სოფელი დიდია, ბრბო ღონიერი

ნადირობის სცენები ქვემო ბავარიიდან - Jagdszenen aus Niederbayern (1969), რეჟისორი პეტერ ფლაიშმანი, გფრ

გასულ კვირას პოლიციამ ვერ შეაჩერა მოძალადეები. ანდა, უბრალოდ, არ შეაჩერა, რადგანაც პოლიციელებს შორის, დარწმუნებული ვარ, ბევრი იყო ისეთი, ვინც „პრაიდის ფესტივალის“ დარბევას უთანაგრძნობდა. თავის დამშვიდების ტიპური სცენარიც გათამაშდა - „ჰომოფობების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო“, „ხელისუფლების მიერ მართული ხალხია“, „რუსები არიან“... რას იზამ? გადარჩენის ინსტინქტი ჯერ კიდევ შემოგვრჩა და სწორედ ეს ინსტინქტი არ გვაძლევს საშუალებას, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და უფრო ღრმად გავაანალიზოთ. ერთადერთი, რაშიც ოპტიმისტებს ვეთანხმები, სხვა ქვეყნების გამოცდილების გახსენებაა - ჰომოფობია ის ჭირია, რომლისგანაც განთავისუფლებას საუკუნეები დასჭირდა. ადამიანებს წლების წინ ამერიკაშიც არბევდნენ, უმცირესობებზე ევროპაშიც ძალადობდნენ. როგორც ჩანს, ამ ტკივილის გადატანა კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს.

პიტერ ფლეიშმანი 31 წლის იყო, როცა თავისი ცხოვრების ყველაზე მთავარი ფილმის გადაღებას შეუდგა. იმხანად სოციალურმა მოძრაობებმა, ახალგაზრდების ბუნტმა მთელი დასავლეთის სამყარო მოიცვა. გერმანიაში მოვიდა ახალი თაობა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, „კულტურული ნიურნბერგი“ მოუწყო მშობლებს ნაცისტური წარსულის გამო. მაგრამ ყველგან არა. 22 წლის დრამატურგმა მარტინ შპერმა ქვემო ბავარიაში მიაგნო სოფელს, რომელიც ამ ისტორიული მოვლენებისგან მკვეთრად იყო გამიჯნული. დაწერა პიესა „ნადირობის სცენები ქვემო ბავარიაში“, რომლის ეკრანიზაცია პიტერ ფლეიშმანს ანდო და თავად განასახიერა ფილმში მთავარი როლი.

ქვემო ბავარია ყოველთვის გამორჩეული იყო მკაცრი კონსერვატიზმით. თუმცა ფლეიშმანმა თანამედროვეობას თითქმის მთლიანად მოწყვეტილი სოფელი ნახა. ხალხი შრომობს, წირვას არ აცდენს, ტრადიციებით ცხოვრობს და უცხოს ვერ იღებს. ამავე დროს, ბავარიელ გლეხებს სჭირდებათ განტევების ვაცი, რათა თავიანთი იდენტობა, თავიანთი ერთიანობა დაამკვიდრონ და ამისგან სიამოვნება მიიღონ. ფილმი საკვირაო მესით იწყება და სრულდება სოფლის ზეიმით. ამ ორ ეპიზოდს შორის კი თამაშდება ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ისტორია კინოში - ადამიანზე ნადირობა.

ახალგაზრდა კაცი, აბრამი სასჯელის მოხდის შემდეგ სოფელს უბრუნდება. ჩვენ ფილმის ბოლომდე ვერ გავიგებთ მისი პატიმრობის ზუსტ მიზეზს. ეგ ვიცით მხოლოდ, რომ ჰომოსექსუალია. სოფელში ჭორი სწრაფად ვრცელდება. მთავარ გმირს დედაც კი ზურგს აქცევს და „ღორს“ ეძახის. მეტიც, აბრამი საკუთარი თავის დაცვასაც არ ცდილობს. უბრალოდ გრძნობს, რომ უძლურია ამ ერთიანი და ძლიერი ბრბოს წინაშე.

ღორის დაკვლა მათ არ აკმაყოფილებთ. ღორის დაკვლა თუ ლამის რელიგიურ რიტუალად აქციეს, რატომ არ შეიძლება დაკლან ადამიანი, რომელსაც სოფელი ღორზე უფრო ბინძურად მიიჩნევს?

მინახავს „ნადირობის სცენები ქვემო ბავარიაში“ კინოთეატრში და შემინიშნავს მაყურებელი, რომელიც ასეთ ნატურალიზმს ვერ უძლებს და დარბაზს ტოვებს. ფლეიშმანმა ჰიპერრეალისტურად გამოხატა 60-იანი წლების მიწურულის ბავარიის სოფელი, გადაიღო კვაზიდოკუმენტური ფილმი, რომელიც თავისი გამომსახველობითი ძალით ბრეიგელის სურათებს გაგახსენებთ. ღორის დაკვლის ეპიზოდი ერითმება აბრამის დედის მიერ ნათქვამ ფრაზას, რომელიც არ შეიძლება მაყურებელს დაავიწყდეს: „ჩემი ბრალი არაა, რომ შვილი ღორი მყავს“. და კიდევ მეორე ფრაზასაც: „სისულელეა ეს გზა. გზაც და სწავლა-განათლებაც სისულელეა“.

სოფელს გარე სამყაროსთან გზა მართლაც აკავშირებს. თურქი მუშებიც გამოჩნდებიან ფილმში. მაგრამ ფლეიშმანის ფილმის კადრი ბოლომდე ჩაკეტილი იქნება, პეიზაჟს კი ფაქტობრივად არ ექნება ჰორიზონტი. გარემო, აღბეჭდილი თითქმის ეთნოგრაფიული სიზუსტით, მშრომელ, წესიერ, მორწმუნე გლეხებს გაუღვიძებს პრიმიტიულ ინსტინქტებს და ბარბაროსულ იმპულსებს, მერე კი ჩვენ თვალწინ გადააქცევს ჯერ სოციალურ აუტსაიდერებად, შემდეგ კი ჯალათებად. ასე დასრულდება ნაციზმის შესანიშნავი ალეგორია, რომელიც სამწუხაროდ არა და არ ძველდება. იდეოლოგია, რომელიც იქმნება უმრავლესობის უპირატესობაზე, ისევ მსხვერპლის ხარჯზე არსებობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მსხვერპლი თავადაც არაა უცოდველი კრავი, მისმა ღორივით დაკვლამ ამავე უმრავლესობას რომ ოდნავ მაინც აუჩუყოს გული.

„ნადირობის სცენები“ გერმანული კინოს საუკეთესო ტრადიციების გაგრძელებაა. სინეფილებს პირველ რიგში ფრიც ლანგის „მ“ გაახსენდებათ - ისტორია პედოფილსა და ბავშვების მკვლელზე, რომელსაც ქალაქი ლინჩის წესით გაასამართლებს. ფლეიშმანი მკვეთრად ემიჯნება მსხვერპლის რომანტიზაციის ჰოლივუდურ ტრადიციას და არსად, არცერთ ეპიზოდში არ გამოხატავს სიბრალულს მთავარი გმირის მიმართ. მეტიც, მკვლელადაც კი აქცევს მას. არ ვიცი, როგორ ახერხებს რეჟისორი, ერთდროულად უთანაგრძნოს და დასცინოს ამ ადამიანებს, უფრო სწორად, ფილმის ფინალურ კადრებამდე შეინარჩუნოს დისტანცია მოქმედების მიმართ. ფარული კამერის განცდა შესაძლებელია იმიტომ იქმნება, რომ „ნადირობის სცენებში“ სოფლის მცხოვრებლები საკუთარ თავს განასახიერებენ, პროფესიონალი მსახიობები კი (ფილმში ვიხილავთ გერმანული კინოს იმხანად ჯერ კიდევ გამოუცდელ ვარსკვლავებს ანგელა ვინკლერს და ჰანა შიგულას) „გაუცხოების ეფექტზე“ თამაშობენ და მაქსიმალურად ერიდებიან თავიანთი გმირების შეფასებას.

დრო გავიდა. ვფიქრობ, წლების მერე ბავარიის ამ ერთ სოფელშიც შევიდა ცივილიზაცია და მის მცხოვრებლებს ახალი პრობლემები გაუჩნდათ. შესაბამისად, პიტერ ფლეიშმანის ფილმმაც დაკარგა სიმწვავე. დასავლელი მაყურებლისთვის „ნადირობის სცენები ქვემო ბავარიაში“ დღეს ალბათ უფრო ეგზოტიკურ სანახაობად იქცა. თუმცა ყველასთვის არა. 2009 წელს კანის საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პალმით“ აღინიშნა ავსტრიელი რეჟისორის, მიხაელ ჰანეკეს ფილმი „თეთრი ბაფთა“, რომელიც ფაქტობრივად „ნადირობის სცენების“ რიმეიკია. ასეთივე „რიმეიკი“ ვიხილეთ 2023 წლის 8 ივლისს თბილისში, ლისის ტბის ტერიტორიაზე. სამყარო დიდია. ბრბო შეიძლება რაოდენობრივად შემცირდეს, მაგრამ მისი ძალა კვლავაც უსაზღვროა.

ფილმის ორიგინალური ვერსია ფრანგული სუბტიტრებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.