ჯინსის შარვალი, კაპიუშონიანი ქურთუკი, ყავისფერი ფეხსაცმელი, საცვლები, სხეულის ფრაგმენტები - შიოს და და მამიდაშვილი შიოს ტანსაცმელსა და ნივთებს ათვალიერებენ. უფრო ზუსტად კი იმ ნივთების ფოტოებს, რომლებიც ექსპერტებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში დაღუპული, 32 წლის შიო ნინიკაშვილის ნეშტს გადაუღეს. ნეშტს, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვა რვა ნეშტთან ერთად, საერთო სამარხში აღმოაჩინეს. სამარხი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გახსნა. ნინი და თამუნა, შიოს და და მამიდაშვილი, ფოტოებს დასტირიან. შიო გორში ბრუნდება...
შიოს დაბრუნება
32 წლის იყო შიო, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში რომ გაუჩინარდა. შიო გორიდან იყო. გორის დაბომბვისას დედა სოფელში გახიზნა. თვითონ კი მეზობლების გადმოცემით, გორიდან ერთ-ერთ მანქანას, მოხალისედ გაჰყვა. რამდენიმე წლის განმავლობაში, მას ოჯახი როგორც ცოცხალს, ისე ეძებდა. ჰქონდათ ეჭვი და ინფორმაცია, რომ ტყვედ იყო ჩავარდნილი.
შიოს მამიდაშვილი, თამთა დემურიშვილი იხსენებს, რომ ორი წლის განმავლობაში პირადად აკითხავდა საგამოძიებო სტრუქტურებს დახმარების თხოვნით, თუმცა, 2010 წელს მას უთხრეს, რომ შიომ თავი ჩამოიხრჩო:
„ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო და ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. ვთხოვდი სხვადასხვა ორგანოებს, რომ იქნებ მოეხერხებინათ მისი გამოყვანა ან გაცვლა, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, ფაქსი მანახეს, სადაც ხუთი გარდაცვლილი პირის ვინაობა ეწერა და სიის თავში ჩემი მამიდაშვილის სახელი და გვარი იყო მითითებული, მის გასწვრივ კი აღნიშნული იყო, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაგრამ ეს იყო ტყუილი. მას თავი არ მოუკლავს. 2010 წელს უკვე ვიცოდით, სად იყო მისი საფლავი, თუმცა, სანამ წითელი ჯვარი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჩაერთო პროცესში, მანამდე ვერ მოვახერხეთ მისი გადმოსვენება“.
შიო 26 მარტს გორის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.
ლევანის საფლავი სახლიდან შორს იქნება
26 მარტს, საკუთარი სახლიდან შორს, რუსთავში დაკრძალეს ლევან ჯიხაშვილი. 2008 წლის აგვისტოში ის სოფელ აჩაბეთში მოკლეს.
მამის ნეშტი ექსპერტიზის ბიუროდან რუსთავში შვილმა, გიორგიმ წაასვენა. გიორგი 19 წლის იყო, როცა მამამ 2008 წლის 8 აგვისტოს, დედასთან და უმცროს და-ძმასთან ერთად სოფლიდან გახიზნა. 48 წლის ლევანი კი სოფელში, საკუთარ სახლში დაბრუნდა.
მამის სიკვდილიდან 11 წელია გასული. გიორგი უკვე 30 წლისაა. არ უნდა იმ დღეების გახსენება, როცა ისმენდა უამრავ ვერსიას, თუ როგორ მოუკლეს მამა რუსმა ოკუპანტებმა. მკვლელობის ვერსიები კი ერთმანეთზე უარესი იყოო, ამბობს გიორგი. ერთ-ერთი ბოლო გადმოცემით, 48 წლის ლევანი ცემით მოკლეს:
„წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია იმის გაცნობიერება, რომ შენს საყვარელ ადამიანს ცემით კლავენ. ეს კიდევ უფრო შემზარავი მგონია, ვიდრე ტყვიით სიკვდილია. 8 აგვისტოს, ბოლო წამებში გადავწყვიტეთ, სოფლის დატოვება. თითქოს სერიოზულად ვერ აღვიქვამდით რა ხდებოდა. არ ვიცოდით, რეალურად რა სიტუაცია იყო. არ ვიცოდით, რომ სოფელში მალე რუსული ჯარი შემოვიდოდა. 20 აგვისტომდე გვქონდა მამასთან კონტაქტი. 20 აგვისტოს შემდეგ კი დავკარგეთ მისი კვალი. არც ის ვიცოდით, მართლა მკვდარი იყო თუ არა, არც ის, თუ მკვდარი იყო, სად იყო მისი საფლავი“.
ჰუმანიტარული მისია ნეშტების მოსაძიებლად
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტები 26 მარტს ოჯახებს 11-წლიანი ძებნა-მოლოდინის შემდეგ დაუბრუნდათ. სამარხი, სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის ზაფხულში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით გაიხსნა და ნეშტებს ექსპერტიზა ქალაქ ზაგრებში ჩაუტარდათ.
მაია ქარდავა, წითელი ჯვრის კომუნიკაციის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარედ გახსნილ სამარხში სულ 9 ნეშტი აღმოჩნდა, თუმცა, მათგან მხოლოდ შვიდი ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა: „შვიდივე სამოქალაქო პირი იყო და უნდა ითქვას, რომ ყველა მიცვალებული პატივით იყო დაკრძალული. ყველა მათგანი იყო დაკრძალული სასახლით, ერთმანეთის გვერდით“.
ნეშტებისა და სამარხის შესახებ ინფორმაციის მოძიება სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხდა, რომელიც 2010 წლიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით ფუნქციონირებს.
საკოორდინაციო მექანიზმი შედგება ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეებისაგან. ისინი წელიწადში ორჯერ იკრიბებიან და მათი ფუნქციაა დაეხმარონ ოჯახებს 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების დროს და მათ შემდგომ, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებაში. საკოორდინაციო მექანიზმის მიზნები მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულია და მათი ფუნქცია არ არის გარდაცვალების მიზეზების დადგენა.
Your browser doesn’t support HTML5
წითელმა ჯვარმა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში დაკარგული 45 ადამიანი აღრიცხა. ეს ის გაუჩინარებულები არიან, რომელთა შესახებაც საერთაშორისო ორგანიზაციას დაკარგულთა ოჯახის წევრებმა მიმართეს. 2011 წლიდან დღემდე, წითელი ჯვრის ეგიდით გაიხსნა 6 სამარხი. მოძიებულ იქნა 24 ნეშტი, რომელთაგანაც ამოცნობილია 15.
მაია ქარდავას თქმით, ნეშტების ამოცნობის პროცესში მთავარი სირთულე ინფორმაციის ნაკლებობაა. ნებისმიერი მონაცემი დაკარგულთა შესახებ, მნიშვნელოვანია, მათ შორის ინფორმაცია, თუ სად ნახეს ბოლოს გაუჩინარებული ადამიანი, ვინ ნახა, ვინ დამარხა, რა ეცვა, რა სამკაული ეკეთა და ა.შ:
„როდესაც დაკარგულთა მოსაძიებლად მოგვმართავენ, მათი ოჯახების წევრები ავსებენ საკმაოდ მოცულობით ანკეტას. ეს ნეშტის ამოცნობის პროცესის ერთ-ერთი ეტაპია. რატომღაც მიიჩნევა, რომ მხოლოდ დნმ-ით ხდება ნეშტების ამოცნობა, თუმცა, ეს ასე არ არის. სანამ დნმ-მდე მივალთ, მანამდე ხდება ნეშტის ანთროპოლოგიური ანალიზი და საბოლოოდ ყველა არსებული მონაცემის შეჯერება“.
წითელი ჯვრის მონაცემებით, 90-იანი წლების კონფლიქტებიდან მოყოლებული 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით, ჯამში 2300 გაუჩინარებული ადამიანი იძებნება. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთა ოჯახებმაც წითელ ჯვარს მიმართეს დასახმარებლად. ამ პერიოდის განმავლობაში, გაითხარა 200-ზე მეტი სამარხი და მოძიებულია 508 ნეშტი. აქედან ამოცნობილია 200 ნეშტამდე.
შვიდი წლის განმავლობაში გაიხსნა სამარხები აფხაზეთში, ცხინვალში, სამეგრელოში, სვანეთში, დუშეთსა და თბილისში.