გურამ კაშია: „ყველაზე მეტად მეშინია, რომ მე ჩემს თავთან მართალი არ ვიქნები“

პრეზიდენტის მიწვევა - „რა უნდა ფეხბურთელს პრეზიდენტის სასახლეში?“

„ეს იყო 10 დეკემბერი. გამეღვიძა უცხო გარემოში ისევ, როგორც ყოველთვის მეღვიძება ხოლმე და უცებ მივხვდი, რომ სახლში ვიყავი, თბილისში. უცნაურია, მაგრამ ფეხბურთის გადამკიდე, სულ „უცხო გარემოში“ მეღვიძება. გამახსენდა, რომ ჰოლანდიიდან მქონდა ჩამოტანილი ჩემი ყავის აპარატი. ძალიან პატარა დეტალია, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. ავდექი, ხელპირი დავიბანე და ყავის სმას შევუდექი, რაც ძალიან ტრადიციულია ჩემს ოჯახში. ყავით ვიწყებთ. უცებ გამახსენდა, რომ პრეზიდენტთან ვიყავი მიწვეული, რაც ძალიან უცნაური იყო ჩემთვის.

ყავა დავლიე და გავუდექი გზას ვარჯიშისკენ. ყოველ დილას, დასვენების დღეებშიც ვვარჯიშობ. ვარჯიშის შემდეგ ბიჭებს დავურეკე, როგორც ყოველთვის. უნდა შევკრებილიყავით ცოტა წასახემსებლად. ვჭამეთ ერთად და ბიჭებს ვუთხარი, რომ პრეზიდენტთან ვიყავი მიწვეული, რაც იყო ძალიან უცნაური მათთვისაც და ამ თემაზე დავიწყეთ ლაპარაკი. მარტო ვიცინოდით, იმიტომ, რომ ძალიან სასაცილო იყო პრეზიდენტის მიერ ჩემი მიწვევა. ეს იყო ძალიან უცნაური ჩვენთვისაც, ჩემი ოჯახისთვისაც და ჩემი მეგობრებისთვისაც. ძალიან ბევრი დამცინეს - იქ რა უნდა მექნა, რა უნდა გამეკეთებინა.

ჩავთვალე, რომ ჩვენი ფედერაციიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი, წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო და ეს ვიყავი მე. ამას მივაწერე. ძალიან დაბნეული ვიყავი იმიტომ, რომ - რა უნდა ფეხბურთელს პრეზიდენტის სასახლეში, ხო?

ფეხბურთელები, სპორტული გუნდი ან სპორტსმენი პრეზიდენტთან გუნდურად მიდიან ხოლმე და ამ შემთხვევაში მე ვიყავი მარტო ერთი ფეხბურთელი. ესეც, ვთქვათ, შეიძლება მივაწეროთ იმას, რომ ერთ-ერთი კაპიტანი ვარ გუნდში. ასეთი ფიქრები მქონდა დღის განმავლობაში - იქ რა მინდა მე? არ ვიცოდი, რომ რამე ისეთი, განსაკუთრებული როლი მექნებოდა.

ბრწყინვალების ორდენი - „ბრწყინვალე გურამ კაშია

მოკლედ, ჩავიცვი, გამოვეწყვე ძალიან ოფიციალურად, რაც მე არ მომწონს და არ მიყვარს და წავედით სასახლეში ფედერაციის ვიცეპრეზიდენტთან ერთად. მივედით იქ. ძალიან მორიდებული ვიყავი, ძალიან მორცხვად ვიყავი იქ. ვიდექი კუთხეში ჩემთვის და ძალიან მეუცნაურა - ხალხმა დაიწყო მოსვლა ჩემთან და სურათების გადაღება. იქ მივხვდი, რომ ხალხმა, მიცნო და ისეთ უცხო გარემოში უკვე აღარ ვიყავი. არადა, მართლა, რომ მივედი, ის ხალხი მარტო ტელევიზორში მყავდა ნანახი და არც ვიცოდი, რომ საერთოდ იცნობდნენ გურამ კაშიას.

მაგ საღამოს მერე, ალბათ, შეხედულება შემეცვალა ჩემს თავზე, იმიტომ, რომ ასეთმა ხალხმა მიცნო და მიცნობდნენ. მეგონა, რომ მარტო სპორტის მხარეს ვიყავი ცნობადი ადამიანი და ძალიან გამაკვირვა ამან. მოკლედ, პრეზიდენტმა გაიხუმრა კიდეც, რომ მასზე პოპულარული ვიყავი იმ დღეს.

