„აი, ას მეტრშია ის ადგილი, სადაც კაშხალი შენდება. ჩვენი ჯვარიც მანდ იდგა, რომ მოგვიგლიჯეს“, - ხელით იჩრდილავს შუბლს და გზას გაჰყურებს რიონის ხეობის ერთ-ერთი გუშაგი, წარმოშობით ტვიშელი რაფიელ ლომთაძე. ოთხშაბათია. მისი მორიგეობის ღამე.
რიონის ხეობის დარაჯებისთვის ნამახვანჰესის მშენებლობის (დადგმული სიმძლავრე - 433 მგვტ) საწინააღმდეგო პროტესტის ასმერვე დღეა.
„დღეს ბევრი ხალხია, ხუთი მარტო გადამღები ჯგუფი იყო მოსული“ - გვეუბნება მარიტა მუსელიანი. ნამახვანჰესის მიმართ ინტერესი არ ცხრება.
ხალხი აქ დღის განმავლობაში ხან მცირდება, ხან ისევ მატულობს. მთავარია, რომ პროტესტის ადგილას ყოველთვის ვიღაც არის.
„მეწყრული ზონა“ - ამ წარწერით ქუთაისი-ნამოხვანის გზაზე გამაფრთხილებელი ყვითელი აბრები თითქმის ყოველ კილომეტრში შეგხვდებათ - აბრის შინაარსს ხან დამეწყრილი ეზო ადასტურებს, ხან მთის ჩამოშლილი კალთა გეუბნება, რომ ტყუილად არ გაფრთხილებენ.
წყალტუბოს სოფელ ჟონეთთან პროექტის განმახორციელებელი კომპანიიის, „ენკა რინიუებლზის“ ბაზა შეგხვდებათ. მძიმე ტექნიკა კიდევ რამდენიმე ადგილას დგას. რიონის ხეობის გუშაგების პროტესტი სამი თვის წინ სწორედ ჟონეთიდან დაიწყო. მაგრამ შემდეგ იქ მათ პოლიციამ კარვები დაუშალა და იძულებულები გახდნენ, უფრო ზემოთ, სოფელ ნამოხვანისკენ გადაენაცვლათ.
ღამეს ლალი ეფრემიძის ყანის ადგილზე ათევენ - ლალის ყანა აქ დარჩენილი ერთადერთი გაუყიდავი ტერიტორიაა. ლალი მის გაყიდვაზე უარს ამბობს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწა წინაპრებიდან მოყოლებული ლალის ოჯახის საკუთრებაა, მის დარეგისტრირებას ის ამ დრომდე ვერ ახერხებს. სანამ საკითხი ასე გადაუწყვეტელია, რიონის ხეობის გუშაგები ამ ტერიტორიაზე რჩებიან - თუმცა ლალიც და სხვებიც ყოველდღე მოელიან, რომ აქაც მოადგებიან და ტერიტორიის დატოვებას მოსთხოვენ.
ლალი სადარაჯოზე ჯერ არ გამოჩენილა. ქუთაისში, თავის გამომცხვარ ხაჭაპურს გაყიდის თუ არა, დაბრუნდება. ეს ახლა მისი მთავარი შემოსავალია - ამიტომ ვერ გაჩერდება.
ნამახვანის ჰესების კასკადი - რა შენდება და ვინ აშენებს?
თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ის საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი იქნება. ჰესი შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.
კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს.
ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 60 მეტრი იქნება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება.
საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი.
წლიური გამომუშავება 1500 გგვტ.სთ.
საინვესტიციო ღირებულება 800 მლნ აშშ დოლარი.
განმახორციელებელი კომპანია: შპს „ენკა რინიუებლზ“.
ნამოხვანის შემდეგ უკვე სოფელი მექვენა, დერჩი, კიდევ უფრო იქით ტვიში, ორხვი, ქორენიშია. სხვა სოფლებიც, რომლებიც დატბორვის ზონაში ხვდება. იქამდე ორმოებით სავსე, დანგრეული გზა მიდის და 20 კილომეტრის გავლას, სულ ცოტა, ერთი საათი სჭირდება.
