გორის მერიაში საჯარო მოხელეების მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო

გორის მერიაში ორი თანამშრომლის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. სტუდენტების ჯგუფი მეორე კვირაა მერის თანაშემწის კახაბერ ბლიაძის გადაყენებას მოითხოვს, რომელმაც სოციალურ ქსელ ფეისბუკში , თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და მისი მამის ზაზა სარალიძის მიმართ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი კომენტარი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ სტუდენტებმა გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს ბლიაძის გადაყენების მოთხოვნით მიმართეს და ქალაქში საპროტესტო აქციები გამართეს. ახალგაზრდები მერს ორჯერ შეხვდნენ, საბოლოო გადაწყვეტილებით არამარტო კახაბერ ბლიაძის არამედ სოფელ მეჯვრისხევში მერის წარმომადგენლის ლექსო ბიჯიაშვილის მიმართაც ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. სოციალურ ქსელში ბუჯიაშვილიც არაეთიკურ კომენტარებს წერდა. კანონის მიხედვით გადაწყვეტილების მისაღებად გორის მერს ერთი თვე აქვს, თუმცა თავზარაშვილი აცხადებს, რომ სტუდენტებს უფრო ადრე კიდევ ერთხელ შეხვდება და საქმის წარმოების დეტალებს გააცნობს.

სტუდენტების მოთხოვნა ბლიაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ძალაში რჩება. მერთან ბოლო შეხვედრისას არ დაკონკრეტებულა ადმიანისტრაციული საქმის წარმოების შედეგი რა იქნება. სტუდენტთა ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ჟამურელი აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა მხოლოდ თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს და მერის პასუხის შემდეგ გადაწყვეტენ როგორ იმოქმედონ.

ამ პროცესს მონიტორინგს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ საჯარო მოხელეების მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევა სახეზეა და დისციპლინური საქმის წარმოების მონიტორინგიც განხორციელდება.

სამსახურიდან დათხოვნა, საყვედური თუ ხელფასის დაქვითვა? რა დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებენ გორის მერიის საჯარო მოხელეებს ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.