დაბა ადიგენში მუსლიმთა სახალხო ლოცვა აღარ იქნება - ვინ აკრძალა და რა უფლებით?

ხმაურიანი აქცია მერაბ მიქელაძის სახლთან. დაბა ადიგენი. კადრი აღებულია 2024 წლის 8 მარტს „TOK TV“ -ის მიერ გადაღებული ვიდეოდან.

დაბა ადიგენის მუსლიმ მკვიდრს ადგილობრივები საკუთარ სახლში სამლოცველოს მოწყობის საშუალებას არ აძლევენ. რისი უფლება უნდა ჰქონდეს მერაბ მიქელაძეს, ამ დღეებში გარეშე ხალხი - ადგილობრივი ქრისტიანი მრევლის ნაწილი, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტდა.

შეთავაზებული არჩევანი მწირი იყო: ან ჯგუფური ლოცვა უნდა შეეწყვიტა, ან სახლი უნდა გაეყიდა. მერაბ მიქელაძემ რადიო თავისუფლებას 11 მარტს უთხრა, რომ სახლის გაყიდვა არ უნდოდა.

12 მარტს გამართულ თითქმის 6-საათიან დახურულ შეხვედრაზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემის გადასაწყვეტად ერთკვირიანი ვადა აიღო.

წინასწარი ინფორმაციით, მერაბ მიქელაძე თავის სახლში დარჩება, სახალხო ლოცვის უფლების გარეშე; ხოლო დაბა ადიგენთან ახლოს, სოფელ იჯარეთში ახალი მეჩეთი აშენდება.

8 მარტს მიქელაძის სახლთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, ნაწილი კი - ეზოშიც შეიჭრა. ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი სახლის მეპატრონის გარეთ გამოყვანას მუქარით ცდილობდა. პოლიციამ სასულიერო პირი მიქელაძის სახლის კართან შეაკავა.
შსს-ში გამოძიება არ დაწყებულა და ბოდიშიც არავის მოუხდია.

ადიგენის მერმა მიქელაძის სახლს უკანონოდ გახსნილი მეჩეთი უწოდა და ლოცვის შეწყვეტის იმედი გამოთქვა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ქართველი მუსლიმი თემის წარმომადგენლის უსაფრთხოებისა და თანასწორობის გარანტიების დარRვევას და ადიგენში მომხდარს ბოლო 10 წელიწადში დაგროვილი შემთხვევების დაუსჯელობით ხსნის.

Your browser doesn’t support HTML5

ადიგენში ხელისუფლება მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შეხვდა

დაბა ადიგენში სახალხო ლოცვა აღარ იქნება

სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლება მერაბ მიქელაძისგან სახალხო ლოცვის შეწყვეტას უკვე კარგა ხანია მოითხოვდნენ და ამას - ქრისტიანი მრევლის სურვილით ხსნიდნენ.

„დაიკეტება და ლოცვა აღარ იქნება - ეს არის ძალიან დიდი სურვილი ჩვენი, რომ ეს ასე იყოს... ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, უნდა ილოცონ, მაგრამ... ყოველგვარი კანონის დარღვევით არის გახსნილი ეს მეჩეთი და აი, ამაზე არის თქვენი მღელვარება, მე თქვენიც მესმის“, - მიმართა ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ 8 მარტს, მერაბ მიქელაძის სახლთან გამართული ძალიან ხმაურიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის სასულიერო პირები აქტიურობდნენ.

10 მარტს, „ქრისტიანულ მოსახლეობაზე“ დაყრდნობით, მერმა ისიც თქვა, რომ მიქელაძისთვის ორი არჩევანი იყო გამოკვეთილი:

1. „[მერაბ მიქელაძემ] იცხოვროს ამ [თავის] სახლში, მაგრამ მკაცრად იყოს გაწერილი, რომ ის მეჩეთად აღარ გამოიყენება“;

2. „მეორე ნაწილს უნდობლობა აქვს და ამბობს - მოდით, მთავრობამ შეისყიდეთ ეს სახლი, მიეცით მეპატრონეს ფული და ამ ფულით იყიდოს ნებისმიერ ადგილზე, გინდა დაბაში [ადიგენი], გინდა სხვაგან სახლი და იცხოვროს, მხოლოდ მეჩეთად არ იყოს გამოყენებული“.

