დასაწყობებული ნიღბების ვიდეოს გავრცელების შემდეგ „გორგია“ ამბობს, რომ „შეეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია“

კადრები „გორგიას“ თანამშრომლის მიერ გადაღებული ვიდეოდან, რომელშიც ჩანს დასაწყობებული სათვალეები, ნიღბები და პირბადეები.

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ადასტურებს, რომ „გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს“, მათაც შეეზღუდათ „გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია“.

თუმცა კომპანია განცხადებაში არ აზუსტებს, რა ფორმით მოხდა ეს შეზღუდვა და ვის მიერ.

რადიო თავისუფლება ცდილობს კომპანიასთან ამ ინფორმაციის დაზუსტებას.

„გორგია“ გასულ დღეებში რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ, რაც თქვეს, რომ კომპანიას საწყობში ჰქონდა სათვალეები, ნიღბები და ჩაფხუტები, თუმცა ისინი „მომხმარებლებს გადაუმალა“.

ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი რომელაშვილმა, 8 დეკემბერს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს საწყობში შენახული ეს პროდუქცია.

„გორგია“ 9 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე“.

„ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი“, - აცხადებს კომპანია.

„ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია“, - წერს კომპანია.

გიორგი რომელაშვილის გარდა, „გორგია“ დატოვა კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თურქაძემ.

„ჩემს სამოქალაქო პოზიციას ყოველ საღამოს ვაფიქსირებ აქციებზე დგომითა თუ აზრის საჯაროდ დაფიქსირებით... რაც შეეხება კომპანია “გორგიას”, რომლის განვითარებაშიც გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის, გული მტკივა, რაც მის გარშემო ხდება. წამოსვლის შესახებ განცხადება კი 6 დეკემბერს დავწერე“, - დაწერა მან 8 დეკემბერს ფეისბუკზე.