თუკი არსებობს ვინმე, - და ასეთი არცთუ ცოტაა, - ვისაც "არ წაუკითხავს, მაგრამ გმობს" და "გმობს, მაგრამ არ უნახავს", ისეთებიც არსებობენ, ვისაც "არ წაუკითხავს, მაგრამ მოსწონს" ან "უკვე მოსწონს, მაგრამ არ უნახავს".
ვაღიარებ, ზოგჯერ სწორედ იმათ შორის ვარ, ვისაც გარკვეულ შემთხვევებში წინასწარ, უნახავად ან წაუკითხავად, მოსწონს რაღაცა, რაც წინმსწრებად არ მოეწონებათ "უღირებულებო" ან განსხვავებული "ღირებულებების" მქონე საზოგადოებრივ ჯგუფებს.
Your browser doesn’t support HTML5
ასე, მაგალითად, რაკი ვიცოდი, რომ "პრიმაკოვის ფონდის" ხელმძღვანელებს, ათასნაირ მანიპულატორ-შერეკილს, მჩაგვრელსა თუ, უბრალოდ, მისგან განსხვავებულის მიმართ შიშით შეპყრობილს დაგეგმილად და უნახავად შესძულდებოდა გახმაურებელი და, არ ვაჭარბებ, აწ უკვე საკულტო ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ", თავისუფლების იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც ჩემთვის არის ფასეული, ადამიანთმოძულე ჯფუფების მსგავსად, მეც უნახავად გამოვუტანე ფილმს განაჩენი, ოღონდ ერთმნიშვნელოვნად კეთილგანწყობილი: "არ მიყურებია, მაგრამ მომეწონა!"
ფილმი, ბოლოს და ბოლოს, არც მაინტერესებდა (აკი ამიტომაც დავწერე, ღირებულებების გამო, უნახავად მომწონდა-მეთქი), რადგან რატომ უნდა მენახა ფილმი, როცა ის ისედაც მომწონდა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც კაცთმოძულეებს ეზიზღებოდათ?!
ჩემთვის ხომ ისედაც ცხადი იყო, ზოგადად, პუტინიზმისა და, სახელდობრ, ამ ჯგუფების მოქმედების სქემა, რადგან თუკი კრემლი "ბორდერიზაციითა" და სხვა მავნებლობებით ცდილობს საქართველოს არასტაბილურ და შეუმდგარ ქვეყნად წარმოჩენას, ამათი გეგმა საქართველოს არაცივილიზებულ და უკულტურო ქვეყნად ქცევაა, რაც ერთიანი "გეგმის" შემადგენელია, ამიტომ რა საჭირო იყო ფილმის ნახვა, როცა უნახავადაც ვიცოდი, ვის მხარეს უნდა ვყოფილიყავი.
მით უმეტეს, როცა გავიგე, რა თემას ეხებოდა ფილმის ავტორი, ეჭვი გამიჩნდა, რომ რეჟისორს ერთგვარ პრაგმატულ სტრატეგიად "შეერჩია" რიგ კინოსაფესტივალო ტენდენციებზე მორგებული კონიუნქტურულობა, სადაც ნაწარმოების წარმატებას ხშირად "პრობლემური" თემატიკა უფრო განსაზღვრავს, ვიდრე ესთეტიკა და ავტორთა ინდივიდუალიზმი.
რამდენიმე დღის წინ კი ცხოვრებამ, უფრო სწორად, კულტურამ, რომელიც, გვინდა თუ არა, სწორედ ჩვენს მსოფლმხედველობაზე ახდენს გავლენას, სრული სიცხადით დამანახვა ჩემივე სტერეოტიპული მიდგომის უსამართლობა, რადგან ფორმულა "არ მინახავს, მაგრამ მომწონს" ისეთივე აბსურდი ყოფილა, როგორც ბრიყვული "არ მინახავს, მაგრამ ვგმობ".
ამ თითქოსდა ბანალურ ჭეშმარიტებაში კი მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი თვალით ვიხილე "და ჩვენ ვიცეკვეთ", რომელმაც სწორედ როგორც ღრმა, დამაფიქრებელმა, ემოციურმა და მართალმა ხელოვნებამ, როგორც კარგმა კინომ, მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება და არა როგორც "თემამ", და პირველად დამაეჭვა ცნობილმა მარკეტინგულ-ფსიქოლოგიურმა არგუმენტმა, რომ თურმე ანტირეკლამაც რეკლამა ყოფილა.
არა, ამ შემთხვევაში სულაც არ ყოფილა ანტირეკლამა რეკლამა, რადგან "პრიმაკოვის ფონდის" მსტოვრებმა თუ პოპულისტ-კაცთმოძულეებმა ამ მრავალმხრივად საინტერესო და, გადაუჭარბებლად, ჩვენი დროისა და რეალობისთვის ისტორიული ფილმისთვის შეუსაბამოდ ზედაპირულ სიბრტყეში გადაისროლეს მისი დამცველები თუ წინასწარ შემძულებლები.
ეს უაღრესად სერიოზული ფილმი ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ იდიოტურად პრიმიტიულ (მაგრამ, თვალთმაქც-ფანატიკოსების გამო, სახიფათო) სკანდალს, რომელიც ფონად მიჰყვა საპრემიერო ჩვენებებს, რადგან საშიშროება გაჩნდა, რომ ხელოვნება ჩვენს ზერელე და გამმეტებლურ პოპულისტურ კონფლიქტებში ჩაიკარგებოდა.
მაგრამ ფილმი მთავარი გმირის გამომწვევად ინდივიდუალური ტრიუმფით, ანუ ადამიანისთვის და არა ბრბოსთვის მეტყველი ხელოვნების გამარჯვებით სრულდება.
ხოლო ვისაც ამ ფილმის ეშინია, თურმე არ ცდებოდა, რადგან კარგი ხელოვნება მართლა გვცვლის...