საღამო დაიწყო. ბატონმა პრეზიდენტმა თავისი სათქმელი თქვა და გადავიდა დაჯილდოებაზე. თუ არ ვცდები, 9 კაცი დააჯილდოვა და ერთ-ერთი მათგანი მე აღმოვჩნდი. გაოცებული დავრჩი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ისეთი რამე მოხდებოდა, რომ მე იქ შეიძლებოდა ვყოფილიყავი.

ვინ ვიყავი, ხო, ბავშვობაში? - ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც საერთოდ არ იყო გამორჩეული არავისგან. ცოტა მსუქანი ბავშვი ვიყავი და მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მე საქართველოს პრეზიდენტი დამაჯილდოებდა ასეთი ორდენით. ეს იყო საოცარი რამდენიმე წუთი, რაც აღვიქვი, თუ რა მოხდა საერთოდ. დამაჯილდოვა. მეც დავიბენი. ვერაფერი ვერ ვთქვი საერთოდ იმიტომ, რომ მზად არ ვიყავი და ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვისაც. ინტერვიუც ჩავწერე რამდენიმე და ისე უცებ ვილაპარაკე, ემოციურად, რაც მომაწვა, იმ თემებზე ვილაპარაკე და რაღაც განსაკუთრებული მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში საერთოდ. პირველი, რაც მინდოდა ძალიან, ტელეფონი ამეღო და ჩემი ცოლისთვის დამერეკა იმიტომ, რომ ჩემი ცოლიც ვერ წარმოიდგენდა, თუ შეიძლებოდა მე იქ რაღაც ჯილდო ამეღო და მინდოდა, რომ მეხარებინა სახლში, რომ - აი, იცი რა, მე ბრწყინვალების ჯილდო... არც ვიცოდი საერთოდ ბრწყინვალების ჯილდო რას ნიშნავდა და ეგ იყო: „არ ვიცი, ჯილდო მაქვს!“, სურათი გადავუღე და გადავუგზავნე ცოლს - „სახლში მოვდივარ ასეთი ჯილდოთი!“. ჩემი ცოლი მეკითხებოდა - “ეს რა არის, ღირსების ორდენია?” მეთქი, “ზუსტად არც მე არ ვიცი!”. ამიტომ, ოჯახში ძაან დაბნეულები და გახარებულები ვიყავით. მერე ჩემს მეგობარს - ოთოს ვკითხე, ეს საერთოდ რა ჯილდოა მეთქი და ამიხსნეს, რომ ეს ბრწყინვალების ჯილდო იყო და მერე ხუმრობით ვეუბნებოდი, რომ ბრწყინვალე გურამ კაშია ვარ და ამის შემდეგ ყველამ ასე მომმართოს მეთქი.

კი, სიამაყით სავსე ვიყავი და ვფიქრობდი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა ჩემს ცხოვრებაში იმიტომ, რომ ადამიანს ასეთი პატივისცემა ძალიან იშვიათად თუ ხვდება წილად. ერთ-ერთი მე ვიყავი და ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე. ამის შემდეგ რამდენიმე კაცმა გადავინაცვლეთ ჩემთან სახლში და თითო ჭიქა ღვინო დავლიეთ. კიდევ ვერ ვხვდებოდი რა ჯილდო იყო, ამ მედალს ვუყურებდი და ამ ბროშურას. ვერ აღვიქვი, რა მოხდა. რამდენიმე დღე სულ ვფიქრობდი, რომ ასეთი ადამიანი მე ვარ. ჩემს წარმოდგენაში ასეთი ჯილდოები სულ განკუთვნილი იყო ჯარისკაცისთვის ან გმირებისთვის და უცებ, მე - ფეხბურთელმა ეს ჯილდო ავიღე. ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ეს იყო ჩემთვის ჯილდო კი არა, ალბათ, უდიდესი მოტივაცია იმისი, რომ შემიძლია ყველაფერს მივაღწიო ჩემს ცხოვრებაში - თუ ეს ჯილდო ავიღე და ასე დამაფასეს პრეზიდენტმა და სახელმწიფომ მთლიანად, შემიძლია აბსოლუტურად ყველაფერს მივაღწიო, თუ მოვინდომებ.

მე ვარ მე - გურამ კაშია“ – როგორ აღიქვამს მის მიმართ განწყობებს?