კომენდანტის საათის დაწყებამდე გზაზე სახელდახელოდ შეკრულ გადახურულში რჩევიან, მერე კარვის ტერიტორიაზე უნდა გადაინაცვლონ, თორემ დაჯარიმება არ ასცდებათ. შორიახლოს მუდმივად დგას პოლიციის მანქანა.
კარავში ღამის გასათევად ხეობის გუშაგებს თავ-თავიანთი დღე აქვთ. რაფოს ჯემალი ცვლის, ჯემალის იმედა, იმედას გოჩა, გოჩას მამუკა, მამუკას როლანდი, როლანდის კახა და ა.შ. ლალიც, მარიტაც და მაკაც თითქმის სულ იქ არიან. სხვებიც.
ვარლამი კი, რომელიც ამ პროტესტის შესახებ ფეისბუკლაივებით თითქმის ყოველდღე გვიყვება ამბებს, იქაურობას მხოლოდ რამდენიმე საათით თუ დატოვებს - მერე ისევ უკან ბრუნდება.
ცეცხლი შებინდებისას ინთება - გარეთ ჯერ კიდევ ზამთრის სუსხია. მთავარი სალაპარაკო თემა რიონის ხეობა და მისი მომავალია. ხანდახან ამ ლაპარაკს მძიმე ტექნიკის ხმა ერთვის.
მთის ხან ერთი ფერდიდან ისმის კლდის ნგრევის ხმა, ხან მეორიდან, ზოგან მიწას თხრიან, ზოგან ხე იჭრება - ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.
ასევე ნახეთ ნათია თურნავა: "ინვესტორს გადაეცა მხოლოდ ის მიწა, სადაც განთავსდება ჰიდრონაგებობები"ნამახვანჰესის აშენებას სახელმწიფო მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია. ასევე ირწმუნება, რომ ამ მშენებლობით ხეობას საფრთხე არ დაემუქრება. რომ ყველა საჭირო კვლევა ჩატარებულია. რომ ეს არის ერთადერთი გზა განვითარებისთვის. ხოლო ისინი, ვინც ჰესის მშენებლობას მხარს არ უჭერენ, ამ განვითარებას აფერხებენ.
რიონის მცველების შიშს, რომ ხეობას ჰესის მშენებლობა გაანადგურებს, ახალახანს ახალი სადარდებელიც დაემატა - სახელმწიფოს და კომპანიას შორის ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროების შემდეგ გაირკვა, რომ ინვესტორს ტერიტორიის ნაწილი 99 წლით, მართვის უფლებით გადაეცემა. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტი“ წერს, რომ კომპანიას რიონის ხეობაში აქვს 322 ჰა მიწა საკუთრებაში და 283 ჰა ტერიტორია 99 წლის ვადით სარგებლობაში. ჯამში, 605 ჰექტარი).
ვარლამი
ვარლამ გოლეთიანი 27 წლისაა. პროტესტის პირველივე დღეებიდან სწორედ ის უყვება საზოგადოებას, რას და რატომ აპროტესტებენ რიონის ხეობის მცველები და რატომ მოითხოვენ ასე კატეგორიულად დატოვოს კომპანია "ენკამ" ხეობა.
„მალე რომ არ მორჩებოდა ეს ამბავი, ეგ განცდა მქონდა, მაგრამ თუ ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ალბათ, მაინც არ მეგონა. სამი თვეა აქ ვდგავართ, მაგრამ სამი წელია აქტიურად ვაპროტესტებთ. ეს სამი წელი ისეთივე ემოციური წნეხის ქვეშ ვართ, როგორც ამ ბოლო თვეებში. მაგრამ ახლა აქ რომ ვდგავარ, ვიხარჯები მაინც ამ საქმისთვის და თითქოს შინაგანად უფრო თავისუფალი ვარ.
ეს პროცესი რომ დაიწყო, ჩვენ უკვე კრიტიკულ კითხვებს ვსვამდით. სახელმწიფოს და კომპანიას კი ისიც არ უნდოდათ, რომ მათ შეკრებებზე მივსულიყავით და ეს კითხვები დაგვესვა. მოიყვანდნენ იმ ხალხს, ვისაც კომპენსაცია გადაუხადეს, მომხრეებს, ლობისტებს. დავსვამდით თუ არა კითხვას, დავუშვათ, სამინისტროს მისამართით, უცებ, ვინმე აყვირდებოდა, პროვოკატორები ხართო. არც ერთხელ მშვიდ ვითარებაში ჩვენს კითხვებზე არავის უპასუხია. მერე კი სამუშაოებიც დაიწყო და კითხვების დასმა აღარ იყო საკმარისი.
