კადრში ჩანდა, როგორ ჩამოდიოდნენ გათავისუფლებული რუსი პატიმრები თვითმფრინავიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესალმებოდა რუს ჯაშუშებს და ერთ გასამართლებულ მკვლელს. თუმცა არმინე, რომელსაც რადიო თავისუფლება უსაფრთხოების მიზნით ფსევდონიმით იხსენიებს, განსაკუთრებული გაოცებით ერთ მათგანს უყურებდა. მან იცნო ესპანელი ჟურნალისტი, რომელიც ხშირი სტუმარი იყო მთიან ყარაბაღში - განსაკუთრებით იქ დაძაბულობის ესკალაციის დროს.
ასევე ნახეთ ვინ არიან გაცვლილი პატიმრები?„პაბლო დაახლოებით ათი წლის წინ გავიცანი... მან თავი ესპანელ ჟურნალისტად წარადგინა. ყარაბაღის ოფიციალურ პირებთან გასაუბრება სურდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარი“, - უთხრა არმინემ რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს.
„არაერთი კონტაქტი დაამყარა ყარაბაღში და თბილად იღებდნენ. უცნაურია, მაგრამ ყარაბაღის ხელისუფლებას - რომელიც, როგორც წესი, უცხოებს ეჭვით უყურებს - პაბლოში ეჭვი არ ეპარებოდა“, - დასძინა მან.
კაცი, რომელიც არმინემ იცნო, პაბლო გონსალესია, ჟურნალისტი, რომელიც რუსულ პასპორტში პაველ რუბცოვის სახელითაა მოხსენიებული. 2022 წელს ის პოლონეთში დააკავეს რუსული სამხედრო დაზვერვის ("გრუს") სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ათობით ადამიანს ელაპარაკა მთიან ყარაბაღში გონსალესთან შეხვედრის შესახებ. ეს რეგიონი ძირითადად ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული, ვიდრე მას აზერბაიჯანი დაიბრუნებდა 2023 წლის 19 სექტემბერს განხორციელებული შეტევის შემდეგ.
გამოკითხულთა უმრავლესობამ თქვა, რომ საეჭვო ვერაფერი დაინახა ვიზიტორში, რომელიც რეგიონში საომარი მოქმედებების შესახებ რეპორტაჟების მომზადების გარდა, წერდა სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე, ჟურნალისტის სტატუსს იყენებდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს ასაღებად და მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში ფოტოების გადასაღებად.
თუმცა აღნიშნეს, რომ 42 წლის გონსალესს განსაკუთრებით იზიდავდა კონფლიქტის გაშუქება.
”მას ომის საერთოდ არ ეშინოდა ”, - თქვა სერგეი შაჰვერდიანმა, სტეფანაკერტის სასტუმრო „ევროპის“ ყოფილმა დირექტორმა, სადაც გონსალესი ჩერდებოდა ხოლმე.
სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც პუტინმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, პოლონეთის ხელისუფლებამ გონსალესი დააკავა სასაზღვრო ქალაქ პრზემისლში, რომლის გავლითაც ასობით ათასი უკრაინელი გაურბოდა ომს.
პოლონეთის კონტრდაზვერვის სააგენტომ დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ გონსალესი „რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდა ჟურნალისტური სტატუსის საფარქვეშ“. რიჩარდ მურმა, ბრიტანეთის MI6-ის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მოგვიანებით განაცხადა, რომ გონსალესი „ცდილობდა უკრაინაში შეღწევას, რათა იქ დესტაბილიზაციის მცდელობებისთვის შეეწყო ხელი.“
პოლონელმა პროკურორებმა გასულ კვირას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი გონსალესს და დაადანაშაულეს "გრუსთვის" ინფორმაციის მიწოდებაში, რომელიც პოტენციურად „საზიანო“ იქნებოდა პოლონეთისთვის და ნატოსთვის, თუმცა პატიმრების გაცვლის შემდეგ ის ახლა ვარშავისათვის მიუწვდომელია.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ გაუმჟღავნებია დამატებითი დეტალები, ჟურნალისტურმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ გონსალესი უმეგობრდებოდა რუს ოპოზიციონერ აქტივისტებს და მათზე დოსიეებს ამზადებდა.
კარო საჰაკიანმა, სომეხმა ფოტოგრაფმა, რომელიც ამბობს, რომ გონსალესი მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს გაიცნო, რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ მასში „საეჭვო არაფერი შეუნიშნავს“.
”ჯერ კიდევ არ ვარ 100%-ით დარწმუნებული”, - თქვა საჰაკიანმა.