ძალიან შორს ვრჩები ასეთი რაღაცებისგან, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახისთვის არ არის კარგი ამ მდგომარეობაში ყოფნა, ამ ინფორმაციის მთლიანად აღქმა. პირადად ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე - რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა გავაკეთო და რა უნდა ვთქვა? საერთოდ, მედიაში რაც იწერება, ამისგან შორს ვრჩები და არასდროს მაინტერესებს იქ ჩემზე რას წერენ, იქნება - პოზიტიური თუ ნეგატიური, კომენტარებზე ხომ საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს. რატომ უნდა წავიკითხო ან კარგი, ან ცუდი? მე ჩემს საკეთებელს ვაკეთებ, ჩემს საქმეს ვაკეთებ. თუ მეკითხებიან აზრს, პასუხს ვცემ და ჩემს აზრს ვაფიქსირებ. ეს არის ჩემი ცხოვრება ძირითადად. ჩემს აზრს რაღაც ნეგატიური თუ პოზიტიური კომენტარი ან ამბავი არ შეცვლის. მე ვარ მე - გურამ კაშია, რომელიც გაიზარდა საქართველოში, ჩამოყალიბდა, ჰოლანდიაში და დღეს ცხოვრობს ამერიკაში, არის თავის საქმეში წარმატებული, შრომისმოყვარე.

Your browser doesn’t support HTML5

გურამ კაშიას თავისუფლების დღიურები

​დანარჩენს - ჩემს გარშემო რაც ხდება და ძალიან ბევრი რამე ხდება - ვცდილობ, რომ კაი იქნება თუ ცუდი, ძალიან დიდი ყურადღება არ დავუთმო. მე ჩემი საქმე მიყვარს, მე მიყვარს ჩემი ოჯახი და ამის გარშემო რაც ხდება, ძალიან სერიოზულად და პირადულად არ აღვიქვამ. თუ შემიძლია, რომ ადამიანს დავეხმარო, ეს იქნება ჩემი კოლეგა თუ იქნება სხვა ადამიანი, ვისაც შემიძლია რომ დავეხმარო, აუცილებლად დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, რა პროფესიის ადამიანი იქნება, თუ რა ცხოვრების სტილი ექნება. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მიყვარს ადამიანების დახმარება, ამის დადება ქვაზე და გავლა. უკან არ ვიხედები არასდროს და არაფრით არ ვამაყობ და არაფერს ვნანობ. მე ვცხოვრობ და მიყვარს ჩემი ცხოვრება, მიყვარს ჩემი ოჯახი და მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი.

დიდ სტადიონზე გატანილ გოლზე ოცნება

ჩემი ბავშვობა ძალიან ისე მახსოვს. ალბათ, როგორც ყველა ბავშვი, მარტო რომ ხარ და მარტო რომ ოცნებობ. ოცნებობ იმაზე, რომ იყო წარმატებული. ოცნებობ იმაზე, რომ გყავდეს ბევრი გულშემატკივარი. მე 6 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობდი და ძალიან შემიყვარდა. დაახლოებით 7-8 წლის რომ ვიყავი, ეს განცდა უკვე დამეუფლა და მთლიანად ეს გრძნობა მამოძრავებდა ფეხბურთის და სპორტის მიმართ. დილა არ გათენდებოდა, არ მეფიქრა - სადმე დიდ სტადიონზე გოლს როგორ გავიტანდი, ამ გოლს როგორ აღვნიშნავდი.

ეს გრძნობა მამოძრავებდა და სულ ვცდილობდი, რომ ამაზე მეოცნება და დავიწყე ასე ჩამოყალიბება. სწავლა და სკოლა, მართალი გითხრათ, არ მიზიდავდა, როგორც, ალბათ, ყველა ბავშვს ჩემს დროს. არ მიყვარდა წიგნის კითხვა, გაკვეთილების მომზადება, მიუხედავად იმისა, რომ სახლში მაძალებდნენ, როგორც ჩვენ ყველას, ალბათ, იმ დროს. უნიჭო არ ვიყავი სკოლაში - მეხერხებოდა მეცადინეობაც და უფრო მათემატიკა მეხერხებოდა ძალიან. მათემატიკა იმიტომ, რომ ლოგიკასთან ახლოს იყო და ლოგიკური რაღაცები ძალიან იოლად გამომდიოდა, განტოლებების გამოყვანა და რაღაცები.

