ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი შიდა ქართლის საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი შეზღუდვების შესახებ იმდენად სწრაფად ცვლის გადაწყვეტილებებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეების ინფორმირებას ვერ ასწრებს. 20 მარტის დილიდან მთლიანად შეწყდა, როგორც შიდა საქალაქო, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მომსახურება. ის მოქალაქეები ვინც სოფლად არსებულ ამბულატორიებში მუშაობენ, ტრანსპორტის არარსებობის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებს მივეცით რეკომენდაცია, რომ 20 მარტიდან, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებშიც, დროებით შეაჩერონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობა...კონსტანტინე თავზარაშვილი
18 მარტს საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობას შეწყვეტდნენ და მხოლოდ ავტობუსები დღეში თითო რეისს შეასრულებდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება 24 საათში შეიცვალა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ აღარ იმოძრავებს. დღეში სამჯერ, მხოლოდ დედაქალაქის მიმართულებით შესრულდება რეისები. გორის მერიამ საზოგადოების ინფორმირება დროულად ვერ შეძლო, რამაც უხერხულობა შექმნა. გორის მერიამ განცხადება 19 მარტის საღამოს გაავრცელა
,,როგორც იცით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ღონისძიებები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, თუმცა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები არ ემორჩილებიან ამ შეზღუდვებს და არ ითვალისწინებენ რეკომენდაციებს. ერთ-ერთი შეზღუდვა ეხება საზოგადოებრივი სარგებლობის ტრანსპორტს. მოგეხსენებათ, გორს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავს, შესაბამისად, კერძო კომპანიებს ორი დღის წინ მივეცით რეკომენდაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული რაოდენობის შეზღუდვაზე, დღეს კი, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მკაცრდება ზომები და შეზღუდვები. შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებს მივეცით რეკომენდაცია, რომ 20 მარტიდან, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებშიც, დროებით შეაჩერონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობა“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
მოქალაქეები კი დილიდან უშედეგოდ ელოდნენ სოფლებისკენ მიმავალ ავტობუსებს.
ასევე ნახეთ თვითიზოლაციაში მყოფი ოჯახები და სადეზინფექციო სამუშაოები გორშიგორის მერიას მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავს, ქალაქს და სოფლებს კერძო სატრანსპორტო კომპანიები ემსახურებიან, შესაბამისად ამ კომპანიებს საკოორდინაციო ჯგუფის მიერ რეკომენდაცია მგზავრთა გადაყვანის შეწყვეტის შესახებ მიეცა.სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ჭეჭელაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ყველა ორგანიზაციამ მთავრობის რეკომენდაციები შეასრულოს.
მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვებით დაზარალდებიან და ასობით უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის კომპენსაციაა აუცილებელი.
20 მარტიდან ფაქტიურად იზოლირებული რჩება გორის მუნიციპალიტეტის სოფლები. საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფში ფიქრობენ, რომ ამით მაქსიმალურად შეზღუდავენ მოქალაქეთა გადაადგილებას და ვირუსის გავრცელების ალბათობას, თუმცა შეზღუდვა ჯერ არ ეხებათ ტაქსებს, ტაქსების კომპენიებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ მძღოლებმა პირბადეებით იმუშაონ და მანქანაში მუდმივად იქონიონ ანტისეპტიკური საშუალებები.