გორის მერიას „დემონების“ შერცხვა
Your browser doesn’t support HTML5
„სამეფო უბნის თეატრის“ სპექტაკლი „დემონები“ მიუღებელი აღმოჩნდა გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის. შვედი დრამატურგის, ლარს ნურენის „დემონებით“ დაიხურა გორში კომედიის ფესტივალი, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. რამდენიმე მაყურებელმა სპექტაკლი დროზე ადრე დატოვა, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა. გორის მერი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სპექტაკლი გორის თეატრის მაყურებლისათვის მიუღებელი გამოდგა უცენზურო და პიკანტური სცენების გამო: „მამაკაცები და ქალბატონები ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და შერცხვათ ერთმანეთის, ისეთი სიტყვები იყო გამოყენებული ამ სპექტაკლში“. დათა თავაძე „სამეფო უბნის თეატრის“ რეჟისორი კი ამბობს, რომ სპექტაკლმა გორის თეატრში ანშლაგით ჩაიარა, გორის მაყურებელმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ ოვაცია არ დაიშურა და სპექტაკლი მხოლოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაიწუნეს: „ნათლად იკვეთება გარკვეული ჩარევის მცდელობა, თუ როგორი უნდა იყოს ფესტივალის პროგრამა, რა უნდა მოსწონდეს თეატრის მაყურებელს და რა არა“... „დემონების“ პრემიერა „სამეფო უბნის თეატრში“ 2018 წლის 23 მარტს შედგა. სპექტაკლის რეჟისორია მიხეილ ჩარკვიანი.