"ფაქტობრივად, სულ რამდენიმე ადამიანი ვსაუბრობთ ღიად ამ დიაგნოზზე"

მაკა გოგია და გოჩა გაბოძე

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღე 1983 წლიდან აღინიშნება მაისის მესამე კვირა დღეს. საქართველოში აივ/შიდსით ინფიცირების 7569 შემთხვევაა რეგისტრირებული. საქართველოში 18-19 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების დევიზია - „აქტიური ბრძოლა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის“.

​ქვეყანაში უმწვავეს პრობლემად რჩება სტიგმა, რომელიც აივ/შიდსით ინფიცირებულთა მიმართ არსებობს საზოგადოებაში. გოჩა გაბოძე, სათემო ორგანიზაცია „ბროწეულის“ დირექტორი „დილის საუბრებში“ ყვება:

„სტიგმა არის მთავარი ბარიერი, რომელიც აივ-დადებითი ადამიანების წინაშე დგას. რადგან ეს დაავადება ხშირად გარკვეულწილად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებშია გავრცელებული, ეს ორმაგ სტიგმასთანაც არის დაკავშირებული, რაც ბევრად უფრო რთულს ხდის ადამიანების ჯანრმთელობის უფლებასთან წვდომის საკითხებს, ასევე მათ ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობას. ერთია იყო გარკვეული ნიშნით განსხვავებული ადამიანი და ამის გამო საზოგადოებისგან ისედაც გარიყულად გრძნობდე თავს, ან იყო რეპრესიული კანონმდებლობის მსხვერპლი და მეორე, როცა ამას ემატება დიაგნოზი, რომელმაც შენს ჯგუფშივე შესაძლოა გაგხადოს მოწყვლადი. ბევრად უფრო რთულია ეს მდგომარეობა. ფაქტობრივად სულ რამდენიმე ადამიანი ვსაუბრობთ ღიად ამ დიაგნოზზე“.

გოჩა გაბოძე ლაპარაკობს სამედიცინო სისტემასთან კომუნიკაციის საკუთარ გამოცდილებაზე, როცა სხვა პროფილის ექიმთან მისულმა ვერც სათანადო მკურნალობა მიიღო და ექიმის მხრიდან არაეთიკური მოპყრობის მსხვერპლიც აღმოჩნდა:

„ასეთ დროს ბევრს ვერაფერს ვაკეთებთ, რადგან ძალიან რთულია იბრძოლო იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელშიც ძალიან გამჯდარია სტერეოტიპები და რთულია შეცვალო სახელმწიფო, რომელიც თვითონაც არ არის მოწოდებული სამედიცინო სფერო გახადოს სენსიტიური მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ეს უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს ხელშეწყობით და არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ექიმის კეთილ ნებაზე. არიან ლგბტ+ თემის მიმართ მეგობრული ექიმები, მაგრამ ისინი ვერ ცვლიან სამედიცინო სისტემაში სურათს“.

„ზიანის შემცირების ქსელის“ პროექტის კოორდინატორი, მაკა გოგია ლაპარაკობს ექიმების განათლების პრობლემაზე.

„მე როცა დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, დაახლოებით 20 წლის წინ, აივ/შიდსი განიხილებოდა ძალიან მარგინალიზებული ჯგუფის დაავადებად - რომ ეს არის მათი სასჯელი, ნარკოტიკებს რომ მოიხმარენ და ა.შ.. იმ სკოლა გავლილი ექიმები არიან. არ შეცვლილან. ეს საკითხი იყო სტიგმატიზებული ჯერ კიდევ სამედიცინო ლექტორების მიერ“.

მაკა გოგია მნიშვნელოვნად თვლის აივ/შიდსით ინფიცირებულთა მკურნალობის პირობების გაუმჯობესებას:

„რამდენი წელია სახელმწიფო იძლევა დაპირებას, რომ უნდა აშენდეს სპეციალიზებული შიდსის კლინიკა, უნდა მიეცეთ უკეთესი პირობები. საოცრად არახელშემწყობი გარემოა ექიმებისთვისაც. პაციენტებისთვის ეს ორმაგად მტკივნეულია. კი ბატონო, მკურნალობა უფასოა, მაგრამ არ არის პაციენტზე მორგებული სერვისები“.

გოჩა გაბოძე მკურნალობის გეოგრაფიული მისაწვდომობის პრობლემას გამოყოფს. ქვეყანაში სულ სამი დაწესებულებაა, სადაც პაციენტს სერვისის მიღება შეუძლია. სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი კონფიდენციურობის საკითხსაც ეხება:

„მნიშვნელოვანია კონფიდენციურობის პრობლემა. ინფრასტრუქტურული პირობები და გარემო არის პაციენტისთვის შეუსაბამო. ის არ იძლევა სხვა შესაძლებლობას - ორი ექიმი ორ პაციენტს ერთდროულად იღებს.

როცა სტიგმატიზებულ დაავადებაზეა საუბარი, არ შეიძლება ერთ სივრცეში ერთი დიაგნოზის ადამიანების თავმოყრა, არამედ გარკვეული სერვისები ასეთ პაციენტებს უნდა მიეწოდებოდეთ მულტიპროფილურ კლინიკებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში“.

და კიდევ ერთი უმწვავესი საკითხი:

„არ არის ჰოსპისის სერვისი შიდსის მქონე ადამიანებისთვის და მათ სიცოცხლის ბოლო დღეების გავლა ხშირად წარმოუდგენელი პირობების მქონე დაწესებულებაში უწევთ. თუ მომვლელი არ გყავს, ბედის ანაბარად ხარ დარჩენილი“.

გოჩა გაბოძე თვლის, რომ პაციენტები უნდა გააქტიურდნენ, რადგან სხვაგვარად მათი ხმა არავის ესმის.

Your browser doesn’t support HTML5

გოჩა გაბოძე და მაკა გოგია აივ/შიდსით ინფიცირებულთა წინაშე არსებულ პრობლემებზე