გოგოების წინადაცვეთა საქართველოში და მის საზღვართან

Current Time-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ჩრდილოეთ აზერბაიჯანში გოგონების წინადაცვეთის ჩვეულებას მისდევენ. ეს ხდება რეგიონში, სადაც ჩრდილოკავკასიელი ხალხი - ხუნძები და ახვახელები არიან დასახლებული.

„ძალიან პატარა ვიყავი, როცა წინადაცვეთა გამიკეთეს. არაფერი მიგრძვნია, არც მიტირია. სიზმარივით მახსოვს. ჩემი დები, ბიძაშვილები, ნაცნობი ქალები და მათი გოგონები - ყველა წინადაცვითეს. ასეა მიღებული. თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მომწონს ეს წესი“, - ჰყვება ქალი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში ცხოვრობს.

აზერბაიჯანში რომ მსგავსი რამ ხდება, ამის შესახებ ინფორმაცია არც უფლებადამცველებს აქვთ და არც სახელმწიფო სტრუქტურებს. მიუხედავად ამისა, აქტივისტმა ნურლანე ჯალილმა და Current Time-ის ჟურნალისტმა შეძლეს აქ გოგონების წინადაცვეთის ერთ-ერთი სახეობა გამოევლინათ.

რა არის გოგონების წინადაცვეთა და სად ვხვდებით მას

ექიმებმა და უფლებადამცველებმა ტერმინზე „გოგონების წინადაცვეთა“ ჯერ კიდევ 80-იან წლებში თქვეს უარი, რათა ვინმეს მამაკაცების წინადაცვეთასთან არ გაევლო პარალელი. ამას ან „ქალური გენიტალიების დასახიჩრებას“ უწოდებენ, ან „დამასახიჩრებელ ოპერაციას ქალის სასქესო ორგანოზე“.

„’ოპერაცია’ რამდენიმე პროცედურას მოიცავს: კლიტოროდეკტომია - კლიტორის ნაწილობრივი ან სრული მოკვეთა; ექსციზია - კლიტორისა და მცირე სასქესო ბაგეების (ხანდახან დიდი სასქესო ბაგეებისაც) ნაწილობრივი ან სრული მოკვეთა. კიდევ არის ინფიბულაცია - როცა სასქესო ბაგეების მოკვეთის შედეგად წარმოიქმნება მყარი რკალი, რომელიც საშვილოსნოს შესასვლელს ავიწროებს. როგორც წესი, მანიპულაციები სახლის პირობებში ტარდება, ანესთეზიის გარეშე, ჩვეულებრივი დანით“, - აცხადებენ გაეროში.

ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ეს ტრადიცია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ემიგრანტებს კი ის ევროპასა და ამერიკაში გადააქვთ. ბოლო დროს გოგონების წინადაცვეთის მაგალითები გამოავლინეს ჩრდილოეთ კავკასიაში - დაღესტანსა და ინგუშეთში, ასევე ხუნძებში, რომლებიც საქართველოში, ყვარლის რაიონში, ცხოვრობენ.

Current Time-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ ტრადიციას მისდევენ აზერბაიჯანის იმ სოფლებშიც, რომლებიც ყვარლის რაიონს ესაზღვრება. ეს მრავალეროვნული რეგიონი გეოგრაფიული თავისებურების წყალობით საკმაოდ გარიყულია და მოსახლეობა ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდება. ამის გამო დახმარება აქტივისტ ნურლან ჯალილს ვთხოვეთ, რათა ერთობლივი გამოძიება ჩაგვეტარებინა. ჩვენ დავადგინეთ, რომ გოგონების წინადაცვეთა ზაქათალისა და ბელაქნის რაონებშია გავრცელებული, სადაც ჩრდილოკავკასიელი ხალხი - ხუნძები და ახვახელები ცხოვრობენ. საქართველოს მოსაზღვრე ეს რეგიონები მთებში მდებარეობს და ბაქოსგან 370 კილომეტრითაა დაშორებული.

„იყო წინადაუცვეთელი უკვე სირცხვილი არაა“

აზერბაიჯანში ხუნძების რაოდენობა, დაახლოებით, 50 ათასია. გოგონების წინადაცვეთას ყველა როდი მისდევს. ეს ჩვეულება მხოლოდ გარკვეულ სოფლებშია დარჩენილი, ძირითადად რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში. აქ წინადაცვეთისას სასქესო ორგანოებს კი არ აჭრიან, უბრალოდ, კლიტორზე დანას დაუსვამენ, რომ სისხლი წამოვიდეს.

2-3 წლის ასაკში გოგონა დედას ან ბებიას მოხუც ქალთან მიჰყავს, რომელიც მსგავს ოპერაციებზეა დახელოვნებული. კლიტორი იჭრება სპეციალური მაკრატლით. ამ პროცედურას თან რამე რიტუალი არ ახლავს, მოხუცი ქალი კი გასამრჯელოს იღებს.

ხშირად დედებსა და ბებიებს გოგონები წინადაცვეთაზე კაცებისგან ფარულად მიჰყავთ. ზოგადად, ეს „ქალების საქმედ“ ითვლება. ამ ყველაფერს უმალავენ მთავრობასა და საზოგადოებასაც.

„კი, გაკეთებული მაქვს წინადაცვეთა, ჩემს გოგოსაც გავუკეთე. შვილიშვილები არ მყავს. რომ მყოლოდა, ალბათ, მათაც გავუკეთებდი“,- ამბობს 60 წლის საკინა.

„დედაჩემი აკეთებდა წინადაცვეთას და მეც წინადაცვეთილი ვარ. ჩემი გოგონა 4 წლისაა, მისთვის არ გამიკეთებია, მაგრამ დედაჩემი რომ ცოცხალი იყოს, გაუკეთებდა“, - ამბობს 34 წლის ხურამანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ტრადიცია საბჭოთა პერიოდში კიდევ უფრო მეტად იყო გავრცელებული, იმდენად, რომ როდესაც გოგოს დასანიშნად მოდიოდნენ, შეეძლოთ ეკითხათ, იყო თუ არა ის წინადაცვეთილი. ახლა წინადაცვეთა სავალდებულო აღარაა, არც ის ითვლება სამარცხვინოდ, თუ გოგოს წინადაცვეთა გაკეთებული არა აქვს. ზოგიერთი ახალგაზრდა მშობელი უფროსებს ეუბნება, რომ გოგოები წინადაცვითეს, თუმცა სინამდვილეში ამას არ აკეთებენ. თუმცა ახალგაზრდებს შორისაც არიან ამ ჩვეულების ერთგულები.

ყველა ქალი, რომელმაც წინადაცვეთა გამოიარა, ნურლან ჯალილასთან საუბრისას ამტკიცებს, რომ ამას მათ სექსუალობაზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

„კლიტორი რომ ფეხებში არ გაგეხლართოს“

55 წლის ლალეს ბავშვობაში უთხრეს, რომ თუ წინადაცვეთას არ გაიკეთებდა, საშინელი სამსჯავროს დღეს კლიტორი ჩამოიწელებოდა და ფეხებში გაეხლართებოდა. კიდევ ერთი რესპონდენტი კი ფიქრობს, რომ ეს ტრადიცია დაკავშირებულია წარსულთან, როცა ხუნძი ქალები მამაკაცებს ომში ეხმარებოდნენ. წინადაცვეთილ ქალს უფლება ჰქონდა მამაკაცის სამუშაო შეესრულებინა, მაგალითად, ქათამი დაეკლა. ანუ სიმბოლური წინადაცვეთით ქალებს მამაკაცებთან „ათანასწორებდნენ“.

გამოკითხულთაგან მაინც ვერავინ განმარტავს, ზუსტად რისთვის კეთდება წინადაცვეთა. ზოგი ამას რელიგიასთან, ზოგი კი ტრადიციასთან აკავშირებს. უფრო მეტად ახსენებენ ქალების უმწიკვლობას. მიიჩნევა, რომ წინადაცვეთილი გოგონა ნაკლებად ვნებიანი იქნება და ქმარს არ უღალატებს.

გოგონების წინადაცვეთის მომხრეები ხშირად ამბობენ, რომ ამას მათგან ისლამი მოითხოვს, თუმცა ყურანში მსგავსი არაფერი წერია. თეოლოგები და სასულიერო პირები აცხადებენ, რომ წინადაცვეთას ისლამთან არაფერი აქვს საერთო, პირიქით, ცოდვაც კია.

„ეს ჩვეულება ინიციაციის რანგში გადის“, - განმარტავს კავკასიის პრობლემებისა და რეგიონალური უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერ- თანამშრომელი, ახმეტ იარლიკაპოვი. – „ბავშვობიდან სიყმაწვილეში, სიყმაწვილიდან ზრდასრულ ასაკში გარდამავალი პერიოდები ასეთ სახიჩრობებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ზოგ ტომში ადამიანს კბილებს უმტვრევენ. ეს ერთგვარი გამოცდაა, გადაიტანს ტკივილს თუ არა. ასევეა წინადაცვეთაც. ისლამთან ამას არაფერი აკავშირებს, აშკარად ისლამამდელი ჩვეულებაა“.

„ეგვიპტეს თუ ავიღებთ, იქ გოგოების 90 %-ს წინადაცვეთა უტარდება“, - განაგრძობს ის. - „ეგვიპტის მუსლიმი ლიდერები ამას ძალიან მკაცრად კიცხავენ. იმავე ეგვიპტეში წინადაცვეთას მუსლიმებსაც უკეთებენ და ქრისტიანებსაც, იმათაც კი, ვინც მონოთეისტურ რელიგიას არ მისდევს. ეს აშკარად მიანიშნებს, რომ ისლამთან ამ ტრადიციას არავითარი კავშირი არა აქვს. ყურანში მამაკაცის წინადაცვეთაც კი არ არის ნახსენები და ის სუნიტურ ჩვეულებად ითვლება (სუნა - მუსულმანური წმინდა გარდამოცემა მოციქულ მუჰამედის ცხოვრების შესახებ). მაგრამ სუნაში არსად არ არის მტკიცებულება, რომ გოგონებიც უნდა იყვნენ წინადაცვეთილნი. არ არის სარწმუნო ჰადისები, ამბები მოციქულის შესახებ, რომ ის გოგონების წინადაცვეთას ქადაგებდა. ამის გამო მუსულმანური სამყაროს დიდი ნაწილი გოგონებს არ წინადაცვეთს“.

ნაწიბური პერინეუმზე

წინადაცვეთილ ქალებთან შეხება ჰქონდა ზაქათალის ექიმს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ეს 20 წლის წინ იყო, როცა ის ხუნძებთან მუშაობდა.

„რამდენიმე ჩემს პაციენტს მსგავსი ნაწიბური შევამჩნიე, მართალია, არა კლიტორზე, არამედ პერინეუმზე. გამიკვირდა და რომ ვიკითხე, მიპასუხეს, ბავშვობაში წინადაცვეთა გამიკეთესო. ასე გავიგე ამ ტრადიციის შესახებ. კაცმა რომ თქვას, მათ ამის გამო არავითარი დისკომფორტი არ შეექმნებათ. არც ჩივიან. თუმცა ბოლო წლებში მსგავსი რამ აღარ შემხვედრია. ვიფიქრე, წარსულს ჩაბარდა-მეთქი“, - ამბობს ექიმი.

ბაქოელ გინეკოლოგ ლალა ალიევას, 31-წლიანი პრაქტიკის მიუხედავად, მსგავსი არაფერი უნახავს.

„ამიტომ შედეგებზე მხოლოდ თეორიულად თუ ვიმსჯელებ. პირველ რიგში, თუ ჭრილობას ანტისანიტარიულ პირობებში აკეთებენ, რა თქმა უნდა, შესაძლოა, სისხლში ინფექცია შეიჭრას. თუ ჭრილობა ღრმაა, მის ადგილას ნაწიბური დარჩება და რთულია გათვალო, ეს რას გამოიწვევს. მაგალითად, შესაძლოა, ქალს სექსის დროს დისკომფორტი შეუქმნას. ასევე ვახსენებდი ფსიქოლოგიურ ფაქტორს, რის გამოც, შესაძლოა, ქალს განუვითარდეს ვაგინიზმი - დაავადება, როდესაც კუნთების უნებლიე შეკუმშვის გამო სექსი ძალიან მტკივნეული ხდება“, - ამბობს ალიევა.

ინფორმაცია გოგონების წინადაცვეთის შესახებ მეხრიბამ ზეინალოვამდეც მივიდა, რომელიც საზოგადოებრივი კავშირის, „სუფთა სამყაროს“, წარმომადგენელია.

„მინდოდა გამეგო, მართლაც ასე იყო თუ არა. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები ზაქათალაში ჩავიდნენ. უამრავი ქალი გამოკითხეს, მაგრამ მაინც ვერაფერი გაირკვა“.

„გამიგია, რომ გოგონების წინადაცვეთას ჩრდილოეთ აზერბაიჯანში მისდევენ, მაგრამ, როცა იქაურებს ამის შესახებ ვეკითხებოდი, ყოველთვის უარყოფდნენ. ასე რომ, ბოლო დრომდე ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ მქონდა“, - ამბობს აქტივისტი ნისა გაჯიევა.

არაფერი გაგვიგია, არაფერი ვიცით

ოჯახის, ქალთა და ბავშვთა სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციისა და ანალიტიკური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი, ელგიუნ საფაროვი, აცხადებს, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ მიუღიათ.

„ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ფაქტები არასდროს დასტურდებოდა“, - ამბობს ის და დასძენს, რომ გამოძიების დასაწყებად დაზარალებულმა კომიტეტს თავად უნდა მიმართოს და თან რამე მტკიცებულებაც უნდა ჰქონდეს.

მტკიცებულების რანგში ნურლანა ჯალილმა კომიტეტში ჩვენი გამოძიება გაგზავნა და პასუხს ელის. აქტივისტი ამბობს, რომ ქვეყანას სჭირდება კანონი, რომელიც გოგონების წინადაცვეთას აკრძალავს.

„ასევე მიმაჩია, რომ ამ სოფლებში სერიოზული საგანმანათლებლო სამუშაოებია ჩასატარებელი როგორც ახალგაზრდა მშობლებს შორის, ასევე იმ ქალებისთვისაც, რომლებიც წინადაცვეთას აკეთებენ. კარგი იქნებოდა, სასულიერო პირებიც თუ შეუერთდებოდნენ ამ კამპანიას. ამ საკითხს ძალიან დელიკატურად და მრავალი მხრიდან უნდა მივუდგეთ, სოცაგენტებისა და გინეკოლოგების, ასევე ეთნოლოგებისა და ანთროპოლოგების ჩართვით“, - აღნიშნავს ჯალილი.

უფლებადამცველი ელდარ ზეინალოვი ამბობს, რომ ოპერაცია, თუკი ის კლიტორის ნაწილობრივ ან სრულ ამპუტაციას ითვალისწინებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის განზრახ დაზიანებაა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 126.1 მუხლით ისჯება და 3-8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო დამამძიმებელი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში - 12 წელს.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დაზიანებულა (როგორც ზაქათალისა და ბელაქნის ქალები ამტკიცებენ), წინადაცვეთის გამო ვინმეს პასუხისგებაში მიცემა გაცილებით რთულდება, მით უფრო, რომ დაზარალებული თავად არ ჩივის.

„მთავრობას მხოლოდ ის რჩება, რომ თავისი ნება გამოხატოს და გოგონების წინადაცვეთა უკანონო ქმედებად გამოაცხადოს. ამას ხელს შეუწყობდა ევროსაბჭოს სტამბოლის კონვენცია ქალების მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, - მიაჩნია უფლებადამცველს.

„პრობლემას გვერდს უვლიდნენ“

გოგონების წინადაცვეთას კავკასიაში ძირითადად მისდევენ ხუნძები და ანდო-ცეზის ხალხები, რომლებიც დაღესტანში ცხოვრობენ. საქართველოში ეს ტრადიცია იქ ხუნძების გადასახლებასთან ერთად დამკვიდრდა (ანდო-ცეზების ნაწილი მთიანი დაღესტნიდან საქართველოში ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში გადასახლდა). ხუნძები და ანდო-ცეზები აზერბაიჯანშიც ცხოვრობენ, სადაც ეს ჩვეულება დღემდე შენარჩუნებულია.

პირველად დასავლეთ დაღესტანში გოგონების წინადაცვეთის შემთხვევებზე ეთნოგრაფმა იური კარპოვმა დაწერა. მისი წიგნი „ქალების სივრცე კავკასიის ხალთა კულტურაში“ 2001 წელს გამოვიდა.

იმის დადგენა, თუ როდის და რატომ გავრცელდა ეს ჩვეულება ჩრდილოკავკასიის ხალხში, უკვე შეუძლებელია.

„არანაირი ცნობა არ არის, რადგან არასდროს გამოუკვლევიათ. ეთნოგრაფები და სხვა ყველა ამ თემას გვერდს უვლიდა როგორც საბჭოთა, ასევე პოსტსაბჭოთა პერიოდში. ერთადერთი, ვინც ამაზე წერა დაიწყო, იური კარპოვი იყო. მაგრამ წყაროებს ვერ ვიპოვით, რადგან დაფიქსირებული არაა. ხალხმა თავადაც აღარ იცის, ეს საიდან წამოვიდა“, - ამბობს ორგანიზაცია „უფლებრივი ინიციაციის“ მკვლევარი საიდა სირაჯუდინოვა.

სირაჯუდინოვა თანაავტორია ორი ნაშრომის, რომლებიც ჩრთილოეთ კავკასიაში დამასახიჩრებელ ოპერაციებს ეხება. პირველი 2016 წელს გამოვიდა. სწორედ მაშინ გაიგო ფართო საზოგადოებამ ამ რეგიონში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკის შესახებ.

დანაშაული და სასჯელი

ჩრდილოეთ კავკასიაში გოგონების წინადაცვეთის შესახებ მოხსენების წარდგენის შემდეგ რუსეთის პროკურატურამ შემოწმება ჩაატარა და დაასკვნა, რომ „პრობლემა არაა“.

„თითქოს შეამოწმეს, მაგრამ განაცხადეს, რომ არც პროკურატურისა და არც პოლიციისთვის არავის მიუმართავს. აქედან გამომდინარე, დაასკვნეს, რომ პრობლემა არ არსებობდა. ფორმალურ, ბიუროკრატიულ მომენტებს დაეყრდნენ. ვინ უჩივლებს საკუთარ ოჯახს? პატარა ბავშვი?“ - ამბობს საიდა სირაჯუდინოვა.

გოგონების წინადაცვეთაზე საქართველშიც ლაპარაკობენ. მასალა ამის თაობაზე ასევე 2016 წელს გამოქვეყნდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ კახეთის რეგიონის სამ სოფელში, - თივში, შოროხსა და ჩანთლისყურეში, - სადაც ხუნძები ცხოვრობენ, გოგონების წინადაცვეთის ჩვეულება აქვთ.

2017 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს მუხლი „ქალური გენიტალიების დასახიჩრების“ შესახებ. ის 2-4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„იუნისეფის“ მონაცემებით, სასქესო ორგანოების დამასახიჩრებელი ოპერაცია მსოფლიოში დღეს მცხოვრები მოსახლეობიდან 200 მილიონ ადამიანს აქვს ჩატარებული 30 სხვადასხვა ქვეყანაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, მათი რიცხვი 130 მილიონია.

2012 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებას კრძალავს.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს არის ქალთა უფლებების უხეში დარღვევა, რომელიც მრავალ გართულებას იწვევს, სეფსისით დაწყებული, უშვილობით დამთავრებული.

სტატიაში ყველა იმ პირის სახელი, რომელსაც წინადაცვეთა ჩაუტარდა, მათივე თხოვნით, შეცვლილია.