„დააყენეს კედელთან და დახვრეტის იმიტაცია მოუწყვეს“, - გამოტოვებული პოეტი ნიკო სამადაშვილი

ნიკო სამადაშვილი (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არქივიდან).

ნიკო სამადაშვილი - პოეტი, რომელიც ქვეყანას, დროს, ეპოქას გამორჩა, გამოეპარა.

იშვიათად, რომ ადამიანმა 60 წლამდე იცოცხლოს, მთელი ცხოვრება ლექსები წეროს და ისე წავიდეს, რამდენიმე კაცის გარდა ვერავინ დაინახოს. 1 მაისს ნიკო სამადაშვილის გარდაცვალებიდან 60 წელი შესრულდა.

ნიკო სამადაშვილი 1905 წლის 19 ივლისს, თბილისში დაიბადა. ორი წლის იყო, მამა რომ დაეღუპა. ობოლი ბავშვი ბებიამ სოფელ ხიდისთავში წაიყვანა და იქ გაზარდა.

ნიკო წერდა:

„საცოდავი მამა! ოცდათორმეტი წლის კაცი გამოესალმა წუთისოფელს. რა ცოტა ხანი ჰქონდა დარბაზობა ამ წყალწაღებულ ქვყნიერებასთან.

ნიკო სამადაშვილი

საოცარია, რომ არასოდეს არც დედას, არც დიდედას, არც რომელიმე ახლობელს, არავის უამბნია ჩემთვის მამის შნო, ხასიათი, ლაზათი, თუნდაც სიმახინჯე, და როცა მის სურათს ვუცქერი, ვხედავ შავგრემან, შავთვალება ადამიანს, მაგრამ ნერვულად შეკრულ ტუჩებს, ახალ ბზარგადაყრილ სახის კუნთებს. ჰო, ვხედავ კი არა, ვგრძნობ კიდევაც.

მარცხენა ხელი ჩემს თოთო წელზე შემოუხვევია, თითქოს მის სახეზეც გამოკრთის კმყოფილება და სიამაყე მემკვიდრე ვაჟისადმი. მე ორი წლის ბალღი არც კი ვიქნები, რომ ვზივარ მშობლების შუაში მაღალ სკამზე.

ორი წლისა და ექვსი თვის ვიყავი, რომ მამიდან ობოლი დავრჩი.

ის წავიდა, მე დავრჩი: წამებისთვის, ტანჯვისთვის, არამზადობისთვის, სივალალისთვის“.

ნიკო სოფელში იმ გათვლით წაიყვანეს, რომ მისგან მეურნე გამოეზარდათ. მაგრამ ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოვიდა. საქმეზე გაგზავნილ ბიჭს ხან ერთ ვენახის ძირში პოულობდნენ წიგნით, ხან მეორესი. ნიკომ ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ - გიმნაზია. აქ გაიცნო ლიტერატურათმცოდნე ერეკლე ტატიშვილიც. როდესაც ერეკლე გორიდან თბილისში წამოვიდა, ნიკოც წამოიყვანა.

„ერეკლეს უთქვამს, ნიკო ევროპული ყაიდის, დიდი პოეტიაო. ერეკლე რომ დაიჭირეს, ნიკოც მიაყოლეს, როგორც მისი ახლობელი. პოლიტიკური ბრალდებით იჯდა. ხომ იცოდნენ მისი ლექსები: „ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ, საქართველოდან გამოგვრეკავენ“, ან „უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს, უკანასკნელი ქრისტიანები“... ვიცი, რომ დააყენეს კედელთან და დახვრეტის იმიტაცია მოუწყვეს“, - ჰყვება ნიკოს შვილი ნუგზარ სამადაშვილი.

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,

შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,

სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,

გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.

ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,

შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,

ზეცა სივრცეებს აზანზარებდა

და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.

შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,

თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,

ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,

ლექსები ტანზე გამონაყარი“ (ნ.ს.).

თავის დროზე მწერალმა თამაზ ჩხენკელმა ნიკო სამადაშვილის პოეზია ასე შეაფასა:

„მისი ლექსები მოგვაგონებს გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც თუმცა კი ამჩნევიათ კოჟრები და

ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ პოეზიის ძელგი, შეურყვნელი, მაგარი ღვინით არიან სავსენი“.

