უნივერსიტეტის ე.წ. „მაღლივი“ კორპუსის უკან, გამწვანებულ ზოლში, შავიშვილის ქუჩის 2 ნომერში, დეველოპერული კომპანია „M2“ უკვე რამდენიმე წელია გეგმავს ოთხი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. ორი ჰექტარი მიწა ამ ტერიტორიაზე კომპანიამ 2008 წელს შეიძინა. მიწის შეძენისას ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი ჰქონდა. თუმცა, ერთი წლის თავზე, 2009 წელს, მერიის ზონალურმა საბჭომ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა ერთის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიაზე დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა.
მიუხედავად ამისა, თბილისის მერია დღესდღეობით კვლავ განიხილავს კომპანია M2-ის განახლებულ პროექტს, ანუ განაშენიანების რეგულირების გეგმას. პროექტის თანახმად, „მაღლივის“ უკან, გამწვანებულ ზოლში, ოთხი 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა დაიდგას. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი ტერიტორიას უნდა შეეცვალოს ზონის სტატუსი და მიენიჭოს საცხოვრებელი ფუნქცია.
უკვე წლებია დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ „მაღლივის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი და ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც მასშტაბური მშენებლობა იგეგმება, ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე ზოლია საბურთალოს ბოლოში.
თუმცა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებნი და არა მხოლოდ ისინი შავიშვილის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ ეს არის გერმანელი ტყვეების საფლავი, რომელიც იქ, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან გაჩნდა.
იქ დაკრძალულნი უნდა იყვნენ იმ ქარხნებში მომუშავე ტყვეები, რომლებიც მდებარეობდა დღევანდელი ვაჟა-ფშაველას კვარტლების ტერიტორიაზე.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევრები უკვე ბევრი წელია მუშაობენ საქართველოს მასშტაბით არსებულ გერმანელ ტყვეთა საფლავების ძიებაზე და რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი, არა მხოლოდ გერმანელი, არამედ მათი მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებიც არიან დამარხულნი.
ისინი ამბობენ, რომ გარდა ზეპირი გადმოცემებისა (რომელთა ნდობაც შეიძლება, ომიდან დღემდე შედარებით მცირე დროის გასვლის გამო), სასაფლაოს არსებობის ვერსიას ამყარებს 1950-იანი წლების აეროფოტოზე დაფიქსირებული აღნიშნული ტერიტორიის ფრაგმენტი, რომელზეც მკაფიოდ ჩანს მიწაზე ხელოვნური ზემოქმედების კვალი.
გარდა ამისა, მკვლევრები იშველიებენ თბილისის ტოპოგრაფიულ რუკასაც, რომელიც 1960-იან წლებშია გაკეთებული და სადაც პატარა ჯვრებითაა მონიშნული ტყვეთა საფლავი და ის ქარხანა, რომელშიც, სავარაუდოდ, ტყვეები მუშაობდნენ.
ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ვარაუდობს, რომ ამ ტერიტორიაზე შესაძლოა რამდენიმე ასეული ტყვეც კი იყოს დასაფლავებული:
„სავარაუდო, იქ დაკრძალულნი უნდა იყვნენ იმ ქარხნებში მომუშავე ტყვეები, რომლებიც მდებარეობდა დღევანდელი ვაჟა-ფშაველას კვარტლების ტერიტორიაზე. დღეს ძნელი გასარჩევია რამდენი საფლავი იყო ამ ტერიტორიაზე. შესაძლოა, იყო როგორც ინდივიდუალური საფლავები, ისე საერთო სამარხიც. ასეთი ერთიანი სასაფლაო რამდენიმე ხნის წინ, რუსთავში გაიხსნა და იქ რამდენიმე ასეული ნაშთი აღმოჩნდა“.
საბჭოთა ისტორიის კიდევ ერთი მკვლევარი დავით ჯიშკარიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ თბილისის მასშტაბითა და მის შემოგარენში, რამდენიმე ბანაკი იყო, სადაც გერმანელი ტყვეები მუშაობდნენ:
„ერთ-ერთი ბანაკი მდებარეობდა მაღლივი ტერიტორიის მახლობლად. და იმ ტყვეებს, რომლებიც ხან ანტისანიტარიითა და ხან სამშენებლო ტრავმებით იღუპებოდნენ, სწორედ იქ მარხავდნენ. ამის შესახებ არსებობს არაერთი ზეპირი ისტორია. გარდა ამისა, იქ მცხოვრები იხსენებენ, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ამ ტერიტორიაზე პოულობდნენ ე.წ. დანომრილ ჟეტონებს, რომელიც სავარაუდოდ, საფლავების აღმნიშვნელი ნომრები იყო. გარდა ამისა, რამდენიმე კოლეგამ, რომლებიც გერმანელ ტყვეთა საფლავებზე მუშაობენ, ამ ტერიტორიაზე, ორი წლის წინ აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხის ნარჩენები. ის, რომ „მაღლივის“ უკან გერმანელი ტყვეების სასაფლაო, ამას ბევრი კამათი არ სჭირდება“.
დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ ქალაქისათვის და ქვეყნისთვის ამ მეხსიერების შენარჩუნება მნიშვნელოვანია: „არავინ ითხოვს სასაფლაოს აღდგენას. ერთის მხრივ, ძალიან მარტივია გერმანიისგან სახელმწიფომ მიიღოს 200 მილიონი ევრო დახმარება და მეორეს მხრივ, ძალიან მარტივია, რომ უარი თქვა იმ ხსოვნაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობებში. ეს ადგილი უნდა იყოს მემორიალური პარკი, პატარა წარწერითა და მწვანე სივრცით. და არა მახინჯი ცათამბჯენებით სავსე“.
თბილისის მერიამ და საკრებულომ ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს შეუცვლიან თუ არა შავიშვილის ქუჩას სარეკრეაციო ზონის სტატუსს და მისცემენ თუ არა კომპანიას გამწვანებულ ზოლში ოთხი 13 სართულიანი კორპუსის მშენებლობას.
მანამდე კი, 9 თებერვალს, გარემოსდამცველები და ადგილობრივი მცხოვრებნი დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ აქციას გამართავენ სახელწოდებით „გორა ჩვენია!“