„ალბათ ყოვლად დაუშვებელი იქნება მასეთი რაღაც. ჩემი კერძო საკუთრებაა [ეს სახლი]. არ მგონია, რაღაც მასეთი მოხდეს ჯერჯერობით“, - მერაბ მიქელაძემ 11 მარტს გვითხრა, რომ სახლის გაყიდვა არ უნდა.

  • თავდაპირველი ვერსიით, მიქელაძის სახლის მომავალი, 11 მარტს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, გაფართოებულ შეხვედრაზე უნდა გადაეწყვიტათ, მაგრამ ეს შეხვედრა გადაიდო.
  • 12 მარტს შეხვედრა ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. გუბერნატორმა - ბესიკ ამირანაშვილმა და ადიგენის მერმა - გოჩა ქიმაძემ მხოლოდ მუსლიმი თემის წარმომადგენლები მიიღეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები როგორც სამცხე-ჯავახეთიდან, ასევე აჭარიდან.
  • ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი კვირა ითხოვა - პრობლემის გადასაწყვეტად.
  • წინასწარი ინფორმაციით, მერაბ მიქელაძე საკუთარი სახლში დარჩება, მაგრამ სახალხო ლოცვის უფლების გარეშე. ხოლო მუსლიმთა სამმართველოს ჩართულობით, დაბა ადიგენთან ახლოს, სოფელ იჯარეთში ახალი მეჩეთი აშენდება.

მიქელაძე არ ექვემდებარება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, რომელსაც მუსლიმთა თემში საქართველოს სახელმწიფო ერთადერთ უფლებამოსილ ორგანიზაციად აღიარებს.

მიქელაძის სახლის 50 ათას ლარად გამოსყიდვა სახელმწიფოს შარშან სურდა, რათა გადახდილი ფულით მუსლიმ თემს მეჩეთი სხვა სოფელში აეშენებინა; მაგრამ, როგორც ადიგენის მერი ამბობს - ფულის გადარიცხვა ვერ მოხერხდა, რადგან სახლის მეპატრონეს არ სურდა, რომ ფული მუსლიმთა სამმართველოს ანგარიშზე ჩარიცხულიყო; კერძო ორგანიზაციის ანგარიშზე კი რელიგიის სააგენტო ვერ ჩარიცხავდა.

თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ „კერძო პირების საკუთრებაში რელიგიური მიზნით ადამიანების შეკრება დაცულია კანონმდებლობითა და კონსტიტუციური უფლებებით. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აპელირება, რომ შენობაში ადამიანების შეკრება რელიგიური მიზნით უკანონოა, დაუსაბუთებელი და თვითნებურია“.

ორგანიზაციის დირექტორი, თამთა მიქელაძე გვეუბნება, რომ საქართველოს სახელმწიფო ვერ თმობს კონტროლზე დაფუძნებულ ურთიერთობებს და მუსლიმ თემში „აუქმებს რელიგიურ პლურალიზმს“, რაც ჩარევაა რელიგიის თავისუფლებაში, რადგან - „განსაკუთრებით, სუნიტური ისლამი არის დეცენტრალიზებული“ და „არ იცნობს ვერტიკალურ ორგანიზებას და დაქვემდებარებას“.

„წლების განმავლობაში სახელმწიფო ცდილობს, რომ ერთადერთ რელიგიურ ორგანიზაციად, რომელიც მუსლიმ თემს წარმოადგენს, დასახოს სწორედ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და დანარჩენებს თავისუფლად განვითარების შესაძლებლობებს არ აძლევს. ეს გამოიხატებოდა მათ შორის - მეჩეთების გადაცემის საკითხში.

სამუფთო სამმართველოს გადაეცა ის მეჩეთებიც კი, რომლებითაც სხვა რელიგიური ორგანიზაციები სარგებლობდნენ. დაფინანსების საკითხიც მხოლოდ სამუფთო სამმართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტეს და ა.შ., რადგან მას [სახელმწიფოს] აქვს კონტროლი ამ სამმართველოზე“, - ეუბნება თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლებას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ვარაუდობს, რომ მერაბ მიქელაძე წარმოადგენს იმავე ორგანიზაციას, რომელსაც ქობულეთში პანსიონატის გახსნა უნდოდა და ვერ მოახერხა, ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო. ცენტრის ადვოკატირებით, ამ საქმემ სტრასბურგის სასამართლომდეც მიაღწია და სასამართლომ დარღვევაც დაადგინა.
ქობულეთში პანსიონატის გახსნას „საქართველოს მუსლიმთა ურთიერთობა“ ცდილობდა.