ასევე ნახეთ 105 დღე - 105 ღამე: ბრძოლა რიონის ხეობისთვისადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენ, ზოგადად, ჰესების მშენებლობას ვებრძვით და არ გვესმის მისი მნიშვნელობა. სინამდვილეში, ჩვენი მთავარი კითხვაა - რამდენად არის შესაძლებელი და მიზანშწონილი კონკრეტული პროექტის განხორციელება აქ, ამ ადგილას, ამ შენობაში.
ერთ შეხვედრაზე ჩვენმა ოპონენტებმა გვკითხეს - როგორ შეიძლება ქვეყანაში ასი ჰესი შენდებოდეს და ასივეს წინააღდეგი იყოთო. იცით, რა არის ჩვენი პასუხი? ის, რომ ასივე ჰესის შემთხვევაში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი გააკეთა ერთმა კომპანიამ. „გამა“ კონსალტინგმა.
ეს პროპაგანდისტული აზრია, რაც ადამიანებზე კარგად მუშაობს - აი, არც ერთი ჰესი არ მოსწონთ. ჩვენ კი ვამბობთ, რომ გარემოა კორუმპირებული. და რომ ერთი კომპანია წერს ასეთ დოკუმენტებს და თან ისეთი, რომლის რეპუტაციაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
კიდევ, იცით,საქმე რაშია? თუ ჩვენ კარგად წავიკითხავთ და ჩავხედავთ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშკრულებას, შეიძლება გარემოზე საუბარი საერთოდ მეორეხარისხოვნად მოგვეჩვენოს იმასთან შედარებით, რაც იქ წერია. ვგულისხმობ, როგორც მიწის გადაცემას 99 წლის სარგებლობით, ისე წიაღისეულით სარგებლობის საკითხს, ტარიფს და ა.შ.
ისეთი განცდა მაქვს, თუ ისე განვითარდა მოვლენები, როგორც მათ უნდათ, ამ ხეობაშიც და სხვა ხეობებშიც ასეთი არაგონივრული პოლიტიკით წავიდა ყველაფერი, საკუთარი თავის დასასრულს ვხედავ ამაში. შეიძლება გადაჭარბებულია ემოციურად და იმის ბრალია, რომ ამდენი ხანია აქ ვდგავარ. საერთო რა აზრი აქვს მაშინ რამეს? კი, სასოწარკვეთილების განცდაც მეუფლება.
მიუხედავად იმისა, რომ სულ ტალახს გვესვრიან და ცდილობენ ჩვენი საზოგადოების მარგინალურ ნაწილად წარმოგვაჩინონ, ვეცდებით, რომ ვილაპარაკოთ სიმართლე. ეს სიმართლე ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვრცელდება.
მე მაინც მგონია, რომ აუცილებლად დატოვებს აქაურობას „ენკა“. იმიტომ, რომ ეს არ არის საყდრისივით პროექტი, რომ ააფეთქო და დასრულდეს და მერე რაც უნდა აპროტესტო აზრი აღარ ჰქონდეს. ეს გრძელვადიანი პროექტია, დროში გაწელილი, შვიდი წელი მაინც უნდა შენდებოდეს და მგონია, რომ ამ პერიოდში, აქ აუცილებლად შეგროვდებიან იმ რაოდენობის ადამიანები, რომლებიც ამას შეაჩერებენ. ოღონდ არა ქვით, არამედ ღირსეულად. სიტყვით. და მეც სულ ვიქნები აქ. თუ, ცხადია, რამე არ დამემართება.
იცით, აქ როგორ რამეს ვაწყდებით? მაგალითად, მოვიდა გუბერნატორი ან ვინმე სხვა მოხელე. ეს ხალხი თავიანთ თავს აყენებს უფრო მაღლა. აქ მყოფი ხალხი, ამ ხეობის მოსახლეობა ამას აშკარად გრძნობს. მეტი შეურაცხმყოფელი რა უნდა იყოს, როცა შენს მიერ არჩეული ხელისუფალი მოდის და გეუბნება, შენ რა იცი! მე ვიცი! და თუ ვინმემ გაბედა თქვა, მეც ვიციო, დაარტყამენ „დუბინკას“.
