"გასააქტიურებელია მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, როცა სახელმწიფოს არ შეუძლია თავად მოაგვაროს ამ ადამიანების პრობლემები"

ნინო ცაგარეიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" თანადირექტორი

საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტები აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციას. უკანონო და უსამართლო პროცესი მყისიერად ცვლის ადგილობრივების ცხოვრებას, რომელიც ისედაც უკიდურესად დამძიმებულია ომის შედეგებითა და სოციალური პრობლემებით.

მიმდინარე პროცესსა და მათ ყოფაზე მოისმენთ „დილის საუბრებში“ გოგა აფციაურის სატელეფონო ჩართვიდან.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანადირექტორი, ნინო ცაგარეიშვილი რადიო თავისუფლების სტუდიაში ლაპარაკობს ერთი მხრივ გამყოფი ხაზის პირას მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე, მეორე მხრივ ჰააგის ტრიბუნალის მიერ წარმოებული პროცესის პერსპექტივაზე და ომით დაზარალებულებისთვის დახმარების იმ მექანიზმებზე, რომლებიც ტრიბუნალის დასრულებამდე შეიძლება ამოქმედდეს.

მათი საჭიროებები კი არ იცდის, დაუყოვნებლივ გადაჭრა სჭირდება: უშუალოდ მცოცავი ანექსიის შედეგების გარდა, საოკუპაციო ხაზის პირას მცხოვრებლებს, რომელთა უდიდესი ნაწილი ომით დაზარალებულია, აქვთ უამრავი პრობლემა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი სარწყავი წყალი და სუფთა სასმელი წყლის დეფიციტია.

რას ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის ე.წ. ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია? რა საფრთხეების წინაშე არიან ადამიანები, როცა უწევთ ცხოვრება საოკუპაციო ძალის პირისპირ? რამდენად მკაფიოა სამართლიანობის პერსპექტივა? როგორ უძლებს ადამიანი ომიდან 11 წლის შემდეგ უყუროს, როგორ ჭრის ოკუპანტი მის მიერ დარგულ, გახარებულ და წლების განმავლობაში ნაზარდ ხეხილსა და ვენახს, რომელიც მას ღობის დამონტაჟებაში უშლის ხელს, დაემშვიდობოს საკუთარი სახლის ნანგრევებსაც, რომლებსაც აქამდე დახედავდა მაინც?

Your browser doesn’t support HTML5

გოგა აფციაური და ნინო ცაგარეიშვილი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების საჭიროებებზე