გარკვეულწილად ფეხბურთი მათემატიკურია და ძალიან ბევრი რამ უნდა დაიმახსოვრო, კომბინაციები და ამოცანები გვაქვს ფეხბურთელებს მოედანზე. ამოცანას უნდა მიყვე და ძალიან რთული დასამახსოვრებელია ხანდახან და ამის უნარი უნდა გქონდეს და არის საკმაოდ ლოგიკური. ტაქტიკური ფეხბურთი არის ძალიან ლოგიკური. ამ ლოგიკას უნდა მიხვდე და არ უნდა დაარღვიო და ამას ვეძახით ჩვენ დისციპლინას. თითქმის მათემატიკურამდე არის ტაქტიკური მოძრაობები დაყვანილი, იმიტომ, რომ იქ ძალიან ზუსტად იზომება ერთმანეთთან რამდენი მეტრით უნდა იდგე და ამიტომ ბავშვობაში მათემატიკაში კარგად მომზადება იყო ჩემი პროფესიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განათლება. ამიტომ, თუ ახალგაზრდები მისმენენ, აუცილებლად კარგად უნდა ისწავლონ და ეს გამოადგებათ იგივე სპორტში და წარმატებაში, თუ წარმატებაზე ფიქრობენ, როგორც მე ვფიქრობდი.

თქვენც შეიძლება დაგაჯილოვოთ პრეზიდენტმა

არასდროს უნდა დავკარგოთ ოცნების უნარი. იმიტომ, რომ მე ის პატარა მსუქანი ბავშვი რომ ვიყავი, სულ ვოცნებობდი, ჩვენს ეზოში რომ ვთამაშობდით, სადაც ფეხბურთის მოედანი არ გვქონდა სამწუხაროდ, 1990-იანებიდან 2000-იან წლებში იქ გარაჟებს ვურტყამდით ბურთს და იქაც რომ გავიტანდი გოლს, ისე აღვნიშნავდით, თითქოს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გავიტანე სავსე ტრიბუნების ქვეშ გოლი და დაახლოებით 20 წლის მერე მართლაც გავიტანე ეგ გოლი და ათასობით ადამიანი ჩემს გვარს ყვიროდა.

ამიტომ, ეს რთულია მიაღწიო ამას და არის შესაძლებელი ყველასთვის აბსოლუტურად. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში იმიტომ, რომ არაფრით განსხვავებული არ ვარ არც ერთი ბავშვისგან არც დღეს და არც მაშინ. შრომით და თავდადებით აუცილებლად მიაღწევ და ამაზე უნდა იფიქროთ ყოველდღე და იოცნებოთ ყოველდღე! ახალგაზრდა თაობას ვეუბნები ამას და რა თქმა უნდა, ჩემს თაობასაც იმიტომ, რომ მე ახლა კარიერის ბოლოს ვარ - 31 წლის ვარ, მაგრამ ალბათ, იმდენი სტუდენტია, ვინც ჩემს ასაკში დაამთავრა სწავლა და ახლა იწყებენ კარიერას და ყველანაირად მინდა, რომ ამ ხალხზე ზეგავლენა მოვახდინო იმიტომ, რომ შრომით და სწორი გადაწყვეტილებებით შეიძლება თქვენც დაგაჯილდოვოთ პრეზიდენტმა.

ცელქი ბავშვი

საერთოდ არავის არ ვეკითხები, ოჯახშიც კი, რა უნდა ვთქვა, როგორ უნდა მოვიქცე, (სახლში არა) როცა ვარ გარეთ, ვწერ ინტერვიუს. საერთოდ არავის ვეკითხები. სულ ვუსმენ ჩემს თავს, ჩემს მორალს. ჩემი გული, ჩემი მორალი რასაც მკარნახობს, სულ ისე ვიქცევი და იმიტომ ვარ დღეს ამ პოზიციაში. რა თქმა უნდა, ჩემს გარშემო მყოფები აბსოლუტურად ყველა - ხანდახან ტაქსიშიც რომ ჩავჯდები, ტაქსის მძღოლიც თუ მიცნობს, სულ რჩევებს მაძლევს, სულ მეუბნებიან როგორი უნდა ვიყო მე, რა უნდა გავაკეთო მე. ამ დროს სულ მეღიმება. ტაქსის მძღოლი იმიტომ ვახსენე, რომ ტაქსიში ხშირად ვზივარ. არ მყავს მანქანა და ხშირად მიწევს მათთან ამ თემაზე ლაპარაკი. ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ტაქსის მძღოლი თუ პრეზიდენტი.