გამოვა მერე მინისტრი და იტყვის, აი, შეიქმნა სამუშაო ადგილები! სამუშაო ადგილი წყვეტს იმ პრობლემას, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ? თუნდაც ათასი ადამიანის ხელფასი არის იმის საპირწონე, ამ მიწას რომ ყიდი? შენ არ უნდა მისცე უფლება საკუთარ თავს, რომ გადაუწყვიტო მეხუთე თაობას, რა მოხდება მომავალში. ამდენი კადნიერება წლით არჩეულ ხელისუფალს არ უნდა გყოფნიდეს“.
ჯემალი და მირანდა
ჯემალ ასათიანი და მირანდა ბანძალაძე სოფელ ორხვში ცხოვრობენ. ჯემალს კარავში მორიგეობა ყოველ ხუთშაბათ ღამით უწევს. ამ დროს ყველა საქმე გვერდზე გადადებული.
მირანდა: „რამე რომ მოხდეს, სად უნდა წავიდეთ? როგორ? არ ვიცი. ამხელა მთა გვადგას თავს. ბავშვების გამო სულ მეფიქრება ამის დამეწყვრაზე. მეწყერი არასოდეს გვაფრთხილებს როდის მოდის და საიდან. იქნებ, ვეღარც გავიღვიძოთ ისე დაგვმარხოს? ჩვენს სოფელში ცხოვრობს ხალხი, ვისაც გეოლოგიური დასკვნა უდევთ, რომ მათ სახლში არ შეიძლება გაჩერება და მეზობლის სახლში ათენებს და ელოდება სახელმწიფოს დახმარებას.
ჯემალი: ორხვიდან რამდენიმე დავდივართ მორიგეობაზე. ხშირად არის საჭირო ერთობა და გვერდში დგომა. თუ დღეს არ ვიმოქმედებთ ერთად, სირთულეები მერე დაიწყება. თორემ ეს რა სირთულეა, თუნდაც ას რვა დღე გარეთ ყოფნა.
სულ ვფიქრობ, რა აზრი ექნება ახლა რომ ვიმუშაო თუ ხვალ ეს ხეობა ჩაიძირება? გაიხედეთ გაღმა - ის მეწყერია, აი, იქეთაც. გაღმიდან რომ გამოიხედოთ ჩვენკენ - მიხვდებით რაზეა სოფელი გაშენებული, მოწყვეტილ ქანზე. აი, ის ადგილიც, დაბლა, ერთხელ უკვე დამეწყრილი ადგილია. რიონი ადიდდება თუ არა, როცა ხანგრძლივი წვიმებია, ჩვენიც მიწაც ნელ-ნელა დაბლა იწევს. და მუდმივად რომ წყალი შემოუდგეს ამ ხეობას, რა მოგვივა? კაცმა არ იცის.
აქამდე ხო ამაზე ვდარდობდით. ახლა ისიც დაემატა, რომ მიწაც გაყიდული აღმოჩნდა. თან 99 წლითო. გინდა სამუდამოდ გასხვისებულა - ჩვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? 99 წლის მერე ჩემი შვილები კი არა, შეიძლება, ამათი შვილებიც აღარ იყვნენ.
ჩემი ბრძოლაც იქამდეა, სანამ კომპანია „ენკა“ არ დატოვებს რიონის ხეობას. სახლშიც ვერ ვჩერდები. გულს ვერაფერს ვუდებ. ყველაფერი მიფუჭდება, ფუტკარიც დამევსო, სულ ამაზე ვფიქრობ, რომ რა აზრი აქვს. რა აზრი აქვს? ჩვენ უკანდასახევი გზა არ გვაქვს".
ლალი
კარავი სწორედ ლალი ეფრემიძის ყანის ადგილას დგას. მისი სახლი ამ ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრშია, რიონის პირას. სახლის საქმეებს რომ მოითავებს ხოლმე, მერე ხეობის მცველებთან გარბის. თან თავის ნაკვეთსაც დახედავს - წელსაც უნდა რამე დათესოს. თუ დააცადეს.
