გმირებსა და ურჩხულებს შორის

ჩაბნელებული საცხოვრებელი კორპუსის წინ დგას საპატრულო პოლიციის ახალგაზრდა დირექტორი. ყველაზე მძიმესა და ხანგრძლივ დღესაც აქვს დასასრული. წესით, მსუბუქად ნასვამი უნდა იყოს, მაგრამ დაღლილს იოლად მოერია ცოტა სასმელი. ქანაობს. ახედავს კორპუსს. თითქმის ყველა ფანჯარა ჩაბნელებულია. მშვიდად სძინავთ მეზობლებს. ბრაზი იპყრობს. ასე, ორ საათში გათენდება და გამოძინებულები შეეგებებიან ახალ დღეს. შხაპს მიიღებენ. მერე ჩაის ან ყავას გეახლებიან. თან საინფორმაციო გამოშვებას უყურებენ ტელევიზორში. ალბათ, მათი ნაწილი რუსთაველზე გავა და მომიტინგეებს შეუერთდება. მასაც მოუწევს რუსთაველზე დაბრუნება, თან მოუწევს გამოუძინებელს და კაცმა არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე. კიდევ უფრო ბრაზდება. თავს ვეღარ ერევა და მთელ ხმაზე ყვირის:

„გამოდით, თქვენც უნდა დაგთვალოთ!“

ხუმრობის გარეშე, საპატრულო პოლიციის შეფმა რომ მომიტინგეები დათვალა, რა მეთოდს დაეყრდნო? რა გამოცდილებას? ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს რომ დავესესხოთ, როგორც ჩანს, არც მაიორი ვაჟა სირაძე დაბადებულა მუნდირში! ასე საჯაროდ პირველად დათვალა ხალხი, თორემ, ვინ იცის, რამდენჯერ ჰყავს მეზობლები გადათვლილი?!

მართლა ხუმრობის გარეშე რომ ვთქვათ, თუ მიტინგის დაშლისა და დარბევის ტექნიკურ სირთულეს გადავდებთ გვერდზე, რატომ აქვს მომიტინგეების რაოდენობას ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა?

განა, რა დამატებითი ფაქტორი სჭირდება იმ „მკვლელობის“ ტოლფასი ქმედების დამძიმებას, რასაც საქვეყნოდ დადებული პირობის დარღვევა ჰქვია?

ცხადად და მკაფიოდ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ასე ცინიკურად ჩაგდება ნამდვილი მკვლელობაა! ასეთი ტყუილი კლავს ურთიერთობას, შეუძლებელს ხდის პოლიტიკურ პროცესს! აზრს უკარგავს ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, რომლის საძირკველი და მთავარი საშენი მასალა ნდობაა!

ვაღიაროთ, თუკი რამეა „ქართული ოცნების“ ხელწერა, პირველ რიგში, დაპირებების არშესრულებაა, მაგრამ ასე მოკლე დროში, ასე აშკარად და მკაფიოდ არავის მოუტყუებია ხალხი, საერთაშორისო საზოგადოება, პოლიტიკური ოპონენტები და თავისივე მხარდამჭერების ნაწილიც კი.

ასეთ ვითარებაში რა მნიშვნელობა აქვს რამდენი კაცი იდგება რუსთაველის გამზირზე - 5 500, როგორც მაიორმა სირაძემ დათვალა თუ 55 000, რისიც ალბათ ძალიან ეშინია ნებისმიერ მმართველს?

14 ნოემბერს საქართველოში გაჩერდა პოლიტიკური დრო, მოიშალა საათის მექანიზმი, რომელიც ვერანაირად ვერ ჩაირთვება 14 ნოემბრამდელი სტატუს-კვოს აღდგენის გარეშე. მართალია, დავიწყება ძალიან ადამიანური თვისებაა („მეხსიერება მნიშვნელოვანწილად დავიწყებისგან შედგება“, - ხ. ლ. ბორხესი), მაგრამ ყველაფრის დავიწყება შეუძლებელია, ყველაფრის დავიწყება ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას! 14 ნოემბრის კენჭისყრის დავიწყებაც შეუძლებელია, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში...

საერთოდაც, ქუჩაში ადამიანების რაოდენობა, როგორც წესი, ერთი ადამიანისთვის არის ხოლმე მნიშვნელოვანი. დღეს ეს ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილია, გუშინ მიხეილ სააკაშვილი იყო, იმის წინ ედუარდ შევარდნაძე... თავის დროზე ყველა ეს პოლიტიკოსი ერთგვარ მხსნელ გმირად წარმოჩინდა, გმირად, რომელმაც „ურჩხულისგან“ იხსნა ხალხი და სამშობლო.

ბიძინა ივანიშვილი მითოსისა თუ ზღაპრის გმირის არქეტიპის ბევრი ნიშნის მატარებელია: საიდუმლოებითაა მოცული მისი ბავშვობა და სიჭაბუკე, საფრთხე ემუქრებოდა ყრმობაში სიღარიბის სახით, ის ვერ დაამარცხა ვერავინ, ცხოვრობდა სამშობლოდან შორს, გადალახა ყველა განსაცდელი, დაამარცხა „ურჩხული“, მოიპოვა ან დაიბრუნა სამშობლო, საკუთრება და ა.შ. მითოსულ გმირს ასევე აქვს ერთი უმთავრესი თვისება - იღბლიანობა, რაც ივანიშვილის ზღაპრული და აუხსნელი გამდიდრების გამო ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა, სუპერთვისებების მიუხედავად, გმირი მაინც მოკვდავი არსებაა. ასევე გმირის თვისებაა გაამპარტავნება, საქართველოს მთის ზეპირსიტყვიერებაში - „გაბუდაყება“. ასეთ მდგომარეობაში მყოფი გმირი სამყაროსგან დამოუკიდებლად გრძნობს თავს, გადასულია ყველა ზღვარს... ბოლოს ისე ხდება, რომ ურჩხულის დამმარცხებელი გმირი თვითონ იქცევა ურჩხულად და ხალხიც იწყებს მასზე ძლიერი გმირის ძებნას. ახლა ალბათ სწორედ მსგავსი ვითარებაა, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებით: ხალხი ქუჩაშია გამოსული და გმირყოფილისგან თავის დახსნას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს ახალი გმირი. ზოგიერთი მიმომხილველი მთავარ პრობლემად სწორედ ამას მიიჩნევს: ახალი გმირის, ახალი ლიდერის არარსებობას, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ სწორედ ამაშია გამოსავალი და ხსნა? იქნებ, სწორედ ასე - მხსნელი გმირის გარეშე, ხალხმა თვითონ უნდა დაამარცხოს ურჩხული და გაარღვიოს მანკიერი წრე, რომელიც შესაშური რეგულარობით აჩენს გმირებს და, მაშასადამე, ურჩხულებს?

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ხალხის სიყვარულით და „მოჭარბებული ნდობით“ სარგებლობდა, დღეს პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების გარეშე ვერ ურთიერთობს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიასთან და, შესაბამისად, ხალხის დიდ ნაწილთან. ხალხთან დაპირისპირება კი ურჩხულობის პირველი ნიშანია. ჟანრის ლოგიკით, ადრე თუ გვიან, ყველა ურჩხული დამარცხდება, მთავარია, ხალხთან დამარცხდეს და არა რომელიმე მომავალ ურჩხულთან.