ჩემი ხედვით, ყველა თანასწორები ვართ დღეს და ყველა ასე უნდა ვიყოთ. ბევრი ადამიანია, ვინც ძალიან ბევრ რჩევას მაძლევს, ძალიან ბევრს მელაპარაკებიან როგორ უნდა მოვიქცე, რანაირი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, ან არ უნდა მიმეღო. აი, აქ სულ შიგნიდან მეღიმება, იცით, იმიტომ, რომ თქვენ არ განიცდით, მე რასაც განვიცდი. არ მაღიზიანებს. უბრალოდ, მეღიმება იმიტომ, რომ მე ვიცი - მე ვარ გურამ კაშია და მე ვგრძნობ ამ ყველაფერს. ჩემი მორალი მეუბნება, როგორ უნდა მოვიქცე და აქ სხვა ადამიანი, ჩემი ოჯახის წევრიც ვერ მაიძულებს რაღაც ისეთი მითხრას: რომ ასე უნდა თქვა, ასე უნდა მოიქცე, ასე უნდა გაგეკეთებინა. არა, ასე არ ვიქნები ჩემს თავთან მართალი. ამის მეშინია ყველაზე მეტად, რომ მე ჩემს თავთან მართალი არ ვიქნები. კიდევ ბევრს დამარიგებენ ალბათ ჭკუას და ალბათ, ისევ ის ცელქი ბავშვი ვიქნები. ჩემს თავს ვაკუუმში ვდებ ინფორმაციის და დედაჩემი რაღაცას რომ წაიკითხავს ხოლმე ნიუსებში, დამირეკავს და „ახლა რაღა დააშავეო“. მე ვპასუხობ, „დედა არ ვიცი, ახლა რაღა ხდება?“. ისე ვარ ხოლმე, რომ ხანდახან რაღაცას ჩემს პლატფორმაზე ინსტაგრამზე, თუ ინტერვიუებში ვიტყვი რაღაცას, ჩემს აზრს დავაფიქსირებ, ამას გარკვეული შედეგები აქვს, ვიცი და ხალხს რაღაც რეაგირება აქვს ამაზე, მაგრამ საერთოდ არ ვაქცევ ამას ყურადღებას, მაგრამ, ვიცი ჩემი ოჯახი კითხულობს ხოლმე და ამით ცელქი ბავშვივით ვარ სახლში.

ხანდახან ქუდი უნდა დაიხურო და ახალი გამოწვევა მონახო

არასდროს. არასდროს არ მინანია იმიტომ, რომ ეს გაცილება არ მექნებოდა, რომ არ წავსულიყავი. ხალხი ასე არ დამაფასებდა, რომ არ წავსულიყავი. მე აუცილებლად უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი მიუხედავად იმისა, რომ ამას არ ჰქონდა ფინანსური საფუძველი. ანუ, არ გამიუმჯობესებია არანაირად ფინანსური მხარე ამერიკაში გადასვლით. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიმეღო როგორც სპორტსმენს. ხანდახან ქუდი უნდა დაიხურო და ახალი, როგორ ვთქვა, გამოწვევა მონახო კარიერაში იმიტომ, რომ ჩემი ერა იქ იყო დასრულებული. იქ ბევრ რამეს მივაღწიეთ გუნდმა და ჩემი გადაწყვეტილებით და ჩემი ფიქრებით ალბათ, იქ ვიყავი, რომ უნდა წავსულიყავი, რომ ისევ გურამ კაშია ვყოფილიყავი ჰოლანდიელი გულშემატკივრისთვის.

ეს იყო, ალბათ, ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება ჩემთვის, იმიტომ, რომ ვინც ეს გაცილება ნახა, ალბათ, არ შეიძლება ის აზრი არ გასჩენოდა - აი, როგორ აფასებენ გურამ კაშიას უცხო ქვეყანაში. ამიტომ, ეს რომ შემენარჩუნებინა, აუცილებლად უნდა წავსულიყავი და არასდროს არ ვინანებ იმიტომ, რომ... გული დამწყდება, როგორ არა, ის ჩემი სახლია, ჩემი გარემოა და ჩემი აშენებულია იქ ყველაფერი, რაც მე შევქმენი და გავაკეთე. ხალხის სიყვარული, რაც მოვიპოვე, იყო ალბათ, ერთ-ერთი რთული რამ, იმიტომ, რომ იქ მარტო კაი საქციელი არ არის სპორტში, სპორტში არის შედეგი, სპორტში არის თავდადება, სპორტში არის შრომა და ამ ყველაფერს ერთად რომ მივაღწიე ამ 8-9 წლის მანძილზე, ეს იყო ძალიან-ძალიან დიდი ენერგიის ინვესტიციის შედეგი და ძალიან ბევრი რამე მოვიკელი, ძალიან ბევრ რამეზე ვთქვი უარი.