"რანაირად მივცე ეს მიწა ვინმეს და სანაცვლოდ თანხა ავიღო? კომპანია დღეს არის და ხვალ შეიძლება აღარ იყოს. ჩემთანაც მოვიდნენ, როგორც სხვებთან. მიწა აზომეს, შეაფასეს, შეაჯამეს და როგორც სხვებს, კონკრეტული თანხა ჩვენც გვითხრეს. მაგრამ ეგ ფული არ არის მთავარი ჩემთვის. ამდენი შრომაა ამ მიწაში ჩადებული. ამდენი წელი. ამდენი სიმბოლო. არ მინდა სხვისი გახდეს.
სულ ვფიქრობ ამ კაშხალზე. გვეუბნებიან, რომ განვითარდება ხეობა, ტურიზმი, გზა. არ მჯერა. არ მგონია აქ მერე ვინმე მოვიდეს. ვის რად ენდომება ნესტში და ნისლში მოსვლა. ტურისტებს ეს კაშკაშა მზე უნდა, ასეთი ბუნება და არა მოასფალტებული გზა. რა უნდა ნახოს აქ ტურისტმა, დაგუბებული წყალი? კაშხლების სასაფლაო. მეტი არაფერი.
დილით, აქ საქმეს რომ მოვითავებ ხოლმე, იმ მიწაზე გავრბივარ. მაგრამ სულ მეშინია, შეიძლება ერთ დღეს მივიდე და იქ არ შემიშვან, მითხრან, რომ კერძოა და შემოაკაონ. მერე მე ვის უნდა მივმართო? სად უნდა წავიდე? ვის უნდა დავუმტკიცო, რომ ეს ნამდვილად ჩემია. ჩემი მიწაა. ვიცი, რომ ეს ასე იქნება, მაგრამ ეს ხომ წართმევაა. აზრი არა აქვს რა დოკუმენტები გაქვს. გეუბნებიან, რომ ეს სახელმწიფოს სჭირდება და მორჩა.
2012 წლიდან ვარ მე პირადად ამ ბრძოლაში. მე და იმ ჩემი ყანის ამბავი სწორედ მაქედან იწყება - ვერ ვიკანონებდით. ჩემი მშობლები შეცდომაში შეიყვანეს, ეუბნებოდნენ, მოსახლეობის ნაწილი იტბორება და ნაკვეთები არაო. ან ეს უნდა დაარეგისტრისო და ან ისო. მერე მე დავიწყე ბრძოლა და მამაჩემის პენსიით დავდიოდი სად არ, მაგრამ დღემდე უშედეგოდ. ახლაც რეგისტრირების მცდელობაში ვარ. მაგრამ მარტო ჩემი მიწა კი არ არის პრობლემა. მთელი ხეობაა საფრთხეში. და მე ვალდებული ვარ, რომ როგორც ვიქცევი ასე მოვიქცე და ჩემი მიწა გადავარჩინო. ჩვენ არ გვაქვს დასანგრევი და გასანადგურებელი ხეობა. ამის მეშინია - გავიღვიძებ და ეს აღარ იქნება, რასაც ახლა გარშემო ხედავთ. ყოველდღე ვხედავთ უკვე - ტრაქტორი ხან გაღმა ჰყავთ გადაყვანილი, ანგრევენ, ხეებს ჭრიან, ქვებს ამტვრევენმ მთებს გლეჯენ და ჩვენ ამას ვუყურებთ".
მარიამი
მარიამ გორეზიანი სოფელ ტვიშში ცხოვრობს. აქციებზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ დადის, მაგრამ პროტესტს მთელი გულით უერთდება.
„ხან ვფიქრობ, ჩვენს თქმას აზრი არა აქვს და რაც უნდა მართლები ვიყოთ, არავინ მოგვისმენს და მიიღებს ჩვენს სიტყვას. სულ წინააღმდეგი ვიყავი ამხელა ჰესის აშენების და ბოლომდე ასე დავრჩები. ანდა, ვინ იქნება თანახმა, ამხელა ტერიტორია წყლით დაფარონ და ეს ბუნება გაანადგურონ? მართალია, ბევრნი აღარ დავრჩით ამ მხარეში, მაგრამ ვინც ვართ, ხომ გვინდა არსებობა? ისე, ვიღაცები დაბრუნდნენ, იცით? ახალგაზრდები. თუ ვერაფერს გააკეთებენ, თუ მოსავალი აღარ მოვა, ისევ ხომ წავლენ უკან? ახლა ეს ვენახი რომ შემობრუნდა, ცოტა ფასი დაედო, მაგან მოაბრუნა ხალხი...