რა ხდებოდა მიქელაძის სახლში?

„მერაბ მიქელაძე გახლავართ - თეოლოგი. ჩემს კერძო საკუთრებაში მაქვს ჩემი სამლოცველო“, - ასე გაგვეცნო დაბა ადიგენში, წერეთლის #18-ში მცხოვრები მუსლიმი კაცი, რომელიც დარწმუნებულია, რომ საკუთარ სახლში სამლოცველოს გახსნით ხელს არავის უშლიდა.

ორსართულიანი სახლი აჭარისკენ მიმავალ გზაზე დგას და გამვლელ-გამომვლელი ბევრია. გზად მიმავლების გარდა, მიქელაძესთან სალოცავად რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბებოდა ახლო სოფლებიდანაც და, როგორც გვეუბნება, მლოცველებს შორის ადიგენის მერიის 15-20 თანამშრომელიც იყო „მაგრამ დღეს შეუზღუდეს, ალბათ და აღარ დადიან“.

მერაბ მიქელაძე, რამდენიმე წლის წინ, დაბა ადიგენში აჭარიდან, ხულოს მუნიციპალიტეტიდან ჩავიდა.
საჯარო რეესტრის მიხედვით, დაბა ადიგენში, წერეთლის 18 ნომერში მდებარე კერძო სახლსა და მიწას, 2017 წლიდან, მხოლოდ ერთი მესაკუთრე ჰყავს - მერაბ მიქელაძე.
2023 წლით თარიღდება მის სახელზე დარეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაცია [არასამეწარმეო ოურიდიული პირი] - „იჯარეთი 2023“, რომელსაც კიდევ სხვა 4 თანადამფუძნებელი ჰყავს.

მერაბ მიქელაძე გვიყვება, რომ სახლში ჯერ სამლოცველო გახსნა და შემდეგ - ბავშვების სასწავლო ცენტრი.

ადიგენის მერი ამბობს პირიქით მოხდაო - სახლში ლოცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც „პანსიონი“ „სურსათის უვნებლობამ [სამსახურმა] დაახურინა“, „რახან არ აკმაყოფილებდა არავითარ პირობებს, ელემენტარულსაც კი“.

მიქელაძე ჩვენთან საუბრისას ამ ინფორმაციას უარყოფს და გვეუბნება, რომ სურსათის სააგენტომ ვერ დაადასტურა, რომ ბავშვებს მის სახლში აჭმევდნენ და ახლა საქმე სასამართლოშია.

ინფორმაციის გადამოწმება სურსათის ეროვნულ სააგენტოსთანაც ვცადეთ. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

მერაბ მიქელაძემ 11 მარტს უარყო ადიგენის მერის კიდევ ერთი განცხადება, რომ - ლოცვის შეწყვეტის პირობა დაარღვია.

„არ მაქვს უფლება, რომ მუსლიმი თემის მრევლს დავუშალო, რომ ჩემს საკუთრებაში შემოვიდეს და ილოცოს. ვერ დავუკეტავ კარებს ვერავის. რა თქმა უნდა, პარასკევის ლოცვაც აღვავლინეთ... მაგრამ ჩემი 2-3 მეგობრით ვიყავი იქ“, - ამბობს მიქელაძე 8 მარტს ჩატარებული ლოცვის შესახებ, როდესაც მის სახლთან ხმაურიანი აქცია გაიმართა.

მსგავსი სიტყვები მან 12 მარტსაც გაიმეორა, შეხვედრის დასრულების შემდეგ - ლოცვას არ შეწყვეტს და მასთან მისულებსაც ვერ დაუშლის.

რატომ ითხოვენ ჯგუფური ლოცვის შეწყვეტას დაბა ადიგენში?

ამ დღეებში არაერთი არგუმენტი დასახელდა:

  • დაბა ადიგენში მუსლიმები არ ცხოვრობენ და ამ ადგილს მეჩეთი და სამლოცველო არ სჭირდება;
  • მიქელაძე მორწმუნეების მოზიდვას ხელოვნურად ცდილობს - მაშინ, როცა მიმდებარე სოფლებში არაერთი მეჩეთია;
  • მიქელაძე არავის დაეკითხა - როდესაც ხულოდან ჩამოვიდა, სახლი შეიძინა და იქ სალოცავი გახსნა;
  • მიქელაძე არ ექვემდებარება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს [სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ერთადერთ ორგანიზაციას];
  • მეჩეთი უკანონოდ მუშაობს.

