გურამიშვილის მთავარი სიყვარული

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს დავით გურამიშვილზე, რომელმაც თითქმის მთელი თავისი ცხოვრება უცხოეთში გაატარა და რომ არა შემთხვევა, ჩვენ ვერასოდეს გავიგებდით, თუ როგორ გაატარა მან იგი მხოლოდ ერთი სიყვარულით, როგორ უერთგულა მან ამ სიყვარულს და როგორ იცხოვრა ამ სიყვარულით. დავით გურამიშვილის სიყვარულის ერთადერთი საგანი მისი სამშობლო იყო, ამ სიყვარულს მიუძღვნა მან მთელი ცხოვრება, აქცია თავისი სიყვარული სიტყვებად, სიტყვები – სტრიქონებად, სტრიქონები – პოემებად და ლექსებად, ყველაფერი ეს კი – წიგნად, დაარქვა ამ წიგნს „დავითიანი“ და მხურვალე სიყვარულის ეს კრებული გამოუგზავნა თავის სატრფოს, საქართველოს. დავით გურამიშვილი 22 წლამდე საქართველოში იმყოფებოდა, აქ დაიბადა თავადების, გურამიშვილებისა და ვახვახიშვილების, ოჯახში. აქ დაქორწინდა აზნაურ გარაყანიძის ქალზე და სწორედ მეუღლის მამულიდან გაიტაცეს ლეკებმა და დაიწყო მისი უცნაური, ტრაგიკული და პოეტურად მშვენიერი თავგადასავალი. გურამიშვილის პოეზიაში პოეტის თავგადასავალი არის საქართველოს თავგადასავალი. საქართველოც გურამიშვილივით არის შეუპოვარი, დაუმონებელი, დაუმარცხებელი. ასეა ეს მის პოეზიაში. გაიქცა საპყრობილიდან. დაიჭირეს. კიდევ ერთხელ გაიქცა. იომა რუსეთის სახელით. იჯდა ციხეში. და ყოველთვის და ყველგან, მაგდებურგსა და ფინეთში, მოსკოვსა და მირგოროდში ფიქრობდა მხოლოდ ერთ საგანზე, საქართველოზე. როგორ გადარჩა მისი პოეზია, რატომ ვერ ამაღლდა პორუჩიკის წოდებაზე მაღლა, რა შემატა მან ქართულ სულიერებას, როგორ გააგრძელა მან რუსთაველის შემდეგ გაწყვეტილი პოეზიის ხაზი, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.