საფრთხეზე რომ მეფიქრება, თავში პირველი ის მომდის, რომ კლიმატი შეიცვლება. ეს ხომ ყველაფერზე ახდენს გავლენას? ადამიანებზე, მათ ჯანმთელობაზე, მცენარეებზე, ცხოველებზე. ეს მიკროზონაა და ამ ღვინოსაც ამიტომ აქვს ასეთი ფასი - თუ აქ კლიმატი შეიცვალა, ესეც გაქრება. რატომ უნდა დაიხუროს აქაურობა? რატომ უნდა გაქრეს? ასეთი უსაშველო წყალსაცავი რომ არ გაკეთდეს არ შეიძლება? ჩვენ არ ვართ ზოგადად ჰესის წინააღმდეგი. ჩვენ ვართ ისეთი ჰესის წინააღმდეგი, რომელიც აქ კლიმატს შეცვლის და ეს ბუნებაზე იმოქმედებს.
რაფიელი
რაფიელ ლომთაძე ტვიშელია. ქუთისში ცხოვრობს და სულ ამ გზაზეა გაკრული - მეურნეობაც სოფელში აქვს. ერთხელ უკვე ვიყავი აქედან წასული და აღარსად წამსვლელი აღარ ვარო, ამბობს.
„სულ ვიდგები. ჩემი სახლია და სად წავალ აბა? არსად მაქვს წასასვლელი. რას ვფიქრობ? ყველაზე პირველად მაინც შთამომავლობის განადგურების შიში მომდის თავში. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ოჯახთან ერთად ვარ, ღამეა და უცებ წყალი მოვარდა. ვიცი, რომ შეიძლება მოხდეს მაგნაირი რამე.
მერე კიდე ის, რომ რაღაც სხვა უნდა ვიფიქრო თავის სარჩენად და არსებობისთვის. დღეს, ტვიშში, თუ არ დაგეზარება შრომა, ოჯახის რჩენა შეგიძლია და საახლობლოსაც შეიძლება რამით დაეხმარო. ტვიშის ცოლიკაური გვაძლევს ამის საშუალებას და ეს მიკროზონა თუ გაქრება, ეგეც აღარ იქნება.
ამას გარდა, ვერ ვეგუები იმას, რომ ეს მიწა აღარ გვექნება. ჩვენია, ხალხისაა და არ შეიძლება, რომ 99 წლით გაასხვისოს მთავრობამ. არა აქვს მაგის უფლება, რომ ეს ამდენი მიწა უცხოურ კომპანიას გადასცეს.
ამიტომ ვიდგები აქ ბოლომდე. მე ჩემს მიწაზე ვარ და ჩემს სახლში ვარ. აქ უნდა ვიყო.
მიხეილი
მაშინ 10-12 წლის იქნებოდა მიხეილ მარგველაშვილი. ტვიშში, ბაბუას ეხმარებოდა ვენახში - ახლოს მოედანს აწყობდნენ, გზა უნდა გაეყვანათ ხვამლის მთაზე, სწორედ იქ, სადაც ადრეც აპირებდნენ ჰესის აშენებას. ბაბუს ჰკითხა, რა ხდება, ტვიშში სტადიონს გვიკეთებენო? ბაბუას გაეღიმა და, სტადიონს კი არა, ჰესს აკეთებენ და სისულელეს სჩადიანო, უპასუხა.
„ჩემი პროტესტიც იმ დროიდან იწყება. მაშინ შეჩერდა ეს ამბავი. დასკვნაც დაიდო, რომ არ შეიძლებოდა ამ პროექტის განხორციელება. მოვიდა სხვა მთავრობა და ისევ გააცოცხლეს. ეს მთავრობა ამბობდა, რომ დიდ ჰესს აქ არავინ ააშენებდა და მხოლოდ პატარა ჰესებზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ რასაც თავად ამტკიცებდნენ, არ შეიძლებაო, ახლა იმავეს აკეთებენ.
