გრეტა, განდევნე მათგან დემონები!

ლაშა ბუღაძე

უყურებ და უსმენ მსოფლიოს დიდ თუ მცირე ლიდერთა უმრავლესობის ლაპარაკსა თუ ქცევას და უნებლიეთ შექსპირის მაკბეტისეული სიტყვები გახსენდება: ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა იდიოტის მიერ ხმაურითა და მძვინვარებით მოთხრობილი ამბავი - აზრის, იდეისა და შინაარსის გარეშე...

Your browser doesn’t support HTML5

გრეტა, განდევნე მათგან დემონები!


უილიამ ფოლკნერმა რომანის სათაურად რომ აქცია მაკბეტის სიტყვები ("ხმაური და მძვინვარება"), შინაგანი პესიმიზმის მიუხედავად, მაინც ოპტიმისტური შეგონებით დაასრულა თავისი ცნობილი სანობელე ლექცია: "მე მწამს ადამიანის!", ანუ ადამიანის ადამიანურობისო, თუმცა, ისევ და ისევ შექსპირის „მაკბეტიდან“ გამომდინარე, მტკიცედ უკვე ისიც ვეღარ იტყოდა, მართლაც ადამიანები ბინადრობდნენ მის გარშემო, თუ სხვა "სტრუქტურის" მქონე არსებები, რომელთაც, უბრალოდ, ადამიანების გარეგნობა ჰქონდათ, სინამდვილეში კი არც იყვნენ ადამიანები, როგორც შექსპირთან, როცა დემონური სული ადამიანის სხეულს იყენებს გარეგან ტანისამოსად და, ვთქვათ, თვალები ადამიანის აქვს, თავი, ფეხები, ენაც, მაგრამ შიგნით, კანს უკან, ბიოლოგიურ გარსქვეშ, ელემენტარული არსება სახლობს, ჭინკა, რომელიც ინსტრუმენტად იყენებს გარე-ადამიანს - სიცრუის, გულგრილობის, ეგოიზმის, სიძულვილის, გახლეჩილობის, ბოროტებისა თუ ხმაურიანი მძვინვარების გასავრცელებლად...

შესაძლოა, ზედმეტი პატივიც კი იყოს შექსპირის გრძნეულებთან შედარება ჩვენი ეპოქის ზოგიერთი პოლიტიკური ცხოველისათვის (ბოლოს და ბოლოს, „მაკბეტის“ კუდიანები შექსპირულად მაღალი პოეტური ენით მეტყველებენ და არა უხეშად, თვალთმაქცურად და ბანალურად, როგორც ამას მოქმედი ავტოკრატ-ფსევდოდემოკრატები შვრებიან), მაგრამ, შეხედეთ, განა ჭინკების, დემონების და ხშირად, საერთოდ, მეფისტოფელის მართულებს არ ჰგვანან მათგან უმრავლესნი?!

ხომ ცხადია (ყოველ შემთხვევაში, შექსპირისთვის ცხადი იქნებოდა), რომ რაღაც უწმინდური ბინადრობს, მაგალითად, ყვრიმალებშებერილ პუტინში?! ტყუილად კი არ მიიწევდა იაკუტიელი შამანი მის დასამხობად (და, შესაბამისად, ტყუილად კი არ დაუკავებიათ კრემლის დამცველ სპეცრაზმელებს). განა თვალსაჩინო არ არის, რომ აშკარად არ ასვენებს თმა და სახეაალებულ ტრამპს რომელიღაც უსახელო და ეგოცენტრული ჭინკა?! ანდა განა რომელიმე ძველი შაითანი არ აყვირებს დემოკრატიით შეწუხებულ ერდოგანს?! კიმ ჩენ ინსა და სხვა უსულო არსებებზე არც ღირს ლაპარაკი... და, მით უმეტეს, არ ღირს ადგილობრივი, ქართული ჭინკების გენეზისის დადგენა, რადგან როცა ვიღაცას ზღვით ხეების სვლა-გადმორგვა ჰქცევია აკვიატებად და კიდევ მრავალი ხილული თუ უხილავი უცნაურობა, ალბათ, ეჭვიც არ უნდა გაუჩნდეს ვინმეს, რომ ეს აკვიატებები არა მისი, არამედ მასში არსებულის ნახელავია, თუმცა ჭინკები და ოფოფები მის გარდა სხვასაც მრავლად მოეძებნება ჩვენში.