სახლის მეპატრონე არ იზიარებს არგუმენტს, რომ დაბა ადიგენში სამლოცველო არ არის საჭირო.

„დაბაშიც, ქვევით ბინებში, რამდენიმე [მუსლიმი] მოსახლე არის - მე ვისაც ვიცნობ. მაგრამ მთლიანობაში, დაბაში თუ მუსლიმი თემი არ ცხოვრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუსლიმ თემს არა აქვს უფლება დაბაში ლოცვის რიტუალი შეასრულოს. კანონმდებლობაში ასეთი რაღაც არარსებულია... მე რომ აქედან ბათუმში მივდივარ, შუადღის ლოცვა რომ უწევს ქუთაისში, გზაზე ვდგები და ვლოცულობ. არაკანონიერი რამე არის აქა?“, - გვითხრა მერაბ მიქელაძემ 11 მარტს და ამ საკითხზე კიდევ ერთი არგუმენტი მოიშველია:

„ქვაბიჯვარში ეკლესია რომ ააგეს, არის იქ ვინმე ქრისტიანი? მუსლიმი თემის გარდა არის იქ ვინმე? არის იქ საჭიროება? მაგრამ ჩვენ ღვთიურ შენობა-ნაგებობას ყოველთვის პატივს ვცემთ, სადაც ლოცვები სრულდება. თუ გინდათ ეს ოჯახი იყოს, თუ გინდა ეკლესია იყოს“.

„ლოცვა საქართველოში კანონდარღვევა არ არის. არ არის საჭირო მუსლიმთა სამმართველო, რომ მაინცდამაინც - ლოცვის უფლება დართოს თუ არ დართოს [ვინმეს]... თავის სახლში უნდა ილოცებს, უნდა არ ილოცებს“, - უთხრა 11 მარტს რადიო თავისუფლებას სამცხე-ჯავახეთის მუფთმა, მამუკა ვაშაყმაძემ, რომელსაც ვკითხეთ - მერის მსგავსად, ისიც ხედავს თუ არა კანონდარღვევას მერაბ მიქელაძის საქმიანობაში.

თუმცა მუფთი იქვე განმარტავს, რომ მუსლიმთა სამმართველოსთან თანამშრომლობით, მსგავსი გამოწვევები თავიდან იქნებოდა აცილებული:

„კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ ყველას ჰქონდეს თავისი ორგანიზაცია [და ილოცონ], მაგრამ ასეთი შემთხვევების შემდეგ, გვიწევს მაინც მუსლიმთა სამმართველოს უკვე ჩარევა... როცა საზოგადო საქმეს, დიდ საქმეს აკეთებ - ერთმანეთთან შეთანხმება კარგია. შენ შეიძლება არ გინდოდეს მუსლიმთა სამმართველოსთან თანამშრომლობა, მაგრამ მეგობრობაზეც უარი არ უნდა თქვა. გვაქვს დიდი გამოცდილება და იმისდა მიხედვით მივცემდით რჩევებს“.

მერაბ მიქელაძემ კი იცის, რომ მუსლიმთა სამმართველოზე დაქვემდებარება „კერძო საკუთრების გადაფორმებას“ ნიშნავს.

„გამოეთრიე“

„გაგიხევ სახეს, შე ნაგლო კაცო, შენ... დედას ვფიცავარ, თუ არ დაგტოვო კოჭლი სამუდამოდ. გამოეთრიე გარეთ, ბიჭო... ეს შენი სახლი არ გეგონოს, შენი ვერასდროს ვერ იქნება... “ - ისმის „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში სასულიერო პირის ხმა, რომელსაც მერაბ მიქელაძის სახლის კართან, პოლიციელები ძლივს აკავებენ.

ეს ამბავი 8 მარტს მოხდა, როცა მერაბ მიქელაძის სახლთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა და ერთი ჯგუფი, სასულიერო პირებთან ერთად, მეპატრონის ნების საწინააღმდეგოდ, ეზოშიც შევიდა.

ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკოლოზ გეწაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ „ზოგიერთი ფრაზა“ მას ეკუთვნის, მაგრამ განმარტავს, რომ „კონტექსტიდან ამოგლიჯეს“, ხოლო თავად „ჭორიკნობას“ არ დაიწყებს და არ იტყვის - მერაბ მიქელაძის მხრიდან წამოსულ კონკრეტულად რა ქმედებებსა და სიტყვებს მოჰყვა მისი რეაქცია.

„მე პირადად შეურაცხმყონ, რამდენიც გაეხარდებათ და როგორც რუსები იტყვიან - „სკოლკო ვლეზეტ“ [сколько влезет], მე დავხრი თავს და მოვითმენ, მაგრამ როცა ჩემს თვალწინ შეურაცხყოფ იმ ხალხს, ვინც შეწუხებულია იქ და როცა შენი შეურაცხყოფა გადადის მთლიანად ეკლესიაზე, ამას, ბოდიში და, არ გაპატიებ რაა“, - არქიმანდრიტი გვიხსნის, რომ მიქელაძის სახლთან მრევლი კი არ მიიყვანა, არამედ - აღელვებულ მრევლს მიჰყვა; მრევლის მღელვარება კი - ძირითადად თავად უპატივცემლობის განცდამ გამოიწვია.

„არის პროვოკატორი და მაგიტომ. უზრდელია... ჯერ, ელემენტარული - არავის, დაწყებული ხელისუფლებიდან - უპირველეს ყოვლისა, არავის არ დაეკითხა - როდესაც მის ე.წ. სახლში ადგა და დაიწყო საკულტო ნაგებობის შექმნა. ვინ მისცა ამის უფლება? ვის ჰკითხა?... თუ ამბობენ, რომ მუსლიმები არიან, ვის ემორჩილებიან? მუსლიმთა მთავარ სამმართველოს არ ემორჩილებიან. მაშინ ვინ არიან ეს ხალხი? ვის ინტერესს ატარებენ?

სადაც ცხოვრობ და გაქვს ლოცვისთვის ყველაფერი, კეთილი ინებე და იქ იყავი... აქ ჩამოდიხარ იმისთვის, რომ მონიშნო? ცუდი ძაღლი ხარ, რომ მონიშნო ის ადგილი იმისთვის, რომ მერე შენი გეგონოს? ეგრე არ არის“, - ამბობს ზარზმის მონასტრის წინამძღვარი.

ხულოს მუფთმა, ასლან აბაშიძემ "ბათუმელებს" უთხრა, რომ ადგილობრივი სასულიერო პირი - ნიკოლოზი - რაზმავდა ხალხს - „თავიდან 9-10 კაცი აიყოლა, ძალოსნები მოჰყავდა, შემდეგ ნელ-ნელა მოამატა მხარდამჭერები“ და ცდილობს, რომ „კონფლიქტი გააჩინოს ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის“.

„გიჟი ხომ არ ვარ, მივუვარდე უმიზეზოდ“, - გვითხრა არქიმანდრიტმა, რომელიც მერაბ მიქელაძის სახლის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას უჭერდა მხარს:

„ეგ არის უალტერნატივო - ეგ [სახლი] უნდა გამოისყიდოს მერიამ, მისცეს ვინც არის უსახლკარო და ხალხმა იცხოვროს, როგორც წესი და რიგია, რადგან ის არის სახლი და არა საკულტო ნაგებობა... ყველას აქვს იმის საშუალება, რომ თავიანთ სოფლებში დაბრუნდნენ და ილოცონ - ყველგან მეჩეთია“.

„მივმართავთ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს - დროულად მოიკვლიონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“, - წერს თავის განცხადებაში საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, რომელმაც 8 მარტს მომხდარში „ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა“ დაინახა.

სამცხე-ჯავახეთის მუფთი, მამუკა ვაშაყმაძე სურვილს გვიზიარებს, რომ - „ეპარქიაში, ვისაც ექვემდებარება ეს სასულიერო პირი, ეპარქიამ მაინც განცხადება გააკეთოს, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“.

„ბილწსიტყვაობას, შეურაცხყოფების მიყენებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით და არ ვიმსახურებთ მუსლიმი თემი და ზოგადად არავინ უნდა იჩაგრებოდეს და არც არავის უნდა ემუქრებოდნენ“, - აღნიშნავს მუფთი.

სამცხე-ჯავახეთის ეპარქიასა და საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არ გაუკეთებიათ.