მეფიქრება იმაზე, რომ ეს სოფლები სულ მეწყრულ ზონაშია. მეწყრის გარდა, ამხელა ჩარევა ბუნებაში მის ცვლილებას ხომ გამოიწვევს? შარშან დავამუშავე მიწა სოფელში და წელს ვაპირებ, რომ ახალი ნერგები დავრგო. თუ გვაცალეს ოღონდ.
მაინც სადღაც მაქვს იმედი, რომ მთავრობაც და ეს კომპანიაც მივლენ იმ საღ აზრამდე, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება აქ. იქნებ მცირე ჰესების გზით წავიდნენ და ეგ გახდეს ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკის ნაწილი? მთელი მსოფლიო ალტერნატიულ ენერგიაზე გადადის და რაღა ჩვენ უნდა ვაშენოთ ამხელა ჰესები. ძველი ჰესების რეაბილიტაცია განეხორციელებინათ და მერე გვენახა, რეალურად რამდენი ახალი ჰიდროელექტროსადგური გვჭირდება, რომ ენერგოდამოუკიდებლობას მივაღწიოთ.
ჩემი სოფელი, ტვიში, დატბორვის ზონაში არ მოხვდება, მაგრამ რა ნესტსაც ის დაგუბებული წყალსაცავი გააჩენს, ეგ აუცილებლად გაანადგურებს იქაურ მიკროზონას.
იმედა
იმედა ნემსიწვერიძეც ტვიშელია. ამბობს, ჰესის აშენების მერე სინესტეს ვერ ავცდებით ხეობაშიო და ლაჯანურჰესის მაგალითი მოჰყავს.
"ვიყავით იქაურ სოფლებში. ხალხსაც ველაპარაკეთ და, რაც იქ ჰესი აშენდა, სულ სინესტეა. ტანსაცმელი არ შრება, წარმოგიდგენიათ? ნესტიან საწოლში წვებიან.
შვიდასი ძირი ვაზი მაქვს და მინდა, კიდევ გავამრავლო. შრომაც ბევრი უნდა, მაგრამ შემოსავლის ერთადერთი წყაროა ეგ ჩვენთვის. ტვიშში, ორხვში, ქორენიშში, მექვენის და დერჩის ნაწილში ერთი მიკროკლიმატია თითქმის.
ვიდგებით ასე სანამ ჩვენი სურვილი არ დაკმაყოფილდება და ჩვენი სურვილი კიდე ესაა, რომ ჰესი არ აშენდეს. თუ ვაზი არ იქნა ჩვენს სოფლებში, არც ხალხი იცხოვრებს აქ. ჰესი აქ ვერავის დააბრუნებს. ტყუილია ეგ ამბავი. და კიდევ, არც ქუთაისია უსაფრთხოდ ამ ყველაფრის გამო. ღმერთმა ნუ ქნას და რამე მოხდეს, ქუთაისი აქვეა.
„ენერგოდამოუკიდებლობისთვის“ - "ენკა რინიუებლზის" მთავარი ლოზუნგი
ნამახვანჰესის ოფიციალური გვერდი ფეისბუკზე 2020 წლის 4 დეკემბერს შეიქმნა: „საზოგადოებისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად“.
ენკას ლიცენზიები და ნებართვები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი კვლევები აქ არის თავმოყრილი
„Clean Energy Group“-ი იგივე „ენკა რინიუებლზია“?
შპს „ენკა რინიუებლზ” არის საპროექტო კომპანია, რომელშიც 90% ეკუთვნის ძირითად ინვესტორ კომპანია „ENKA“-ს და 10% - „Clean Energy Group“-ს.
ჰესს აშენებს კომპანია „ENMAR“-ის ფილიალი საქართველოში, რომელიც ეკუთვნის ასევე „ENKA“-ს.
თავდაპირველად, ნორვეგიულ კომპანია „Clean Energy Group“-ს და თურქულ კომპანია „ENKA”-ს ჰქონდათ 50-50% წილი საპროექტო კომპანიაში, რომელმაც მოიგო სახელმწიფო ტენდერი ნამახვანი ჰესის მშენებლობაზე.
შემდეგ წილების გადანაწილება შეიცვალა.
კომპანიას გადაერქვა სახელი და ეწოდა „ენკა რინიეუბლზ“.
