გორის ციხის ახალი სიცოცხლე

გორის ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად არაბულენოვანი ოქროს მონეტა იპოვეს. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რომელ ეპოქას განეკუთვნება ეს მონეტა. ამას ისტორიკოსები და ნუმიზმატები გაარკვევენ. გათხრები ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში დაიწყო და ის გორის ციხის კომპლექსისა და მიმდებარე ისტორიულ ზონაში არსებული არქეოლოგიური, ქალაქმშენებლობითი და არქიტექტურული ობიექტების ბაზაზე სამუზეუმო-სანახაობითი, შემეცნებითი, სავაჭრო და აქტიური დასვენების სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.

Your browser doesn’t support HTML5

გორის ციხის ახალი სიცოცხლე

გარდა ამისა, გამაგრდება ციხის კედლები, საიდანაც ყოველ გაზაფხულზე ადგილობრივ მოსახლეობას ქვათა ცვენა აწუხებდა. ციხეზე არსებულ ყოფილ წყლის რეზერვუარში საბრძოლო იარაღების მუზეუმის მოწყობა იგეგმება, გორის ციხეზე განთავსდება საქართველოს თავდაცვითი ნაგებობების მაკეტიც. არქეოლოგი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს, რომ, არაერთგზის შესწავლის მიუხედავად, გორის ციხე არქეოლოგებისთვის კვლავ საინტერესო საკვლევ ციხესიმაგრედ რჩება.

არაბულენოვანი ოქროს მონეტა

ციხის ფერდობებზე - 1920 წლის მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების შემორჩენილ კედლებზე - სასტუმროები, სავაჭრო დახლები, დუქნები და ხალხური რეწვის სახელოსნოები ძველი განაშენიანების ხასიათითა და მასშტაბით განახლდება.

გორის ისტორიული ციხესიმაგრე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის დიდი პოტენციის ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიური ობიექტია, რომელიც დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის საბაზისო ცენტრი გახდება.

პროექტის საწყისი ეტაპი ამჟამად ციხის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ქვედა გალავნის რეაბილიტაციას მოიცავს, რაც მიწისა და მცენარეული საფარისგან ტერიტორიის მთლიანად გაწმენდას და რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები გალავნის სხვადასხვა სეგმენტების მოშლილი წყობის აღდგენა-კონსერვაციას გულისხმობს. მორყეული, გამოქარული კედლის ფრაგმენტები სრულად გადაეწყობა, ხოლო გალავნის კედლებისა და ბურჯების საძირკვლები საფუძვლიანად გამაგრდება.

კომპლექსურად განხორციელდება ციხის არქეოლოგიური შესწავლაც. სამეცნიერო კვლევა-ძიებისას გამოვლენილი ობიექტები სათანადო წესით აიზომება და დაკონსერვდება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით სამუშაოებს კომპანია „არქიტექსი“ ახორციელებს . სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე აცხადებს, რომ ახლო მომავალში გორის ციხე ახალ სიცოცხლეს შეიძენს და როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სტუმრებისთვის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ ადგილად იქცევა.

Your browser doesn’t support HTML5

გორის ციხის ახალი სიცოცხლე

​გორის ისტორიული ციხესიმაგრე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის დიდი პოტენციის ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიური ობიექტია, რომელიც დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის საბაზისო ცენტრი გახდება. გორის ციხე, ისევე როგორც საქართველოს ციხესიმაგრეთა უმეტესობა, თავისი ისტორიის მანძილზე მრავალჯერაა დანგრეული და აღდგენილი. მრავალჯერადი შეკეთების, გამაგრება-განახლების შედეგად შეუძლებელია სხვადასხვა პერიოდში შეტანილი ცვლილებების გამიჯვნა და მოცულობების დადგენა. 1920 წლის ცნობილმა მიწისძვრამ ქალაქი გორი თითქმის მთლიანად დაანგრია და ციხესაც დიდი ზიანი მიაყენა. მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ძეგლზე სარეაბილიტაციო პროცესი რამდენჯერმე წარიმართა.