„ის არ იმალებოდა“
2020 წლის ომის დროს გონსალესი განთავსდა სტეფანაკერტის (აზერბაიჯანის მმართველობის დროს ქანკენდი ჰქვია) სასტუმრო „ევროპაში“.
”სხვა არავისში შეგეშლებოდათ”, - განუცხადა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სერგეი შაჰვერდიანმა, სასტუმროს ყოფილმა დირექტორმა, რომელიც რეგიონიდან განდევნეს ათიათასობით სხვა ეთნიკურ სომეხთან ერთად.
შაჰვერდიანი ამბობს, რომ გონსალესი დარეგისტრირდა, როგორც ესპანეთის მოქალაქე და დამოუკიდებელი ჟურნალისტი და რომ ბევრი ჟურნალისტისგან განსხვავებით, გაწვრთნილი ჯარისკაცივით მიიჩქაროდა ფრონტზე.
„ის არ იმალებოდა თავშესაფრებში და არ ეშინოდა დაბომბვის, - თქვა შაჰვერდიანმა, - ჩვენ ძალიან ვაფასებდით მის გამძლეობას.”
შაჰვერდიანმა აღნიშნა, რომ სავარაუდო ჯაშუში „ძალიან კარგად ლაპარაკობდა რუსულად“.
”ამას იმით ხსნიდა, რომ დაიბადა და გაიზარდა რუსეთში და რომ მისი ბებია და ბაბუა კომუნისტები იყვნენ”, - თქვა შაჰვერდიანმა.
აშშ-ის მიერ დაფინანსებული „ამერიკის ხმის“ მიერ მის შესახებ მომზადებულ სტატიაში ნათქვამია, რომ გონსალესის გარდაცვლილი ბაბუა ანდრეს გონსალესი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ოჯახთან ერთად გაიქცა საბჭოთა კავშირში. შემდეგ კი პაბლო 9 წლის ასაკში დედასთან ერთად ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. "ამერიკის ხმასთან" გონსალესი ფრილანსერად თანამშრომლობდა.
როგორც სომეხი, ისე უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც იცნობდნენ გონსალესს, მას ახასიათებენ ხალისიან, იუმორიან და მეგობრულ ადამიანად. მას უყვარდა ხმაურიანი შეკრებები, რომლებზეც ხშირად აჩვენებდა ხოლმე სხვებს თავის ტატუებს.
„მას ჰქონდა "ტატიკ-პაპიკის" (ბებია და ბაბუა) ტატუ, ქანდაკებისა, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული ყარაბაღის სიმბოლოდ“, განუცხადა ფოტოგრაფმა საჰაკიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს. მისი თქმით, გონსალესი ამბობდა, ყარაბაღის ომი გულთან ახლოს მაქვს, ამიტომაც გავიკეთე ეს ტატუო.
გონსალესი თავს ბასკ დამოუკიდებელ ჟურნალისტად წარადგენდა - იხსენებს საჰაკიანი. ის მასთან მხოლოდ ინგლისურად საუბრობდა. და ყოველთვის მარტო მუშაობდა - დასძინა ფოტოგრაფმა
გონსალესი და კრემლის მტრის, მოკლული ბორის ნემცოვის ქალიშვილი
ესპანური გამოცემა El Independiente ამ თვეში წერდა, რომ გონსალესს ესპანეთის ხელისუფლება, სულ მცირე, 2016 წლიდან აკვირდებოდა. რუსეთის დაზვერვამ მას, სავარაუდოდ, დაავალა კავშირი დაემყარებინა ჟანა ნემცოვასთან, რუსული ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის ქალიშვილთან. ბორის ნემცოვი 2015 წელს კრემლის მახლობლად მოკლეს.
2023 წელს დამოუკიდებელმა რუსულმა მედიაორგანიზაცია Agentsvo-მ გამოძიება ჩაატარა და შეიტყო, რომ პოლონელმა გამომძიებლებმა, რომლებმაც გონსალესის ელექტრონული მოწყობილობები გამოიკვლიეს, აღმოაჩინეს ნემცოვის წერილები, რომლებიც მან, სავარაუდოდ, გადაწერა ჟანა ნემცოვას კომპიუტერიდან. თავად ჟანა ნემცოვას პოლონეთის ხელისუფლებასთან ამ საკითხზე გაუთქმელობის ხელშეკრულება აქვს დადებული - იუწყება Agentsvo.
სხვადასხვა მედიასაშუალებამ დაადგინა, რომ გონსალესი ნემცოვას წრეში დაახლოებით 2016 წელს გამოჩნდა, დამოუკიდებელი ესპანელი ჟურნალისტის საფარქვეშ.