მაგრამ ზოგში შეიძლება არა მაინცდამაინც ექსცენტრული, არამედ სავსებით მშვიდი და გაწონასწორებული ჭინკა სახლობდეს - კულტურული ქცევა რომ სჩვევიათ და უზრუნველ ეგოიზმში ჩამტკბარან ტკბილად, თავიანთი ბედით რომ არიან დაჰიპნოზებულები და სამყაროს ბედისწერას კი არაფრად აგდებენ მაშინაც კი, როცა სამყარო დაღუპვის ნიშნებს იძლევა...

დედამიწის შხამიან ბურთად ქცევა მათთვის მხოლოდ რიტორიკის ნაწილია, ხოლო ომებსა და უსამართლობაზე რეაგირება და ბოროტების შეჩერება - "პრაგმატულ ინტერესებთან" შეუსაბამო უხერხულობა, რადგან ეს, როგორც წესი, ყოველთვის სადღაც სხვაგან ხდება...

შესაძლოა, სადღაც ვიღაცას კლავდეს რომელიმე პუტინი, მაგრამ ავსტრიის რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრი (აწ, მართალია, უკვე ყოფილი) მასთან ერთადვე ცეკვავდეს თავის ქორწილში... როგორც ჩვენი ბავშვობის ზღაპრების მარისია ეცეკვებოდა მისივე დამღუპველ ეშმაკს!

მაგრამ რა არის ცეკვა იმასთან შედარებით, რაც, შესაძლოა, სტიქიურ ტრაგედიად იქცეს მთელი მსოფლიოსთვის...

ჰოდა, იქნებ სწორედ ეს მიზანი ამოძრავებთ ადამიანთა სხეულებში ჩასახლებულ ცინიკურ დემონებს, რომ ადამიანებმა ადამიანების ხელითვე მოუსპონ ერთმანეთს არსებობის შესაძლებლობა, როგორც შექსპირის გრძნეულებმა შეაძულეს ერთმანეთი ბენქოს და მაკბეტს...

რად უნდა იმას თქმა, რომ სამყარო დღეს არცთუ კარგად გრძნობს თავს, ადამიანი არ არის ბედნიერი, რადგან გარშემო უწყვეტი ხმაური და მძვინვარებაა...

და იდიოტებიც გაუჩერებლად ლაპარაკობენ!

და აი, ამ დროს ჩნდება ეს პატარა გრეტა თუნბერგი, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად, მოულოდნელი გულწრფელობით გამოხატავს ამ არცთუ კარგად ყოფნას, მსოფლიო ბრაზს - თითქოს ბიბლიური წინასწარმეტყველი ლაპარაკობდეს მისგან - და დაუფარავად, შემაძრწუნებლად ღიად, სრულიად არაკორექტულად, არაეთიკური წყენით, შინაარსით და იდეით აღსავსე ხმაურით ამხელს პრაგმატულ, ტოტალურ მატერიალიზმში ჩამლბარ კაცობრიობას, უპირველესად კი ძალაუფლების დემონური ჟინით შეპყრობილ პატივმოყვარე დიდკაცებს, ჩაგვრისა და მართვის გესლით მონუსხულ გონწართმეულ ნარცისებს, ვისგანაც მხოლოდ ამგვარ ეგზორციზმს თუ შეუძლია დემონების გარეთ გამოყრა...

ამ გოგოს ბრაზი და ყვირილი "გაეროში" კლასიკური ეგზორციზმის აქტია (ამიტომაც აუხირდნენ საპასუხოდ ასე ერთხმად და წივილ-კივილით), დემონთა განდევნის მცდელობა თვითტკბობით შეპყრობილი პრაქტიკოსების სქელი კანებიდან, კბილებით რომ ეჭიდებიან მყიფე დღევანდელობის შემანარჩუნებელ ძალაუფლებას...

ჰოდა, რა დროს ზრდილობაა, როცა გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ გვეხება, ადამიანის თვალებიდან მომზირალმა ჭინკებმა უნდა მიიღონ?!