გორის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა. ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მერიამ ბიუჯეტის შედგენისას მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ქალაქის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც ესწრებოდა. ოპონენტებს შენიშვნები მის მიმართაც ჰქონდათ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმაზე სწუხდნენ, რომ „აიპების“ ხელმძღვანელები საკრებულოს ანგარიშს არ აბარებენ, გარდა ამისა ოპოზიციას აინტერესებდა, რა ზომებს მიმართა მერმა, როცა მისმა თანამშრომელმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა დაამხო. საკრებულოს სხდომაზე შელაპარაკება ბევრჯერ ხმაურში გადაიზარდა.
ასევე ნახეთ გიგა მაქარაშვილი ბრძოლას მთავარ პროკურატურაში გააგრძელებსსაკრებულოს უმრავლესობამ, ოცდაათმა წევრმა, მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება და ჯანდაცვა იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ გაზრდილ ბიუჯეტში ბიუროკრატიის ხარჯებიც მნიშვნელოვნად გაზრდილია და ეს ფინანსური დოკუმენტი საზოგადოების კეთილდღეობისთვის არ არის შექმნილი.
გორის მომავალი წლის ბიუჯეტი 39 მილიონ 109 ათასი ლარით განისაზღვრა. ფინანსების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სოციალურ მიმართულებებზე დაიხარჯება.
თანაპარტიელის აზრს იზიარებს ვასილისა ჯაბახიძე. მისი თქმით, მმართველ პარტიას ბევრი მიმართულების ასახვა საერთოდ დაავიწყდა. მაგალითად, შშმ პირებისთვის მიზერული თანხაა გათვალისწინებული.
ოპონენტების მოსაზრებას არ იზიარებს „ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ გოგინაშვილი. მისი თქმით, ბიუჯეტი გაზრდილია და შესაბამისად, ყველა მიმართულების დაფინანსება გაიზარდა.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ გორის მომავალი წლის ბიუჯეტში ოპოზიციის არაერთი შენიშვნაა გათვალისწინებული. მისი თქმით, ოპოზიციას 2019 წლის ბიუჯეტის კრიტიკის საფუძველი არა აქვს.
გორის მომავალი წლის ბიუჯეტი 39 მილიონ 109 ათასი ლარით განისაზღვრა. ფინანსების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სოციალურ მიმართულებებზე დაიხარჯება.