უბრალოდ, ეს მემკვიდრეობა უნდა დამეტოვებინა კლუბში, ეს ფასეულობა უნდა დამეტოვებინა კლუბში და წავსულიყავი აუცილებლად, იმიტომ, რომ ჩემი იქ რამოდენიმე კიდევ წლის დარჩენით ეს გაქრებოდა და აუცილებლად უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი და იმიტომ გამომივიდა ასე კარგად. ცხოვრების ბოლომდე რამდენჯერაც უნდა ჩავიდე არნემში, ალბათ, სულ ასეთი რეაქცია ექნებათ იმიტომ, რომ მე დავტოვე იქ ეს მემკვიდრეობა და ხო, ეს მემკვიდრეობა იქნება სულ მანდ, მაგ სტადიონზე და სულ რომ ჩავალ, ალბათ, სულ ასეთი ამბავი იქნება. რომ დავრჩენილიყავი, ცოტა დავაზიანებდი ამას.

თანასწორობის ღირებულება

საერთოდ, ალბათ, ჩემს ცხოვრებას რომ გადახედო, არალოგიკურია იმიტომ, რომ პრეზიდენტმა დამაჯილდოვა, იქ უეფამ დამაჯილდოვა...

ლოგიკურიც არის, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად იმიტომ, რომ შრომის მართლა მჯერა. იცი რა, ალბათ, ადამიანური ჩამოყალიბება დავიწყე ჰოლანდიაში. ნამდვილი ფასეულობების შეძენა დავიწყე. რა თქმა უნდა, როდესაც უმცროსი ვიყავი და საქართველოში ვცხოვრობდი, ძალიან ბევრი ფასეული შევიძინე, ისე, რომ ვერც გავათვითცნობიერე - ალბათ, მამისგან, ალბათ, თვითონ გარშემო კულტურისგან, რასაც ჩვენს ქვეყანაში ქუჩის კულტურა ქვია, იმიტომ, რომ გარკვეულწილად იქ გავიზარდე მე.​1990-იანები იყო. ასეთი კულტურა იყო ჩვენთან. ეზოში ვიყავი სულ. მყავდა ძალიან ბევრი ძმაკაცი და იმ ძმაკაცებში ჩვენს ასაკში იყო რაღაც ისეთი ქართული გაგება და თავის მიმდევრობა, რასაც მე მივყვებოდი აუცილებლად და ჩაკეტილ ვაკუუმში ვიყავი. რომ გავხდი 21 წლის და წინადადება შემოვიდა ჰოლანდიიდან და გადავედით საცხოვრებლად ჰოლანდიაში, ამის შემდეგ დაიწყო, ალბათ, ჩემი ცნობიერების გაფართოება საერთოდ. ცნობიერების გაფართოებაში, ალბათ, შემოვალაგე ძალიან ბევრი ღირებულება ჩემს გარშემო. ჰოლანდიაში შევიძინე თანასწორობის ღირებულება - აბსოლუტურად ყველა არის თანასწორი. არ არსებობს ჩემთვის: ფეხბურთელი, პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი. რომ გავიხსენო, პატარა რომ ვიყავი, ბაბუაჩემი რომ ლაპარაკობდა, მახსოვს, იტყოდა -„თანამდებობის პირი“, თითქოს, ეს იყო ჩვენზე მაღლა მდგომი ადამიანი, ჩვენს ოჯახზე მაღლა მდგომი და ამას გარკვეულად უფრო ზედმეტი პატივისცემით უნდა მოვქცეოდით ოჯახში თუ სადღაც.