დღეს კომპანიაში ხაზგასმით განმარტავენ, რომ „ენკა რინიეუბლზ“ არანაირ კავშირში არ არის შუახევის ჰესის პროექტთან და რომ არც ერთ მის ფილიალს, შვილობილს და ქვედანაყოფს ამ პროექტზე არ უმუშავია.
ამ განმარტებას კომპანია აკეთებს იმიტომ, რომ სწორედ „Clean Energy Group“-ის სახელთან არის დაკავშირებული შუახევის ჰესის მშენებლობა, სადაც ორ თვეში გვირაბი ჩამოიშალა.
კომპანიის ფეისბუკგვერდზე კომპანია "ენკა" აქტიურად პოსტავს ინფორმაციას ჰესის პროექტის შესახებ, გავრცელებულ ე.წ. მითებზეც (მაგალითად, იმაზე, რომ მშენებლობისას მხოლოდ უცხოელები დასაქმდებიან, რომ რიონი გაყიდულია და ა.შ.) იმაზეც, თუ როგორ შეიძინა ენკამ რიონის ხეობაში მცხოვრები 22 მეფუტკრისაგან 4250 კილოგრამი თაფლი, რომლის ექსპორტზე გატანაცაა დაგეგნილი ყაზახეთში.
ვანისჭალაში მცხოვრებ შშმ პირს როგორ გადაეცა ელექტრონული ეტლი.
ან როგორ შეკეთდა ქვედა ონჭეიშში საცალფეხო ხიდი.
მოკლედ იმაზე, თუ რა ეკონომიკური და სოციალურ სარგებელს მოიტანს ნამახვანჰესის მშენებლობა რიონის ხეობაში.
ეს ნამახვანჰესის ოფიციალური ვებსაიტია. სწორედ აქედან ვიგებთ, რომ
„ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ).
ქვემო ნამახვანჰესის წყალსაცავის ზედაპირის სარკის ფართობი იქნება 5.1 კმ2 (შედარებისთვის, ენგურის ზედაპირის სარკის ფართობია – 13.1 კმ2; თბილისის წყალსაცავი – 11.6 კმ2; შაორის წყალსაცავი – 9.2 კმ2), ხოლო ზემო ნამახვანჰესის წყალსაცავის სარკე – 1 კმ2“.
კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ ეს წლიური მოხმარების 12%-ია.
ამ დროისათვის კომპანიამ ხეობაში მცხოვრებ 278 ოჯახს გადაუხადა კომპენსაცია - სულ 32 000 მილიონი ლარი.
მათგან ხეობიდან ფიზიკურად განსახლდება 40 ოჯახი.
„ენკა რინიუებლზს”ყველა განცხადებაში ხაზგასმით განმარტავს, რომ მათთვის სახელმწიფოსგან პრივატიზებული მიწების გამოყენების მიზანი არის მხოლოდ ნამახვანჰესის პროექტის შესრულება.
რომ:
- მიწები არ გასხვისდება.
- მიწებს სხვა მიზნით ვერავინ გამოიყენებს.
ასევე კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხეობაში 3000 თურქი ოჯახი ჩამოსახლდება.
ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობაში დასაქმებული 2000 ადამიანიდან 1600 ადამიანი ადგილობრივი მოსახლე იქნება.
კომპანიას ასევე აღებული აქვს 28 კილომეტრიანი ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთის მშენებლობის ვალდებულება, რომლის ჯამური ღირებულება 200 მილიონი ლარია.
ცნობილია „ენკას“ პოზიცია რიონის ხეობაში მიმდინარე პროტესტის თაობაზეაც - მათთვის ეს არის „მიზანმიმართულ კამპანია, რომლის ერთადერთი ამოცანაა - 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის სრული გაჩერება“.
„ენკას“ პასუხი ჩამოთვლილ კითხვებზე:
- დაიტბორება თუ არა ქუთაისი 19 წუთში?
- ან გამოიწვევს თუ არა კლიმატურ ცვლილებებს თუ ახალი ჰესი?
- გაუძლებს თუ არა კაშხალი მიწისძვრას?
- და გადაშენდება თუ არა ტვიშის მიკრო ზონა?
პასუხი არის ერთი დიდი არა.
ოღონდ ამ არასი რიონის ხეობის მცველებს არ სჯერათ. პროტესტიც გრძელდება.