„ორი ინგლისელი ქალი და კონტინენტი“ (1971, საფრანგეთი, რეჟისორი ფრანსუა ტრიუფო)
ფრანსუა ტრიუფოს მუზა, მსახიობი ჟან-პიერ ლეო 80 წლის ხდება. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე წარმატებული როლი ლუი მეთოთხმეტეა ალბერტ სერას ფილმში „ლუი მეთოთხმეტის სიკვდილი“ (2016). პირველი კი - ანტუან დუანელი, ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმის“ გმირი. თუმცა იმხანად 14 წლის ბიჭის ამ როლს მხოლოდ წარმატებულს ვერ უწოდებ. ტრიუფომ თავის მეგობრებთან ერთად, შეიძლება ითქვას, გადაარჩინეს კინოხელოვნება, რომელსაც იტალიური ნეორეალიზმის დასასრულის შემდეგ აშკარა კრიზისი დაეტყო. ჟან-პიერ ლეო კი გახდა პირველი სიმბოლო „ახალი ტალღისა“ - ბავშვი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
ბავშვი იზრდებოდა თავის პერსონაჟთან ერთად და ტრიუფომ, როგორც ანდრე ბაზენის საყვარელმა მოწაფემ, როგორც „სიცოცხლის შენახვის“ დიდმა ოსტატმა, გადაწყვიტა მხატვრულ კინოში გამოეხატა ზრდის და დავაჟკაცების ეს პროცესი. ჟან-პიერ ლეოს „ზრდას“ მან წლების შემდეგ მთელი ტრილოგია მიუძღვნა - დაუტოვა პერსონაჟს სახელი, ანტუან დუანელი, და ახალგაზრდა კაცი გადააქცია შეყვარებულ ბავშვად, რომელსაც სიცოცხლის შეცნობის ვნება არ ასვენებს. 1972 წელს ბერნარდო ბერტოლუჩიმ ფაქტობრივად საკუთარი თავი ათამაშა ლეოს ფილმში „უკანასკნელი ტანგო პარიზში“. აქ მსახიობი ისეთივე გულუბრყვილო და ექსცენტრულია, როგორც ტრიუფოსთან და გოდართან. ისეთივე რომანტიკოსია, მაგრამ მის თვალებში სინათლე ქრება. კინოკამერით დარბის და ცდილობს დააფიქსიროს საცოლე ყველაზე „საინტერესო“ სცენებში. კინო, რომელსაც რეალობის გამოხატვის პრეტენზია ჰქონდა, ბერტოლუჩის აზრით, გადაიქცა სათამაშოდ, ილუზიად. ასეთი კინო, უბრალოდ, დაბერდა.
მაგრამ ტრიუფომ დაასწრო. „ტანგოს“ პრემიერამდე ერთი წლით ადრე შედგა პრემიერა ფილმისა „ორი ინგლისელი ქალი და კონტინენტი“, რომელშიც მთავარი როლი ისევ ჟან-პიერ ლეომ შეასრულა.
ასევე ნახეთ ფრანსუა ტრიუფოს სასიყვარულო თამაშებიფილმის მოქმედება იწყება მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელ წლებში და პირველი მსოფლიო ომის ჩათვლით გრძელდება. ჟან-პიერ ლეოს გმირი, დამწყები ფრანგი მწერალი კლოდი მოხიბლულია დედამისის ინგლისელი მეგობრის ქალიშვილებით, ენით და მურიელით, რომლებიც კლოდს „კონტინენტად“ მოიხსენიებენ. როგორც ხდება ხოლმე ტრიუფის ფილმებში, არჩევანს ვერ აკეთებს და ასე, მარტო რჩება. თუმცა ამთავრებს წიგნს სახელწოდებით „ჟერომი და ჟულიენი“ (ერთგვარი „მოკითხვა“ ტრიუფოს სახელგანთქმულ ფილმს „ჟიული და ჯიმი“) და ასეთი სახით ინახავს თავის ცხოვრებას.
„ორი ინგლისელი ქალის“ კომერციული წარუმატებლობის შემდეგ ტრიუფოს ჯერ კრიტიკამ გადაუარა, შემდეგ კი თავად „ახალი ტალღის“ რეჟისორებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ტრიუფომ ერთი ჩვეულებრივი, მეტისმეტად აკადემიური, კლასიკური კინო გადაიღო. მაგრამ დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ „ორი ინგლისელი ქალი“ გარკვეული თვალსაზრისით ექსპერიმენტული ფილმია. აქ ვერსად ვნახავთ კოსტიუმირებული კინოსთვის დამახასიათებელ მანერულობას, რომანტიზაციას. ტრიუფო არაჩვეულებრივად აერთიანებს ლიტერატურისა და კინოს ენებს, არ ეშინია სიმშრალის, სიმკაცრის და ცდილობს მაქსიმალურად შენიღბოს ემოციები გულისამაჩუყებელ ისტორიაში. ამ მხრივ „ორი ინგლისელი ქალი“ ერთგვარი ესკიზიცაა ტრიუფოს გვიანდელი ფილმისთვის „მეზობელი ქალი“, რომელიც უკვე მთლად სიყვარულის „ოქმს“ ჰგავს - მაყურებელიც და ავტორიც დისტანციიდან აკვირდებიან სასიყვარულო დრამას. უცნაურია, მაგრამ სწორედ ეს დისტანცია ქმნის ირონიას და გადაარჩენს ფრანსუა ტრიუფოს ფილმს მელოდრამატული ზედაპირულობისგან. დაუმატეთ ამას ოპერატორ ნესტორ ალმენდროსის იმპრესიონისტული გამოსახულება, კომპოზიტორ ჟორჟ დელერუს ლირიკული პარტიტურა და მიიღებთ იმას, რასაც ტრიუფო „ფიზიკურ კინოს“ უწოდებს, ანუ უჩვეულო ეფექტს, როცა მაყურებელი იჯერებს - ფილმი წარსულს კი არ აღადგენს, არამედ იმ ეპოქაშია გადაღებული, რომლის შესახებაც გვიამბობს, ხედვის წერტილით წარსულიდან და არა აწმყოდან.
თუმცა „ორი ინგლისელი ქალის“ მთელი გემოც ისაა, რომ არც წარსულია აქ გაყინული მოცემულობა. ტრიუფო ცდილობს გადაიღოს კინორომანი, რომელშიც ადამიანების ისტორია და ევროპის ისტორია (კონტინენტის და ინგლისისა) ნელ-ნელა ერთიანდება. მერე შორდება, მერე ისევ ხვდება, ისევ შორდება... „ორი ინგლისელი ქალი“ ეძღვნება დროს, დიზაინისა და ფაქტურის ცვლილებას. ფრანსუა ტრიუფო ამ მხრივაც არ თმობს „ახალი ტალღის“ იდეალებს.
ასევე ნახეთ დოდო აბაშიძეს 100 წელი შეუსრულდებოდა. დაუჯერებელია!„კინოში, როგორც სცენაზე, დიალოგი პერსონაჟის აზრების გამოხატვის საშუალებაა, - წერდა ტრიუფო, - მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურ ცხოვრებაში სიტყვები, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს მიმართავენ, ყოველთვის არ გამოხატავს იმას, რაზეც ფიქრობენ, ან რასაც გრძნობენ ამ მომენტში“.
კი, ნამდვილად ასეა „ორი ინგლისელ ქალშიც“. ჟესტი და მზერათა თამაში აქ კვლავაც წამყვანია ხასიათების გამოსახატავად. განსაკუთრებით ჟან-პიერ ლეო თამაშობს ხაზგასმულ ჟესტებზე. მაგრამ ტრიუფოს გვიანდელ ფილმში დიდებულადაა გათამაშებული ორი ენის, ინგლისურის და ფრანგულის კომბინაციებიც. სიტყვა მიმიკის ნაწილია. ხანდახან კონტრაპუნქტსაც ქმნის გამოსახულებასთან. ერთს ვხედავთ, მაგრამ სხვას ვგრძნობთ. იშვიათადაა ტრიუფო ისეთი თავისუფალი, ისეთი ლაღი, როგორც „ორი ინგლისელ ქალში“.
სიყვარული და ბავშვები ფრანსუა ტრიუფოს შემოქმედების ორი მთავარი თემაა. მოზრდილები, მაშინაც კი, როცა მათი ურთიერთობა ვნებიან სიყვარულში გადადის, ტრიუფოსთან ყოველთვის ბავშვებს ჰგვანან. ტრიუფოს შეყვარებული გმირები თითქოს არ ჩამოყალიბებულან ზრდასრულ პიროვნებებად. ამ მხრივ ჟან-პიერ ლეო არა მარტო ტრიუფოს ალტერეგოა (მათ გარეგნულადაც ამსგავსებდნენ ერთმანეთს), არამედ ტრიუფოს მთელი კინემატოგრაფიული პოეტიკის სიმბოლოც. ის ასაკში შედის, მაგრამ ზრდასრულ ადამიანად ვერ ყალიბდება. ბავშვის მსგავსად განუწყვეტლივ ეცვლება განწყობილება - სიყვარულიდან გულაცრუებამდე და პირიქით. ტრიუფოსთვის ესაა სწორედ სიცოცხლე. უფრო სწორად, ესაა კინემატოგრაფისტის სიცოცხლე!
მით უფრო მრავალმნიშვნელოვანია ბოლო ფრაზა, რომელიც ისმის ფილმში და რომელსაც ჟან-პიერ ლეოს გმირი წარმოთქვამს: „ღმერთო ჩემო, მგონი დავბერდი!“. ეს ფრაზა პირდაპირ კავშირშია არა მარტო პერსონაჟთან, არამედ უშუალოდ მსახიობთან. ლეომ დაკარგა ის სიმსუბუქე, რომელიც ტრიუფოს ადრეულ ფილმებში ჰქონდა და დარჩა მოზრდილ ბავშვად, ანდა, თუ გნებავთ, დაბერებულ ბავშვად. აგერ 80 წლის გახდა, მაგრამ ვერ ვიხსენებ სხვა მსახიობს, რომელმაც ასეთი იმიჯის შენარჩუნება შეძლო.