Agentsvo-მ ასევე დაადგინა, რომ გონსალესმა "გრუს" აგენტთან ერთად იმგზავრა. ორივე ბილეთი ერთი მისამართიდან შეუკვეთეს და მოსკოვის მატარებლის ერთ სადგურზე შეიძინეს.
სომხების საშინაო პოლიტიკის გამოკვლევა
გონსალესი ასევე დაინტერესდა სომხეთის შიდა პოლიტიკური საკითხებით, განსაკუთრებით ერევნის ურთიერთობებით მეზობლებთან.
2020 წლის ომის დროს მან ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE-ს სახელით შეძლო ინტერვიუ აეღო ფაშინიანისგან. ეს გონსალესის ერთადერთი ცნობილი პირისპირ ინტერვიუა მთავრობის მეთაურთან.
ფაშინიანის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერის მიხედვით, გონსალესი მას ომის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა და ჰკითხა, აკეთებდა თუ არა მოსკოვი ყველაფერს, ერევანთან სტრატეგიული ალიანსის ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად.
„ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ რუსეთის, როგორც სომხეთის სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას, და ვგრძნობთ რუსეთის შუამავლობას, - განაცხადა ფაშინიანმა, - ჩვენ ვხედავთ ამ შუამავლობას რეგიონში სტაბილურობის დამყარებისა და მშვიდობიანი გადაწყვეტის მისაღწევად“.
რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, გონსალესმა ასევე ჰკითხა ფაშინიანს, თუ რატომ იყვნენ განლაგებული რუსი მესაზღვრეები მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის საზღვარზე.
მისი ეს შეკითხვები არ შეუტანიათ არც EFE-ის რეპორტაჟში და არც სომხეთის ლიდერის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ აღნიშნა ინტერვიუს ამ ნაწილის გამოტოვების შესახებ როგორც ოფიციალურ ჩანაწერში, ასევე EFE-ის რეპორტაჟში და განმარტა, რომ გონსალესმა ინტერვიუს ეს ნაწილი სააგენტოს ჟურნალისტს აჩვენა.
მთიანი ყარაბაღის ომიდან ერთი წლის შემდეგ, გონსალესმა კონფლიქტის შესახებ დაწერა თავის ესპანურენოვან ვებსაიტზე და განაგრძო სომხეთის მონახულება, მათ შორის 2021 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროს.
ომის შემდეგ სომხურმა ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. გონსალესი აშუქებდა სომხეთის იმდროინდელ პოლიტიკურ ლანდშაფტს, იღებდა ფოტოებს ფაშინიანის მმართველი პარტიის ოფისებში და დაესწრო ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მიერ გამართულ პრესკონფერენციას.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახური გონსალესის შესახებ ესაუბრა როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციური წრეების წარმომადგენლებს, მაგრამ პაბლო არცერთ მხარეს არ ახსოვს - მთიანი ყარაბაღისგან განსხვავებით.
ამ პერიოდში გონსალესმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე: სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე რუსეთთან.
თავის ესპანურენოვან ვებსაიტზე გონსალესმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ატომური ელექტროსადგურის ადგილმდებარეობის, მისი რეაქტორების სიმძლავრის, მოქმედი რეაქტორების რაოდენობისა და რუსული საწვავის მიწოდების შესახებ.
სტატიაში ასევე საუბარი იყო იმაზე, ააშენებს თუ არა სომხეთი ახალ ატომურ ელექტროსადგურს და თუ ასეა, გაუფორმებს თუ არა ერევანი კონტრაქტს კიდევ ერთხელ რუსეთს.
„სამსახურში დაბრუნება“
გონსალესს 1 აგვისტოს პუტინი წითელ ხალიჩაზე ხელის ჩამორთმევით მიესალმა. იქვე იყო ვადიმ კრასიკოვი, რუსეთის "ეფესბეს" ყოფილი ოფიცერი, რომელიც 2019 წელს ბერლინში ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის გაასამართლეს.
გონსალესს ეცვა „ვარსკვლავური ომების“ მაისური, რომელზეც ეწერა: Your Empire Needs You („შენს იმპერიას სჭირდები“).
„მინდა მივმართო მათ, ვისაც პირდაპირი კავშირი გაქვთ სამხედრო სამსახურთან. მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ფიცისადმი ერთგულებისა და მოვალეობისთვის სამშობლოს წინაშე, რომელსაც არცერთი წუთით არ დავიწყებიხართ“, - განუცხადა პუტინმა შეკრებილებს.
მეორე დღეს, პუტინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა თქვა, რომ რუსეთი "კოლეგებს სამშობლოში დაბრუნებას ულოცავდა".
”ისინი ახლა ცოტას დაისვენებენ და დაუბრუნდებიან სამუშაოს”, - აღნიშნა ნარიშკინმა.