შს სამინისტროში კი, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 8 მარტს ადიგენში მომხდართან დაკავშირებით, არცერთ ეპიზოდზე არანაირი გამოძიება არ დაწყებულა და თუკი რაიმე შეიცვლება, შეგვატყობინებენ.

„მამუკას [ვაშაყმაძის] და ზოგადად აჭარლების მისამართით იქ არაფერი არ ყოფილა ნათქვამი. საწყენი იცით რა არის?! როდესაც ქრისტიანები გამოგყავართ მოძალადეები“, - ასეთია არქიმანდრიტ ნიკოლოზის პასუხი. მან გვითხრა, რომ მუსლიმები სამცხე-ჯავახეთში სრული თავისუფლებით სარგებლობენ და სიტყვაც კი არავისთვის უთქვამს, როცა, მაგალითად, „კახარეთში დაიწყეს ახალი მეჩეთის მშენებლობა“, ანდა ზარზმის მონასტერთან ძალიან ახლოსაც ახალ მეჩეთს აშენებენ.

შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, პოლიციას მივმართე

„არანაირი, არანაირი, არანაირი ეგეთი რაღაც არ მომხდარა. ჩემს დაუკითხავად ჩემს საკუთრებაში ჩამოვიდა, ყველამ ნახა - რამდენი პირი, და ვალდებული ვიყავი გარეთ გავსულიყავი და მეთქვა, რომ... მივმართე პოლიციასაც - რომ ჩემი საკუთრებაა და კანონმდებლობით არა აქვთ უფლება და მოვითხოვე, რომ ეს ხალხი გასულიყო გარეთ. აქ რა არის ცუდი ან გამაღიზიანებელი რა არის?! არანაირი შეურაცხყოფა არ გამომიყენებია და ცუდი სიტყვა არ მითქვამს იმის შემყურეს, რაც მათ წარმოადგინეს და გამოხატეს“, - გვეუბნება დაბა ადიგენში მდებარე სადავო სახლის მეპატრონე.

ასევე ნახეთ კანონი რელიგიის შესახებ და ქმედითი სახელმწიფო - რას ითხოვენ ადიგენში სასულიერო პირები

მაშინ, როცა მერაბ მიქელაძის სახლთან ხმაური იყო, სამართალდამცველებმა ადგილზე მისვლის უფლება არ მისცეს რეგიონული ტელევიზიის - TOK TV-ის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ჟურნალისტ/ოპერატორს მიშო დარბაიძეს.

შეკითხვაზე - „რატომ?“, მან მიიღო პასუხი - „იმიტომ“ და ეს დარბაიძის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს. გვეუბნება, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის აშკარა ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველი სტრუქტურიდან განმარტებები არც მას შემდეგ მიუღიათ.

დაუსჯელობა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს, რომ - დაბა ადიგენში 2024 წლის 8 მარტს განვითარებულ მოვლენებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს. კერძოდ, მისი მოწოდებაა, რომ გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით, რაც დევნას გულისხმობს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირებმა, მათ შორის ნიკოლოზ გეწაძემ, მუსლიმებს შენობის დატოვება მანამდეც მოსთხოვეს - 8 მარტამდე ერთი კვირით ადრე და „მუსლიმი თემის შევიწროების მსგავსი ეპიზოდი მოხდა 2023 წლის ივლისის თვეშიც“.

„ჩვენ გვახსოვს 2013 წლის მოვლენები, 2014-ის, 2016-ის, 2018-ის... ეს იყო განგრძობადი ჯაჭვი - რელიგიური შევიწროების, დისკრიმინაციის, ძალადობის და ეს პრობლემები, რაც წარსულში იყო - არ გადაწყვეტილა რეალურად“, - თამთა მიქელაძე გვეუბნება, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში აღრიცხული არაერთი მსგავსი ფაქტი სწორედ დაუსჯელობით არის წახალისებული.

თვლის, რომ „სახელმწიფომ ყველა ეს ჭრილობა ღიად დატოვა“ და არ იმუშავა იმ განწყობების და წარმოდგენების მიზეზებთან დასაპირისპირებლად - „რომლებიც გარკვეულ ჯგუფებს თავს აგრძნობინებს პირველხარისხოვან მოქალაქეებად“ და „დომინირების შესაძლებლობას აძლევს“.

სხვადასხვა დროს, ხმაურიანი ფაქტები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭელაში, მოხეში, ადიგენსა თუ ქვაბიჯვარში მოხდა.