გოგოები და ბიჭები NASA-სთვის იბრძვიან

გამომგონებელი გოგოები და ბიჭები NASA-ში გასამგზავრებლად ემზადებიან. ერთმანეთს აჯიბრებენ ხელსაწყოებს, რომლებიც მათი აზრით, მომავალში, ადამიანებს ყოველდღიურობას გაუმარტივებენ. მაგალითად, მათი ხელსაწყოების დახმარებით, უსინათლოები უკეთ და უფრო სწრაფად ინტეგრირდებიან საზოგადოებაში; ადამიანები უჩინარი მოვლენების დანახვას შეძლებენ; სტიქიური მოვლენების წინასწარ განჭვრეტას მოახერხებენ; ქარის ელექტროსადგურის მეშვეობით ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ; წყლის მიწოდების სისტემა ტექნიკურად დაცული და ადვილად სამართავი გახდება; ნაკლებტენიანი ადგილები მეურნეობისათვის გამოსადეგ ტერიტორიებად იქცევა, ექიმები პაციენტის გასინჯვას დისტანციურად შეძლებენ და ა.შ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 13 ფინალისტი გუნდიდან გამარჯვებული 28 მარტს გამოვლინდება. სწორედ ეს გუნდი გაემგზავრება ზაფხულში აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში და მონაწილეობას მიიღებს ცენტრის სასწავლო პროგრამაში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკში.

გამარჯვებულის გამოვლენამდე, გამომგონებლები მათ მიერ შექმნილ ხელსაწყოებსა და მათ დანიშნულებას გვაცნობენ.

Cyber Guide - ფინალისტი გუნდი

„გვინდა, გავუმარტივოთ ცხოვრება უსინათლო ადამიანებს, ამისთვის გავერთიანდით და შევქმენით ხელსაწყო, რომელიც გამოირჩევა დიზაინით, მობილურობით და დაბალი ფასით. ჩვენს სკოლასთან ახლოს არის უსინათლოთა სკოლა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ უჭირთ ჩვენს თანატოლებს დამოუკიდებლად გადაადგილება. პროექტის შექმნაც ამან გადაგვაწყვეტინა. იმედი გვაქვს, ჩვენი ინოვაცია ხელს შეუწყობს უსინათლოთა უკეთ და უფრო სწრაფად ინტეგრაციას საზოგადოებაში"

​Hawks​ - ფინალისტი გუნდი

"3 წლის წინ, ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა ძალიან საინტერესოდ გაგრძელდა. ინჟინერიისა და მეცნიერებების მიმართ განსაკუთრებულმა ინტერესმა ერთ გუნდად გაგვაერთიანა. იმ დღიდან, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ინოვაციური იდეებისა და საინტერესო ინჟინრული გადაწყვეტილებების ძიებით იწყება.
ჩვენი გამოგონება არის ოპტიკური სისტემა: მობილური დეტექტორი და მოზაიკური ამრეკლი ეკრანი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად და მარტივად ვუმზიროთ უჩინარ მოვლენებს, როგორიცაა: გაზის გაჟონვა, საფრენი აპარატებისა და ნებისმიერი ტრანსპორტის აეროდინამიკა".

Infra Vision - ფინალისტი გუნდი

"შევიკრიბეთ ერთი მიზნით - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მონაწილეობით მივიღოთ გამოცდილება და გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი იდეა. ჩვენი პროექტის მიზანია საგანგებო სიტუაციების დროული პრევენცია, მსხვერპლისა და ზარალის შემცირება.
იდეა გაჩნდა ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის ხანძრისა და მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ, რამაც საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა გარემოს. ჩვენი პროექტის საშუალებით შევძლებთ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას სტიქიური მოვლენების პირობებში".

DBM - ფინალისტი გუნდი

​"ტრიბოელექტრული ფარდა" - არის ახალი თაობის ქარის ელექტროსადგური. ჩვენს მიერ შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის გამომუშავების იმ დონეს აღწევს, რომელსაც არ გააჩნია არავითარი შემზღუდავი ფაქტორი გარემოსგან, იქნება ეს ამინდი, თუ დღე-ღამური ციკლი. ის ჰაერის მცირე ნაკადის საშუალებითაც კი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და თითქმის არასდროს წყვეტს მუშაობას, ეკოლოგიურად სუფთაა და საფრთხეს არ უქმნის ბუნებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრიბოელექტრული ფარდის შექმნა არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან”.​

პინაპელი - ფინალისტი გუნდი

"ჩვენი გუნდის მიზანია, ენერგიის ახალი, ეკოლოგიური გზების ძიება. სწორედ ამიტომ, შევქმენით პროექტი, რომელიც ინოვაციურია მოწყობილობის განთავსების ადგილით და პროპელერის ტიპით. მას არ აქვს ბნელი წერტილი, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუძლია ნებისმიერი წერტილიდან მიღებული ქარი ენერგიად გარდაქმნას, შესაბამისად, ერთად იყენებს ქარის და მანქანის მიერ მიღებულ ენერგიას".

Motion - ფინალისტი გუნდი

"გვინდა მაქსიმალურად ზუსტად აღვწეროთ ადამიანის მოძრაობა და გადაადგილება სივრცეში. თანაბარი გადაადგილების აღწერის მიზნით ვიყენებთ რამდენიმე სახის განსხვავებული დანიშნულების სენსორს. ჩვენი გამოგონება არსებული სისტემებისგან იმით განსხვავდება, რომ ხელმისაწვდომია და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი უნიკალურობაც. ამდაგვარი სკანერები დღეს უკვე შექმნილია და აქტიურადაც გამოიყენება, თუმცა ამ უკანასკნელთა შეძენა ძალიან ძვირი ჯდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ შეგვექმნა მათი ანალოგიური სისტემა - იაფი და ფართოდ გავრცელებული სენსორების გამოყენებით".

MGH - ფინალისტი გუნდი

"დღეს რეგიონებში არსებული წყლის მიწოდების სისტემები უმეტესად გაუმართავია. კუსტარულად დამონტაჟებული აპარატურის მოვლა და მოხმარება, საერთო ჯამში, უფრო ძვირი უჯდება მომხმარებელს, აქედან გამომდინარე, გვინდოდა მოცემული პრობლემა გადაგვეჭრა ჭკვიანი მოწყობილობებით და თანამედროვე სენსორების გამოყენებით, რომელთა საშუალებითაც წყლის მიწოდების სისტემა ტექნიკურად დაცული და ადვილად სამართავი იქნებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, გუნდის რამდენიმე წევრი თავად აპირებს თავის სოფელში გამოიყენოს და გამოსცადოს ჩვენ მიერ შექმნილი მოწყობილობა".

ფლოქსი - ფინალისტი გუნდი

"ჩვენი მიზანია უდაბნოები და ნაკლებტენიანი ადგილები ვაქციოთ მეურნეობისთვის გამოსადეგ ტერიტორიად; კულტურულ მცენარეებს მივცეთ განვითარების საშუალება (სარეველა მცენარეების ხელშეშლის გარეშე); ჩვენი პროექტის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მუშაობის პროცესშივე ჩავატარეთ მნიშვნელოვანი ექსპერიმენტები. ვნახეთ, რა გავლენას ახდენდა სინათლის სპექტრის ფერების ცვლილება კულტურული და სარეველა მცენარეების განვითარებაზე. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხზე კვლევები არ ჩატარებულა. ვფიქრობთ, ჩვენი კვლევები ინოვაციურია და პროექტის ანალოგი არ არსებობს".

კონსენსუსი - ფინალისტი გუნდი

"ერთმანეთი სხვა გამოგონებების კონკურსზე გავიცანით და ათასწლეულის გამოწვევის გადაჭრის სურვილმა გაგვაერთიანა. ნებისმიერი თერაპია იწვევს გვერდით მოვლენებს, რომლებიც ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებსაც კი არღვენენ - მაგალითად, სიმსივნის ქიმიოთერაპია. ნანოკაფსულები, რომლებიც შევქმენით, ზემოქმედებენ მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებზე და მნიშვნელოვნად ამცირებენ თერაპიების გვერდით მოვლენებს. ჩვენს საყვარელ გამომგონებლებს, რონალდ ბრესლოუს და ჟან-პიერ სავაჟს, დიდი წვლილი მიუძღვით თანამედროვე ნანომეცნიერების განვითარებაში. იმედი გვაქვს, ჩვენი მუშაობაც, ერთ დღეს, მნიშვნელოვან სოციო-მეცნიერულ სარგებელს მოიტანს."

​ესკულაპე​ - ფინალისტი გუნდი

„ასეთი ხელსაწყო ჯერ არ შექმნილა. მართალია, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც მხოლოდ კონსულტაციის გავლით შემოიფარგლება, თუმცა ყველა ამ აპლიკაციისგან განსხვავებით, ჩვენ ვახდენთ ექიმის რეალური კაბინეტის იმიტაციას, ვქმნით მინი დიაგნოსტიკურ ცენტრს, სადაც ექიმი პაციენტს მისცემს როგორც მითითებებს, ასევე შეძლებს პაციენტის გასინჯვას დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად“.

ობერტონი - ფინალისტი გუნდი

"ჩვენი გამოგონება სრულიად ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის (პრეპარატის, სურსათის, საკვების, ჰაერის, თუ საკვების დაბინძურების და სხვ.) გავლენა მეხსიერებაზე და დავადგინოთ, თუ რა ტიპის მეხსიერება აქვს საკვლევ ობიექტს".

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია ტარდება. ფონდი კონკურსს 2014 წლიდან ახორციელებს საქართველო აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით.

წლევანდელ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისის და თელავის სკოლებიდან.

გასულ წელს, ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული გახდა პროექტი "რობოტი ლაბორანტი", რომლის ავტორებიც იყვნენ გოგონები გიმნაზიიდან AIA GESS.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან და წარმატებულ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას.