გორში მეთერთმეტე აიპის შექმნას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა

გორის მუნიციპალიტეტის შენობა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კიდევ ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნა. ახალი აიპი მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხებს დაარეგულირებს. გორის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის სააგენტოს შექმნას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, არჩევნების წინ ხელისუფლების მიერ კიდევ ერთი აიპის შექმნა მხოლოდ მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებას და ადმინისტრაციული რესურსის შექმნას ემსახურება. პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” წევრმა, პაპუნა კობერიძემ, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ვერ მოისმინა მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებისგან იმის დასაბუთება, რომ ტრანსპორტის სააგენტო მომგებიანი ორგანიზაცია იქნება და ის ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება.

გორის 38-მილიონიანი ბიუჯეტიდან ამ სააგენტოების დასაფინანსებლად თითქმის ნახევარი - 17 მილიონი ლარი - იხარჯება.

ტრანსპორტის სააგენტოს შექმნას მხარი არ დაუჭირა საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობამ. პარტიის წევრი, ბექა ქორჩილავა, მიიჩნევს, რომ აიპები დასაქმების ბიუროდ იქცა და აქედან სარგებელს მხოლოდ მმართველი პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები იღებენ.

ოპოზიციის კრიტიკას და პრეტენზიებს არ იზიარებენ მმართველ პარტიაში. „ქართული ოცნების“ წევრი, ლია ჩლაჩიძე, აცხადებს, რომ ქალაქს მალე ახალი ავტობუსები ეყოლება და ამ ავტობუსების მოვლა-პატრონობაზე სწორედ ტრანსპორტის სააგენტომ უნდა იზრუნოს. მისი თქმით, გაერთიანებაში 70-მდე ადამიანი დასაქმდება და მათ პროფესიული ნიშნით შეარჩევენ.

საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, აცხადებს, რომ ახალი აიპის შექმნა აუცილებლობით არის გამოწვეული და მას არანაირი კავშირი არა აქვს არჩევნებთან.

გორის მუნიციპალიტეტში აქამდე ათი აიპი იყო შექმნილი. ტრანსპორტის სააგენტო მეთერთმეტე ორგანიზაციაა, სადაც 70-მდე ადამიანი დასაქმდება, სხვადასხვა სააგენტოში კი უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული. გორის 38-მილიონიანი ბიუჯეტიდან ამ სააგენტოების დასაფინანსებლად თითქმის ნახევარი - 17 მილიონი ლარი - იხარჯება.