უნივერსიტეტის „მაღლივი“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებმა, გარემოს დამცველებმა და ურბანისტებმა კომპანია „ემ კვადრატის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს.
„გორა ჩვენია!“ - ასეთი შეტყობინება გაუგზავნეს მათ კომპანიისა და მერიის წარმომადგენლებს.
კომპანია „ემ კვადრატი“ შავიშვილის 2 ნომერში ოთხი 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ადგილობრივების თქმით, თუკი მერია მშენებლობის ნებართვას გასცემს მათ საბურთალოზე გაქრება ის უკანასკნელი გამწვანებული ზოლიც, რომელიც ამ ტერიტორიაზე შემორჩა:
„მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთ უკანასკნელ კუნძულზე, რომელიც დღეს დედაქალაქშია შემორჩენილი მწვანე სახით, ყოვლად დაუშვებელია მშენებლობა და ვთხოვთ ქალაქის მერიას და მერს, რომ არ შეუცვალოს ზონას სტატუსი და დატოვოს რეკრეაციულ ზონად“, - ამბობს აქციის ორგანიზატორი ანი ქავთარაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც კომპანიამ 2008 წელს შეიძინა, დღეს სარეკრეაციო ზონის სტატუსს ატარებს, რაც ამ ტერიტორიაზე ყოველგვარი მშენებლობის წარმოებას გამორიცხავს. კომპანია ამჯერად ზონის სტატუსის ცვლილებისა და განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცების მოლოდინშია.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე შორენა დარჩიაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, 2008 წელს, როდესაც კომპანიამ შავიშვილის 2 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთი შეიძინა, ტერიტორიას მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის სტატუსი ჰქონდა. 2009 წელს დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა და ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიანიჭა.
შორენა დარჩიაშვილის თქმით, 2015 წელს დედაქალაქის საკრებულომ შეცვალა 2008 წელს მიღებული განაშენიანების რეგულარული გეგმა და ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ცვლილება თბილისის გენერალური გეგმის ინტერაქციულ რუკაზე არ ასახულა: „სწორედ ამ ტექნიკური ხარვეზის გამოა, რომ კომპანიის კუთვნილ მიწის ნაკვეთს კვლავ სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს მინიშნებული“, - ამბობს შორენა დარჩიაშვილი.
როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს თბილისის მერიაში, 2015 წლის გეგმით ტერიტორიის რეკრეაციული ზონის სტატუსი უნდა შეცვლილიყო საცხოვრებელ ზონად, თუმცა 2016 წელს მერიამ შეაჩერა კომპანიის მიმართვის განხილვა სტატუსის ცვლილების თაობაზე.
მერიის განცხადებით, ამჟამად დედაქალაქის მერიის ურბანული სამსახური განიხილავს კომპანიის მიერ, 2018 წლის აგვისტოში წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმას, რომელიც კომპანიამ 2017 წელს შემუშავებული 41-ე დადგენილების, ანუ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით შეასწორა. მერიის განმარტებით, კომპანია არქიტექტურულ პროექტებს ვერ განახორციელებს და ვერ აიღებს მშენებლობის ნებართვას 2015 წლის განაშენიანების რეგულირების გეგმით.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთისთვის ზონის შეცვლის გადაწყვეტილებას რადიო თავისუფლებას მერიაში განუცხადეს: „კომპანია „m2“-ის განცხადებაზე ტერიტორიისთვის ზონის სტატუსის შეცვლის თაობაზე, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, ყველა მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქალაქის სასიკეთოდ, თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაზარალდეს მესაკუთრეც“.
ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძეს მიაჩნია, რომ შავიშვილის ქუჩაზე მერიამ არ უნდა გასცეს მშენებლობის ნებართვა. მისი თქმით, ამ ტერიტორიის ინტენსიური განაშენიანება არაერთ პრობლემას შექნის:
„რეალურად შეიქმნება ქავთარაძის ქუჩის, ვაჟა-ფშაველას კვარტლების გამზეურების, განიავების პრობლემა. აბსოლუტურად ლოგიკურია სატრანსპორტო გადატვირთვის არგუმენტიც. და რაც მთავარია, ურბანული თვალსაზრისით, ეს არის სარეკრეაციო ზონის აუცილებლობა ამ ადამიანებისათვის. ქალაქმა უნდა შეინარჩუნოს ეს ტერიტორია სარეკრეაციო ზონად. მკაცრად. მესაკუთრე რომ დაინახავს, რომ ის აქ ვერაფერს ააშენებს, ძალიან ადვილად დაეთანხმება შემდეგ ქალაქს ადგილმონაცვლეობაზე ან გამოსყიდვაზე“.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობა შავიშვილის ქუჩაზე, „ემ კვადრატის“ მიერ დაგეგმილ მშენებლობას ეწინააღმდეგება, ეს არის გერმანელ ტყვეთა საფლავები, რომელიც სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს. მოსახლეობა და ისტორიკოსები ამბობენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ქალაქის ისტორიული მეხსიერება.
ასევე ნახეთ „გორა ჩვენია!“ - პროტესტი მშენებლობას გამწვანებულ ზოლში, გერმანელ ტყვეთა საფლავზეკომპანია „ემ კვადრატში“ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებენ, რომ პროექტი „ოპტიმა საბურთალო“, მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესებს. მათი თქმით, შიში, რომ განადგურდება მწვანე ზოლი რეალობას მოკლებულია, ამბობს შორენა დარჩიაშვილი:
„საცხოვრებელი სახლების პარალელურად, ტერიტორიაზე დაგეგმილია 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის ნარგავისა და 500-ზე მეტი ძირი მარადმწვანე ბუჩქის დარგვა. მათივე განცხადებით, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად შენარჩუნდება მწვანე საფარი და 104 ძირი არსებული ხე მიმდებარე ტერიტორიაზე გადაირგვება“.
კომპანიის განმარტებითვე, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, განაშენიანება შეეხება ტერიტორიის მხოლოდ 20%-ს, 50% კი გამწვანებულ ზონად დარჩება, სადაც მოეწყობა სხვადასხვა სახის სკვერი და რომლის ნაწილიც, გადაეცემა მუნიციპალიტეტს და შესაბამისად, სკვერები განკუთვნილი იქნება არა მხოლოდ კომპლექსის ბინადრებისთვის, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც.
ასევე ნახეთ „m2“ 725 კვ.მ. მიწას საპატრიარქოს გადასცემს „მაღლივის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის დასრულების შემდეგკომპანიის ოფიციალურ საიტსა და სარეკლამო ბუკლეტში, რომელიც ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას დაურიგდა, ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე, გარდა ღია და დახურული საბავშვო-გასართობი სივრცეების მოწყობისა, იგეგმება საგანმანათლებლო ცენტრისა და ეკლესიის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც, ეკლესია 725 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს:
„როდესაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავამუშავეთ განაშენიანების რეგულირების გეგმა, ეკლესიის პროექტის იდეა და გეგმაც სწორედ მაშინ გაჩნდა. იყო კომუნიკაცია მოსახლეობასთან და ჩამოთვლილ სურვილებს შორის იყო, რომ ახლომახლო ტერიტორიაზე აშენებულიყო ეკლესია. ჩვენ ეს საკითხი საპატრიარქოსთან განვიხილეთ და იქ გაჩნდა იდეა, რომ ასევე გაკეთებულიყო ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც გამოდიან სხვადასხვა ინსტიტუციიდან და მათ ამ ცენტრში მიეცემათ შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა საქმე შეისწავლონ. თუკი პროექტი განხორციელდა ეს ტერიტორია საბოლოოდ საპატრიარქოს გადაეცემა“, - ამბობს შორენა დარჩიაშვილი.
ადგილობრივები, გარემოსდამცველები და ურბანისტები მოუწოდებენ დედაქალაქის მერიას არ გასცეს შავიშვილის ქუჩაზე ოთხი მაღალსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა.