დაბალი მოსავლიანობა და კომბაინების სიმცირე - კახეთში ალოობა დაიწყო

ალოობა კახეთში

კახეთში ალოობა აქტიურ ფაზაში შევიდა. ზამთარში მშრალი ამინდების და შემდეგ გვიან გაზაფხულზე ყინვის გამო, წელს მოსავალი თითქმის განახევრებულია. მცირემიწიანი ფერმერების თქმით, წელს პრობლემაა მოსავლის ამღები ტექნიკის ნაკლებობაც.

შირაქის, ალაზნისა და ტარიბანას ველზე თავთავიანი კულტურების აღება დაიწყეს. როგორც ადგილობრივი მეხორბლე ელიზბარ იმერლიშვილი ამბობს, ზამთარი მშრალი იყო, გვიან გაზაფხულზე ნათესები მოიყინა, შემდეგ კი გვალვა დაიწყო, რამაც მოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა. კარგი კლიმატური პირობების შემთხვევაში თუ ერთ ჰექტარზე 4 ტონა უნდა მიეღოთ, ახლა ტონა-ნახევრით ან ორი ტონით უფრო ნაკლებს იღებენ. უნალექო ზამთრის გამო სიღნაღსა და დედოფლისწყაროში მინდვრის თაგვიც მომრავლდა, რამაც წელს ყანებს კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა.

რადგან კომბაინების ნაკლებობაა, მცირემიწიან ფერმერებს მარცვლეულის დროულად აღება გვიჭირს.
მცირემიწიანი ფერმერი

“არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო წელს ხორბალი გაცილებით ადრე შემოვიდა, თუმცა თავთავების ნაწილში ხორბალი არ არის. ახლა ჰექტარზე ვიღებთ 2 ტონას ან 2.5 ტონას, რაც, გასული წლის მოსავალთან შედარებით, თითქმის განახევრებულია“.

გარდა შემცირებული მოსავლისა, მცირემიწიანი ფერმერები მოსავლის ამღები ტექნიკის ნაკლებობაზეც ჩივიან. მეხორბლეების თქმით, ხვნა-თესვის პროცესშიც და ახლაც პრიორიტეტი ყოველთვის მსხვილ ფერმერებს ენიჭებათ, მცირე და საშუალო ფერმერებს კი რიგში დგომა და ლოდინი უწევთ, რის გამოც მოსავლის აღება გვიანდება და ისედაც მცირე მოსავალი, მინდორშივე იკარგება.

„მექანიზატორები ყოველთვის ცდილობენ, რომ იმუშაონ იქ, სადაც ხორბალი დიდ ფართობებზე თესია, დიდი ფართობები კი მსხვილ ფერმერებს აქვთ. შესაბამისად, “, - ამბობენ დედოფლისწყაროელი ფერმერები. მათივე ინფორმაციით, კლიმატური და სხვა სახის პრობლემების ფონზე, წელს ხორბლის ფასი გაცილებით მაღალია. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ზარალმა დიდ მასშტაბებს არ მიაღწიოს.

ფერმერების მხრიდან ყველაზე მეტი სურვილი და მოთხოვნა არის ტექნიკაში თანადაფინანსებაზე, რაც წლების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს სახელმწიფოს მხრიდან...
ლევან დავითაშვილი

ხორბლის აღების პროცესს დედოფლისწყაროში სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. ლევან დავითაშვილი არ უარყოფს, რომ მოსავლის ამღები ტექნიკის სიმცირეა, თუმცა ამბობს, რომ პრობლემა დაძლევის პროცესშია. დავითაშვილის თქმით, ახლაც მუშაობს და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც, კომბაინის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

ფერმერების მხრიდან ყველაზე მეტი სურვილი და მოთხოვნა არის ტექნიკაში თანადაფინანსებაზე, რაც წლების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, მეტი ფულიც უნდა დაიხარჯოს. არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენ ეს საკითხი გადავჭერით, თუმცა რამდენიმე წელიწადში ჩვენ კიდევ უფრო კარგი მდგომარეობა გვექნება. გვქონდა საკმაოდ გვალვიანი ზამთარი. ამის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ სეზონი იქნება საკმაოდ წარმატებული და საბოლოო შედეგები კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველოში მიმართულებაც ვითარდება“, - განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ქერის და ხორბლის აღების პროცესი რეგიონში ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო. თავთავიანი კულტურების აღება, დაახლოებით, ორ კვირაში დასრულდება. წელს საქართველოში 150 ათას ტონამდე ხორბლის მოსავალს ელოდებიან. რაც შეეხება ფასს, ერთი კილოგრამის საბაზრო ფასი საშუალოდ 60 თეთრია.