"იმას არ ვდაობთ, რომ კრიმინალი იზრდება, თუმცა..."

30 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გოგა თუშურაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა დანაშაულის სტატისტიკის ანალიზზე, რომელიც ორგანიზაციამ 29 აგვისტოს გამოაქვეყნა. შსს-ს 2018 წლის პირველი 7 თვის მონაცემების ადრინდელ სტატისტიკასთან შედარების შედეგად, ჩანს, რომ დანაშაულის რაოდენობა მკვეთრად (დაახლოებით 60%-ით) გაიზარდა და დაიკლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებლმა 17,2%-ით. ზოგიერთი კონკრეტული მიმართულებით კი, იმდენად დიდია დანაშაულის ზრდა, რომ, გოგა თუშურაშვილის თქმით, ჩნდება კითხვები ადრინდელი სტატისტიკური მონაცემების ხარისხთან დაკავშირებით. 2017 და 2018 წლების პირველი 7 თვის მონაცემების შედარების თანახმად, 292%-ით არის გაზრდილი დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, 142%-ით - დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 97,23%-ით - დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 68,84%-ით - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ და 47,29%-ით - სამოხელეო დანაშაული. გოგა თუშურაშვილისთვის არა დანაშაულის ზრდის ტენდენცია, არამედ ზრდის მასშტაბია კითხვების საფუძველი. ამ კითხვებს ის "დილის საუბრებში" სვამს.

Your browser doesn’t support HTML5

გოგა თუშურაშვილი დანაშაულის სტატისტიკაზე