გოგი ხარაბაძე: „შეგიძლია, იმუშაო ადამიანად?“

გოგი ხარაბაძე

81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი გოგი ხარაბაძე.

„ამას წინათ… სტუდიაში ზღაპრებს ვწერდი ბავშვებისთვის და ის დღეები წითელქუდას ცხოვრებით, მასზე, მის გარემოზე ფიქრით ვცხოვრობდი... ხან მგელი ვიყავი, ხან ბებია, ხან მონადირე, ჩემთვისაც იმ დროს მათზე მნიშვნელოვანი არავინ არსებობდა.

მაგრამ, მაინც მიმაჩნია, რომ პირადი ცხოვრება არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესო, ვიდრე საქმე, ვიდრე შემოქმედება და მას ისეთივე სიყვარული, თავდადება და რუდუნება სჭირდება, როგორიც საყვარელ საქმეს, რადგან ერთხელ მაინც მოგიწევს, უპასუხო მთავარ კითხვებს – პროფესიის გარდა, რისი გაკეთება, რისი გაღება შეგიძლია?

შეგიძლია, არ დარჩე მხოლოდ მხატვრად, მწერლად, მემანქანედ, აქტიორად – არამედ იყო ადამიანი, ხანდახან მაინც?

შეგიძლია, სხვისი ტკივილი შენად გაიხადო, სხვისი სიხარული – საკუთრად?

შეგიძლია, გიყვარდეს სამშობლო და არ იცხოვრო მასზე უკეთ?

შეგიძლია, იყო უბრალოდ – ადამიანი?!

შეგიძლია, იმუშაო ადამიანად?“

გოგი ხარაბაძე გადაღებაზე

ეს არის ფრაგმენტი გოგი ხარაბაძის მემუარული წიგნიდან „აღმართ-აღმართ“. გოგი ხარაბაძე 1942 წლის 12 ივლისს დაიბადა, თბილისში. 1963 წელს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო.

„ასრულდა ჩემი ოცნება! როგორც იქნა, რუსთაველის თეატრის მეხანძრედ გამაფორმეს! პირველი რეპეტიცია. ტექსტი არ მაქვს, „მასოვკაში“ ვდგავარ, მაგრამ არა უშავს, ესეც საქმეა!

რეპეტიცია 11 საათზე იწყება. მე ადრე მივედი. ვღელავ. სარეპეტიციო ოთახს ვუახლოვდები. ჯერ არავინ იქნება... ადრეა... სიამაყით აღსავსე მივაბიჯებ! აი, როგორი პროფესიონალი ვარ, როგორი მოწესრიგებული, დისციპლინირებული, პირველი მოვედი...

მაგრამ, არა! მაგიდას უკვე უზის სერგო ზაქარიაძე, მთავარი როლის შემსრულებელი, ზის და თავის სამყაროში, თავის როლშია ჩაძირული, ვერაფერს ამჩნევს გარშემო...

მაშინ ვუთხარი ჩემს თავს, თუ გინდა, ამ პროფესიას გაჰყვე, ეს უნდა ისწავლო-მეთქი!

მას შემდეგ, არსად, არასდროს დამიგვიანია“ (გოგი ხარაბაძე: „აღმართ-აღმართ“).

მაღალი, სიმპათიური მამაკაცი პირქუში სახით. ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური ამბობს, რომ ამ გარეგნობას დადებითი, რომანტიკული გმირის როლს რთულად თუ მოარგებდი, მაგრამ შინაგანად მაღალი ზნეობის ადამიანი იყო და საბოლოოდ ბუნებამ გადაწონა. თამაშობდა როგორც თეატრში, ასევე კინოში. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: „ყვარყვარე თუთაბერი“, „ვეფხისტყაოსანი“, „ოიდიპოს მეფე“, „რიჩარდ III“, ფილმში - „გიორგობისთვე“. ბევრს მუშაობდა მხატვრული კითხვის მიმართულებით. დატოვა უამრავი ჩანაწერი, მათ შორის - „ბიბლია“ და ლექსები.

„ძალიან ბევრი როლი აქვს შესრულებული, მთავარი, მეორეხარისხოვანი, მესამეხარისხოვანსაც არ თაკილობდა გარკვეული პერიოდი. თუმცა, ბოლოსკენ ძალიან ფრთხილად არჩევდა იმ პერსონაჟებს, რომლებიც უნდა ეთამაშა. ალბათ ამან გამოიწვია ის, რომ ცხოვრების ბოლოს თეატრში აღარ იყო, თითქმის აღარც კინოში“, - ჰყვება ლელა ოჩიაური.

გოგი ხარაბაძე და გოგი ქავთარაძე

გოგი ხარაბაძის შვილი ხარება სრულიად ახალგაზრდა ამერიკაში მოკლეს. ამ ტრაგედიის შემდეგ მსახიობი ჩაიკეტა და განმარტოვდა.

„როდესაც ერთნაირი ტრაგედია დაგვემართა, გოგის უფრო ადრე და მერე მე, შვილების გარდაცვალება... გოგი საოცრად განიცდიდა ამას. შვილის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიური გახდა და ხელი გამომიწოდა, რომ მეც ასეთი გავმხდარიყავი“, - ამბობს ნანა ფაჩუაშვილი. ის და გოგი ხარაბაძე ერთი თაობის მსახიობები არიან, რუსთაველის თეატრშიც ერთად მივიდნენ. ნანა ფაჩუაშვილი იხსენებს, რომ იქ ადგილის დამკვიდრება ადვილი არ იყო, გოგისაც უჭირდა, გარკვეულწილად თავისი ხასიათის გამო, - „არ იყო იოლი მასთან ურთიერთობა, ზედმეტად თავდაჯერებული იყო, ამაყი, სადღაც ცინიზმიც დაჰყვებოდა ხოლმე. ოღონდ ეს სცენაზე არ იგრძნობოდა, რადგან პროფესიონალი იყო და საოცრად მონდომებული“.

თავის წიგნში „აღმართ-აღმართ“ გოგი ხარაბაძე ერთგან წერს:

„ამინდი ცუდი იყო, არასასეირნო, მაინც დაჟრიამულობდნენ, ბავშვები საქმეში იყვნენ, მესიამოვნა.

მერე, წასვლისას, ზემოდან რომ გადავხედე მთაწმინდის დახვეულ გზას, იქაც დავინახე რამდენიმე ყმაწვილი – ზემოთკენ მოუყვებოდნენ ქვაფენილს, მოყიალობდნენ, მოღლაბუცობდნენ ბიჭები...

შენი თავი გახსენდება ამ დროს კაცს... ყველაფერი მეორდება... უბრალოდ, ძველი შვილიშვილები ხდებიან ბაბუები, მათ კი ახალი შვილიშვილები უდგანან კვალში.

ღმერთმა ნუ ქნას, დასრულდეს ეს კვალში სიარული, ბალახი ამოვიდეს ამ გზაზე...

დანარჩენს მოევლება...

აყვავებული ნუში ისევ მოიყვანს გაზაფხულს, პირველი თოვლი – ახალ წელს!“

გოგი ხარაბაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 19 აგვისტოს, 16:00 საათიდან სიონის საკათედრო ტაძარში. გამოსვენება არის კვირას, 14:00 საათზე, სიონის ტაძრიდან.