„ჯერ არ მაქვს განცდა, რომ ამ ადამიანს მიეზღო ის, რასაც იმსახურებდა. როცა დააკავებენ, ალბათ მერე მოვა ეს შეგრძნება“, - მეუბნება სალომე*, რომელსაც მას შემდეგ დავუკავშირდი, რაც გავიგე, რომ მისი ბიძა 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დისშვილის, სალომეს დის, ელენეს* გაუპატიურების საქმეში და მას დაუსწრებლად მიუსაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სალომეს და ელენეს პირველად ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის მარტის დასაწყისში ველაპარაკე. მაშინ დებმა იმის შესახებ მიამბეს, რის გამოც მათი ბიძა, ერთი წლის თავზე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო.
ახლა სალომე 32 წლისაა, ელენე 25-ის. დები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, როდესაც მათზე 30 წლამდე ბიძა სექსუალურად ძალადობდა. ჯერ უფროს დაზე, შემდეგ უმცროსზე.
ერთი წლის წინ, როდესაც დების საქმეზე გამოძიება ახალდაწყებული იყო, სალომე ინტერვიუში მიყვებოდა:
„ბიძაჩემი განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩეოდა, ამიტომ მშობლები ხშირად მტოვებდნენ ხოლმე მასთან. თავადაც ხშირად მივყავდი. იცოდა ბავშვის მოვლა, საჭმლის მომზადება. ერთხელ სოფელში აღმოვჩნდით ერთად მე და ბიძაჩემი, მარტოები. მეძინა, ისეთი პატარა ვიყავი, მკერდიც კი არ მქონდა. ძილში ვიგრძენი შეხება და გამეღვიძა. მითხრა, არაფერი, არაფერი, დაიძინეო... ერთი კადრი ჩამრჩა, სისველემ გამაღვიძა. ვერ მივხვდი, რატომ იყო საწოლში, ჩემს ფეხებთან სისველე. ის იქვე იდგა. გვერდით გადამაწვინა და დაიძინეო, მითხრა. რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რასაც აკეთებდა ხოლმე - მასტურბირებდა“.
სალომემ ბიძას თავი 13-14 წლის ასაკში დააღწია. უკვე დიდი იყო და შეეძლო თავად მიეღო გადაწყვეტილება, სად წასულიყო და ვისთან დარჩენილიყო. ამიტომ, ბიძასთან სიარული აკრძალა, თუმცა, „საიდუმლო“ წლების განმავლობაში ინახა.
21 წლის იყო სალომე, როცა უმცროსმა დამ, 13 წლის ელენემ გაუმხილა, რომ მას ბიძა წლების განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა: ჩემი ბრალი არ არის, ასეთი რომ ვარ, შენ არ იცი, რას მიკეთებს გ... , როცა მასთან მარტო ვრჩები“, - ეწერა წერილში, რომელიც ელენემ სალომეს ჩანთაში ჩუმად ჩაუდო.
ერთი წლის წინ ელენე ჩემთან ინტერვიუში ამბობდა:
„დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი, როცა ბიძამ პირველად გამაუპატიურა. მას შემდეგ, თითქმის 4-5 წლის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა. სახეზეც არ მახსოვდა ეს ადამიანი. ახლა, ნელ-ნელა დავიწყე აღდგენა. მახსოვს, რომ მქონდა გაუსაძლისი ტკივილი. პირველად მოხდა ეს და ამიტომ მქონდა, თუ რა იყო, ამას ახლა ვეღარ ვიხსენებ. მახსოვს, რომ მითხრა, მიდი, დაიბანე. და მერე თვითონ შემიყვანა დასაბანად. მახსოვს, რომ სისხლიანი ვიყავი წელს ქვემოთ“.
უკვე სრულწლოვანმა ელენემ პოლიციაში წასვლა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დებს დედა გარდაეცვალათ:
„ელენემ რომ მითხრა, პოლიციაში უნდა წავიდეო, ცოტა შევცბი და შემეშინდა კიდეც, საერთოდ წარმოუდგენელი მეგონა ამ საქმის დაწყება. წლები იყო გასული. ვერ მივხვდი, როგორ მოგროვდებოდა მტკიცებულებები. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ხნის შემდეგ ბრძოლა კიდევ შეიძლებოდა. თუმცა, როდესაც საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა, მალევე დავრწმუნდი, რომ მოსამართლე ამ ადამიანს აუცილებლად გაამტყუნებდა“, - მეუბნება სალომე.
სალომეს და ელენეს დღემდე არ გაუმხელიათ ოჯახის წევრებისთვის, რომ მათზე წლების განმავლობაში ძალადობდა ბიძა. დების ოჯახის წევრებმა არც ის იციან, რომ ამ საქმეზე 15 თებერვალს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა:
„ვერ ვეუბნებით ვერც მამას, ვერც ძმას. ვფიქრობთ, როდის და როგორ ვეტყვით ამ ყველაფერს, რადგან ვიცით, რამდენად გაუჭირდებათ ამ ინფორმაციის მიღება“.
ასევე ნახეთ „შენ არ იცი, რას მიკეთებს, როცა მასთან მარტო ვრჩები“- დები ბიძას სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან
მიუხედავად იმისა, რომ ბიძის მხრიდან დისშვილების მიმართ სექსუალური ძალადობიდან წლები იყო გასული, გამოძიებამ კაცის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვება მოახერხა და ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის პირველ თებერვალს, პროკურატურამ 31 წლის სალომე და 24 წლის ელენე დაზარალებულებად ცნო.
სალომეს საქმეს ხანდაზმულობის ვადა ჰქონდა გასული და ამიტომ კაცს მის საქმეზე გამოძიებამ ბრალი ვერ წარუდგინა. თუმცა, სალომეს დის, ელენეს საქმე სასამართლოში გაუპატიურების მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წავიდა.
გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის თავზე, 2024 წლის 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული 60 წლამდე კაცი დამნაშავედ ცნო და მას ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი სასჯელის უმაღლესი ზომა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ:
60 წლამდე კაცს, დების ბიძას, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის საზღვარგარეთ იმყოფება. პროკურატურა აცხადებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.
დების ინტერესებს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, ანა თავხელიძე იცავდა. ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების გამო. მათ შორის უპირველესი კი ისაა, რომ ამ გადაწყვეტილებით, სხვა ქალებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ბედავდნენ ძალადობის შესახებ ლაპარაკს, იმედი მიეცემათ:
„თავად დაზარალებულისთვისაც ამ საქმის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია სწორედ ის იყო, რომ მისი სამართლებრივი დავა სხვა ქალებსაც დახმარებოდა. ძალიან ბევრი ქალია ამ მდგომარეობაში, რომლებსაც ბავშვობაში სექსუალური ძალადობა განუცდია და წლების შემდეგაც კი რთულია მათთვის ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, პოლიციაში წასვლა, რადგან ფიქრობენ, რომ მათ ხელჩასაჭიდი მტკიცებულება არ აქვთ, მათ ნათქვამს არავინ დაიჯერებს და ამიტომ ურჩევნიათ, სამუდამოდ გაჩუმდნენ, მით უმეტეს, როდესაც დანაშაული ბავშვობის ასაკშია ჩადენილი და როდესაც ეს დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრმა.
ეს საქმე და მოსამართლის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება არის საგამოძიებო უწყებების საქმე და ხარისხიანი გამოძიების პირობებში, შესაძლებელია მტკიცებულებების შეგროვებაც და დამნაშავის დასჯაც“.
დების საქმეზე საუბრისას, ანა თავხელიძე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ამ პროცესში მოსამართლის როლზეც:
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ თვალს ვადევნებდით სასამართლოს მაღალეთიკურ და მგრძნობიარე დამოკიდებულებას, რომ სხდომის დარბაზში ემოციურად უსაფრთხო გარემო შეექმნა დაზარალებულებისთვის, რომ მათთვის თავიდან აეცილებინა ხელახალი ტრავმა, რაც ძალიან იშვიათია ხოლმე“.
ანა თავხელიძის ინფორმაციით, მსჯავრდებულ კაცს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი იცავს. მისი ინფორმაციით, ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
რაც შეეხება თავად მსჯავრდებულს, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებამ მისი გამოკითხვა ვერ შეძლო, კაცის პოზიცია წარდგენილ ბრალთან და ახლა უკვე მსჯავრთან დაკავშირებით, უცნობია:
„ეს ადამიანი საზღვარგარეთაა. ამ პერიოდში კონტაქტზე არ გამოსულა. პროკურატურა ცდილობდა, რომ მასთან კომუნიკაცია მომხდარიყო ოჯახის წევრების მეშვეობით, გამოიკითხა მისი ცოლიც, მაგრამ კაცი ამ პროცესში არ ჩართულა. მისი პოზიცია ჩვენ არ ვიცით. ზოგადად, ძებნილ პირთან დაკავშირებულ საქმეებზე, ავტომატურად ითვლება, რომ ის არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და,ო შესაბამისად, ამ დათქმით მიდის საქმის განხილვაც. სახელმწიფო აკეთებს დაშვებას, რომ ის თავს არ ცნობს დამნაშავედ“, - გვეუბნება ანა თავხელიძე.
წლების განმავლობაში ბიძის მხრიდან სექსუალურ ძალადობას უკვალოდ არ ჩაუვლია სალომესა და ელენეს ცხოვრებაზე. ეს ასახულია ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების დასკვნებშიც, რომლებიც სასამართლოშიც გამოიკითხნენ. ამის შესახებ მიყვებოდნენ სალომე და ელენე ერთი წლის წინაც. დღეს ამას ისევ მეუბნება სალომე:
„გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ ელენე ვერ ლაპარაკობს. დასვენება უნდა. მეც მიჭირს ბევრი რამის თქმა. ჯერ ბოლომდე იმის განცდაც არ მაქვს, რომ ეს ადამიანი დაისაჯა. ეს დანაშაული წლების განმავლობაში იყო დამალული, არ იყო აღიარებული არავის მხრიდან და ახლა, წლების შემდეგ, ამ აღიარებამ ტვირთის შეგრძნება მომიხსნა. ამ გადაწყვეტილებით ელენეს ცხოვრებაშიც დასრულდა მნიშვნელოვანი ეტაპი და მჯერა, რომ მისთვის ეს ბევრ რამეს შეცვლის“.
ერთი წლის წინ, როცა ელენესთან ინტერვიუ ჩავწერე, მან გაიხსენა ის მომენტი, როცა 13 წლისამ გააცნობიერა, რომ ის, რაც მის თავს ხდებოდა, იყო დანაშაული. ამ ყველაფრის გაცნობიერებაში კი მას ტელევიზიით გასული გადაცემა დაეხმარა, სადაც გაუპატიურების მსხვერპლებზე ლაპარაკობდნენ და რომელსაც შემთხვევით, დედასთან ერთად უყურა. მაშინ გადაწყვიტა, რომ ის, რაც მის თავს ხდებოდა, დისთვის უნდა გაემხილა.
დღეს კი სალომე მეუბნება:
„მზად ვარ ვილაპარაკო ამ ამბავზე, მოგცეთ ინტერვიუც, მართალია, ჯერ ისევ ანონიმურად, მაგრამ მაინც, რადგან მგონია, რომ როგორც წლების წინ დაეხმარა ჩემს დას ის ერთი გადაცემა და თქვა, რაც ხდებოდა მის თავს, იქნებ ეს ჩემი ინტერვიუც დაეხმაროს სხვებს“.
ფსიქოლოგების თქმითვე, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 70-80% სწორედ ოჯახის წევრების, ახლობლების მხრიდან ხდება.
*სტატიის მთავარი გმირების სახელები შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით.
*ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე უნდა მიმართოთ დახმარების ცხელ ხაზს - 111.