Your browser doesn’t support HTML5

გურამ კაშია - „ძლიერები არ ძალადობენ“

კულტურა იყო ასეთი, ალბათ, საბჭოთა კავშირიდან მორჩენილი ჩვენს ბაბუებში და დედმამაშიც კი და გარკვეულწილად ახლაც გვაქვს საქართველოში. მესმის ხოლმე: ის ფეხბურთელია, ის პოლიტიკოსია, ის თანამდებობის პირია. რას ნიშნავს? ის პოლიტიკოსიც ადამიანია, ის ფეხბურთელიც ჩვეულებრივი ადამიანია და ნებისმიერი ადამიანი არის ჩემთვის თანასწორი და მეტსაც ვიტყვი, ის ქალიც და კაციც საერთოდ თანასწორია. ქალმა რატომ არ უნდა იმუშაოს სახლში, ან კაცმა საჭმელი რატომ არ უნდა მოამზადოს? ეს შევიძინე მთლიანად ჰოლანდიაში. თვითონ ჰოლანდიელები არიან ძალიან თანასწორები ყველაფერში: თუ მართალი ხარ შენი მორალით თუ შენი კანონით, შენ აუცილებლად შენს სიმართლეს იპოვნი და გაიმარჯვებ, იმიტომ, რომ იქ ყველა თანასწორია, ნებისმიერი მოქალაქე, ნებისმიერი თანამდებობის პირი. ეს, ალბათ, ჰოლანდიელებისგან შევიძინე რვა წლის მანძილზე. სულელური მაგალითია, მაგრამ იცი რა, თვითმფრინავში რომ ავიდოდით, პრეზიდენტი არ იჯდა ბიზნესკლასში და იჯდა ჩვენთან ერთად ეკონომკლასში და ეს სულ მსიამოვნებდა იმიტომ, რომ ნახე ჩემნაირად არი და რახან თანამდებობის პირია, ბიზნესკლასში არ ზის. ასეთი წვრილმანებით შევიძინე ძალიან ბევრი, იმიტომ, რომ როგორ თავმდაბლურად - არა, როგორ ადამიანურად იქცეოდნენ, იცი და ეს მსიამოვნებს იმიტომ, რომ ძალიან დასაფასებელია ასეთი რაღაცები და იქ თავმდაბლობა არაფერ შუაშია - რომ საშუალება გაქვს და ეკონომკლასით იფრენ. უბრალოდ, პატივს გცემს იმით, რომ, მერე რა რომ მე შენზე მაღლა ვარ, ჩვენ ერთად ვიჯდებით და თანასწორნი ვართ. ამის ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, რასაც ახლა არ გავაკეთებ, რადგან ძალიან შორს წაგვიყვანს.

რა გჭირს? რა გჭირს? რა გჭირს?“ - საიდან მოდიან მეგობრები?

ბავშვობიდან, ფეხბურთიდან. 12-13 წლისები ვიყავით თანაგუნდელები გავხდით და იმის მერე ერთმანეთი არ დავკარგეთ. სულ რა მეგობრებიც მყავდა, ისინი მყავს. ყოველდღე ერთად ვართ ახლაც, როცა დრო მაქვს. ერთად გავიზარდეთ და გარკვეულწილად ახლა ისევ ისეთი მეგობრები და ისევ ისეთი ძმაკაცები ვართ, მაგრამ მე ვარ ერთ-ერთი, რომელიც ალბათ, ცოტა ხედვებით განსხვავებულია - რაღაცას იცავს, რაღაცას ღიად აფიქსირებს და ბიჭები მეუბნებიან ხოლმე: რა გჭირს? რა გჭირს? რა გჭირს? არადა, რასაც ვფიქრობ, სულ იმას ვიძახი ხოლმე და რაღაცნაირად სულ ვკამათობთ. მაგრამ, ზუსტად ისეთი პატარა ბავშვები ვართ, ერთად რომ ვართ, მაშინ რომ ვიყავით 12-13 წლის ბავშვები. დროსაც ერთად ვატარებთ, ერთად ვვარჯიშობთ და ალბათ მთელი ცხოვრება ერთმანეთს არ დავკრგავთ მიუხედავად იმისა, რომ მე ხანდახან აქეთ-იქით ჩემს აზრებს ვისვრი.

როცა სტადიონი მის სახელს გუგუნებს: „გუ-რამ კა-ში-ააა!“

მე როგორ შეიძლება რამეს ვნანობდე ჩემს კარიერაში, ამის უფლება არ მაქვს, იმდენი რამე განვიცადე და იმდენი ემოცია მაჩუქა ფეხბურთმა, არ შეიძლება რაღაცაზე გულდაწყვეტილი ვიყო, მაგრამ ყველაზე ძაან რაც მინდა ხოლმე: ჰოლანდიაში რომ ვარ ხოლმე და გუგუნებს და ხშირად გუგუნებდა წლების მანძილზე, სულ ის ფიქრები მქონდა, მოედანზე რომ ვიყავი - „ვაიმე, საქართველოში უყურებენ. ვაიმე, საქართველოში უყურებენ. ვაიმე საქართველოში უყურებენ“.

იმაზე არ ვფიქრობდი, ჰოლანდიაში როგორ ვუყვარვარ და იმხელა ქალაქში, როგორიც არის ამსტერდამი, რომ ჩადიხარ და გაჩერებენ, სურათებს გთხოვენ, აი, ის კი არ მინდოდა სურათი გადამეღო და ის კი არ მსიამოვნებდა - „ვაიმე, ქართველმა მნახოს. ვაიმე, ქართველმა ნახოს“, - სულ აი, ეს განცდები მქონდა. აი, ბოლო თამაშიც რომ იყო - ის გაცილებაც, სულ ის ფიქრები მქონდა - „ნეტა, ქართველები თუ უყურებენ, რას ფიქრობენ? ვაიმე, ბიჭები თუ უყურებენ, რას ფიქრობენ? მინდა, რომ უყურებდნენ! მინდა, რომ უყურებდნენ!“- სულ ეს განცდები მაქვს.

რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ აღვიქვამ - როგორ დამემართა ასეთი, რომ ასეთი გამორჩეული ვარ. არადა, მართლა ბუთხუზა ბავშვი ვიყავი და უცებ ასეთი... უცებ, არა! ძალიან ბევრი შრომის შემდეგ ასე აფასებს ჩემს შრომას ხალხი და ასე სჯერათ ჩემი. ეს არის საოცრება ჩემთვის და მაგარი მიღწევა. ასეთ რაღაცებზე ხანდახან მე თვითონაც ვფიქრობ ხოლმე და მინდა ვთქვა, რომ ეს ორი წელია, წელიწადნახევარი განსაკუთრებით, აქტუალური ვიყავი - არა სპორტში, არამედ რაღაც საზოგადოებრივ თემაში და ეს იყო რაღაც, ალბათ, ხალხის გული მოვიგე და ვიღაცას ალბათ, შევაძულე თავი, რა. ​ უკვე ჩემს სახელს და გვარს რომ იტყვი, ან გიყვარვარ, ან გძულვარ. შუა აღარ არსებობს! ეს შუა ძალიან დიდი იყო საქართველოში იმიტომ, რომ - გურამ კაშია? კი, ფეხბურთელი, არ ვიცი, ხო… დღეს უკვე: „გურამ კაშია? - ფუ, ეგ არა“, ან „არ თქვა არაფერი! გურამ კაშია მიყვარს!“. ეს ორი მხარეა დღეს საქართველოში, ალბათ და მე ცოტა მაბნევს ხოლმე, იმიტომ, რომ არ ვიცი, ვის რა რეაქცია ექნება ხანდახან თბილისში რომ დავდივარ.

ყველას ვუსურვებდი სიმშვიდის პოვნას

სიმშვიდეს. სიმშვიდეა, ალბათ, ჩვენ რაც გვჭირდება ყველა სფეროში თუ ყველა პროფესიაში. ეს არის მშვიდობა საკუთარ თავში და კიდევ ვიტყოდი, რომ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ტოლერანტულები და თანასწორობაზეც უნდა დავფიქრდეთ ოჯახში, ოჯახის გარეთაც. შეიძლება, ჩემს პროფესიაში ახალგაზრდა ფეხბურთელს მივცე რჩევა - აქ არ ვზივარ და არავის რჩევას არ ვაძლევ. უბრალოდ, როგორც სხვა რაღაცებში, კითხვა დავბადე უბრალოდ ჩემი ქცევებით და ეს კითხვა მინდა რომ დავბადო საზოგადოებაში - რომ დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა - რა გვინდა? რატომ ვართ? ვიპოვოთ ეს პასუხი და ვიყოთ მშვიდად და ეს სიმშვიდე მე მართლა მაქვს საკუთარ თავში და საერთოდ არ მაინტერესებს მეზობელი რას ფიქრობს, სხვა ადამიანი რას იტყვის - მე კარგად ვითამაშებ თუ ცუდად ვითამაშებ. ვუსურვებდი ყველას ამ სიმშვიდის პოვნას.