ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს 1983 წლის ნობელიატზე, უაღრესად პოპულარული რომანის, „ბუზთა ბატონის“ ავტორზე, სერ უილიამ გოლდინგზე. გოლდინგი ძალიან ცნობილი კაცი იყო, შესანიშნავი განათლება ჰქონდა მიღებული, იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ამ შესანიშნავმა ინგლისელმა მწერალმა თორმეტი რომანი დაწერა, თუმცა სახელი და დიდება პირველმა რომანმა რომ მოუტანა, შემდგომში მას არაფერი მომატებია, მაგრამ „ბუზთა ბატონის“ მოტანილი დიდებაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ შემოქმედს სამუდამოდ დაეკავებინა ადგილი მეოცე საუკუნის მწერლობის ოლიმპზე. წიგნს ძალიან უცნაური ბედი ერგო: უპირველეს ყოვლისა, მისი გამოცემა არავის არ უნდოდა. ოცდაერთმა გამომცემლობამ დაიწუნა ეს წიგნი, რომელიც ძალიან მალე გახდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი შედევრი. „ბუზთა ბატონი“ ბელზებულს, ბაალს, ფინიკიელ ღმერთს აღნიშნავს, რომელსაც ძველი ებრაელები სატანად აღიქვამდნენ. წიგნი სატანაზე და პირველყოფილ ცოდვაზეა დაწერილი, აბელისა და კაენის ამბავზე. ბირთვული აფეთქების შემდეგ ევაკუაციაში მიჰყავდათ ბავშვები და ისინი აღმოჩდნენ უფროსების გარეშე უკაცრიელ კუნძულზე. და ჩვენ დავინახავთ, როგორ დაიბადება ცივილიზებულ, განათლებას ნაზიარებ, საყვარელ, ძვირფას ჩვენს შვილებში აბსოლუტური თავისუფლების მახინჯი წარმონაქმნი – პირველყოფილი ბოროტება. როგორ დაიყვნენ ბავშვები დემოკრატებად და მონადირეებად, როგორ იქცა ნადირობა მკვლელობად, როგორ შეეწირა გონება ველურობას, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.