„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მეცხრე წელია იკვლევს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკას. ბოლო მონიტორინგის შედეგებით, ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად დასახელდა იუსტიციის სამინისტროს სისტემა, ყველაზე ღია 43 საჯარო უწყებას კი რამდენიმე დღის წინ შესაბამისი სიგელები გადასცა. იმ უწყებებს შორის, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის 100%-იანი ხელმისაწვდომობა უზრუნველყვეს, არიან: საჯარო სამსახურის ბიურო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სურსათის ეროვნული სააგენტო და სხვა.
IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„მონიტორინგის მეცხრე წელს დაახლოებით 6500 მოთხოვნა გავაგზავნეთ საჯარო ინფორმაციაზე, რომელმაც მოიცვა 282 საჯარო დაწესებულება და მათ შორის, 2018 წელს ყველაზე დახურულად ჩვენ დავასახელეთ მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა - არამარტო სამინისტრო, არამედ მის სისტემაში შემავალი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირი - რომელმაც დაახლოებით 350 მოთხოვნა დატოვა უპასუხოდ 2018 წლის განმავლობაში“.
გოგა თუშურაშვილი აღნიშნავს, რომ, თუკი საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხი ფიქსირდება, იმ 43 უწყების მუშაობას ეფუძნება, რომელიც მართებულად აფასებს თავის ვალდებულებას ინფორმაციის გაცემის კუთხით.
რა ინფორმაციის გაცემა არ სურთ ხოლმე ყველაზე ხშირად საჯარო უწყებებს? პირველ ადგილზეა ინფორმაცია მოხსენებით ბარათებზე, რომლებიც ეხება სახელფასო დანამატებისა და პრემიების გაცემის საფუძვლებს:
„20% ამაზე მოდის უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების. იძახიან, რომ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, შიდაუწყებრივი ხასიათი ინფორმაციაა. ეს ვერ ჩაითვლება დასაბუთებად. მეორე პოზიციაზეა ბიუჯეტით განსაზღვრული იგივე პრემიებისა და დანამატებისთვის განსაზღვრული თანხების შესახებ ინფორმაცია“.
IDFI-ს წარმომადგენლის დაკვირვებით, საჯარო დაწესებულებებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს ბოლო წლების მონიტორინგის პროცესში და უკვე ყოველ წელს ელოდებიან შეფასებას - „შავ სიაში“ მოხვდებიან, თუ წარმატების აღსანიშნავად სიგელს მიიღებენ.
გოგა თუშურაშვილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დაკვირვების გამოცდილებაზე დაყრდნობით ერთსაც შენიშნავს:
„ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს 2013 წელს, როცა მოხდა პოლიტიკური ცვლილებები და გაიხსნა ინფორმაცია. მათ აღარ ჰქონდათ დასამალი და წინა ხელისუფლებაზე გასცემდნენ თავისუფლად. მაგრამ როცა უკვე ვითხოვდით ინფორმაციას მათ საქმიანობაზე, ნელ-ნელა დაიწყეს გარკვეული ინფორმაციის დაფარვა“.
Your browser doesn’t support HTML5