდენიმე ათეული ქართველი მებრძოლი დაიჭრა. დაიღუპა - 70-მდე.

რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ თავდაპირველი მიზანი იყო უკრაინის „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაცია“ და ასევე უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე. ფრონტის ხაზი დღეს 1000 კილომეტრზე მეტია. 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში უკრაინა საპასუხოდ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქვს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა და კურსკის ოპერაცია ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.