ასევე ნახეთ ვერდავიწყებული დიდი პოეტი

ლიტერატორი ზურაბ კიკნაძე კი წერდა: „უკანასკნელი ქრისტიანები“, „ბეთანია“ მთლიანად გასენილია ტრაგიკული განცდით და ასოციაციებით, რასაც თავად ბეთანიის მიწა ინახავს. იქ მიმავალ პილიგრიმთა ხედვაში იღვიძებს ლეგენდა თუ ისტორია, ტაძრის სანახებს შენივთებული: „ხევში მდინარე შემოგვეფეთა - შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო“, ამიტომაც „ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად, რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ“, ისტორია: „აქ დანდობილი გლეხი სახრეზე, აქ შესწრებია ორშაბათ დღეს“. ორშაბათში განსაკუთრებული სიმბოლო მარხია, რაღაც ხალხურ-ტრადიციული: „კვირაძლის მწუხრზე ჰგავდა ორშაბათს და გულის კვამლი უწვავდა თვალებს“ (ლექსიდან „დაითენთა“), ის ორი სტრიქონი ასე გაგრძელდება: „ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე - ჯალალედინის შემოკრულ სილას“. ლაშა - საქართველოს პერსონიფიკაცია, ჯალალედინი - „საქართველოს უკვდავი მტერი“. და ეს ფრაგმენტი გულისმომკვლელი ლეგენდისა თუ მითისა: „აქ თავისი თათით ითხრიდა საფლავს მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი“, რასაც არაორაზროვნად ეხმიანება პილიგრიმთა ბედი. „ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი“...

ნიკო სამადაშვილის ხელნაწერები

სასჯელის მოხდის შემდეგ, ნიკომ ლექსების დაბეჭდვა სცადა. ერთი-ორჯერ მიიტანა რედაქციაში, მაგრამ არ მიიღეს. ის კი არა, პოლიტიკური წარსულის გამო, სამსახურის შოვნაც არ გამოსდიოდა. ოჯახს ძალიან რომ გაუჭირდა, მისმა ცოლმა, მარიამმა მუშაობა დაიწყო.

„ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცოლ-შვილი გადასახლებიდან რომ ჩამოვიდნენ, ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ, იქ სამკერვალო ჰქონდათ და იქ დაიწყო დედამ მუშაობა...“ - იხსენებს ნუგზარ სამადაშვილი.

ლიტერატურათმცოდნე გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ ნიკო სამადაშვილს არც როგორც შემოქმედს გაუმართლა და არც როგორც ადამიანს.

„თუმცა, პოეზიას გაუმართლა იმ მხრივ, რომ ნიკო სამადაშვილი არსებობდა. იშვიათად მინახავს ავტორი, რომელიც ამ მასშტაბით ფლობდეს კონვენციურ ლექსს, ასე ზუსტად იყენებდეს მეტაფორებს, ასე სადა და ამავდროულად შთამბეჭდავი იყოს მისი ლექსების რიტმიკა. მაგალითად, ლექსი „აგარაკი“ არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორი უნდა იყოს კარგი, კონვენციური ლექსი. ის უბრალოება, რომელიც სხვა ავტორის ხელში შესაძლოა პრიმიტიულად მოგვჩვენებოდა, მასთან შესანიშნავ ლექსს გვაძლევს.

რეალურად ნიკო სამადაშვილი მართლაც გამოტოვებული ავტორია და ეს დღესაც გრძელდება, რადგან გარკვეული წრეების გარდა, მის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის“, - ამბობს გიორგი კეკელიძე.

1963 წლის 1 მაისს ნიკო სამადაშვილი ბელინსკიზე მოდიოდა, როცა ცუდად გახდა და ქუჩაში წაიქცა. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დამარხეს საბურთალოზე.

„არსად არასდროს მე არავინ არ მეყოლება, და ჩემ მკვდარ სხეულს ჩემი ხელით დავასაფლავებ“, - წერს ლექსში „კარების გაჯახუნება“.

„ზვიად გამსახურდია მიიჩნევდა, რომ ნიკო დიდი პოეტი იყო. უნდოდა მთაწმინდაზე გადაესვენებინა, ჩემს დას ესაუბრა ამაზე“, - ამბობს ნუგზარ სამადაშვილი.

ნიკო სამადაშვილის ლექსები პირველად 70-იან წლებში გამოქვეყნდა, მოგვიანებით დაიბეჭდა მისი პირველი კრებულიც. დღემდე საქართველოში არ არსებობს ნიკო სამადაშვილის სახელობის ქუჩა, ან რამე სხვა ადგილი. ასევე არსად დგას მისი ძეგლი ან ბიუსტი.